საქართველოში დღითი დღე ვითარდება ტურიზმის სფერო და აქტუალური ხდება სხვადასხვა მიმართულება. ბევრი ადამიანია გატაცებული ლაშქრობით, თუმცა ცოტა თუ მოგზაურობს ოთხი წლის ბავშვთან ერთად მთაში. ლელა წიკლაური უკვე წლებია მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ლაშქრობებში დადის. მათი ისტორია, თავგადასავლები შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და განსაკუთრებულია.
- ბავშვობიდან მიზიდავდა მოგზაურობა. უამრავ წიგნს ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი მოგზაურობის თემაზე. ძალიან მინდოდა ერთ დღეს მსოფლიოს გარშემო მემოგზაურა. თუმცა ჯერ მხოლოდ საქართველო მოვიარე და სხვათა შორის მაინც ბევრი დამრჩა სანახავი. საქართველო ამოუწურავია, თანაც ისეთია, ერთხელ რომ ნახავ, კიდევ გინდა იმ ადგილს ბევრჯერ ესტუმრო. ამ ჩვენს პატარა ქვეყანას, დიდი გული აქვს.
- 2012 წელს შევქმენი მოლაშქრეთა კლუბი, ავიყოლიე უამრავი ადამიანი, რომლებმაც ცხოვრების წესად გაიხადეს ყოველ შაბათ-კვირას სადმე წასვლა და ამით სიცოცხლე უფრო საინტერესო გახდა მათთვის. ახალი ადგილები, საქართველოს სხვაგვარად შეცნობა ყველაზე მაგარი ემოციაა. მეუღლეც მოგზაურობის მოყვარული შემხვდა, ის თავის მეგობრებთან ერთად დადიოდა მანამდე. 2014 წელს გავიცანით ერთმანეთი სვანეთში. ჯერ ჩემს მიერ მოწყობილ ლაშქრობებზე დაიწყო აქტიური სიარული, შემდეგ უკვე ერთობლივად ვაწყობდით.
ბუნებრივად, დაუგეგმავად მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება. ტურიდან ვბრუნდებოდით და გზაში შევხვდი ჩემს დაბადების დღეს, 11 ნოემბერს და თბილისში რომ ჩამოვედით, იმ ღამესვე გავიპარეთ ისევ მთაში.
- ორსულობის პერიოდი არ გავჩერებულვარ, კლუბს ისევ ვხელმძღანელობდი, დავდიოდი ლაშქრობებში, თენგო მეხმარებოდა ყველანაირად. ტვირთს ის ატარებდა, მე მსუბუქად დავდიოდი. სანამ თაია დაიბადებოდა, ორი კვირით ადრეც კარავში მეძინა, საუკეთესო ორსულობა მქონდა და არც არაფრის მეშინოდა. რომ დაიბადა თაია, ესეც ბუნებრივად მოხდა, არ გვქონია დაგეგმილი, რომ აუცილებლად ისიც თან უნდა გვეტარებინა, მაგრამ ვუყურებდი უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც სპეციალური ჩანთით დაჰყავდათ პატარები და ამის მერე სატარებელი ჩანთა ჩვენც გამოვიწერეთ, რადგან საქართველოში არ იყო მსგავსი და 6 თვიდან დავიწყეთ შვილის ტარება მთაში.
- არასდროს ვგეგმავთ წინასწარ, ვისაც რა მოგვიწევს და მოგვიხერხდება, იმას ვაკეთებთ. თაია ორივესთან ბედნიერად გრძნობს თავს. ხოლო როცა თაიას გარეშე მივდივართ ლაშქრობაში და მიგვყავს ჯგუფი, მე ვარ ჩამკეტი, ანუ ადამიანი, რომელიც ჯგუფის ბოლოს დგას და აკონტროლებს უკან არავინ ჩამოგვრჩეს, ან ცუდად არავინ გახდეს და თან ფოტოებს ვიღებ, თენგო კი გზირი, ანუ წინამძღოლია, რომელიც წინ მიდის და მას მიჰყვება ხალხი. ან ეს ყველაფერი პირიქითაა. როგორც მოგვიხერხდება, ისე.
- სულ პირველად ჯვარზე ავიყვანეთ, მაშინ ერთი თვის იყო. ნოემბერი იყო. ამის მერე უკვე აღარც მახსოვს, თითქმის ყველგან თან დაგვყავდა.
- პირველ რიგში საკვები და ძილი. აღმოვაჩინე, რომ ბუნებიდან დაბრუნებული ბავშვი ისე გემრიელად იძინებდა და იქ ისე გემრიელად მიირთმევდა, რომ სახლში ყოფნისას ასე არ იყო. გარეთ ვაძინებდი, კარავში, სუფთა ჰაერზე.
ასევე აქტიურად ვართ ჩართული ლამაზი ადგილების დასუფთავებაში, თაიაც გვეხმარება უკვე, ნაგავს ვაგროვებთ ხოლმე და სათანადო ადგილას ვყრით. ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება მასზე.
- ის არასოდეს არ იწყენს. მარშუტკაში უყვარდა უცხო ადამიანების თვალიერება და ახლა ძალიან კონტაქტურია, 5 წუთში შედის ადამიანებთან კონტაქტში. ყველას წამში აყვარებს თავს, უშუალოა და მხიარული. ახალი შაბათ-კვირა რომ მოდის, სულ გვეკითხება, ახლა სად მივდივართო. ჯერჯერობით მოსწონს და თუ ისე მოხდა, რომ ერთ დღეს აღარ მოუნდება, ჩვენ ძალით არსად წავიყვანთ, მისი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
- ორი წლის იყო, როცა ჯავახეთიდან დავიწყეთ მოგზაურობა და დავასრულეთ სარფში. ბოლოს ბათუმში სანაპიროზე გავშალეთ კარავი და ორი დღე ვიცხოვრეთ იქ. ზღვის ტალღებს ისე ეთამაშებოდა თაია, როგორც მოანა მულტფილმიდან და ძალიან საყვარელი სცენა იყო. ხუთ დღიანი მოგზაურობა გამოგვივიდა.ზღვა და წყალიც ძალიან უყვარს, მდინარეებსაც სადაც ვნახავთ, ყოველთვის შეგვყავს და ვაბანავებთ.
- სატარებლით რთულ ადგილებშიც წაგვიყვანია, ხან თენგო ატარებდა, ხან მე. ახლა უკვე თავის ფეხითაც დადის, სატარებელი ძალიან იშვიათად გვჭირდება უკვე. მაგალითად, თუ ტურზე ბევრი ხალხი მიგვყავს, ამ დროს თაია არ მიგვყავს, რადგან ყურადღების განაწილება გვიჭირს, როცა მცირე ჯგუფია, მაშინ ყველგან ჩვენთან ერთად არის. ყველაზე რთული ჯერჯერობით იყო ზამთრის ფიტარეთი, ყინავდა და ცოტა გაგვიჭირდა ბავშვით 17 კილომეტრის გავლა.
- ხიფათს თეორიულად ყველგან შეიძლება შევეყაროთ, თუმცა ამის არც ერთი ფაქტი არ მახსენდება საბედნიეროდ. ვიცით ჩვენი საქმე, ვიცით ჩვენი შესაძლებლობები, ვართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უფალი ჩვენთანაა.
- კარავი, საძილე ტომრები, ძისდასაფენი ლეიბი. ასევე მიგვაქვს სალაშქრო გაზქურა, რომელზეც ყველანაირი საკვების მომზადებაა შესაძლებელი. წვნიანსაც ადგილზე ვუკეთებ, წინასწარ ვამზადებ სახლში, გასუფთავებული ბოსტნეული და სხვა ინგრედიენტები წინასწარ მაქვს მზად. რაც უყვარს, არც ბუნებაში არ აკლია და ამიტომაც პრობლემაც არაფერია.
- ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც არ აქვს საკუთარი სამშობლო ნანახი, თუმცა მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო. ესეც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მინდა რამდენიმე ქვეყნის ნახვა, მაგრამ ჯერ უნდა იცნობდე საკუთარ ქვეყანას, ჯერ შენი ქვეყანა უნდა შეიყვარო და შემდეგ დაიწყო სხვა ქვეყნების აღმოჩენა, ასე მწამს მე. ამ პატარა საქართველოს ყველაფერი აქვს, გვაქვს მრავალფეროვანი ბუნება, საოცარი მთები, ალპური ტბები, ჩანჩქერები კიდევ უფრო მეტი, მდინარეები, გვაქვს უდაბნოც, ზღვაც, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები და კიდევ რა ჩამოთვლის... საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, ალბათ მაინც იპოვიდა ჩემი სული ამ ქვეყანას და მაინც მოვივლიდი ყველა კუთხე-კუნჭულს, თანაც ფეხით...
მერი ბლიაძე
ქართველი დედა, რომელმაც შვილი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან ლაშქრობებით "განკურნა"