- მივესალმები mshoblebi.ge-ს მკითხველს, მოხარული ვარ, რომ არსებობს ასეთი კარგი პორტალი, რომელიც სასიამოვნო სიახლეებს აწვდის მკითხველს.
მოგეხსენებათ, 3 წელია, მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. პირველი შვილი საბა აქ გაავაჩინე და ცოტა ხნით ამ ქვეყანაში დარჩენა
ამერიკაში მყოფი ქართველები საქართველოში

- რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, შენს და შენს მეუღლეს სრულიად მარტოებს, დამხმარეების გარეშე მოგიწიათ შვილის გაზრდა. როცა უცხო ქვეყანაში ხარ, ეს ალბათ განსაკუთრებით რთულია...
- სხვათა შორის, წინასწარ ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. რომ დავფიქრებულიყავი, შესაძლოა ეს ნაბიჯი არ გადამედგა, რადგან მართლა ძალიან რთული გზა გავიარე. ახლა უკვე გამოცდილი დედა ვარ და მეორე შვილს ველოდები. თებერვალში 2 ბიჭის დედა ვიქნები. როგორც აღნიშნე, საბა მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ, ახლა უკვე 2,5 წლისაა, სულ თან დამყავს სადაც დავდივარ, მათ შორის კონცერტებზეც, ჩემი გამოსვლის დრო რომ მოდის, ვინმეს ვთხოვ დამიჭიროს, ყურადღება მიაქციოს... ჩემი ქმარი მუშაობს, აქ სხვანაირად ვერ იცხოვრებ, უნდა აუწყო ცხოვრებას ფეხი. მეც და თემოსაც ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ბავშვის მიმართ. პირადად მე სულ ბებოს გაზრდილი ვარ, ყველა ჩემი პირველი ნაბიჯი მასთან ერთად გავიარე, საბას ეს მომენტები ჩვენთან აქვს და ალბათ ამიტომაცაა, რომ მიდგომებიც სხვანაირი გვაქვს.- ნინი, რას გვეტყვი აღზრდის ამერიკულ მეთოდებზე, რამდენად მოგწონს?
- რამდენად თანამედროვეც არ უნდა იყოს ამერიკული აღზრდის მეთოდები, ჩემთვის მაინც ქართული მიდგომები უფრო მისაღებია. თუნდაც განვიხილოთ კვების საკითხი. საქართველოში ბავშვი თუ არ ჭამს, მიმართავ სხვადასხვა გზას, ხერხს და რამენაირად აჭმევ, აქ კი ასეთი მოსაზრებაა, თუ არ უნდა ბავშვს, არ უნდა აჭამო. საბასთან სწორედ ეს პრობლემა მქონდა, დავდიოდი ექიმებში და ვერ იგებდნენ, რას ვეუბნებოდი, ვერ ხვდებოდნენ, რა მაღელვებდა. ჩვენ აქ ბავშვებს დიეტაზე ვსვამთ და შენ ითხოვ ვიტამინების ჩართვას მადის მოსამატებლადო? თუ ბავშვს ანალიზები კარგი აქვს, ესე იგი იღებს იმას, რაც სჭირდებაო. მერე ისევ საქართველოში დავრეკე, შინაურული მეთოდები ჩავრთე და ასე ვიზრუნე მადის მომატებაზე. რაც შეეხება ბავშვის ავადმყოფობის საკითხს, ცუდად რომ გახდება, ჩვენ მაშინვე ვცდილობთ ზომების მიღებას, აქ კი 3 დღე ბავშვი უწამლოდ უნდა ებრძოლოს ვირუსს და მეოთხე დღიდან ცხდილობენ გამკლავებას. ზრდილობასთან დაკავშირებითაც სხვანაირი შეხედულებები აქვთ, ახალგაზრდა, მოხუცი, უფროსი, უმცროსი არ იციან. სკამი ნაყიდი აქვთ ტრანსპორტში და არ უთმობენ ადგილს. მე ჩემს შვილს ასე არ ვზრდი, ვუნერგავ ზრდილობას, ადგილის დათმობასაც ვასწავლი და უფროსის პატივისცემასაც.
- ნინი, როგორც აღნიშნე, მეორე შვილს ელოდები, წინასწარ გქონდა დაგეგმილი?
- ვერ ვიტყვი, რომ დაგეგმილი მქონდა, თუმცა, ზოგადად გვინდოდა მეორე შვილი. რადგან საბას გაზრდა სრულიად გამოუცდელებმა შევძელით, ახლა უკვე ისე არ გაგვიჭრდება-თქო და ასეც იქნება. მინდა ახალბედა დედებს ვუთხრა, ნუ შეგეშინდებათ, შეუძლებელი არაფერია, არ იფიქროთ, რომ დამხმარის გარეშე ვერ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს. კი, ძალიან რთულია, როცა სრულიად გამოუცდელი იწყებ შვილის გაზრდას, მაგრამ არა შეუძლებელი, უბრალოდ გაითავისეთ ის, რომ პირველ პერიოდში, ბავშთან მოგიწევთ მთელი დროის გატარება. აქ არიან ადამიანები, ვისაც შვილები წლების განვალობაში არ უნახავთ, ვინც უკიდურესი გაჭირვების გამო, დატოვა შვილები, ოჯახი და ლუკმა-პურის საშოვნელად გადმოიხვეწა. პირადად მე, ქედს ვიხრი ასეთი დედების წინაშე, ვისაც შვილები დატოვებული ჰყავს წლების განმავლობაში და დღე-ღამეს მუშაობაში ატარებენ.- რაც შეეხება შენს მეორე პატარას, თებერვალში ელოდები, ხომ?
- თებერვლის ხუთია ჩანიშნული, იანვრის ბოლოდან უკევ მოლოდში ვიქნები. წინა მშობიარობისგან განსხვავებით, მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ამჯერად ჩემი ექიმია ამერიკაში მოღვაწე ცნობილი და ნამდვილი გენიოსი თავის საქმეში ბატონი გრიგოლ ადეიშვილი, რომელსაც ვანდე ჩემი და ჩემი მომავალი პატარას ჯანმრთელობა. ძალიან ყურადღებიანი ექიმია და ასობით ქართველი ოჯახი ჰყავს გახარებული და გაბედნიერებული თავისი კარიერის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ქალი ორსულობისას ზედმიწევნით სენსიტიურია და მნიშვნელოვანია ამ დროს ექიმის გვერდში დგომა, ეს კი ბატონ გრიგოლს განსაკუთრებით კარგად შეუძლია. ასე მშვიდად ველოდები ჩემს პატარას, რადგან ვიცი, რომ ასეთი კარგი ექიმის ხელში ვართ ორივე.
- როგორი ორსულობა გაქვს?
- ახლა უკვე კარგი, პირველი 3 თვე ტოქსიკოზი მქონდა, ახლა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდის.- სახელი უკვე მოფიქრებული გაქვთ?
- არა, ჯერ არ ვიცით, რას დავარქმევთ. საბას შემთხვევაში წინასწარ ვიცოდით, რომ ბავშვს საბას დავარქმევდით, ახლა კი ვიცით, რომ საბას ძმას ველოდებით (იცინის).- საბა როგორ ხვდება პატარას?
- სხვათა შორის, საბასთვის არაფერი აგვიხსნია, აქ თვლიან, რომ არასწორია ბავშვს უთხრა, მუცელში ბავშვი მყავსო, რადგან ხშიარდ უჩნდებათ შეკითხვა, ბავშვი შეჭამე, თუ რანაირად მოხვდა მუცელშიო და ისტრესებიან. მეც არაფერი ამიხსნია, თუმცა, თვითონვე ხვდება, მოდის და მუცელზე მკოცნის, აქ ბეიბიაო, თან ამბობს.- საბა ბაღში დადის? რა ენაზე საუბრობს?
- არა, ბაღში არ დადის, ისეთი სამსახური მაქვს, რომ უბრალოდ ამის საჭიროება არ არის და ამიტომ არ დამყავს, სხვა მიზეზი ამას არ აქვს. რაც შეეხება საუბარს, სახლში ქართულად ვლაპარაკობთ, ქუჩაში, სკვერებში, სათამაშო მოედნებზე - ინგლისურად, საბამაც ორივე ენა იცის და ორივე ენაზე თავისუფლად საუბრობს.
ციცი ომანიძე