37 წლის თამრი ბოლქვაძე 10 წელია ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. გარდა ამისა, არის ფოტოგრაფი, გრაფიკული დიზაინერი და სოციალური მედია-მარკეტინგი მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. თავისუფალ დროს კი ხელნაკეთ აქსესუარებს ამზადებს, ხშირად მონაწილეობს ბაზრობებზე და ყიდის სხვადასხვა მაღაზიიდან თუ სოციალური ქსელიდან ნივთებს. სამი ბიჭი ჰყავს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ამბობს, რომ, პირველ რიგში, დედაა და მერე სხვა დანარჩენი პროფესიის ადამიანი:
- ბავშვებს ყველაზე დიდ დროს ვუთმობ. სამი ბიჭი მყავს, უფროსი 10 წლის ხდება, შუათანა ექვსისაა, პატარა კი სამი წლის ახლა გახდება. ძალიან აქტიური დედა ვარ. დედაჩემის დახმარებით, ძიძების გარეშე გავზარდე ბავშვები და სამსახურიც ისეთი მაქვს, იშვიათად მიწევს გასვლა. ძირითადად, საქმეს ვაკეთებ სახლში, ინტერნეტის დახმარებით. ბავშვები ეზოშიც ჩამყავს და ერთად რაღაცებს ვაკეთებთ. სულ ვცდილობ, რომ არ ჰქონდეთ დრო პლანშეტებისა და კომპიუტერისთვის.
- ერთი ბავში ბაღში მიდის, ერთი - სკოლაში, მესამე სახლში რჩება. დილით აუცილებლად საუზმობენ. სხვათა შორის, კვებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მე და ჩემი ოჯახი ვზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი საკვები. ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ზამთარი გავიდა და ბავშვებს სურდოც არ ჰქონიათ. ჩემს შვილებს გაზიან სასმელებს და, ზოგადად, ტკბილეულს არ ვუკრძალავ, უბრალოდ ვუხსნი, რომ მავნეა და რა ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. მე თავად არ ვყიდულობ. როცა სახლში არ არის, შესაბამისად, არც მოთხოვნილება აქვთ. თუ ბავშვები მეგობრებთან ერთად წავლენ, შეიძლება იქ გასინჯონ, მაგრამ უმეტესად არც თავად უნდებათ გაზიანი სასმელების დალევა. არც სოსისსა და ძეხვს ვყიდულობ. სახლში ვაკეთებთ ყველაფერს და ნატურალურ წვენებს ვუწურავ. ხაჭოსაც თავად ვუკეთებ ნატურალური რძისგან. ნატურალურ რძეზე ვაკეთებ ფაფებს და მაღალი ხარისხის პურს ვყიდულობ. დღეს ერთად ვატარებთ და საღამოობით წიგნებს ვუკითხავ. ძალიან უყვართ, განსაკუთრებით, უფროს ბავშვს. ამიტომ, სახლში ბევრი წიგნი გვაქვს. გარდა ქართულისა, ვიწერ ლამაზად ილუსტრირებულ წიგნებს ინგლისურ ენაზე. უფროსს ბიჭს თითქმის ყველაფერი აქვს წაკითხული, რაც კი მისი ასაკისთვისაა გამოცემული, დამოუკიდებლად, ყოველგვარი დაძალების გარეშე კითხულობს და ძალიან მიხარია.
- ძალიან ბევრს ვკითხულობ ფსიქოლოგების რჩევებს, რაღაცებს ვითვალისწინებ ხოლმე, მაგრამ, ძირითადად, ვაკეთებ იმას, რასაც გულით ვგრძნობ. სამივეს სხვადასხვა ასაკი აქვს და სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. ვცდილობ, რომ მეგობრული ვიყო მათთან და არ ვიყო მკაცრი. მე მათ მოთხოვნის ნაცვლად, ვთხოვ ხოლმე რაიმეს. ვუხსნი, რა არის ცუდი და რა მნიშვნელოვანი.
- მეც ისე აღვიზარდე, რომ წესები არ მქონია. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მაგალითი მათთვის. ბავშვი გვერდზე რაღაც მაგალითს რომ ხედავს, ისე იქცევა. ზოგადად, მაგალითებიდან სწავლობენ. მგონია, თუ შენ იქნები კარგი მაგალითი, ბავშიც შესაბამისად ისწავლის.
- ბავშვებს ძალიან უყვართ ჩემი საქმე. ყუთებს არ ვყრით ხოლმე სახლიდან იმიტომ, რომ მისგან რაღაცას ჭრიან, აწებებენ და თავისთვის იგონებენ რაღაცებს. კვირას გარეთ გასვლა ძალიან გვიყვარს. ვსეირნობთ, ლისზე ავდივართ, ველოსიპედებით ვსეირნობთ, ხან ბურთით ვთამაშობთ და ეს ძალიან სასიამოვნოა.
- დედა მეხმარება ძალიან, უსიტყვოდ გრძნობს ყველაფერს, თქმაც არ სჭირდება. ბავშვებს, ფაქტობრივად, ორი დედა ჰყავთ. ბავშვები ძალიან ენერგიულები არიან. მთელი დღე რაღაც სჭირდებათ. ბიჭებს, ზოგადად, აქვთ ძალიან დიდი ენერგია და ეს ენერგია სადღაც უნდა დაახარჯინო. მე ვაძლევ იმის უფლებას, რომ სახლში ყირაზე დადგნენ და ირბინონ. მერე რა, რომ წაიქცევა და დაარტყამს რაღაცას, თავისივე შეცდომაზე ისწავლის, მერე უფრო ფრთხილი იქნება. მეც, მათთან ერთად, ხან კარატისტი ვარ და ხან მანქანებით ვთამაშობ.
- ამაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აჩენ პიროვნებას, გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ბუნების წინაშე, როგორი გაიზრდება და რაში გამოადგება სამყაროს. მე ვზრდი პლანეტის მოქალაქეს, მაგრამ პირველ რიგში, სამშობლოს ვაყვარებ ბავშვს. ძალიან ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ბავშვებს უყვარდეთ თავისი გარემო და გაუფრთხილდნენ ბუნებას და მაგაში გამოხატონ სამშობლოს სიყვარული. მერე უკვე მოდის მსოფლიო, სადაც ინტერნაციონალური სამყაროა და მინდა იცოდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
თამუნა იაკობაშვილი