რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია? - „ჩვენი მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია“
რატომ ამბობს უარს ზღვაზე დასვენებაზე გვანცა დარასელია? - „ჩვენი მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია“
ზაფხული დასვენების სეზონია, თუმცა ახალი თავსატეხი იჩენს თავს - სად წავიყვანოთ დასასვენებლად ბავშვები. მაშინ, როცა დედა მუშაობს და მისი შვებულება 2 კვირით, ან უკეთეს შემთხვევაში ერთი თვით განისაზღვრება, ამ ყველაფერს ემატება იმაზე ფიქრი, დანარჩენ ორ თვეს ვისთან ერთად გავუშვათ შვილები ამა თუ იმ კურორტზე.
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას შვილები საკუთარ სოფელში ყოვლწლიურად დაჰყავს და ფიქრობს, რომ სოფლის ცხოვრების ნახვა და შეგრძნობა, აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ამასთან ერთად, ახერხებს იმასაც, რომ ზაფხულობით ბავშვებმა
მთისა და ზღვის ჰაერი გამოიცვალონ. თუმცა, წელს ზღვაზე დასვენებაზე უარს ამბობს. თუ რატომ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ივნისის თვეში გვანცა უფროს შვილთან, ერეკლესთან ერთად პარიზში იყო. სწორედ ფრანგული ვოიაჟით დავიწყეთ მასთან საუბარი.

- ერეკლემ პირველი კლასი წარმატებით დაასრულა, დიდი ხნის განმავლობში გვინდოდა მისი პარიზში წაყვანა და სასწავლო წლის კარგ შედეგებზე დასრულების შემდეგ, საჩუქარი გავუკეთეთ. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო. გახარებული ვიყავი იმით, რომ გამოხატავდა მოგზაურობით მიღებულ ემოციებს, ვფიქრობ, დიდხანს გაჰყვება შთაბეჭდილებები. მოგზაურობის დროს თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ერეკლე ძალიან კომფორტული და კარგი ადამიანია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ჩემთვის ეს ყველაზე დაუვიწყარი ერთი კვირა იყო, რაც კი მქონია ცხოვრებაში. მე და

ჩემი მეგობარი შვილებით ვიყავით წასულები, ძალიან მხიარულად გაატარეს ბავშვებმა დრო.


- მეუღლე არ გახლდათ, ხომ? ეს შენი და ერეკლეს მოგზაურობა იყო...

- კი, ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც წამოსულიყო, მაგრამ რატომღაც საფრანგეთი არ უყვარს, რატომ არ ვიცი, შესაბამისად გადავწყვიტეთ, მე და ერეკლე წავსულიყავით. თან ლილესთანაც ცოტა მოგვერიდა, ყველა რომ წავსულიყავით და დაგვეტოვებინა (იღიმის). თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, გვევლო ბევრი და დაგვეთვალიერებინა მეტი ღირსშესანიშნაობა, სხვათა შორის, ერკელე ამ მხრივაც კომფორტული აღმოჩნდა. ლილე ამ დროს მამიკოსთან იყო.

mshoblebi

- ახლა როგორ ატარებენ ბავშვები ზაფხულს. მომუშავე დედებისთვის ზაფხულში ბავშვების დასასვენებლად გაშვება პრობლემატური საკითხია...

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის მშობლები, ასევე ჩემი მული ძალიან მეხმარებიან. მაქვს იმის ფუფუნება, მათთან ერთად გავუშვა ბავშვები, როცა მე ვმუშაობ და პარასკევი, შაბათი, კვირა ჩავაკითხო. ახლაც აბასთუმანში წავიყვანე, სადაც ორ კვირას გაატარებენ, ესაა ტრადიცია, რომელსაც ყოველ წელს, უცვლელად ვასრულებთ. აბასთუმანი ყველანაირად კარგია და ყოველთვის ვცდილობთ, ორი კვირით ბავშვები ჩავიყვანოთ. ტრაციდიულად ჩემთან თიანეთში აუცილებლად წავალთ წელსაც, ოღონდ მე რომ შვებულებაში ვიქნები, მაშინ. იქაც ბევრი ბავშვია, ბუნება, სიგრილე, სიმშვიდე, სიწყნარე და კარგი გარემო. წელს არ ვგეგმავთ ზღვაზე წასვლას, ცოტა ავითვალწუნეთ. ბევრად მეტი წვალება და დანახარჯი გაქვს ზღვაზე, ვიდრე სიამოვნებას იღებ შედეგად, თან ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ კარგი ამინდები დაგემთხვას. რომ ჩამოდიხარ, მერე ხვდები, რომ არ ღირდა წასვლა. შესაძლოა, რამდენიმე დღე ჩავიდეთ, მაგრამ საფუძვლიანად, 2 კვირით ჩასვლას არ ვაპირებთ ნამდვილად, ამას მირჩევნია, მთაში გაატარონ ზაფხული.

mshoblebi

- ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში დასვენება ძვირია და ეს ასეცაა. თუ საკუთარი სახლი არ გაქვს, დასასვენებლად წასვლა საკმაო თანხა უჯდება ოჯახს... საკუთარი თუ მეგობრების გამოცდილებიდან, რას გვეტყვი ამ საკითხზე?

- მართალია, ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვისვენებდით ჩაქვში ერთ-ერთ სასტუმროში, რომლის ინფრასტრუქტურა და გარემო ჩემთვის მისაღები იყო ბავშვების მხრივ, მაგრამ წელს მაგაზეც უარი ვთქვი, იმიტომ, რომ ყოველწლიურად ძვირდება მომსახურება და ისეთ კომფორტს მაინც ვერ ვიღებ, როგორიც ოჯახს და ბავშვებს სჭირდება. თუ დიდი ხნით ადრე დაგეგმავ, უცხოეთში კარგ კურორტზე მოახერხებ დასვენებას იმავე დანახარჯით, რაც საქართველოში დაგიჯდება, თან გექნება კარგი ამინდიც და შესაბამისი მომსახურებაც. თუმცა, მაინც შესაძლებელია ოპტიმალური გამოსავლის გამონახვა საქართველოს პირობებში. აუცილებელი არ არის, წახვიდე აჭარაში და ზღვისპირეთში. წელს ძალიან გვინდა სვანეთში წასვლა, გეგმაში გვაქვს სამეგრელოსა და სვანეთის ნახვა. სიმართლე გითხრა, იქ არ ვიცი როგორი იფასებია, მაგრამ მგონია, რომ ოპტიმალურად დაისვენებ და ბევრად მეტი შთაბეჭდილებით ჩამოხვალ. ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, საიდანაც ემოციებით სავსე ჩამოხვალ. სინამდვილეში დასვენება ხომ შთაბეჭდლბებია?! ისე სახლშიც შეგიძლია წამოწვე და დაისვენო.

mshoblebi

- ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიწყო კამპანია, „დაისვენე საქართველოში“ (spent your summer in Georgia), თუმცა მაღალი ფასების ფონზე ამ საკითხს ბევრი სკეპტიკურად უყურებს... შენ რა მოლოდინები გაქვს?

- მესმის, ყველა ქვეყანაში ტურისტულ ადგილებში მოგზაურობა ძვირია, სწორდ ამიტომ სამოგზაუროდ ჩასულები ვეძებთ არა ტურისტულ ადგილებს, რესტორანი იქნება ეს თუ სხვა. მგონია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არა ფასი, არამედ სერვისი და ხარისხია, ფასები ადეკვატური უნდა იყოს მომსახურების, ხარისხი ფასთან ცოტათი მაინც ახლოს უნდა იყოს. კმაყოფილი რომ ხარ, უკვე გიღირს, დიდი თანხა გადაიხადო. რამდენჯერ გვითქვამს რაღაცაზე, რომ ძვირია, მაგრამ ღირს რა, მართლა კარგია და ისიამოვნებო და ისე გადაგვიხდია, არ გვინანია. ზუსტად ასეა ამ საკითხშიც. ტურისტულ საქმიანობაში ჩართული ადამიანები, შემოსავლის ნაწილს მაინც თუ მოახმარენ საკუთარ საქმეს და იზრუნებენ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებენ.
mshoblebi
ციცი ომანიძე
25268
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნ.
0
გვანცა, გააჩინე კიდევ შვილებიიი...
14:46 / 05-09-2019
1
5
რა კაია რო ასარჩევად გაქ საქმე, ღმერთმა ყველა დედას მისცეს არჩევანის გაკეთების საშუალება და არ გაითრიონ წელი საცოდავ უწყლო ე.წ. კოტეჯებში (სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი სარდაფებია), იმის გამო, რომ ბავშვებმა ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპონ, ღმერთო მიეცი ჩვენს დედებს გაძლება და დაფასებოდეთ მათი განუზომელი შრომა და ამაგი შვილების ბედნიერებით და წარმატებებით.
17:06 / 22-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?