მრავალშვილიანი დედა ნუცა ხიდირბეგიშვილი წარმატებულ კარიერასა და დედობაზე
მრავალშვილიანი დედა ნუცა ხიდირბეგიშვილი წარმატებულ კარიერასა და დედობაზე
32 წლის დიპლომატი ნუცა ხიდირბეგიშვილი ბევრისთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც, მით უმეტეს, როცა 5 შვილი გყავს. ნუცა mshoblebi.ge-ს უამბობს თავის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ ათავსებს ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, საკუთარი თავის განვითარება მაინც მოასწრო და შვილების აღზრდასთან ერთად უამრავ საქმეს უძღვება.


- ვარ 32 წლის, პროფესიით დიპლომატი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ამ სფეროში. მე და ჩემი მეუღლე
5 შვილს ვზრდით, რაც ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. 21 წლიდან ვმუშაობ და ვცდილობ ვიზრუნო როგორც ჩემს პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე. ცხოვრებაში პირადმა თუ პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა და მომავალშიც ველოდები გამოწვევებს.

- როგორ და როდის მიიღე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება?

- პირველად ოჯახის შექმნა ძალიან პატარა ასაკში გადავწყვიტე, რაც შესაბამისად მალე დასრულდა. თუმცა, ამ ურთიერთობამ მაჩუქა 14 წლის ნოდო, რომელიც ნამდვილად დიდი საჩუქარია. შემდგომ უკვე გააზრებულ ასაკში დავოჯახდი. დღეს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვზრდით ხუთ არაჩვეულებრივ შვილს.

mshoblebi

- როგორ ახერხებ საქმეს და ამდენი შვილის ასე კარგად მოვლას?


- ყველა საქმიანი დედისთვის ცნობილია, როგორი რთულია შეათავსო საქმე და ოჯახი, თუმცა ყველაფერი მონდომებასთან და ჯანსაღ ამბიციებთან არის
დაკავშირებული. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ შრომას და ეს ჩემთვის თავისებური ადრენალინის გამოყოფის საშუალებაა. მიყვარს ყოველივე ახლის სწავლა და შვილებსაც მინდა მივცე მაგალითი სწორი გზით განვითარდნენ. ყველამ ვიცით, რომ შვილების აღზრდის და ჩამოყალიბების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში იზრდებიან ბავშვები და რა მაგალითს აძლევენ მათ ოჯახის წევრები.

- რა სირთულეებს აწყდება მრავალშვილიანი დედა და როგორია თქვენი აღზრდის მეთოდები - მკაცრი თუ შედარებით რბილი?


- სირთულე მრავალია, დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი. ძნელია, სახლში სამსახურიდან მოსვლისას ყოველთვის შეინარჩუნო რკინის ნერვები, თუმცა, ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო ბავშვებს დავუთმო. რაც შეეხება სიმკაცრეს, ზოგჯერ ესეც საჭიროა ბავშვის კეთილდღეობისთვის. ჩემთვის მთავარი მოთხოვნა ბავშვების მიმართ სწავლაა. განათლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ფორმირებაში.


mshoblebi

- მამას რა როლი აქვს შვილების აღზრდაში?


- ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, ის აბსოლუტურად ჩართულია შვილების აღზრდის პროცესში გაჩენის პირველივე მომენტიდან. მიხარია, მამებმა რომ სხვანაირად გაითავისეს თავისი მოვალეობები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ურთულეს და ამავე დროს სასიამოვნო მისიას. ჩემს შვილებს ნამდვილად გაუმართლათ ამ კუთხით.

- გყავთ ძიძა? და რამდენად მისაღებია ძიძების ინსტიტუტი თქვენთვის?


- ძიძის გარეშე დღეს საქმიანი ქალისთვის არსებობა შეუძლებელია და არც მე ვარ გამონაკლისი.

- როგორ უვლით თავს? ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ?


- ნებისმიერი დედა თუ მეუღლე პირველ რიგში ქალია. ჩემი თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად, ქალად ვიგრძნო თავი. რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც ვცდილობ პატივი ვცე ჩემს თავს და ცოტა დრო ჩემი პირადი კეთილგანწყობისთვის გამოვყო.

mshoblebi

- რა რეაქცია აქვთ, როდესაც იგებენ, რომ ასეთი ახალგაზრდა, ხუთი შვილის დედა ხართ?


- ძირითადად, დიდი პოზიტივი მოდის ამ ინფორმაციის გაჟღერებისას, თუმცა თავიდან ყოველთვის ვგრძნობ გაკვირვებას, რაც ერთის მხრივ სასიამოვნოა.

- თქვენი რჩევა მრავალშვილიან დედებს


- ეს ჩემი მოსაზრებაა და სულაც არ არის აუცილებელი ყველა ასე ფიქრობდეს. მე ყველა დედას ვურჩევდი იზრუნონ პიროვნულ განვითარებაზე და შეძლებისდაგვარად იპოვონ საყვარელი საქმე, რაც მათ დამოუკიდებლობას აჩუქებს. ვინაიდან, ჩვენი შვილების ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენ ვართ, ამიტომ ჯერ საკუთარი თავის აღზრდით უნდა დავიწყოთ შვილების აღზრდაზე ზრუნვა. ხშირად სხვისი ცხოვრება ბრწყინვალე და კაშკაშა გვეჩვენება, თუმცა არავინ იცის, ვინ რა ქარტეხილებითა და ბრძოლით იკვლევს გზას ბედნიერი მომავლისათვის.
mshoblebi

ნინი აბრამიშვილი


2038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?