თეა სურმავა ქართველი დედაა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში გააჩინა პატარა. ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თავისი გვერდის საშუალებით, საჭირო ინფორმაციას უზიარებს ხოლმე ქართველ დედებს. აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთში დაბადებულ ბავშვს დაზღვევა, როგორი დეკრეტული პირობები დედებისთვის, რამდენია საშუალო ანაზღაურება, როგორ ხდება ბაღებში მიღება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე პასუხები შეგიძლიათ ჩვენს ინტერვიუში წაიკითხოთ:
- დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მათთვის ვინც ლეგალურად იმყოფება ქვეყანაში, განურჩევლად ასაკისა, აქვს სრულიად უფასო სამედიცინო მომსახურება. აქ არ იგულისხმება კბილების გაკეთება, თუმცა დაორსულებიდან 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ზრუნავს კბილების მოწესრიგებაზე. შესაბამისად კერძო დაზღვევის არსებობას აზრი ეკარგება, რადგან ადამიანი არის სრულიად დაცული და იცის, რომ თუ მას დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, ის მას უფასოდ მიიღებს.
- სახელმწიფო რა თქმა უნდა განიხილავს ოჯახების ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ჰქვია "UC" (Universal Credit), რაც დაოჯახებული წყვილისთვის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მარტოხელა დედებისთვის. დახმარების თანხა თქვენს შემოსავალზეა დამოკიდებული. პატარას აქვს ფიქსირებული 80 ფუნტი სტერლინგი, ორი შვილის შემთხვევაში - 150, ხოლო 3 შვილი და ზემოთ მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა.
- დეკრეტულ შვებულებას რაც შეეხება, მე არ გამომიყენებია, ამიტომ დეტალურად არ ვფლობ ინფორმაციას ამ საკითხზე. თუმცა თუკი ადამიანს გააჩნია მუდმივი სამუშაო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში სამსახური ვალდებულია 3-დან 6 თვემდე მისცეს პიროვნებას ფასიანი შვებულება. დანარჩენ შემთხვევაში არსებობს "Maternity allowance" - ე.წ. დედის დახმარება, რაც განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ხანი მუშაობდით და რამდენი იყო თქვენი შემოსავალი.
- სახელმწიფო ზრუნავს მრავალშვილიან ოჯახებზე რომლებსაც აქვთ მწირი შემოსავალი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ, ე.წ. "child allowance" ანუ ეს არის ბავშვის დახმარება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მრავალშვილიან მარტოხელა დედებს.
- ეკოლოგიური მდგომარეობა დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია რასაც ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით. ონკოლოგიური დაავადებები, რა თქმა უნდა, არის თუმცა მისი მაღალი მაჩვენებელი არ არის ბავშვებში.
სალომე გორგოშიძე