მთელი ცხოვრება მომიწევს ალბათ ამ თანხის გადახდა ''ორი ვარსკვლავის'' გამარჯვებული ირინა ონაშვილი ამ პროექტის შემდეგ ეკრანზე აქტიურად აღარ ჩანს. მოდელი მოგებული მანქანით დადის და თავის სააგენტოში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება. პარალელურად ირინამ სილამაზის სალონი შეიძინა და ეს საქმეც დაემატა. ახლა ოჯახში მთავარი ფინანსისტი თავადაა.
- ირინა, მოგებული ''კია'' მოგწონს?
- მომწონს, მშვენიერია. თან იმ პერიოდში მანქანა არ მყავდა, ოჯახს დასჭირდა და გავყიდე. ნახევარ წელზე მეტი უმანქანოდ ვიყავი, ოღონდ ამას ჟურნალისტებთან არ ვამბობდი. არ მინდოდა, ისე გამოსულიყო, ხალხს ეფიქრა, მანქანა არ ჰყავს და დამესიჯებას იმიტომ გვთხოვსო. თუმცა პროექტში ყველამ იცოდა, სხვადასხვა მანქანით რომ დავდიოდი.
- დღეს რა არის შენი სამსახური?
- სამოდელო სააგენტო და სალონი, რომელიც კრედიტით შევიძინე და მთელი ცხოვრება მომიწევს ალბათ ამ თანხის გადახდა. მეგობრები და ოჯახის წევრები დამცინიან, ჯოხით მოგიწევს ბანკში მისვლა კრედიტის დასაფარადო. 2026 წლამდე მაქვს სესხი გაკეთებული. მიხარია, რომ ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს. ეს ახლოს არის ჩემს სფეროსთან, სილამაზეს ვემსახურებით.
- ე.ი. ახლა ოჯახში მთავარი შემომტანი შენ ხარ?
- (იცინის) ჰო, თუ შემომტანი ჰქვია ამას, ასე გამოდის. ლადო უმუშევარია, თუმცა მოტივირებულია, რომ რამე გააკეთოს, დეპრესიაში არ ჩავარდნილა, რაღაც გეგმები აქვს.
- საბა რამდენი წლის არის?
- სამის გახდება თებერვალში.
- დამხმარე გყავს?
- კი, ძიძა გვყავს. საბა სამი კვირის იყო, რომ ავიყვანეთ და დღემდე ის გვყავს.
- ლადოს რა ევალება ბავშვთან მიმართებით?
- ძირითადად, მამა-შვილი ერთად თამაშობს. საბა არ დასვამს მამამისს, სულ თამაშს სთხოვს.
- აზრთა სხვადასხვაობა ყველა ოჯახშია, შენ და ლადო რაზე კამათობთ?
- საწყის ეტაპზე უფრო ვკამათობდით, ალბათ, ორივე თვითდამკვიდრებას ვცდილობდით. ახლა და-ძმასავით ვართ, თითქოს ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ.
- და-ძმაც ჩხუბობს, ხშირად.
- ჩვენ, რომ არ ჩხუბობენ, იმ და-ძმასავით ვართ. ლადო არ არის პრეტენზიული, გაწონასწორებულია და იშვიათად ბრაზდება. წყენის გულში ჩადება საერთოდ არ იცის. ვიღაცას ძალიან სერიოზულად რომ გაუბრაზებია, იმაზეც არ იტყვის ცუდს. მასში ეს თვისება მომწონს. არიან ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ ლანძღავენ ნაცნობებს, მეგობრებს. ბევრისთვის მითქვამს, არაფერი დაუშავებია შენთვის და რისთვის ლანძღავ-მეთქი. მოკლედ, მარტივია ლადო ძალიან.
მომზადებული კერძებით ვერ ვანებივრებ. არ ვარ მზარეული. იმიტომ კი არა, რომ კარგი ტიპი ვარ, არ გამომდის, არც მიყვარს ამის კეთება, არ არის სამზარეულო ჩემი ადგილი. ერთადერთი, საბას თუ მოვუმზადებ საჭმელს. ლადოს კარგი ხელი აქვს. როცა სახლში საჭმელი არ ყოფილა, წასულა, მოუტანია და მოუმზადებია. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ხელი აქვს.
- შვილთან რა დროს ატარებ?
- დღის განმავლობაში საბასთან არ ვარ. საღამოობით ძიძა რომ მიდის, ბავშვს ვიბარებ. ძირითადად, წიგნებს ვუკითხავ, ვარიგებ, წიგნი თუ მოგვიძველდა, ახალს ვყიდულობთ. ოღონდ ამას კი არ ვაძალებ, ვცდილობ, საინტერესო ამბების მოსმენა თამაშით შევაყვარო. ლექსებს არ ვაზეპირებინებ. ვცდილობ, კომპიუტერთან დიდხანს არ იყოს. თვითონ ჯდება, შედის ''იუთუბზე'', მულტფილმებს უყურებს. ზოგჯერ მოგონილ ამბებს ვუყვები, ისეთს, რომ მისთვის სამაგალითო იყოს. ბოლო ისტორია იყო ღამურა ღუღუზე, რომელიც დედას გაეპარა და დაიკარგა. საბამ იპოვა, დედას მიუყვანა და ამის გამო შეაქეს. ასეთი ამბები მოსწონს. მეუბნება, წავედით, ილინა, ღუღუზე მომიყევი ზღაპარიო.
- მეორე შვილს ხომ არ გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, ეს ღვთის ნებაა, თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად გავაჩენ.