36 წლის ქეთი ტაბატაძე მეცხრე შვილის დედა გახდა. ახალგაზრდა ქალმა პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ რვაჯერ ბუნებრივი გზით იმშობიარა და ყველა მშობიარობამ უპრობლემოდ ჩაიარა. ამჯერად ოჯახს კიდევ ერთი ვაჟი, აბრაამ ტაბატაძე შეემატა, რომელიც გუშინ გაგუას კლინიკაში დაიბადა.
გაგუას კლინიკის დირექტორი დავით გაგუა ამბობს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მის პროფესიულ პრაქტიკაში განსაკუთრებულია იმით, რომ პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ, ბუნებრივი გზით რვაჯერ იმშობიარა.
"საკეისროს შემდეგ რომ მშობიარობა საშიშია და არ შეიძლება, ეს არის სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსოფლიო სტატისტიკა და კვლევები აჩვენებს, რომ 70%-ში შესაძლებელია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ჩვენს კლინიკაში მინიმუმ 20-30 ქალი, გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ, ყოველწლიურად ბუნებრივი გზით მშობიარობს. ეს კონკრეტული შემთხვევა იმითაა განსაკუთრებული, რომ პირველი საკეისროს შემდეგ რვა ბუნებრივი მშობიარობაა. მქონია პირადად სამი, ოთხი ბუნებრივი მშობიარობა საკეისროს შემდეგ, მაგრამ რვა - არა. თუ კიდევ გავიხსენებ განსაკუთრებულ შემთხვევებს ჩემი პრაქტიკიდან ყველაზე მრავალშვილიანი 11 შვილის დედაა" - ამბობს AMBEBI.GE -სთან დავით გაგუა.
მრავალშვილიანი დედა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ მრავალშვილიანობა მისი ოჯახის ეკლესიურად ცხოვრებით არის განპირობებული. ქეთის მეუღლე შალვა ტაბატაძე ამჟამად სტიქაროსანია და მომავალში შესაძლოა, სასულიერო პირიც გახდეს.
"22 წლის ვიყავი, როდესაც შევუღლდით. უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული მქონდა. პირველი გოგონა 2006 წელს საკეისრო კვეთით გამიჩნდა. მშობიარობას გართულება ახლდა, ამიტომ საკეისრო გახდა საჭირო. 2008 წელს ისევ დავრჩი ორსულად, მოვიარე ძალიან ბევრი კლინიკა, ვერ მპირდებოდნენ, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი მშობიარობა უსაფრთხო იქნებოდა. მივედი ბატონ დავით გაგუასთან, რომელმაც მამშობიარა ბუნებრივად, უპრობლემოდ და დაიბადა ანტონი. მას შემდეგ ყველა შვილი ბატონ დავითთან გავაჩინე. სხვათაშორის, მეექვსე შვილი, ელისაბედის ნათლია ბატონი დავითია" - ამბობს ქეთი და ცხრავე შვილის დაბადების წელსა და სახელებს გვაცნობს.