არ მივესალმები, ბავშვებს რომ აჩენენ და ბებია-ბაბუას ჩააბარებენ "ჩემმა შვილებმა ბავშვობის პირველი წლები ესპანეთში გაატარეს. ერთი რომ 7 წლის გახდა და მეორე 6 წლის, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში წამოსვლა, რომ ქართული სრულფასოვნად ესწავლათ"... - ამბობს ნინო იოსელიანი, რომელიც თავის ცხოვრების სტილსა და შვილებით გამოწვეულ ბედნიერებაზე გვესაუბრა...
- 25 წლის ასაკში გავთხოვდი, მყავს ორი ვაჟი. ერთი 13 წლის არის, მეორე 12 წლის... დედობა კიდევ ცალკე სამსახურია, ყველაზე საპასუხისმგებლო. თან ბავშვებს შორის რომ ამდენად პატარა განსხვავებაა, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. ორივეს ერთდროულად სურდა ყველაფერი. ავადაც ერთი თუ გახდებოდა, მეორეც არ ჩამორჩებოდა... ბარსელონაში ვცხოვრობდი და ესპანეთი ძალიან კარგ პირობებს გიქმნის ბავშვების გასაზრდელად ადამიანს, თორემ საქართველოში ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა და ასე ერთმანეთის მიყოლებით ალბათ ვერც გავაჩენდი. აქ ელემენტარული გზებიც კი არ არის, ბავშვი რომ ეტლით სასეირნოდ გაიყვანო. შეიძლება ფეხი მოიტეხო, ან ეტლი გადაგივარდეს სადმე. ბარსელონაში ფანტასტიკური გარემო იყო იმ მხრივ, რომ ბავშვები სულ გარეთ მყავდა. მთელ დროს პარკებში ვატარებდით. არ ვიყავით ისე, დედები რომ სახლებში ჩაკეტილები ზრდიან ბავშვებს.
- დიახ, დამხმარე მყავდა, რადგან ჩემი საქმეების კეთებას ვაგრძელებდი. მართალია, ისეთი დატვირთვით არა, ახლა რომ ვარ, მაგრამ მაინც არ მოვწყდი... დამხმარე ქალბატონი მეხმარებოდა, ბარსელონაში არ მყავდა ბებია-ბაბუა, მარტო ვიყავი. თუმცა მე მაინც ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ბავშვებს. ვთვლი, რომ განსაკუთრებით 7 წლამდე ბავშვს დედა სულ გვერდით სჭირდება. ამ დროს ხდება ბავშვის ჩამოყალიბება. ბავშვები მშობლებს აკვირდებიან და მათგან იღებენ ძალიან ბევრ რამეს. დედ-მამის კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რადგან მთელი ცხოვრება ექნება ზეგავლენა, თუ როგორ გაატარა ის 7 წელი... მშობელი ყველანაირად უნდა ეცადო, კარგი და ლამაზი დაანახო ბავშვს, თორემ სასტიკი ადამიანები შემდეგ იმიტომ ხდებიან, ბავშვობაში რომ ტრავმები გადაიტანეს. გაზრდაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ბედნიერი ადამიანი ჩამოყალიბდება თუ დეპრესიული. ადამიანი განვითარების მრავალ ეტაპს გადის, მაგრამ პირველ წლებში დედ-მამის სითბოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! თინეიჯერობის ასაკამდე სულ თვალ-ყური უნდა ადევნო... არ მივესალმები, ბავშვებს რომ აჩენენ და ბებია-ბაბუას ჩააბარებენ. დედ-მამას ვერავინ ცვლის, შენი შვილები არიან, მშობლებად აგარჩიეს და აქედან გამომდინარე მშობელმა უნდა გაზარდო!
- სრულიად განსხვავებული გრძნობაა... პირველი შვილი რომ გიჩნდება, სულ ემოციებში ხარ. სანამ გაჩნდება, მანამდეც სულ ზრუნავ და გინდა ყველაფერი საუკეთესო შეუძინო. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბევრი რამ ზედმეტი გაქვს შეძენილი და ბავშვმა შეიძლება ვერც გამოიყენოს, რადგან ძალიან სწაფად იზრდება. ამიტომაც არის ამდენი ბრენდები შექმნილი, რომლებიც ზუსტად ახალბედა დედებზეა გათვლილი. საქართველოში ჯერ კიდევ ისე არა, როგორც ევროპაში და მით უმეტეს - ესპანეთში. ძალიან დიდი კულტია ესპანეთში ბავშვების. ყველაფერს ისე ფუთავენ და იმდენად ლამაზად არის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მარკეტოლოგი ვარ და ვიცი, რატომაც არის ასე, ბევრჯერ ცდუნებას ვერ გავუძელი. ბავშვების გაჩენამდე მჭირდებოდა თუ არ მჭირდებოდა, ყველაფეს ვყიდულობდი.
- ესპანეთში გაიზარდნენ, სანამ ერთი 7 წლის გახდა და მეორე 6 წლის... შემდეგ ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში წამოსვლა, რომ ქართული სრულფასოვნად ესწავლათ. ბარსელონაში სახლში ქართულად ვესაუბრებოდით, მაგრამ მინდოდა წერა-კითხვა ქართულად ესწავლათ და სკოლის განათლება აქ მიეღოთ... აქ ქართულ სკოლაში შევიყვანე და რადგან ბავშვის ტვინი ღრუბელივით ყველაფერს იწოვს, 6 თვეში ქართული წერა-კითხვა ძალიან კარგად ისწავლეს.
- მე მსურდა, ჩემს შვილებს ქართული კარგად სცოდნოდათ, ქართული კულტურა ენახათ და შეესისხლხორცებინათ... ქართველები არიან და ვთვლი, რომ აუცილებლად ასე უნდა იყოს! ახლა უკვე 12 და 13 წლისანი არიან და ბოლო კლასებში სასწავლებლად ესპანეთში ან ამერიკაში გავაგზავნი. ამ ქვეყნებში სწავლების სულ სხვა დონეა. ახლა კი ჯობია საქართველოში იყვნენ, ჰყავდეთ ქართველი მეგობრები და ყველა აქაური სიკეთე მიიღონ... ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. 16 წლამდე საქართველოში ვიზრდებოდი, შემდეგ წავედი ამერიკაში სასწავლებლად, შემდეგ - საფრანგეთში, ესპანეთში და 18 წელი საქართველოში არ მიცხოვრია. თუმცა ქართველი ვარ, ქართულად ვმეტყველებ, საქართველო ჩემი ქვეყანაა, მაგრამ ისევ და ისევ შენს ქვეყანას რომ გამოადგე, გჭირდება შენი ცხოვრების ერთ ეტაპზე წახვიდე და კარგი განათლება მიიღო... ასეთი სულისკვეთებით გავიზარდე და შვილებიც ასე მინდა გავზარდო.
- ბალანსი უნდა ნახო ამ ყველაფერში... ოჯახი მთლად სანიმუშო არ მაქვს, რადგან მეუღლეს გაშორებული ვარ. რაც შეეხება დედობას, ნამდვილად ვცდილობ კარგი დედა ვიყო. ვფიქრობ, ქალი რომ ჭკვიანია და თავის საქმეში წარმატებული, შვილებსაც ჭკვიანურად გაზრდის... ის ქალი, რომელიც არაფერს აკეთებს და ყოველდღიური მიზანიც არ აქვს, აუცილებლად დეპრესიულიც იქნება და პრობლემები შვილებზეც აისახება. აქედან გამომდინარე წარმატებულმა ქალმა იცის რა უნდა, ყოველთვის დადებითი და პოზიტიურია და შვილებსაც ლაღებს გაზრდის.
- ეს კიდევ ცალკე სამსახურია... აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დისციპლინა. შენი ცხოვრების სტილი როგორც კი გახდება ჯანსაღი ცხოვრება, ზომიერი კვება და ვარჯიში, შეძლებ ფორმაში იყო. ამ ყველაფერს ისე უნდა შეხედო, როგორც სამსახურს. აუცილებელი ნაწილი უნდა გახდეს შენი ცხოვრების. ჩვენს ასაკში რომ არ ივარჯიშო და თავს არ მიხედო, აისახება ფორმებზეც და სახის კანზეც. ასაკში ადვილად იმატებს ადამიანი, ჯანსაღ საკვებს თუ არ იღებს, კანი გასცემს და ყველაფერზე ძალიან ცუდად მოქმედებს ალკოჰოლი. აუცილებელია ასევე სრულფასოვანი ძილი, რომელსაც ვერანაირი მაკიაჟი ვერ ცვლის! ფორმაში უნდა იყო და შვილებსაც მაგალითს უნდა აძლევდე!
მანანა გაბრიჭიძე