"ვცდილობ, არ დავემსგავსო იმ დედებს, ყველაფერში რომ უნდათ შვილი გამოაჩინონ... ზოგჯერ ამითაც ვაფუჭებთ მშობლები შვილებს" - სოფო გელოვანი
"ვცდილობ, არ დავემსგავსო იმ დედებს, ყველაფერში რომ უნდათ შვილი გამოაჩინონ... ზოგჯერ ამითაც ვაფუჭებთ მშობლები შვილებს" - სოფო გელოვანი
ალბათ გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვი მაქსიმალურად უნდა იყოს დატვირთული სწავლითა და თუ სხვადასხვა წრით, იმისთვის, რომ  ნაკლები თავისუფალი დრო დარჩეს და ეს დრო არარაციონალურად არ გამოიყენოს. ბუნებრივია, წრეებით დატვირთვა კარგია, მაგრამ ამ საკითხშიც აუცილებელია ზომიერება. ჩვენი დედების თუ ბებიების დროს, არსებობდა რამდენიმე პოპულარული წრე, რომელზეც ბავშვს „აუცილებლად“ უნდა ევლო, ამიტომაც ჩვენს თაობაში ბევრს იპოვნით ისეთს, ვისაც სახლში მუსიკალური სკოლის ატესტატი აქვს, ინსტრუმენტს კი ბავშვობის შემდეგ არ მიჰკარებია და
ა.შ.. მომღერალ სოფო გელოვანისთვის მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და არის, მისი შვილი დათა კი იმდენად მონდომებულია, რომ საკუთარი სურვილით ერთდროულად 4 წრეზე დადის. ამ ამბავში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს თავად ბავშვის სურვილი და გადაწყვეტილებაა.

- ჩემი პატარა ბიჭი - აკა, მხოლოდ ბაღში დადის, უფროსი - დათა მე-4 კლასშია და საკმაოდ დატვირთულია, თუმცა ეს არ არის მშობლების ახირება, ყველგან იაროს ბავშვმა. ძალიან ინტერესიანია და საკუთარი სურვილით შევიდა ყველა წრეზე. 5 წლიდან დღემდე ცურვაზე დადის, მერე და მერე დაემატა ხალხური სიმღერა, ფორტეპიანო, ცეკვა და კვირაობით, კომაროვის სკოლა. ზოგი ბავშვი არ იღლება მარტივად, ზოგისთვის კი ერთი სახეობის წრეც დამღლელია,

გააჩნია ბავშვს. დათას ეს რეჟიმი დისკომფორტს არ უქმნის, სახლშიც სულ ცდილობს, უსაქმოდ არ იყოს და რაღაცით დაკავდეს, ფეხბურთზეც დადიოდა, ძალიან იღლებოდა და ვთხოვეთ, იქნებ აარჩიო და რომელიმე სპორტიდან გამოხვიდე-თქო, მისივე გადაწყვეტილებით ფეხბურთს შეეშვა და ცურვას ვერ უღალატა. ხშირად მესმის მოსაზრებები, რომ ბავშვს არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, ნაკლებად უნდა დავტვირთოთ, ეს გასაგებია ყველანაირად, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ბავშვზე. აკას შემთხვევაში არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ დათამ თვითონ გამოხატა ამ წრეებზე სიარულის სურვილი, ჩვენ არანიარად არ ჩავრეულვართ ამ საკითხში. დაძალებით რომელიმე წრეზე სიარული გამორიცხულია. უკვე მეოთხე კლასშია, სამეცადინოც მოემატა, ხდება ისეც, რომ სახლში მოაქვს დავალება, ვერ ასწრებს სკოლაში ყველაფრის მეცდიანეობას, მაგრამ მაინც ჩუმად არის, არაფერს ამბობს, რომ არ გამოვიყვანოთ რომელიმე წრიდან.


იხილეთ ვიდეო, როგორ იხსენებენ სოფო გელოვანი და მისი მეუღლე ქორწინების პირველ ეტაპს


- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, რათა არ დარჩეს დრო სხვადასხვა სახის საცდურისთვის...

- ეს მგონი, რომ უფრო მშობლების „გამოსაძრომი“ ამბავია - დავტვირთოთ ბავშვი, რომ არ იგრძნოს დედ-მამის დანაკლისი. დროის სიმცირის გამო არ გვყავს ბავშვები განებივრებული ჩვენთან ურთიერთობებით, ამიტომ გვირჩევნია, ისწავლონ, ვატაროთ სხვადასხვა წრეზე. თითქოს ამით პასუხისმგებლობას, თუ არსებულ ვითრებას გავურბივართ. სახლში როცაა,  გირჩევნია იმეცადინოს, რაღაც გააკეთოს, ვიდრე ისე იჯდეს, არადა ხანდახან უნდა ბავშვს განტვირთვა და ისიც კარგია, სულ რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ მშობლების ჩართულობა, თუნდაც იმ მხრივ, რომ შენ ამეცადინო, ერთად უყუროთ ფილმს და ა.შ, მაინც ყველაფერზე და ყველაზე მნიშვნელოვანია შვილებთან ურთიერთობაში.


- თქვენ ბავშვობაში თქვენი სურვილით შერჩეულ წრეებზე დადიოდით? თუ იმ დროისთვის პოპულარულ წრეზე გინდა-არ გინდა გატარებდნენ?

- მე ბავშვობიდან გადართული ვიყავი სიმღერაზე და მუსიკაზე, მაგრამ ჩემი თანატოლები იყვნენ დატვირთულები სხვადასხვა წრით და სულ იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, არაა ეს სწორი მიდგომა, აუცილებლად უნდა დავუტოვოთ შვილებს დრო გართობისთვის. ხშირად ვფიქრობ ხოლმე დათაზე, ასეთი დატვირთული რომ არის, მერე და მერე არ დაკარგოს ინტერესი ან ხალისი, ან არ გადაიღალოს, მაგრამ არის მეორე მომენტიც, თავიდანვე რომ აჩვევ ამდენ მუშაობას, ცხოვრების წესად უყალიბდება, ტვინიც ეჩვევა და მარტივად ეგუება ასეთ პირობებს, თუნდაც ბევრ სამეცადინოს და ა.შ. ძალიან რთულია ასე გადაჭრით თქმა, რა ჯობია, ვფიქრობ, მშობელი უნდა გრძნობდეს თავისი შვილის შესაძლებლობებს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს.


- დათა თავისით მეცადინეობს, თუ სჭირდება შეხსენება, რომ სამეცადინო აქვს, ან უნდა გვერდით მიჯდომა?

- არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მე მივჯდომოდი დათას სამეცადინოდ. თავიდანვე გადავწყვიტე და მაქსიმალური თავისუფლება მივეცი, მოვილაპარაკეთ, რომ ეს მისი ცხოვრება და მისი ტერიტორიაა და თავად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, შენ თუ გინდა, მე ჩავიბარებ გაკვეთილებს, რასაკვირველია, დაგეხმარები, თუ რამე ვერ გაიგე, მაგრამ პასუხისმგებლობა სასკოლო საკითხებზე შენია-მეთქი. ვცდილობ, თავად დაალაგოს და მოაწესრიგოს მასწავლებელთან ურთიერთობა, იცის, რომ გაკვეთილების მომზადებაც მისი ვალდებულება და მისი საქმეა. უბრალოდ ვეკითხები, ხომ გაქვს მზად დავალებები და ვენდობი მის პასუხს ყველანაირად. შეგნებულად დავტვირთე ამ პსუხისმგებლობებით, რომ თვითონ გადალახოს ყველანაირი წინააღმდეგობა.

mshoblebi

- როგორ მიაღწიეთ ამას, ბევრი მშობლისთვის ეს სანატრელი რამაა, რომ ბავშვი დაჯდეს და თავად მოამზადოს გაკვეთილები...

- მესმის, არიან ბავშვები, ვისაც სჭირდება შეხსენება, რომ იმეცადინოს. ხანდახან დათასაც სჭირდება ეს, მაგალითად, როცა შაბათ-კვირაა, გაეწელება ხოლმე წამოწოლა და სჭირდება შემოფხიზლება. ისევ და ისევ ბავშვზეა ეს დამოკიდებული, ზარმაცი რომ იყოს, ალბათ მეც სხვანაირად მოვიქცეოდი.


- სოფო,  რამდენად აქტიურად ხარ ჩართული დათას სასკოლო ცხოვრებაში, მასწავლებელთან თუ გაქვს აქტიური კონტაქტი?

- რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობ მასწავლებელთან, მაგრამ ზომიერად. მე ვგრძნობ, დათა რაში მოიკოჭლებს, ვიცი ჩემი შვილის ხასიათი, თუ რამე პრობლემა წარმოიშვება, ძირითადად მასწავლებლები თვითონ მირეკავენ და მეუბნებიან, ახლა ამაზე ვიმუშაოთ, ეს გავაკეთოთო. მე არ ვარ ზედმეტად გადაფოფრილი ბავშვებზე, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და არ დავემსგავსო იმ დედებს, რომლებსაც შვილი უნდათ, რომ ყველაფერში გამოაჩინონ. ჩემს თავზე ვმუშაობ ამ მხრივ, ზედმეტი ჩართულობაც არ ვარგა და ხანდახან ამითაც ვაფუჭებთ მშობლები შვილებს, მაინც ზომიერება ჯობია ყველაფერს.

ციცი ომანიძე

1294
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```