"არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა..." - ბავშვთა მასაჟისტი და 5 შვილის დედა, რომელმაც ყვავილების ბიზნესი შვილებთან ერთად წამოიწყო
"არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა..." - ბავშვთა მასაჟისტი და 5 შვილის დედა, რომელმაც ყვავილების ბიზნესი შვილებთან ერთად წამოიწყო
თუ მეტროში ყვავილების ქოთნებით დატვირთული, ესკალატორზე მორბენალი გოგო შენიშნეთ, ეს ნინაა, 5 შვილის დედა! თბილისში ბევრი დედისთვის ცნობილი ექთან-მასაჟისტი, Nina’s Flowers-ის დამაარსებელი და ადამიანი, რომელმაც უკვე ძალიან ბევრ დედას მისცა სტიმული და მაგალითი!

- მე ვარ ნინა, 38 წლის, ხუთი შვილის დედა, პროფესიით ექთან მასაჟისტი. ყვავილები ბავშვობიდანვე მიყვარდა, ჩემს გამზრდელ ბებოს სახლში ჰქონდა უამრავი ქოთნის ყვავილი... თუმცა მათი მოვლა სახლში არ მისწავლია. 90-იან წლებში ყველას გვახსოვს, რა გაჭირვება იყო ქვეყანაში. პურის
რიგები, გაუფასურებული კუპონები, გაუცემელი ხელფასები უშუქობა, უგაზობა და ა.შ. ჩემი ბებო ექიმი იყო, ბიოქიმიური ლაბორატორიული განყოფილების გამგე, ფაქტობრივად მთელ დღეს სამსახურში ატარებდა, სახლის საქმეები კი ჩემზე იყო განაწილებული... იმ დროს გვქონდა პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც ბოსტნეული მოგვყავდა, გაჭირვებამ ექიმი ქალი მიწას დააახლოვა და ჩვენი ბოსტანი პატარა ოაზისს ჰგავდა... ბოსტანში მოგვყავდა ბევრნაირი ბოსტნეული. ისე უყვარდა მცენარეები, ბოსტანში გალავნად დარგო სხვადასხვა ჯიშის და ფერის უამრავი ყვავილი... როცა ის სამსახურში იყო, მე მიწევდა ჩვენი პატარა ბოსტნის მოვლა, გასხვლა, მორწყვა, ქვების გატანა და ა.შ. სკოლიდან დაბრუნებული ჩქარ-ჩქარა ვიცვლიდი ფორმას, რომ ბოსტანში გავქცეულიყავი, მენახა, ნაყოფი რამ გამოისხა, იყო თუ არა ახალი სარეველა და ა.შ. მცენარეებთან ურთიერთობა სწორედ ამ დროს, 10
წლის ასაკში დაიწყო და ეს საქმე იყო ჩემი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო გასართობი. ხანდახან ისე უმიზეზოდაც მივდიოდი ბოსტანში, რომელიც ზღვას გაჰყურებდა. იქვე ყვავილებთან დავჯდებოდი და ვწერდი ლექსებს და ჩანახატებს..

- თუმცა მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა...

- მას შემდეგ 28 გაზაფხული გავიდა... დღეს ჩემი ბოსტნის ადგილზე ფეშენებელური სასტუმროა აღმართული. მე ამასობაში ხუთი შვილის დედა გავხდი და ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება (მცენარეებთან ურთიერთობა) ისევ განვაახლე, ოღონდ სულ სხვა რაკურსით.
mshoblebi

- როგორ დაიბადა კრეატიული ქოთნების იდეა?

- Nina's Flowers შეიქმნა სპონტანურად, ერთი გაფიქრებით. მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავსულიყავი, საჩუქარი უნდა მეყიდა და საკმარისი თანხა არ მქონდა. ვხედავ, ბორდირთან პატარა სკამზე ზის ძალიან საყვარელი ბებო და ყიდის ყვავილებს. ყვავილი იყო ულამაზესი, მუქი იასამნისფერი, ხშირ-ხშირი მწვანე ფოთლებით... ვიფიქრე, მოდი, ვიყიდი, გაუხარდება-თქო. ისე ვიყიდე, ყვავილის სახელწოდებაც კი არ მიკითხავს... მთელი გზა ხელში მეჭირა და თითქოს ენერგეტიკულად ვგრძნობდი რაღაცა უცნაურს... სახლში მოვედი თუ არა, გადავრგე თეთრ ქოთანში, რომელიც სულ სხვა დანიშნულების გამო მქონდა შეძენილი. ვუყურებ და გულს უხარია, თუმცა რაღაც აკლია... როგორც საჩუქარს, როგორც ძღვენს... გამახსენდა, რომ მქონდა ლამაზი ფერადი თვლები და ცხელი წებოც... მოვძებნე და უცებ აეწყო ულამაზესი კომპოზიცია, რამაც ქოთანი გადააქცია ულამაზეს კაბად, რომელიც ეცვა ამ ყვავილს. ასე შეიქმნა Nina's flowers... მეგობარი ძალიან გაახარა ჩემმა ცოცხალმა საჩუქარმა, მეგობრის მეგობრები მირეკავდნენ, ჩვენც გვინდაო... მეც ვყიდულობდი და ვაკეთებდი...
mshoblebi

- არც ისე ადვილია იყო 5 შვილის დედა, მუშაობდე და პარალელურად იწყებდე ასეთ ბიზნესს, რა დაბრკოლებები შეგხვდათ ამ გზაზე?

- სადაც კი თვალს მოვკრავდი ლამაზ მცენარეს, ვყიდულობდი. მცენარეს ვინც ყიდდა, ვეკითხებოდი, რა მცენარეა, რა უყვარს, რა მოსწონს, როგორ უნდა გადამერგო. ეს ის შემთხვევაა, როცა პირველად ვიგებ სიტყვა პერლიტს, დრენაჟს, გრუნტს, გუგლში ვიწყებ ინფორმაციების მოძიებას ამა თუ იმ მცენარის შესახებ, დაწყებული მისი ლათინური სახელწოდებით დამთავრებული მისი ბიოენერგეტიკული თვისებებით... ბოლოს შევატყვე, რომ იმდენად მიზიდავს, მომწონს და უკვე მიყვარს კიდეც ეს საქმე, არც ერთი დღე არ გადის, მცენარე არ შევიძინო... ჩემი სახლი, სადაც ამდენი ბავშვი მოძრაობს, ყოველდღიურად ივსება მცენარეებით, ყველა ავეჯის ზედაპირი, თაროები, ფანჯრის რაფები, პიანინო, მუსიკალური ცენტრი და უკვე იატაკიც იფარება უამრავი მცენარით... ვაანალიზებ, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობ ემსგავსება ბოტანიკურ ბაღს და ჯუნგლების ულამაზეს ტყეს... ჯუნგლების იმიტომ, რომ მცენარეებთან ერთად სახლი სავსეა ფერადი და ცოცხალი მარჯნებით, მინერალური დამუშავებული და დაუმუშავებელი ქვებით, ნაირ-ნაირი კანტებით, ბაწრებით, თვლებით... სახლი სახლს არ ჰგავს... მე ჯუნგლების დედოფალი ვარ ავლაბარში.

- რამდენად ჩართულები არიან ბავშვები თქვენს საქმიანობაში?

- ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ჩემი შვილებიც ნებსით თუ უნებლიედ ხდებიან ამ ყველაფრის თანამონაწილეები... 6 წლის მარიკომ უკვე იცის, რომ ეს ბარაქის ხეა, ის - კაქტუსია, ის - ბეგონია... გარდა მცენარეების სახელწოდებისა, ბავშვები ყოველდღიურად ჩემთან ერთად სწავლობენ ამა თუ იმ მცენარის ისტორიას, მოვლას, ეძებენ ოპტიმალურ ადგილს, სადაც მცენარე საუკეთესოდ იგრძნობს თავს... ჩემთან ერთად აფხვიერებენ მიწას ტორფით და პერლიტით, რგავენ მცენარეებს, მერე კი მეუბნებიან - დედა, შეიძლება მოვრთოთ?! ცხადია, ვაძლევ უფლებას, რატომაც არა, ეს ხომ შემეცნება და ხელოვნებაა. სახლში 4 ცხელი წებო გვაქვს და კილოგრამობით მასალა - ასეულობით ქოთნის ყვავილი... იდეების ზღვაა წინ...

- როგორ მოიპოვეთ პოპულარობა დროის ამ მცირე მონაკვეთში და რა ნაბიჯები გაიარეთ?

- სოც ქსელში მყავს უამრავი ფეისბუქ-მეგობარი, აქედან უმრავლესობა ის პაციენტები არიან, ვისთანაც წლებია დავდივარ, როგორც მასაჟისტი... ისინი მგულშემატკივრობენ. უცნობი ფეისბუქ-მეგობრებიც მყავს, რომლებიც არ მიცნობენ, მაგრამ იცნობენ ჩემს პოეზიას, რომელიც ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია...
სწორედ ფეისბუქმეგობრების დახმარებით მოვხვდი მეწარმეთა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე "გაიცანი ქართული", სადაც ჩემი ნამუშევრები გავიტანე. გამოფენა-გაყიდვამ ჩემთვის წარუმატებლად ჩაიარა, ბავშვებმა ძალიან განიცადეს, თუმცა მე პირიქით, გამიორმაგდა მოტივაცია, რადგან ჩემს თვალებს არ გამოპარვია იმ ადამიანების ბედნიერი და გაოცებული სახეები, როცა ჩემს ყვავილებს უყურებდნენ... ეს უკვე ჩემი პირველი გამარჯვება იყო, მერე რა, თუ ვერაფერი გავყიდე...
მერე იყო ყვავილების ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება... ძალიან ორიგინალური, კრეატიული და ფერადი მაგიდა მქონდა იქ. რიგები იდგა, რომ კარგად ენახათ. ტურისტები აკეთებდნენ კომენტარებს. მე არ ვიცი ინგლისური, მაგრამ შოკი რომ ინგლისურადაც შოკია, მაგდენი კი ვიცი... განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხოლმე ჩემი სუკულენტების კომპოზია სხვადასხვა ზომისა და ფერის მრგვალ ქოთნებში... ფესტივალზე უამრავი ყვავილი გაიყიდა, სავიზიტო ბარათები დავარიგე...
mshoblebi
ჩემი წარმატების საიდუმლო ჩემი შრომისმოყვარეობაა და ბავშვების დახმარება. ბავშვები ყველაფერში არიან ჩართული... ყველაზე მეტად კი ჩემი უფროსი ვაჟი ანდრია, რომელიც არასოდეს მტოვებს და ყოველთვის გვერდით მიდგას. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა ჩვენ პირველი გამოფენა წარუმატებლად დავტოვეთ, ცრემლებს ძვლივს იკავებდა... ასევე არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, როცა მე პირველი ქოთანი გავყიდე ბოტანიკურ ბაღში. ანდრიამ ვერ დამალა გულწრფელი ბავშვური ემოცია, ახტა ჰაერში, ერთი მუჭა კანფეტები ამოიღო ჯიბიდან და ვინც იყიდა, იმას გაუწოდა..
ჩემი გიჟური რეჟიმი ყველამ იცის, ბინებში დავდივარ ჩვილ ბავშვებთან ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბანში... არ უნდა დამაგვიანდეს... პატარები მელოდებიან... ჩემი საყვარელი ტრანსპორტი მეტროა, სადაც არც საცობია და არც მტვერი... ესკალატორზე არასოდეს ვდგავარ... თუკი დაინახავთ გოგოს ყვავილებით ხელში, რომელიც არბის და ჩარბის ესკალატორზე, ეს მე ვარ. არც ისე ადვილია მძიმე ქოთნებით სირბილი, რასაც ხშირად ბაზრიდან ან მაღაზიიდან წამოღებული პროდუქტებიც ემატება, შინ კი ხუთი შვილი მელოდება... თუმცა ამ გიჟურ რიტმს ჯერჯერობით კარგად ვყვები.

- თქვენ უკვე მოტივატორი ხართ ძალიან ბევრი ადამიანის, რას ურჩევთ დედებს?

- მე ვურჩევ ყველა ქალს, ყველა დედას, არ აქვს მნიშვნელობა, მარტოხელაა თუ არა ის... არასოდეს დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა! იოცნებოს, ძალიან ბევრი იოცნებოს და მოძებნოს გზები, თუნდაც შეუძლებელი ამ ოცნებების ასასრულებლად... სჯეროდეთ, რომ ოცნებები სრულდება და არაფერი არაა შეუძლებელი. მეტიც, ყველაფერი შესაძლებელია, თუკი გულით მოვინდომებთ!
სალომე გორგოშიძე

1406
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი