35 წლის ლანა ლაშხი ორი შვილის დედაა. პროფესიით ქართული ნაციონალური ცეკვების დამდგმელი, ქორეოგრაფია, თუმცა ასევე აქვს მეორე პროფესია - ვიზაჟისტი გახლავთ. ლანას რამდენიმე წლის გატარება საქართველოს საზღვრებს გარეთ მოუწია, ბავშვებთან ერთად. ამიტომ, პროფესიასთან ერთად ამ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და ვთხოვეთ შეედარებინა ქართული რეალობისთვის.
- ბავშვობიდან ვცეკვავდი, ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. ულამაზესი გრძელი კაბების ჩაცმა და რა თქმა უნდა, მაკიაჟი, რომელსაც ჩვენით ვიკეთებდით კონცერტის წინ. ასე რომ, ეს ორი რამ ერთი მთლიანობა იყო ჩემთვის ყოველთვის და იმდენად შერწყმული, ვერ წარმომიდგენია ორ სხვადასხვა პროფესიად.
- მაკიაჟი ძალიან მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ხშირია მოთხოვნა საქორწილო მაკიაჟზე, ასევე წვეულების, ოფიციალური შეხვედრების და ფოტოსესიების დროს. ყოველთვის ვითვალისწინებ სამოსს და მომხმარებლის გემოვნებას. თუ ჩემსას არ ემთხვევა, ვთავაზობ, რატომ არის უკეთესი თუნდაც სხვა ფერის ტუჩსაცხი, მისი მოთხოვნის მიუხედავად. ხშირად მიჯერებენ და ორივე მხარე კმაყოფილი ვრჩებით.
- ყველა ქალი ლამაზია თავისებურად და როგორი გენეტიკაც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებელია სახის კანის მოვლა (და არა მხოლოდ) დაახლოებით 25წლიდან. თუ მანამდეც უვლის, ძალიან კარგი. ხშირია ცნობილი კოსმეტოლოგების რჩევებში ციტატა: ''რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის მოვლას, მით უფრო გვიან დაბერდება ის და სილამაზის ხანგრძლივობაც მოიმატებს''. ვეთანხმები 100%-ით. სახლის პირობებში უამრავი ბუნებრივი ნიღბის გაკეთება შეიძლება. იუთუბზე ათასობით ინფორმაციაა და ცოტა მეგულება, ვისაც წვდომა არ აქვს ინტერნეტზე. მთავარია არ დაიზარონ.
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. ორივე დილის ეთერზე ვმუშაობდით ტელევიზიაში. მე - საგრიმიოროში, ის - ე.წ. ინჯესტში.
- დაქორწინების შემდეგ მალევე გადაწყდა ჩვენი უცხოეთში წასვლა. აქ დავკარგეთ სამსახური, დაიხურა ჩვენი ტელევიზია და ვინაიდან მე უკვე მქონდა ნაცხოვრები გერმანიაში, დაუფიქრებლად წავედით იქ. ენის ბარიერიც არ მქონია და ყველაზე კარგი არჩევანი იმ დროს ეს იყო. ორივე შვილი იქ დაიბადა და ახლა 6 თვეა, რაც აქეთ ვართ, თუმცა მაინც სულ ''გაქცევაზე'' გვიჭირავს თვალი (იღიმის).
მაგრამ მუდმივი მონატრება საშინელებაა... პირველად 19 წლის წავედი, eupair პროგრამით. საოცრად თბილ ოჯახში მოვხვდი, დავდიოდი ენის კურსებზე, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში. მერე იყო ინტენსიური ენის კურსები და ძალიან ბევრი გამოცდილება, რომელიც შემდგომში მეხმარებოდა, თუ როგორი უნდა ვყოფილიყავი, ძლიერი, შეუპოვარი და ცხოვრების სირთულეების გადალახვაც აღარ მიჭირდა.
- გერმანია, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან აწყობილი ქვეყნების სიაშია, ჩვენგან განსხვავებით, და ეს განსხვავება ყველაფერში იგრძნობა.
კონკრეტულად ორსულებს რაც შეეხება, ორივე ბავშვზე იქ ვიყავი და ისეთი კომფორტული იყო, რომ აქ ძალიან მიჭირს შედარება. მესამე შვილს ველოდები მალე და სრულიად ყველაფერი მე უნდა მოვაგვარო.
იქ ექიმს აღრიცხავზე როცა აჰყავხარ, გაძლევს ე.წ. ''დედის პასპორტს'', სადაც ყოველი გეგმიური გამოკვლევის შედეგები იწერება და ამას ატანენ ორსულს. ექიმთან რჩება მხოლოდ ანკეტა. იმ შემთხვევაში, თუ სადმე მიდის ორსული ქალი, მაგალითად სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, მიაქვს ეს თავისი ''დედის პასპორტი'' და აღარ უწევთ მკითხაობა ევროპელ ექიმებს, რა გამოკვლევაა ჩატარებული და როდის.
ასევე არ მინდა გამომრჩეს ისიც, რომ გინეკოლოგის კაბინეტიდან არსად არ გიწევს წასვლა. ექოსკოპიას იგივე ექიმი გიკეთებს და ანალიზებს იქვე აბარებ ლაბორატორიაში. ასევე გიწერს ექიმის დამხმარე, როდის უნდა მიხვიდე შემდგომ ვიზიტზე.
შეღავათებზე მკითხეთ და ესეც მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ორსულს უნიშნავს გარკვეულ თანხას (რადგან მას სჭირდება განსაკუთრებული კვება და ახალი ტანსაცმელი). ასევე ექიმის კაბინეტში არის სხვადასხვა ვაუჩერი. ზოგი სასაჩუქრეა და ზოგიც 20% ფასდაკლება - ბავშვის კვებაზე და დედის აქსესუარებზე.
- დედობისთვის მზადება კიდევ ცალკე რიტუალია 90% გერმანული ოჯახებისთვის. დედასთან ერთად ემზადება მამაც, ჩვეულებრივი მოვლენაა ეს. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როცა მამაც დადის და ჩართულია სრულიად პროცესში, რაც ჩვენს მენტალიტეტში სამწუხაროდ, არ ზის. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეუღლე იქ უფრო მეტად იყო ჩართული პროცესებში, ვიდრე აქ. ალბათ ეს ბებიების და გარშემო მყოფების სიმრავლის გამოა.
- ბაღი ოფიციალურად იწყება 2 წლიდან და მანამდე თუ მშობელი დაკავებულია, 6 თვიდან შეიძლება მიყვანა. ბაღში რეგისტრაცია დიდ ქალაქებში ძალიან ადრე იწყება. მაგალითად, ბავშვის დაბადებისთანავე შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა. მერე დაგვიანებულიც შეიძლება იყოს. ბაღში მიყვანის დროს ადგენს ექიმი პედიატრი, რომელიც დასაწყისშივე ჩართულია მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების პროცესში და ნახევარი წლით ადრე - ბაღის დირექტორიც, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა მშობლებთან. ჩვენს უფროსს შვილს მოუწია სპეციალურ ჯგუფში მისვლა, სადაც იყვნენ ზედმეტად ცელქი და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები. ახლა მეცინება, მაგრამ ლამის 1.5 წელი ვატარეთ ქალაქ კიოლნის უნი.კლინიკაში, სმენის პრობლემების შესამოწმებლად, რა თქმა უნდა, პედიატრის მიმართვის საფუძველზე. გვეგონა, რომ არ ესმოდა. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ჩვენი მოსმენა არ უნდოდა ხოლმე.
ბაღში ყველა ბავშვს ექცევიან ინდივიდუალურად. არის საოცარი მიდგომა. ასევე არის ''დასჯის'' მეთოდიც - სკამზე ჯდება ის, ვინც ''ცუდად''იქცევა. ძალიან დიდ დროს ატარებენ ეზოში ჰაერზე. არ აქვთ შეზღუდვა, ტალახში, წვიმაში, ტანსაცმელს არავინ უფრთხილდება. დაჰყავთ მოხუცებულთა თავშესაფარში, პოლიციაში, შშმ პირთა სანახავად. ეს მათი ცხოვრების ნაწილია. ასწავლიან ყველაფერს, რომ თანასწორობა უპირველესია. ყალიბდებიან ადამიანებად, რომლებსაც თითქმის არაფერი უკვირთ. ჩემმა 3 წლის შვილმა იცოდა, რომ ეტლით მოსიარულეს შეიძლება დახმარება დაჭირვებოდა და ბაღშიც ჰყავდათ ასეთი ბავშვები. ეს იყო ინტეგრირებული ბაღი, ყველა ეროვნებისთვის. ყველაზე მეტად ამ ბაღის დატოვება გაგვიჭირდა.
- ბავშვებს ჰუმანურად ზრდიან ხშირ შემთხვევაში. არსებობს გამონაკლისი ოჯახებიც, ბუნებრივია. რაც თვალში საცემია, არის კვება - სულ ''შიათ'' და რატომ აჭმევენ ასე ცოტას, ვერ ამოვხსენი. ბავშვებს ესაუბრებიან, როგორც პიროვნებებს და არა როგორც ჩვენთან. მათ აზრს პატივს სცემენ.
- რომ შემეძლოს, გავაკეთებდი ძალიან ბევრ სკვერს, სადაც იქნებოდა ყველა კატეგორიის ბავშვის გასართობი. ჩვენთან არ არის ადვილი ეტლით გადაადგილება და არც ტრანსპორტია შესაბამისად ინტეგრირებული. ყველაფერს ევროპულ სტანდარტზე გავაკეთებდი. ქვეყანა მზად არაა ჯერ კიდევ და უნდა მოხდეს ხალხში ცნობიერების ამაღლება.
რადგან თავისუფლად ვსაუბრობთ, ვიტყვი კიდევ რა მაწუხებს - ოქრო-ვერცხლასხმული სამედიცინო პერსონალი. მაწუხებს შრომის კოდექსის და ადამიანის უფლებების არქონა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაგვრა. თუ ძლიერი არ ხარ, თავს ვერ გაიტან ჩვენთან. იმდენი რამეა შესაცვლელი.
გერმანიაში მოდის მორიგე ექიმი და ყველა კითხვაზე პასუხს გცემს. თუ კლინიკაში წევხარ, დილის შემოვლაზე - განყოფილების უფროსი ან საავადმყოფოს შეფი ექიმი. ეს ყველაფერი ნორმაა და ვიქნები ბედნიერი, ჩვენთანაც თუ ოდესმე დადგება ასეთი დრო.
- ექიმთან ბავშვსაც ეძლევა აცრების ფურცელი, როგორც აქ და ასევე ეძლევა ''ბავშვის გამოკვლევის' 'რვეული, სადაც ყოველი გეგმიური ვიზიტი ექიმის მიერ აღინიშნება და მშობელს შესაბამისად დაჰყავს კვლევებზე. ექიმთან ვიზიტებზე სიხარულით გარბიან. საერთოდ ყველგან, კლინიკაში თუ კერძო ექიმთან, ბავშვს აძლევენ კვლევის შემდეგ სასუსნავს ან პატარა სათამაშოს. მეორეთ სიხარულით მიდიან იქ. მე არ მახსენდება ფაქტი, რომ ეტიროთ ჩემს შვილებს და არ ჰქონოდათ სურვილი ექიმთან წასვლის...
უხერხულიც კია ამ ორი ქვეყნის შედარება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში,თაობები შევცვლით ჩევნს საქართველოს უკეთესობისაკენ.