32 წლის დიპლომატი ნუცა ხიდირბეგიშვილი ბევრისთვის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც, მით უმეტეს, როცა 5 შვილი გყავს. ნუცა mshoblebi.ge-ს უამბობს თავის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ ათავსებს ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი პატარა ასაკში შექმნა, საკუთარი თავის განვითარება მაინც მოასწრო და შვილების აღზრდასთან ერთად უამრავ საქმეს უძღვება.
- ვარ 32 წლის, პროფესიით დიპლომატი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ამ სფეროში. მე და ჩემი მეუღლე 5 შვილს ვზრდით, რაც ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. 21 წლიდან ვმუშაობ და ვცდილობ ვიზრუნო როგორც ჩემს პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებაზე. ცხოვრებაში პირადმა თუ პროფესიულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა და მომავალშიც ველოდები გამოწვევებს.
- ყველა საქმიანი დედისთვის ცნობილია, როგორი რთულია შეათავსო საქმე და ოჯახი, თუმცა ყველაფერი მონდომებასთან და ჯანსაღ ამბიციებთან არის დაკავშირებული. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ შრომას და ეს ჩემთვის თავისებური ადრენალინის გამოყოფის საშუალებაა. მიყვარს ყოველივე ახლის სწავლა და შვილებსაც მინდა მივცე მაგალითი სწორი გზით განვითარდნენ. ყველამ ვიცით, რომ შვილების აღზრდის და ჩამოყალიბების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში იზრდებიან ბავშვები და რა მაგალითს აძლევენ მათ ოჯახის წევრები.
- სირთულე მრავალია, დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი. ძნელია, სახლში სამსახურიდან მოსვლისას ყოველთვის შეინარჩუნო რკინის ნერვები, თუმცა, ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო ბავშვებს დავუთმო. რაც შეეხება სიმკაცრეს, ზოგჯერ ესეც საჭიროა ბავშვის კეთილდღეობისთვის. ჩემთვის მთავარი მოთხოვნა ბავშვების მიმართ სწავლაა. განათლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ფორმირებაში.
- ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, ის აბსოლუტურად ჩართულია შვილების აღზრდის პროცესში გაჩენის პირველივე მომენტიდან. მიხარია, მამებმა რომ სხვანაირად გაითავისეს თავისი მოვალეობები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ურთულეს და ამავე დროს სასიამოვნო მისიას. ჩემს შვილებს ნამდვილად გაუმართლათ ამ კუთხით.
- ძიძის გარეშე დღეს საქმიანი ქალისთვის არსებობა შეუძლებელია და არც მე ვარ გამონაკლისი.
- ნებისმიერი დედა თუ მეუღლე პირველ რიგში ქალია. ჩემი თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად, ქალად ვიგრძნო თავი. რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც ვცდილობ პატივი ვცე ჩემს თავს და ცოტა დრო ჩემი პირადი კეთილგანწყობისთვის გამოვყო.
- ძირითადად, დიდი პოზიტივი მოდის ამ ინფორმაციის გაჟღერებისას, თუმცა თავიდან ყოველთვის ვგრძნობ გაკვირვებას, რაც ერთის მხრივ სასიამოვნოა.
- ეს ჩემი მოსაზრებაა და სულაც არ არის აუცილებელი ყველა ასე ფიქრობდეს. მე ყველა დედას ვურჩევდი იზრუნონ პიროვნულ განვითარებაზე და შეძლებისდაგვარად იპოვონ საყვარელი საქმე, რაც მათ დამოუკიდებლობას აჩუქებს. ვინაიდან, ჩვენი შვილების ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენ ვართ, ამიტომ ჯერ საკუთარი თავის აღზრდით უნდა დავიწყოთ შვილების აღზრდაზე ზრუნვა. ხშირად სხვისი ცხოვრება ბრწყინვალე და კაშკაშა გვეჩვენება, თუმცა არავინ იცის, ვინ რა ქარტეხილებითა და ბრძოლით იკვლევს გზას ბედნიერი მომავლისათვის.
ნინი აბრამიშვილი