„არ ვიცოდი არაფერი, როგორ დამებანა, როგორ დამეჭირა, როგორ გამომეცვალა საფენი“ - ნინი წიკლაური დედობაზე ამერიკაში
„არ ვიცოდი არაფერი, როგორ დამებანა, როგორ დამეჭირა, როგორ გამომეცვალა საფენი“ - ნინი წიკლაური დედობაზე ამერიკაში
მომღერალი ნინი წიკალური რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. შვილი შტატებში გააჩინა და მეუღლესთან ერთად მარტო ზრდის. დაგვეთანხმებით ალბათ, ადვილი არაა უცხო ქვეყანაში, მით უმეტეს ამერიკაში თავი დაიმკვიდრო, იქაურ რიტმს და ცხოვრებას აუწყო ფეხი, თან მაშინ, როცა გყავს პატარა შვილი. მიუხედავად ამისა, ნინიმ მოახერხა, რომ თავი არ დაენებებინა საკუთარი საქმისთვის, მომღერლობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი და იმ ბავშვებს, ვინც მშობლიური საქართველოდან შორს იზრდება, ქართულ კულტურას და სიმღერას აზიარებს.


-
ნინი, მოდი, ჯერ შენს ოჯახზე და შვილზე, საბაზე მოგვიყევი...

- რაც შეეხება ოჯახს და კერძოდ, საბას... ეს ის სახელია, რომელზეც უსაზღვროდ და უსასრულოდ შემიძლია საუბარი. ყველაზე დიდი სიყვარული და ადამიანი, რომელმაც სულ სხვა ფერებში დამანახა ყოფიერება. იმის მიუხედავად, რომ უდიდესი სირთულეები გავიარეთ მეც და თემომაც (ჩემმა მეუღლემ), მაინც მგონია, რომ სერიოზული და კარგი გამოწვევა მივიღე ცხოვრებისგან, როცა შვილის გაზრდას ახალბედა დედა მარტო შევეჭიდე. თემო ძალიან მეხმარება. გამიჭირდა პირველი პერიოდი, როცა საბა დაიბადა. არ ვიცოდი აბსოლუტურად არაფერი, როგორ დამებანა, როგორ დამეჭირა, როგორ გამომეცვალა საფენი, თუმცა მე და თემომ ეს, როგორც სკოლაში პირველი გაკვეთილები ისე გავიარეთ. უმეტესწილად ვკითხულობდით, ვეკითხებოდით ახლობლებს, ცხადია, ვრეკავდით თბილისში და ასე გამოვიწვრთენით

ისე, რომ დღეს თავისუფლად ვაკვალიანებ სხვა ახალბედებს. მარტო ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა. ის, რომ მხოლოდ მე და თემო ვართ და ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, საჭმელი იქნება თუ სხვა... მივხვდი, რომ კულინარია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ყოფილა. ამ ბოლო დროს მაწვნის შედედებასაც მივყავი ხელი. ჩემმა გულშემატკივარმა იცის ჩემი და მაწვნის დამოკიდებულება და ვინაიდან ამერიკაში ვერ ვიყიდე ისეთი მაწონი, რომელიც ქართულ გემოს გამახსენებდა,ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ჩემით მეცადა და აი, ამ წუთასაც მაცივარი სავსე მაქვს ჩემი შემოქმედებით. მერე დროთა განმავლობაში იმდენს მივაღწიე, რომ ვინც კი გამისინჯა რომელიმე კერძი, ყველამ აღნიშნა, რომ გემრიელი იყო. ასე გახდა კულინარია ჩემი საყვარელი საქმე. იმის მიუხედავად, რომ თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, ბავშვი სულ თან დამყავს რეპეტიციებსა თუ კონცერტებზე. ცხადია, თუ მეუღლემ მომისწრო სამსახურიდან, მასთან ვტოვებ. ყოველ შემთხვევაში, გვიან თუ მაქვს კონცერტი, ყოველთვის თემო იტოვებს. ასევე მყავს რამდენიმე ძალიან ახლო ოჯახი, ჩემი მეგობრები და უკვე ნათელმირონები, რომლებიც ძალიან მეხმარებიან საბას გაზრდასა თუ სხვა საქმეებში.


altნინი წიკლაური: "ეს ყველაზე დიდი შიში იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია..."



- ბავშვის ბაღში მიყვანას არ აპირებ?

- მე თვითონ ბაღში ვარ გაზრდილი, ბებიაჩემის ჯგუფში, მაგრამ რატომღაც ამ ეტაპზე ვარჩიე, საბა მე მყოლოდა. სამომავლოდ აუცილებლად ვფიქრობ ბაღში მიყვანას, ბაღი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.


- საბა რა ენაზე საუბრობს? ალბათ, იცის ქართული...

- საბა ჯერ ვერც ერთ ენაზე ვერ მეტყველებს, საკუთარი ენა აქვს, რომელსაც შეძლებისდაგვარად გვაგებინებს. ჩვენ სახლში ქართულად ვსაუბრობთ და შესაბამისად საბას პირველი ენაც ქართული იქნება. თუმცაღა, ინგლისურადაც თითქმის ყველაფერი ესმის.

mshoblebi

- რას საქმიანობ ამერიკაში?

- მივესალმები თქვენს მკითხველს, მიყვარხართ და მენატრებით... ამერიკაში ღვთის წყალობით, გამიმართლა, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ და არ მომიწია გაჩერება. კერძოდ, ნიუ-იორკში არსებობს პირველი ქართული კულტურის ცენტრი “ფესვები”, სადაც თითქმის ჩამოსვლის დღიდან ვმუშაობ. ამ არაჩვეულებრივი ცენტრის დამფუძნებლებმა, ვანო გოდერძიშვილმა და შორენა ბარბაქაძემ შემომთავაზეს, გაგვეკეთებინა საბავშვო ვოკალური სტუდია, რომელსაც მე გავუძღვებოდი და ასე შეიქმნა ჩემთვის უკვე ძალიან საყვარელი, ციმციმა და მხიარული „ციცინათელა“, სადაც საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის. სახელი “ციცინათელა” ბავშვებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. რაც შეეხება რეპერტუარს, ვცდილობ იყოს ქართული, ვინაიდან ჩემი მოსწავლეებიდან თითქმის ყველა ამერიკაში დაბადებული ბავშვია და მათი ნაწილი საქართველოში მხოლოდ საზაფხულო არდადეგებზე ჩადის, ვცდილობ, ამ ბავშვებს გავაცნო და შევასრულებინო ქართული სიმღერა, რომელიც არც ისე მარტივია. ბავშვებიც აქტიურად მომყვებიან. ხშირად ვმართავთ კონცერტებს, ახლაც, 3 მარტისადმი მიძღვნილ კონცერტზე ბავშვებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს დუეტები, რომლის იდეაც „ფესვების“ ხელმძღვანელს, შორენა ბარბაქაძეს ეკუთვნის და მეც სიხარულით მივიღე. რეპერტუარი აქაც ქართული იყო და 3 მარტს დიდი სიამოვნება მიიღო დამსწრე საზოგადოებამ. ასევე, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შევქმენი სიმღერა - “დედას”, რომლის ტექსტიც და მელოდიაც მე მეკუთვნის. სამომავლოდ შემოგთავაზებთ ვიდეორგოლსაც და აუდიოჩანაწერსაც “ციცინათელების” შესრულებით. გარდა ამისა, მყავს კერძო მოსწავლეებიც, რომლებიც ძირითადად უმაღლესი მუსიკალური კოლეჯების სტუდენტები არიან. მათთან აბსოლუტურად სხვა სამეცადინო პროგრამა მაქვს, თუმცაღა ვცდილობ, ქართულიც ერიოს. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ამერიკაში არ დაწყებულა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი მარინა ბერიძის სტუდია “ანა ბანაში” ვოკალისტად, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა. რაც შეეხბეა ჩემს კარიერას, ვცდილობ აქტიური ვიყო აქაც. ცხადია, ისე ვერ ვახერხებ, როგორც საქართველოში, რადგან აქ ცხოვრების სხვა რეჟიმი მაქვს. მარტო ვარ ოჯახით და შესაბამისად რთულია, აკეთო შენი საქმე დამხმარეს გარეშე. ამის მიუხედავად, აქტიურად ვიღებ მონაწილეობას აქ გამართულ თითქმის ყველა კონცერტში, უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რითიც ვეხმარებით საქართველოში გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. როცა ვიცი, რომ ჩემი სიმღერით 1 ადამიანის 1 დღეს გადავარჩენ, ცხადია, უკან არასოდეს ვიხევ. მოვკიდებ საბას ხელს და მასთან ერთად დავდივარ სამღერად. ამასთან ერთად, მაქვს საკმაოდ სერიოზული კონცერტებიც, მაგალითად 17 მაისს Washington DC, ჯონ კენედის სახელობის ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური კულტურის ცენტრში, ამ დიდებულ დარბაზში გაიმართება „ფესვების“ სოლო კონცერტი, რომლისთვისაც ძალიან დიდი მზადება გვაქვს და სადაც “მზე შინა და მზე გარეთა” სიმღერით ვხსნი ღონისძიებას. ამ დარბაზში კონცერტის დაგეგმვა წლებით ადრე ხდება, საკმაოდ რთულია მოხვედრა და ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა. კონცერტს ბევრი მაღალჩინოსანი დაესწრება. ასევე მარტის თვეში გაიმართება ღონისძიება “გამორჩეული ქალების ღირსება საზოგადოებისათვის”, სადაც ქართული კულტურის ცენტრ “ფესვებში” მოღვაწე ქალებს, ანუ პედაგოგებს დაგვაჯილდოებენ ქართული საზოგადოებისთვის და ქართველი ბავშვებისთვის გაწეული სამსახურისთვის. ზაფხულში კი, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში ჩამოვალ, “ციცინათელას” გრანდიოზული კონცერტი გვექნება, რომელსაც „ქართული მუსიკა ამერიკაში“ დავარქვით და სადაც ბავშვები მხოლოდ ქართულად შეასრულებენ სიმღერებს. ბავშვები, რომლებიც აქ არიან დაბადებულები და აქ იზრდებიან, უმღერებენ საყვარელ საქართველოს, თბილისს...

mshoblebi

- ნინი, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ თუ არა, ეს კითხვა ცოტა მეხამუშება. მე ვარ დროებით წამოსული, შესაბამისად არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ გუდანაბადი ავიკარი, დავტოვე ყველაფერი და წამოვედი. ეს ასე არაა. დროებით, ჩემი საქმიანობის გამო და ისევ ჩემი პროფესიული განვითარების გამო ვარ აქ და ხშირად ასე იქნება. ხან ვიქნები საქართველოში და ხან აქ. ვფიქრობ, პედაგოგიკა ისეთივე განვითარებადია, როგორც მომღერლობა, ამიტომ სტანდარტებს აუცილებლად უნდა მიჰყვე. ყველაფერი იცვლება, ხმის სავარჯიშოებიც კი... როცა ჩამოვალ, შევეცდები ბევრ ბავშვს გავუზიარო დაგროვილი ცოდნა.


- შენი მეუღლე რას საქმიანობს?

- ჩემი მეუღლეც მუშაობს და ასევე ჩემთან ერთად ოჯახის საქმეებით არის დაკავებული. აბსოლუტურად ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. საშინაოს თუ საგარეოს. ამერიკაში ცხოვრების დაწყება და თავის დამკვიდრება, მართლა რთული საკითხია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც სიახლეების არასოდეს ეშინია. პირიქით, ყველა გამოწვევა, რომელიც შენს განვითარებას, შენი ოჯახის წინსვლას უკავშირდება, უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც ეს შეუძლია. ამერიკაშიც ოჯახით ცხოვრება ურთულესია, თან მაშინ, როცა ოჯახიც ახალი შექმნილია და პატარა ბავშვი გყავს. თუმცაღა, როგორც ზევით აღვნიშნე, ძალიან დამეხმარნენ ჩემი ახლობლები და აბსოლუტურად უცნობი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც წლებია აქ ცხოვრობენ და სიკეთეს სიკეთეზე აკეთებენ. რთულია პირველი პერიოდი, როცა ეწყობი ქვეყანას, ჰაერს, ქუჩებს, მათ წესებს და კანონებს, როცა იწყებ ცხოვრებას მარტო და ყველაფრის შეძენა გიწევს. საქართველოდან ასე რთულად ვერ ვხედავდი აქაურობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი, პირიქით, ცოტა სირთულეს ბევრი წინსვლა მოსდევს. ყველაზე მეტად მიჭირდა და მიჭირს ჩემი სახლის, ოჯახის, სამეგობროს მონატრება და მათ გარეშე ყოფნა, ჩემი კოლეგები, რომლებიც ძალიან მაკლია გვერდით. მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო ამ საკითხზე ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში ურთიერთობები ჭირს. ის ქართული ურთიერთობები, რაც მხოლოდ საქართველოშია და ის სიყვარული, რაც მხოლოდ ჩვენს ქვეყანას შეუძლია.


ციცი ომანიძე

4682
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რუსუდანი
0
ნინი ,,ფესვების" სული და გულია:ნიჭიერი, ხალისიანი, მშრომელი, ბავშვების, მშობლებისა და კოლეგების საყვარელი ადამიანი. იგი მოსვლის დღიდან აჰყვა მუშაობის იმ ტემპს, რომლითაც მუშაობენ შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი . და დღეს ნინი ანათებს ,,ციცინათელასთან" ერთად. მოგეხსენებათ, ამერიკაში ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყოველთვის ფასდება და ჩვენმა ნინიმაც იპოვა თავისი ადგილი იშვითი შრომისმოყვარეობისა და ტალანტის მეშვეობით. ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს პატარა ცქრიალა გოგონა და წარმატებებს ვუსურვებთ მის ლამაზ ოჯახთან ერთად!
11:12 / 07-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?