ყოფილი ჟურნალისტი და დეპუტატი ელისო ჩაფიძე 10 თვის ტყუპის, მარიამისა და თამარის დედაა. ელისომ ტყუპი 44 წლისამ გააჩინა. გოგონების დაბადებამდე კი მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა - 2016 წელს, რვა თვის ორსულს შვილები დაეღუპა.
ამბობს, რომ ტრაგედია, გარკვეულწილად, მარიამსა და თამარზე ზრუნვამ გადაატანინა. როგორც mshoblebi.ge-ს ელისომ უთხრა, რთულია ტყუპის დედობა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამბობს, რომ ზოგჯერ მასაც უწევს, შვილებს სხვისი ნაჩუქარი, გადაკეთებული სამოსი ჩააცვას.
ჩემ გარდა, გარშემო კიდევ ბევრი საყვარელი ადამიანი ჰყავთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მათ ინტერესებს და სურვილებს მოვერგოთ. მჯერა, რომ თუკი ბავშვი ჯანსაღ ატმოსფეროში გაიზრდება და სიყვარულს იგრძნობს ადამიანების მხრიდან, შემდეგ თვითონაც მოსიყვარულე იქნება, ეცოდინება, რომ ის სასურველი ადამიანია და შესაბამისად, ეცდება, რომ სხვებსაც ბედნიერება მიანიჭოს. ასეთებად მინდა რომ გავზარდო ჩემი შვილები.
კიდევ ერთ სირთულეს რაც შეეხება - განსაკუთრებით ბავშვების ყოლის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უფრო აქტიურად უნდა ჩავერთო ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების, ალბათ, ყველაზე უფრო დაუცველი, სოციალურად დაუცველი ფენა არიან ბავშვები, რომლებსაც ამის შესახებ ხმამაღლა თქმაც კი არ შეუძლიათ.
- ვფიქრობ, რომ შვილებმა უფრო დადებითი კუთხით შემცვალეს. როდესაც შვილი გიჩნდება, უფრო მეტს ფიქრობ იმის შესახებ, რომ რამე ისეთი არ გააკეთო, რის გამოც ღმერთმა შეიძლება შენს შვილებს პასუხი მოსთხოვოს, რაღაც ისეთი არ ჩაიდინო. ვთვლი, რომ ყველა ქალისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა შვილის გაჩენა, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პირობები, რადგანაც ყველაფერთან ერთად ბავშვის გაჩენას დიდი სტრესიც ახლავს თან. სტრესთან ერთად, ეს დიდი გამოწვევაც არის. ამიტომაც, ქალებს როდესაც ისინი შვილებს აჩენენ, დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე საზოგადოების მხრიდან. გიჩნდება აბსოლუტურად სხვა პასუხისმგებლობის შეგრძნება. მაგალითად, ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ვმუშაობ, უფრო მეტი საქმის გაკეთება მიწევს, ზუსტად იმიტომ, რომ შვილები მყავს და მინდა, რომ მათ უფრო უკეთესი ქვეყანა და თუნდაც ოჯახური ატმოსფერო ჰქონდეთ.
ასევე, დედაჩემმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილების გაზრდაში. მიუხედავად თავისი ასაკისა და მიუხედავად დატვირთულობისა, საოცრად დამიდგა გვერდით და თქვენი საშუალებით მინდა მას საჯაროდ გადავუხადო მადლობა. ჩემს შვილებზე ზრუნვის პარალელურად, 70 წლის ასაკში, მან ძალიან წარმატებით ჩააბარა პედაგოგის გამოცდები და დიდი მადლობა დედას, რომ ასეთი ქალია, რომ შეუძლია თავისი შვილიშვილების გაზრდაში მიიღოს მონაწილეობა. იყოს ასეთი თავგანწირული ადამიანი.
- ყველას მინდა ვუთხრა, რომ თუკი რაიმე ძალიან უნდათ, ეს აუცილებლად მოხდება. როცა რაღაც ძალიან გსურს, ეს სურვილი აუცილებლად ახდება. თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა და ძალიან ითხოვს სამყაროსგან, ღმერთისგან, ნატვრა აუცილებლად ასრულდება. მარიამი და თამარი 44 წლისამ გავაჩინე, მაგრამ მათ გაჩენას წინ დიდი ტრაგედია უძღოდა. 2016 წელს მე ორი შვილი დამეღუპა, რომლებიც აბსოლუტურად სიცოცხლისუნარიანები იყვნენ. ორსულობის რვა თვე შესრულებული მქონდა, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მოხდა ასეთი ძალიან დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში.
მერე, დროთა განმავლობაში, რაღაცებით თავი ვინუგეშე, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მეტ-ნაკლებად გამოასწორა იმან, რომ გოგონები გაჩდნენ და მათ ზრუნვაზე გადავერთე. რაღაცნაირად ჩემს თავსაც ვაპატიე და გარე სამყაროსაც ის, რაც დამემართა, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდი სტრესია. ამაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არსებობს.
- მთავარი ალბათ ის არის, რომ გჯეროდეს, ღმერთი არ გაგწირავს. არ არსებობს რაღაც ისეთი კანონზმომიერება, რომ დავუშვათ, შენ თუ გარისკავ რაღაც დაგემართება, ან არ დაგემართება. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ქალი ჩუმი, უტყვი ტრაგედიის მსხვერპლი ხდება. ძალიან ბევრი ტკივილის ატანა უწევთ. სამწუხაროდ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი და მინდა ვუთხრა ამ ქალებს, რომ ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მთავარია, ჩვენ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები.
არასოდეს არაფერი არ არის გვიან, უბრალოდ, როცა ამ ასაკში შვილებს აჩენ, ერთი მხრივ, შეიძლება უფრო მყარად ხარ ადამიანი, შენი თავი მეტ-ნაკლებად უფრო გყავს ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ მეორე მხრივ, სულ ფიქრობ იმაზე, რომ დიდხანს იყო აქტიური, შრომისუნარიანი, მინდა, რომ ასეთი ვიყო, სანამ ჩემს გოგონებს ფეხზე მყარად არ დავაყენებ.
შვილები ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მხოლოდ ის არ არის, რომ გააჩინო და ბედის ანაბარა მიატოვო. უნდა შეძლო, მისცე მათ ჯანმრთელობა, საკვები, განათლება და დღეს მსოფლიო ისე იცვლება, პოზიტიურისკენ რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენს მერე ისინი ყველაფერს თვითონ მიაღწევენ. არ უნდა დაუტოვო ცოდვები და უნდა გაზარდო ისეთ ადამიანად, რომელმაც იცის, რომ ამ სამყაროში ბევრი პოზიტივი უნდა გაუშვას, რათა უკანაც ისეთივე პოზიტივი და სიკეთე დაუბრუნდეს. შვილებს მემკვიდრეობად ბოროტება არ უნდა დაუტოვო და სხვას ყველაფერს თვითონ მიაღწევენ.
ხატია ვარდოსანიძე