ახალი წელი, ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც ყველა, დიდი თუ პატარა მოუთმენლად ელის. ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ეგებებიან. წინასაახალწლო დღეებში ყველაზე დიდი დრო და ყურადღება, საჩუქრების შერჩევას ეთმობა. ძირითადი აქცენტი პატარებზეა გადატანილი, თუმცა საინტერესოა, რა სურთ დედებს. შევეცადეთ გაგვერკვია მათი საახალწლო სურვილები და რამდენიმეს სურვილს თქვენც გიზიარებთ:
მეტი დრო მინდა საკუთარი თავისთვის... მინდა ყველა უშვილო დედას შვილი ჰყავდეს და არცერთ ოჯახში საჭმელს არ ნატრობდნენ, ჩემთვის არაფერი მინდა, მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მაქვს. საკუთარი სახლი მინდა მქონდეს... ახალი სამსახური მინდა, კარგი ანაზღაურებით... სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს ერთ-ერთ საიტზე... მინდა, რომ ახალი წლიდან ვირუსები აღარ იყოს და ჯანმრთელად მყავდეს პატარა. ასევე მინდა, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი... მინდა, რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად მარტო ვცხოვრობდე და მქონდეს ჩემი კუთხე... ჩემი სურვილია ჩემს სამშობლოში, საქართველოში ჩამოსვლა, ცოტა ხნით მაინც... მინდა, რომ ჩემმა შვილმა წესიერად ჭამა ისწავლოს... ჩემი საახალწლო სურვილია iPhone X ან iPhone 8 plus-ი... ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ვისურვებდი... მინდა, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს... ვისურვებდი რამდენიმე დღით განტვირთვას სასიამოვნო ადგილას მეგობრებთან ერთად... ვისურვებდი მეტ დაფასებას, თუნდაც ოჯახის წევრებისგან. ის, რომ დედა ვარ, სახლში ვზივარ და სამ შვილს ვზრდი, ადვილი არ არის, არც ფიზიკურად და არც მორალურად... ხელფასის მომატებას ვისურვებდი და დაწინაურებას სამსახურში... მოგზაურობა მინდა ჩემს ოჯახთან ერთად, იმედია ამისრულდება... ძალიან მინდა, დედა დაბრუნდეს ემიგრაციიდან და ჩვენთან ერთად იყოს ახალწელს...
როგორც ამბობენ ყველა კეთილი ნატვრა სრულდება, მთავარია გულით ჩაიფიქრო და დადებითი ენერგიით დამუხტო.
ახალი წლის ღამეს კი ყველაზე სანუკვარი ოცნებები ხდება. შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენც დაწეროთ თქვენი ვერსიები.
ნინო მღვდელაძე