"თუ ქმარზე გაბრაზებული შვილზე იყრის ჯავრს, არაფერი გამოუვა" - როგორ უნდა აუხსნას მარტოხელა დედამ შვილს უმამობა
"თუ ქმარზე გაბრაზებული შვილზე იყრის ჯავრს, არაფერი გამოუვა" - როგორ უნდა აუხსნას მარტოხელა დედამ შვილს უმამობა
მარტოხელა დედობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო მამა საერთოდ არ ფიგურირებს ბავშვის აღზრდაში, რთულია. მით უფრო, რომ ბავშვს ასაკის მატებასთან ერთად უჩნდება კითხვა "სად არის მამა?" ბევრი მშობელი სიმართლეს ეუბნება შვილს, ზოგი კი სხვადასხვა ტყუილს იგონებს იმისათვის, რომ ტკივილისგან დაიცვას. რამდენიმე მარტოხელა დედა საკურთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

  • "18 დღის იყო, მამამისმა სახლის კარი რომ გაიხურა და უკან არ მოუხედავს. ბავშვი მამას კითხულობს ხოლმე და ვეუბნები, რომ მამა ჯარისკაცია და სამშობლოს
    იცავს. რომ მიატოვოს სამშობლოს დაცვა და ჩვენთან მოვიდეს, შეიძლება სამშობლო დავკარგოთ და იქ უნდა იყოს დიდი ხნის განმავლობაში-თქო. ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მწარე რეალობას შევხედოთ. ჯობს გმირი მამის მოლოდინი ჰქონდეს, ვიდრე მიტოვებულად იგრძნოს თავი. მამამისი მართლა ჯარისკაცია და ასე ნათქვამი არც ტყუილი გამოდის და არც რეალობა. ბავშვი 4 წლისაა და ასაკის მატებასთან ერთად თავად მიხვდება სიმართლეს".
  • "მეგობარი მყავს უცხოეთში, რომელიც საქმრომ ორსული მიატოვა. ბავშვი იქ გააჩინა, ახლა ოთხი წლის ხდება. მარტო ზრდის, დაჰყავს ბაღში და ასევე ფსიქოლოგთან. ფსიქოლოგი არწმუნებს, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს მამის არსებობა. რომ ეს სამ წლამდე უნდა გაიგოს, თორემ მერე ტრავმად უყალიბდება."

რეალურად, როგორ უნდა მოიქცეს დედა, რომ შვილი არც ტყუილში აცხოვროს და არც ტკივილი მიაყენოს, ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე გვპასუხობს:

- ტყუილის თქმა და მერე სიმართლის გამჟღავნება ძნელია. პირველ რიგში, უნდა ვიცნობდეთ საკუთარ შვილს. თუ ურთიერთობა, შინაგანი ერთობა და თანაგრძნობა არ არის, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია იდეალურად შეარჩიო სიტყვები. მთავარი დედაშვილური სიყვარულია. დედა გადატანილი ტკივილის შემდეგ თუ აგრძელებს ცხოვრებას, შვილს ზრდის, მეგობრობს, მუშაობს, შვილისთვისაც კარგი მეგობარი და მხნეობის მაგალითია, რაც არ უნდა მტკივნეული რამ უთხრას, ნებისმიერი პასუხი იქნება პასუხი და არა ლახვარი შვილისთვის. მნიშვნელოვანია, როგორ შეარჩევს სიტყვებს. თუ ქმარზე გაბრაზებული შვილზე ამოიყრის ჯავრს და თავადაც დაცემული იქნება, არაფერი გამოუვა. ტკივილი არ არის დამღუპველი, ზოგჯერ ტკივილითაც ვიზრდებით და ვძლიერდებით. მთავარია, ბავშვმა სიმართლე იმ დედისგან გაიგოს, რომელიც ფეხზე დგას. დედა თუ განადგურებულია მომხდარით, რაც არ უნდა უთხრას მამის შესახებ, ბავშვს ფეხზე ვერ დააყენებს.
სიყვარული, ურთიერთობა, ფეხზე მყარად დგომა, გაწონასწორებულობა და შვილის კარგი ცნობა - ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ სწორ ფორმას, რა უნდა უთხრას შვილს,  თავად შეარჩევს. დედებს მოვუწოდებ, რომ იზრუნონ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე. თავად თუ გააანალიზა ქალმა, რომ ქმარმა მიატოვა და გადახარშა პრობლემა, უკვე გადახარშულს მარტივად მიაწოდებს ბავშვს. შეიძლება დაელაპარაკოს შვილს და უთხრას, რომ იმ ბავშვს კი ჰყავს მამა, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებსაც მამა არ ჰყავთ სხვადასხვა მიზეზით. ზოგს იმიტომ, რომ გადრაეცვალა, ზოგი პატიმრობაშია, ზოგი მძიმედაა ავად და კლინიკაში მკურნალობს და ასე შემდეგ. ზოგი ცხოვრების ომშია ჩართული და ვერ ახერხებს ჩვენთან ცხოვრებას. მამა ფიზიკურად ყველას ჰყავს, მაგრამ ის ან ცხოვრობს დედასთან ერთად ან არა. ზოგ შემთხვევაში, ოჯახებს რომ ვუყურებ, მირჩევნია ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ბავშვიც იმ დღეში არ იქნება, მშობლების ჩხუბს რომ უყურებს ყოველდღე. არიან ადამიანები, რომლეთაც მამა ჰყავთ, მაგრამ მის სიკვდილს ელოდებიან და ეს საშინელებაა. თუ მამა, რომელიც შვილთან არ ცხოვრობს, ლოთობს ან რაიმე ისეთს აკეთებს, რის გამოც ბავშვს შერცხვება, აქაც აუცილებლად დედამ უნდა აუხსნას, რომ ადამიანები ირჩევენ ასეთ გზას და უნდა უთხრას, რომ მამამისს ყველაზე მეტად უნდა, ის კარგად იყოს, მაგრამ ვერ ახერხებს ამას. 

თამარ იაკობაშვილი

857
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თბიილისელი
7
მერე შე ურჯულო მე 2 ქმარს რომ ეძახის მამას არ გცხვენია .. ჯერ იძახი მამა ჯარშიაო ვეუბნებიო და მერე ტან მამას ვირაც მამინაცვალს ეძახისო...........? რა მამა რის მამა რომელი მამა ის იქნება ოდესმე !!!!!!!!
15:12 / 01-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?