თაკო ჩხეიძის შვილმა ცნობილი ცეკვის სტუდია მასწავლებლის გამო დატოვა - „მასწავლებელმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა ბიჭების მიმართ“
თაკო ჩხეიძის შვილმა ცნობილი ცეკვის სტუდია მასწავლებლის გამო დატოვა - „მასწავლებელმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა ბიჭების მიმართ“
მოდელი თაკო ჩხეიძე სამი ბიჭის დედაა. უფროსი შვილი - სერგი, საკმაოდ პატარა ასაკში გააჩინა და დღეს უკვე იმხელაა,  საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულს, დედა რჩევების საკითხავადც ურეკავს თურმე. სანდრო 9 წლისაა და მესამე კლასშია, 7 წლის დათუნა კი მეორეკლასელია. გარდა სასკოლო ცხოვრებისა, ბავშვების განვითარებისათვის აუცილებელია სხვდასხვა წრით დატვირთვა, საინტერესოა, ამ ამხრივ რაზე აკეთებს არჩევანს ბიჭების დედა და რამდენად ითვალისწინებს შვილების აზრს ამა თუ იმ წრის შერჩევისას.

- რა ასაკიდან დატვირთეთ შვილები სხვადასხვა
სახის წრეებით?

- სკოლის ასაკიდან დავიწყე ბავშვების სხვადასხვა წრით დატვირთვა, შერჩევისას ბუნებრივია, ვითვალისწინებდი და ახლაც ვითვალისწინებ მათ აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭები მყავს, სპორტი აუცილებელად მიმაჩნია, დადიან ფეხბურთზე, ცურვაზე, კარატეზე. ისეც ყოფილა, რომ შესულან რომელიმე წრეზე, მალევე გასჩენიათ გამოსვლის სურვილი და გამომიყვანია. ჯანმრთელი ცხოვრების წესს ბავშვობიდან ვაჩვევ, 4 წლიდან დგანან თხილამურებზე და სრიალებენ, სეზონზე თითქმის ყველა შაბათ-კვირას მივდივართ სასრიალოდ, ეს ჩვენი ოჯახის ერთგვარი ლაიფსტაილია. გარდა ამისა, დატვირთულნი არიან გონების განმავითარებელი წრეებით, მაგალითად, როგორიცაა ჭადრაკი, ლეგოების შენება, ხატვა, ძერწვა. კიდევ ბევრ რამეზე ვატარებდი, მაგრამ ისეც არ მინდა გამოვიდეს, რომ გადაიღალონ და დრო სხვა აღარაფრისთვის დარჩეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ სკოლა გვაძლევს საშუალებას, გაკვეთილების შემდეგ ბავშვები

დაიტვირთონ იმ წრეებით, რომელსაც მშობელი აარჩევს. მაგალითად, ფეხბურთზე, ცურვაზე ჭადრაკზე სკოლის სივრცეში დავდივართ, რაც ძალიან პრაქტიკულია, არც ბავშვი იღლება საცობებში და არც მშობელი. რაც შეეხება კარატეს, ხატვას - სხვა ადგილებში გვიწევს მისვლა. ჯერჯეობით ასეა და მერე ვნახოთ.
მე თვითონ ბავშვობაში ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი, ჩვენს დროს იყო ე.წ. აუცილებელი წრეები, მაგალითად, მუსიკალურ შვიდწლედში უნდა გესწავლა და ვისწავლე კიდეც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდად გამომადგა ეს ცოდნა, ნოტების ცნობა კი ვიცი და მუსიკა ჩემი განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამას შვიდწლედის დამთავრება არ სჭირდება, ისედაც შეიძლება, ისწავლო დაკვრა. ადრე სხვა მიდგომები იყო, ახლა სხვანაირადაა ბევრი რამ. გარდა ამისა, 6 წლიდან 9 წლის განმავლობაში ვცკევავდი, ასევე დავდიოდი ჭადრაკზე, ენებზე. მერე არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, რა უფრო მაინტერესებდა. ჩემი შვილების შემთხვევაშიც იგივეა, უფროსი უკვე 18 წლისაა და ისიც პატარაობიდან დამყავდა სხვადასხვა წრეზე, მაგრამ მერე თვითონ გააკეთა არჩევანი.

mshoblebi

- ე.წ. აუცილებელ წრეებზე რომ გატარებდნენ, პროტესტი არ გიჩნდებოდათ?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს, მას შეუძლია, შაგაყვაროს, ან შეგაძულოს ნებისმიერი საგანი, ან წრე. მე მქონდა ასეთი გამოცდილება. დავდიოდი მუსიკაზე და არ მომწონდა ჩემი მასწავლებელი, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო. სახლში გავაპროტესტე ეს საკითხი და ვთქვი, მუსიკაზე აღარ ვივლი-თქო. ბებიამ შემიცვალა მასწავლებელი და გადამიყვანა არაჩვეულებრივ პედაგოგთან - მანანა აგლაძესთან, მითხრა, ერთხელ მიდი და ნახე, იქნებ მოგეწონოსო. მართლაც მივედი და ისე მომეწონა, რომ შვიდწლედი დავამთავრე. მიხსნიდა სულით და გულით, ისე თბილად მიდგებოდა, რომ მიხაროდა მასთან მისვლა და შეიძლება ითქვას,  მისი ხათრით დავამთავრე შვიდწლედი. ზედმეტ სიმკაცრეს კარგი არ მოაქვს არაფერი. ვინაიდან მე ვცეკვავდი და ვგიჟდები ქართულ ცეკვაზე, გადავწყვიტე, ჩემი უფროსი შვილიც მეტარებინა, შევედით ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში. რასაკვირველია, თვითონ ბავშვიც ძალიან მონდომებული იყო და სიხარულით მიდიოდა. მეორე თუ მესამე წელს შეეცვალა მასწავლებელი, რის შემდეგაც გააპროტესტა ცეკვაზე სიარული, თქვა, მე აღარ ვივლიო და ასეც მოხდა. ამ მასწავლებელმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა ბიჭების მიმართ, ადრე საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ მოცეკვავე ბიჭებს, რაც ახლანდელი გადმოსახედიდან, კატეგორიულად მიუღებელია. კი, დისციპლინისა და სიმკაცრის გარეშე არაფერი გამოდის, მით უმეტეს, როცა საქმე ანსამბლს შეეხება, მაგრამ ესეც გარკვეულ საზღვრებში უნდა ჯდებოდეს. როცა ბავშვმა მითხრა, რომ აღარ სურდა სიარული, არ დამიძალებია, შევთავაზე, ხომ არ შევიცვალოთ სტუდია-თქო, მაგრამ აღარ უნდოდა, გული აიცურვა და ძალიან გაგებით მოვეკიდე ამ საკითხს. როცა მშობელი ზუსტად ხედავს, რომ მის შვილს აქვს კონკრეტული რაღაცის კარგი მონაცემები, მაშინ ყველანაირად უნდა ეცადოს, დააინტერესოს იმ საქმით, რათა ბავშვმა შანსი არ დაკარგოს, ეს სულ სხვა შემთხვევაა და ამ დროს ხანდახან მშობლის აქტიურობა საჭიროც კია. ზოგადად კი, მშობლები უფრო ობიექტურები უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების მიმართ, რადგან საკუთარი შვილის შესაძლებლობები მშობელმა ყველაზე უკეთ იცის, ძალიან ზედმეტებიც არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვს, თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ მათ. ჯერ ჩემები პატარები არიან და დავდივართ ამა თუ იმ წრეზე იმისთვის, რომ ვისწავლოთ თამაში, სპორტით გავიკაჟოთ ჯანმრთელობა, მომავალში ვის რა მონაცემი ექნება, იმის მიხედვით გააგრძელებნ გზას. მე მომხრე ვარ, ვსინჯოთ სპორტის სხვადასხვა სახეობა და მერე თვითონ აარჩიონ, რომელიც უკეთ გამოსდით და რომელშიც უფრო კარგად გრძნობენ თავს და არ ჩავიციკლოთ ერთ კონკრეტულ სპორტზე.

mshoblebi

- თაკო, შვილების სასკოლო ცხოვრებაში რამდენად ხართ ჩართული? რამდენად ხშირად გაქვთ მასწავლებლებთან კონტაქტი?

- ჩართული ვარ იმ დოზით, რასაც მშობლის ჩართულობა მოითხოვს, არ ვარ ზედმეტად აქტიური მშობელი, რომელიც ცოტა შემაწუხებელია მასწავლებლისთვის და ბავშვისთვის. პირველ რიგში ჩემს შვლებთან მაქვს საუბარი ყოველდღიურად სასკოლო საკითხებზე და ვენდობი მათ. მიხარია, რომ დღევანდელ დღეს სხვანაირი ურთიერთობებია მასწავლებლებთან და საშუალება გვეძლევა ონლაინკავშირიც დავამყაროთ. ადრე იყო საშინელი წესი, ტარდებოდა კლასის საერთოდ კრება, მოიწვევდნენ მშობლებს და ასე საჯაროდ მიმდინარეობდა თითოეული ბავშვის სწავლებისა და აკადემიური მოსწრების განხილვა, ვიღაცა კარგად სწავლობდა, ვიღაცა ცუდად და ყველას წინაშე ამაზე საუბარი, უხერხულობას ქმნიდა, ბავშვისთვისაც ძალიან დამთრგუნველი იყო. როდესაც ჟენევაში ვცხოვრობდით და ჩემი პირველი შვილი, სერგი, იქაურ სკოლაში სწავლობდა, იქ მქონდა პირველი შემთხვევა, როცა მასწავლებელმა გამომიგზავანა ოფიციალური წერილი, რომლის თანახმადაც ამა და ამ დროს დაბარებული ვიყავით კონკრეტული ბავშვების მშობლები მათ შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მასწავლებელი ინდივიდუალურად გვესაუბრებოდა თითოეულ მშობელს, გვაჩვენებდა ნამუშევრებს, მიგვითითებდა პრობლემებზე და წარმატებებზე. მახსოვს, აღვფრთოვანდი და მომეწონა ეს მეთოდი. ახლა უკვე ეს ტაქტიკა, ჩვენთანაც დანერგილია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სკოლაში ასეა. გარკვეული დროებია გამოყოფილი, როცა გეძლევა საშუალება, მიხვიდე, გაეცნო შენი შვილის ნამუშვრებს, გაესაუბრო მასწავლებლებს და ეს ძალიან კარგია, რადგან არის თემები, რომლებიც დიახ, რომ ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს და არაა საჭირო მთელი კლასის წინაშე ამაზე საუბარი.


- რამდენად კარგად იცნობთ თქვენი შვილების მეგობრებს?

- ძალიან კარგად, ჩვენ სახლში არიან სულ სტუმრები, ყველას მოჰყავს თავისი კლასელი და არიან ერთმანეთის გადაპატიჟებ-გადმოპატიჟებაში. განსაკუთრებით არდადაგებს და დასვენების დღეებს იყენებენ ერთამეთთან მისასვლელად. ხომ იცით, ყველას თავისი მეგობარი და თავისი ტოლი უნდა, მეც გვერდში ვუდგავარ, არ ვზღუდავ და არ ვუკრძალავ ასეთ აქტივობებს და მეგობრებთან ყოფნას, იმიტომ, რომ სკოლის გარეშეც უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები.

mshoblebi

- სერგი, თქვენი შვილი უფროსია და ეს თემები არანაირად აღარ ეხება მას, თუმცა ალბათ მას უკვე როგორც მეგობარს, ისე ესაუბრებით...

- სერგი უკვე სტუდენტია, წელს სასწავლებლად უცხოეთში წავიდა, მართალია შორსაა, მაგრამ სულ კონტაქტზე ვართ ერთმანეთთან, კი მივდი-მოვდივართ წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ მაინც. მას შემდეგ რაც წავიდა, თითქოს კიდევ უფრო გაიზარდა ჩემთვის, უფრო დავმეგობრდით, ახლა უკვე იმ ასაკშია, როცა უკვე ურთიერთობა ახლო მეგობრობის ფაზაში გადადის, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს, გამოცდილებას. ბევრჯერ დამირეკავს და ჩემს პრობლემაზე მისაუბრია მასთან, იმიტომ, რომ მისი აზრი ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის, ძალიან განსხვავებული თაობაა და არ დაგიმლავათ, ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან.


- გაგიჭირდათ გაშვება? ყველას გვინდა, ჩვენს შვილებს კარგი განათლება ჰქონდეთ, თუმცა მაინც გვაქვს მშობლური შიში...

- მშობლის ეგო,  რა თქმა უნდა, არსებობს და გინდა, რომ შენი შვილი სულ მუდამ შენ გვერდით იყოს, მაგრამ მერე აანალიზებ, რომ მხოლოდ შენთვის არ აჩენ შვილს, ასეთია ცხოვრება (იღიმის). რა თქმა უნდა, გამიჭირდა და ძალიან რთული იყო შეგუება იმასთან, რომ ასე შორს უნდა ყოფილიყო, ეგ კი არა, ახლაც შეგუების პროცესში ვარ, მაგრამ მერე როდესაც უფიქრდები, ხვდები, რომ მისთვის ასე ჯობია, ასე უკეთესია, ამის ხარჯზე შენს პირად გრძნობებს უკანა პლანზე წევ და შენი შვილის საკეთილდღეოდ იღებ გადაწყცვეტილებას.
mshoblebi
ციცი ომანიძე


10803
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
კუსა
0
„წრეებით დატვირთვა" რაღაც სიახლეა. აქამდე წრეებზე უბრალოდ დადიოდნენ.
18:30 / 18-05-2019
waikitxet
0
მობლატავებით პედოფილებით , ქუჩის ბოზებითაა სავსე თელა (სამეჯლისო ცეკვის სტუდია)
14:57 / 16-05-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```