ეს სამი შვილის დედის, ვერიკო ბიწაძის ემოციური, დედაშვილური პოსტია - მან ბევრ სხვასავით ბოლო დროს გავრცელებული გრიპით დავირუსდა, შვილთან ერთად.
"რთული დღეები სასიამოვნო ფრაგმენტებით - დედა-შვილობა
მოკლედ, ჩვენ და ვირუსები ძალიან მაგრად ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ დეკემბრის პირველივე რიცხვებში, როდესაც სიმშვიდე იდგა და ხალხი პანიკაში არ იყო ამ ვირუსის გამო, ჯერ თომამ მოაბრძანა, მთელი ღამე სიცხიანი ბავშვი გულზე მეწვინა...
აბა, რა დედა ვიქნებოდი, თუ მეც მასავით არ დავიტანჯებოდი და მეორე დღეს უკვე მეც ჩამეხუტა... დამეწყო ხმის წასვლით - თითქმის ვერ ვლაპარაკობდი და საღამოს უკვე სიცხით...
ორი დღე ჩვეულებრივი ვირუსი იყო გასაძლები სიცხით და სიმპტომებით, მესამე დღეს უკეთესად ვიგრძენი თავი და თომა წავიყვანე ექიმთან. იქ თითქმის ორი საათი მოგვიწია ყოფნამ, მოვედით სახლში და უკვე საღამოს ვერ ვგრძნობდი თავს კარგად... დავწექი ადრე, მაგრამ მცივა ისე, მაკანკალებს, გვერდზე ვერ ვბრუნდები, ისეთ დღეში ვარ... თითქმის ორი საათი გავიდა ამ მდგომარეობაში... ოჯახის წევრებს ჰგონიათ, რომ მძინავს... ვურეკავ ჩემს ქმარს, მოვარდა გაკვირვებული... რომ მიხვდა, მართლა ცუდად ვიყავი, რადგან იცის, არ მიყვარს წუწუნი, თუ მართლა ძალიან არ მიჭირს, მოიტანა წნევის აპარატი და - წნევა 170 რამდენზე, არ ვიცი, გულისრევის შეგრძნება, სიცივე და სიცხის დამწევის ფონზე სიცხე ზემოთ ადიოდა ისევ...
ვფიქრობთ, სასწრაფო გამოვიძახოთ თუ თვითონ წავიდეთ საავადმყოფოში, მაგრამ გვერდით თომა მიწევს. ბავშვი მეცოდება, თვალს რომ გაახელს და ვერ დამინახავს... უფალს ვთხოვ, გადამარჩინოს თომას გამო... ბექას და საბას ასე თუ ისე აქვთ წარმოდგენა ცხოვრებაზე. დედა ყველა ასაკში უტკბილესია, მაგრამ თომასთვის ჩემით იწყება და მთავრდება დღე, ჩემით იწყება სამყარო მისთვის... ძალიან უყვარს ყველა ოჯახის წევრი, მაგრამ დედა არის ჯადოსნური სიტყვა და ცხოვრების მთავარი ქალი (რა თქმა უნდა, ჯერჯერობით), რომელზედაც აფრენს... წერილში, რომელიც თოვლის ბაბუას დაუწერა, პირველი საჩუქარი თავის შემდეგ დედისთვის სთხოვა - დედაჩემს საპრანჭაოები მოუტანეო...
ასე წამებით გავიდა ღამე, მეორე დღეს მთელი დღე 39 სიცხე მქონდა, მაგრამ ისე ვიყავი მოთენთილი, ვიწექი, რა თქმა უნდა... თომა, ბავშვი, რომელიც კედლებზე დადის, ისეთი მოუსვენარია, ჩემთან ერთად იწვა მთელი დღე და თავი თავზე დადებული, თუ გვერდზე გადავბრუნდებოდი, ეგრევე - დედა გადმობრუნდი ჩემკენ, - მეტყოდა და მიფათურებდა პაწაწინა და თბილ ხელებს... მთელი დღე მამიკოც ჩვენთან ერთად იყო - ხან დედ-მამას უვლიდა (მათაც შეხვდათ), ხან მე და თომას, სახლიც დაგვილაგა, ჭურჭელიც გარეცხა და ისეთი სადილი გააკეთა, მართალია არ გამისინჯავს, მაგრამ ისეთი გაფორმებული... (ზოგჯერ კარგია თურმე ასეთი დღეები, მაგრან მეყოფა, აღარ მინდა, ყველა გამოცდილია უკვე)...
მეორე დღეს, როცა ფეხზე წამოვდექი და თავი უკეთესად ვიგრძენი, თომას ვუთხარი, იცი, თომა, შენ გადამარჩინე-თქო და უნდა გენახათ ამ დროს მისი თბილი უძირო ცისფერი თვალები, როგორი სიყვარულით მიყურებდა და მიქნევდა თავს თავდაჯერებული, რადგან მასაც ჩემსავით სჯერა, რომ მან მიშველა და სწორია, რა თქმა უნდა, სიყვარულმა გადამარჩინა...
ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს ყველა პატარა და დიდხანს დიდხანს ჰყავდეთ დედიკოები...
P.S.
ეს ჩანაწერი ჩემთვის იყო, ვფიქრობდი, დამედო თუ არა ასე საჯაროდ... ბოლოს დავდე, რადგან ყველაფერ ცუდს ვუტოვებ 2018 წელს და ახალ წელს ვხვდები დიდი იმედებით, რომ ვერანაირი ცუდად ყოფნა და ვირუსი ვერ გაგვეკარება...
ასევე ვამხნევებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ებრძვის ამ საშინელ ვირუსს.
ბედნიერი შობა-ახალი წელი და სიყვარულით სავსე წელი, ჩემო კარგებო".