ორშაბათს ახალი სასწავლი წელი იწყება. წინასასკოლო ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაშია, ამ პროცესში ჩართულები არიან მოსწავლეებიც და მათ მშობლებიც. სალომე გოგიაშვილის ოთხი შვილიდან ორია მოსწავლე - მისი უფროსი შვილი მაშო მე-11 კლასშია, უმცროსი ციბუკა კი - მე-7კლასში. თამუნა მუსერიძის სანდრო მე-5 კლასში გადავიდა. სალომეს და თამუნას სწორედ წინასასკოლო განწყობასა და სამზადისზე ვესაუბრეთ.
სალომე გოგიაშვილი:
- სკოლის დაწყების წინ ძირითადი საფიქრალი წიგნებია, მაშოს სკოლა თვითონ აგვარებს ამ თემას და გვახვედრებს წიგნებს, შესაბამისად ჩვენი ძირითადი ყურადღება გადატანილია შინაგან მზადებაზე. ზაფხულის შემდეგ გვიჭირს რეჟიმში ჩადგომა და სწავლის დაწყება. ციბუკას შემთხვევაში ახლა ვადგენთ დამატებითი გაკვეთილების განრიგს ისე, რომ სკოლას შევუთავსოთ.
- სკოლაში ფორმებით დადიან, თუ ყოველ დილით არის განხილვა თემაზე - რა ჩავიცვა?
- ფორმები ჰქონდათ გარკვეულ ასაკამდე, მაგრამ ახალ აღარ აქვთ. მაშო უკვე დიდია, 17 წლის ხდება, ენდობა ჩემს გემოვნებას და თუ რაღაცაზე ვეტყვი, რომ უხდება და კარგია, სჯერა. ციბუკას შემთხვევაში წინა დღით ვამზადებთ ხოლმე, დილით რომ არ ვირბინოთ. რამდენიმე წლის წინ ჩაცმაზე სერიოზული პრობლემა გვქონდა მაშოსთან, მივხვდი, რომ შეუვალი იყო, არ ესმოდა და მივუშვი, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა კამათს, მეც ნერვები მეშლებოდა. ყოველი დილა იყო კივილ-წივილი, ამიტომ ვუთხარი, რაც შენ გაგიხარდება, ის ჩაიცვი-თქო. დაახლოებით, 1 წელი გვქონდა ეს პრობლემა, მერე მობრუნდა და თქვა, რომ მე შენი ჩაცმის სტილი მომწონს და გენდობიო და დალაგდა ყველაფერი. როცა ასე ჯიუტდება ბავშვი, უნდა მიუშვა, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. აზრი არ აქვს „ჭიდაობას“, თან ისეთი ასაკი აქვთ, რომ რაღაცებს უმკტიცებენ საკუთარ თავს, რთული პერიოდია, ამიტომ მიშვება კარგი გამოსავალია, ჩემს შემთხვევაში გაჭრა ამ მეთოდმა.
- საშუალოდ რა თანხებთანაა დაკავშირებული ორი შვილის სასკოლოდ მომზადება?
- კერძო სკოლებში სახელმძღვანელოებს არ არიგებენ და წიგნების ყიდვა იაფი ნამდვილად არაა. ამის ფონზე ყოველთვის მიჩნდება კითხვა, ვისაც საშუალო ხელფასი აქვს, იმან როგორ უნდა იცხოვროს და როგორ უნდა ასწავლოს კერძო სკოლაში ბავშვს? გამორციხულია, ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება. თან მარტო წიგნების შეძენა ხომ არ არის?! ამის გარდა მოსწავლეს სჭირდება საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, ჩანთა და ა.შ. ეს თანხები ჩემს შემთხვევაში გაორმაგებულია და სულ რაღაც ერთ წელიწადში გასამმაგდება, იმიტომ, რომ კიდევ ერთი მოსწავლე გვეყოლება სახლში. ეს ყველაფერი იმდენად დიდ თანხებზე ადის, რომ პირველად შარშან შევწუხდი ამ თემით. თუმცა, ყველა მშობელს უნდა, რომ კარგად ისწავლოს მისმა შვილმა, კარგ სკოლაშ იაროს და მაქსიმალურად ბევრი ჩადოს საკუთარ შვილში, შესაბამისად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. თან, სკოლის გარდა, ბავშვს დამატებით სჭირდება მასწავლებლებთან მომზადება. სკოლები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერს ასწავლიან ადგილზე და არ დასჭირდება მოსწავლეს დამატებით მომზადება, კოლოსალური თანხები ღირს, თან ბოლომდე მაინც ვერ ამართლებს, რადგან მაინც გიწევს ცალკე მომზადება, ჩემს შემთხვევაში ასე იყო, ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ საშუალოფასიანი სკოლა და დამატებითი მასწავლებლებიც გვყავს, ასევე ბავშვები დადიან დამატებით წრეებზე. როცა პატარები იყვნენ, ჩემი სურვილით შემყავდა ამა თუ იმ წრეზე, მაგრამ ახლა მაშო უკვე დიდია და თავად წყვეტს რა უნდა, სად უნდა სიარული და არ ვეწინააღმდეგები. მე ჩემმა მშობლებმა მატარეს ყველაფერზე, მაგრამ რისთვის ვკარგე ამდენი დრო, მართლა ვერ ვხვდები. ხომ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება გატარონ მათემატიკაზე, რომელსაც ვერ იტან, არ გესმის და არ აპირებ გაჰყვე ისეთ სფეროს, სადაც ეს საგანი გამოგადგება. მე ვეკითხები ბავშვებს და მათი სურვილით შემყავს წრეებზე.
- მეცადინეობის საკითხი როგორ დგას? გიწევს ბავშვებთან ჭიდილი?
- მაშოსათან არასდროს მქონია ეს პრობლემა, პირიქით, ვეუბნები ხოლმე, დაისვენე-თქო, ძალიან პასუხისმგებელიანია მასწავლებლების და საკუთარი თავის წინაშე, ამიტომაც სულ მეცადინეობს, რაც შეეხება ციბუს, ცოტა სიზარმაცე უტევს ხოლმე, ბიჭია მაინც და რაღაცებს მაიმუნობს.
თამუნა მუსერიძე:
- დიდად სკოლის დაწყება მგონი არცერთ ბავშვს არ უხარია (იღიმის). მაგრამ, ვაიმე სკოლა იწყებაო - ამასაც არ ამბობს სანდრო. ახლა მეხუთე კლასში გადავიდა, თუმცა უკან 4 რთული წელიწადი დავტოვეთ.
- რა მხრივ იყო რთული?
- ჩვენ სხვანაირი ბავშვები ვიყავით, ოჯახის შიშიც გვქონდა, რიდიც, თვალებშიც შევციცინებდით და გვინდოდა, თუ არ გვინდოდა, ბევრ რამეს ვაკეთებდით. ახლანდელი ბავშვები არ არიან ასე, პირიქით, თავის უფლებებს იცავენ, ზედმეტად „გვეტლიკინებიან“ და ჯიუტობენ. რთული იყო იმიტომ, რომ სწავლაზე არ მიჯერებს, მეჯიუტება და რაღაც-რაღაცებზე გვაქვს კონფლიქტები. სამაგიეროდ, რაც მოსწონს, იმას ძალიან კარგად სწავლობს, მაგალითად, ასეთია ინგლისური. სწავლობს ისე, რომ ოლიმპიადებზე გადის და იმარჯვებს. მოკლედ რომ ვთქვა, რაც მოსწონს სწავლობს, რაც - არა, იმას გულს არ უდებს.
- როგორც მახსოვს სანდრო კერძო სკოლაში დადის, კმაყოფილი ხარ სკოლით?
- კი, გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულში რჩება, იქვე ამეცადინებენ და მერე მოჰყავთ სახლში.
- ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადეთ?
- კი. ძალიან მარტივად მოვემზადეთ, დიდი შრომა არ დამჭირვებია, წავედით, ვიყიდეთ ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, წიგნებს სკოლაში გვახვედრებენ და იქ უბრალოდ თანხას ვიხდით. ერთადერთი, რასაც განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ, ჩანთაა და მასაც ძირითადად ვიწერთ. ახლა გამოვიწერეთ შავი ჩანთა, რომელიც სიბნელეში ანათებს, მთავარი მოთხოვნაა, რომ განსხვავებული იყოს. სკოლაში კარგი აქვს ის, რომ მოსწავლეები ფორმებით დადიან, უნდა ეცვას ლურჯი შარვალი, თეთრი ზედა და ვერცხლისფერი ჟაკეტი, შესაბამისად ყოველდღიურად არ გვიწევს ფიქრი ჩაცმაზე.
ციცი ომანიძე