სალომე გოგიაშვილი ოთხი შვილის დედაა. ასაკობრივი მრავლფეროვნებიდან გამომდინარე, მათ ოჯახში თოვლის ბაბუის თემა მუდამ აქტუალურია. წელს სალომესთვის გამორჩეული ახალი წელი იქნება, რადგან დღესასწაულს სახლში, შვილებთან ერთად შეხვდება. სალომეს საახალწლო სამზადისსა და თავის მოვლაზე ვესაუბრეთ. თუ მის ინსტაგრამის გვერდს გადაავლებთ თვალს, ნამდვილად გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ჩვენმა რესპონდენტმა მეოთე შვილი, დუდა, სულ რამდენიმე წლის წინ გააჩინა.
- სალომე როგორი იყო 2019 შენთვის და შენი ოჯახისთვის?
- საერთო ჯამში რომ შევაფასო, 2019 კარგი წელი იყო. გარშემო ისეთი ცუდი ამბები მესმის, წუწუნის მეშინია, მგონია, რაც მაქვს, იმითაც მადლობელი უნდა ვიყო, ამიტომ მადლობა ღმერთს, 2019 კარგი წელი იყო.
- უკვე დაგეგმილი გაქვს ახალი წლის ღამე?
- ბოლო წლების განმავლობაში ახალ წელს სულ ქუჩაში ვხვდები, შარშანაც ქუჩაში ვიყავი, წელს კი სახლში ვიქნები და მიხარია, ოჯახურ გარემოში, ბავშვებთან ვიზეიმებ ამ დღეს.
- საჩუქრების თემა როგორ არის, თოვლის ბაბუა კიდევ ''არსებობს'' თქვენს ოჯახში?
- ასაკობრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენს ოჯახს თოვლის ბაბუის თემა მარადმწვანეა (
იღიმის). უბრალოდ, ბოლო 25 წელია ჩემთან აღარ მოდის, ბავშვებს კი ყოველ წელს სტუმრობს საჩუქრებით დახუნძლული. უფროსები პირდაპირ მეუბნებიან, რა უნდათ და ამის მიხედვით ვუკეთებ საჩუქრებს, პატარებმა წერა არ იციან, ამიტომ მათ სურვილებს მე ვწერ. თუ თოვლის ბაბუს არ სცალია, ახალი წლის დადგომამდე კარზე ირეკება ზარი და ტოვებს საჩუქრებს, ხან კი თვითონაც მოდის ხოლმე.
- თუ ითვლისწინებ ასტროლოგების რჩევებს თუნდაც სუფრის გაწყობის საკითხში?
- ადრე უფრო ვინტერესდებოდი და ვითვალისწინებდი კიდეც. ახლა კი ვცდილობ, საახალწლო სუფრაზე არ დავდო ისეთი რამ, რაც არ უყვარს იმ ცხოველს, რისი წელიც მოდის. ვირთხას ალბათ უფრო თხილი, ნიგოზი და ყველი უყვარს და ეს აუცილებლად მექნება.
- საახალწლო სამზადისი დაიწყე უკვე?
- ყველაფერს მე ვაკეთებ თავისი ინდაურებით, გოჭებით და ა.შ. გოზინაყი დიდად არ მიყვარს, არასდროს გამიკეთებია, ყოველთვის დედაჩემი მიკეთებს, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ გამზადებული იყიდება, შევიძენ 1-2 თეფშს და სულ ეყოფა ჩემს ოჯახს, რადგან დიდად არავის უყვარს.
- ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ახალ წელს მეტისმეტად პოპეზურად აღვნიშნავთ... რამდენად ძვირი ჯდება ახალი წლისთვის მომზადება დღეს...
- ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს და მუდმივი სტუმრიანობაა, აქედან გამომდინარე, არასდროს არ გამოდის, რომ მხოლოდ გოზინაყი, ხილი და კანფეტი დავდო და ასე შევხვდე ახალ წელს. ყოველთვის უნდა იყოს ჩემთან სუფრა გაშლილი, იმიტომ რომ ვიცი, დადგება თუ არა ახალი წელი, მოვლენ მეგობრები. გამჯდარი მაქვს, რომ ეს ასე უნდა იყოს და მიხარია მათი სტუმრობა. რაც შეეხება სამზადისის მასშტაბურობას, ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, შესაძლებლობაზე და განწყობაზე.
- სალომე, წინასაახალწლოდ განსკაუთრებულად თუ ზრუნავ ხოლმე გარეგნობაზე?
- თუ გალაკონცერტი მაქვს, დიეტასაც ვიცავ, მაგრამ თუ არა, დიდად არ ვემზადები, რადგან წონასთან მიმართებაში რადიკალური ცვლილებები არ მაქვს, მაქსიმუმ 5-6 კილო მაქვს ხოლმე დასაკლები.
- სალომე გოგიაშვილის დიეტა აქტუალობას არ კარგავს, მუდმივად რომ კარგ ფორმაში ხარ, ამ დიეტის დამსახურებაა?
- პერიოდულად ვიცავ რა თქმა უნდა, რადგან პერიოდები მაქვს, როცა ძალიან ვხდები, მერე ვიწყებ ტკბილის ჭამას, ვიმატებ, დავიცავ ამ დიეტას და ვდგები ფორმაში, მუდმივად 5-6 კილო თამაშობს. ეს დიეტა ზუსტად იმისთვისაა, რომ 6 დღეში დაიკლო 4 კილო მაინც, რაც ჩემთვის იდეალურია, ორ კვირას ვაბამ ხოლმე და ფანტასტიურ შედეგზე გავიდვარ.
- ინსტაგრამის ფოტოებზე ძალიან კარგად გამოიყურები...
- ვფიქრობ, სახლიდან რომ გადიხარ, შენ თვითონ უნდა გინდოდეს, ესთეტიურად გამოიყურებოდე, უნდა იყო მოვლილი და პირველ რიგში, შენს თავს ეპრანჭებოდე, შემდეგ შემხვედრს... ეს იმდენად გამჯდარი მაქვს, მაღაზიაშიც რომ გავდივარ, მაშინაც ვცდილობ, მოწესრიგებული ვიყო. ის ლოგიკა, რომ 4 შვილი მყავს და შემიძლია, თავს არ მივხედო, თმა არ შევიღებო, ფრჩხილი არ გავიკეთო, არ მესმის, პირიქით, მგონია, უფრო ფორმაში უნდა იყო, რომ სხვა ქალებს სტიმული მისცე.
- თუმცა, ამ შემთხვევაში ასეთი არგუმენტი ისმის ხოლმე, რომ თავის მოვლა დამოკიდებულია ფინანსებზე...
- ესთეტიკა რა არის? სასიამოვნო ვიზუალი, ის, რომ ქალს ჰქონდეს შეღებილი თმა, მოვლილი ფრჩხილი და მინიმალური მაკიაჟი. ჩვენს ირგვლივ უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, რომლის ღირებულება იწყება რამდენიმე ლარიდან და ადის უსასრულობამდე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება შეიძლება, გააჩნია, რის საშუალება გაქვს. ხშირად მწერენ, აინტერესებთ, რა ტონალურს ვხმარობ და სულ ჰგონიათ, რომ რაიმე ძვირიანს ვიყენებ, ამ დროს არაა ასე. უბრალოდ, ვყიდულობ ტონალურს, რომელიც იდეალურად ერგება ჩემს კანს და გამოიყურება კარგად. მთავარია, გინდოდეს და მიაგნო, თორემ, მართლა შესაძლებელია მინიმალურ თანხებში გამოიყურებოდე კარგად, მთავარია სურვილი.
ციცი ომანიძე
სალომე გოგიაშვილის სუპერ-დიეტა, რომლის მეშვეობითაც იდეალურ წონას მიაღწია...