„აქ რეპეტიტორი არ არსებობს... ყველანაირი სამედიცინო მომსახურება ბავშვისთვის უფასოა“ - ბრიტანეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ქართველი პიანისტის შთაბეჭდილებები
„აქ რეპეტიტორი არ არსებობს... ყველანაირი სამედიცინო მომსახურება ბავშვისთვის უფასოა“ - ბრიტანეთში მცხოვრები მრავალშვილიანი ქართველი პიანისტის შთაბეჭდილებები

ქეთი ვარდი ქართველი პიანისტია, რომელიც მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ექვსი თვის წინ საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. ქეთის მეუღლე ინგლისელი კომპოზიტორი მაიკ ვარდია. ქართველ პიანისტს სამი შვილი ჰყავს, ორი პირველი ქორწინებიდან, ხოლო უმცროსი - მეორე ქორწინებიდან. საქართველოში ცხოვრებისას ქეთი სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული საგანამანათლებლო თუ ჯანდაცვის სისტემის გამო. დავინტერესდით, ბრიტანეთში რამდენად გამართულია ეს სფეროები და როგორც დედამ რა სხვაობები დაინახა. ქეთიმ mshoblebi.ge-ს სამომავლო პრიოფესიული გეგმებიც გაუმხილა:

- ექვს თვეზე ცოტა მეტია,

აქ ვცხოვრობთ. კონცერტზე ჩამოვედით და თავიდან დარჩენა გადაწყვეტილი არ გვქონდა. ამ თემაზე ყოველთვის ვფიქრობდით. საქართველოში უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ გვინდოდა მაიკის სამშობლოში წამოვსულიყავით საცხოვრებლად.
რაც ამ საკითხში ხელს გვიშლიდა იყო, ჩემი შვილების მამა, მაგრამ რაღაცნაირად დავალაგეთ ურთიერთობები და უფლება მომცა ბავშვები წამომეყვანა. მაიკმა ძალიან კარგი სამსახური იპოვა, შევძელით სახლის დაქირავება და წამოვედით. რეალურად, ერთი ჩანთით ჩამოვედით. 
უფროსი შვილები 11-ის და 6 წლის არიან, ხოლო მესამე, ჩემი და მაიკის საერთო შვილი, 3-ის.

- რა იყო პირველი, რამაც ბრიტანულ საგანმანათლებლო სისტემაში გაგაკვირვათ, გაგაოცათ და რითაც ყველაზე მეტად მოიხიბლეთ?

- ყველაფერი მომეწონა. წარმოუდგენლად კარგი სისტემა აქვთ. საერთოდ, ქართული საგანმანათლებლო სისტემის მიმართ ძალიან დიდი პროტესტი მქონდა.
საუბარი მაქვს კონკრეტულად საჯარო და კერძო სკოლებზე. აქ ბავშვები უფრო დაცულები არიან.
ჩვენთან რომ რეპეტიტორები არიან, მსგავსი რამ აქ არ არსებობს, წარმოუდგენელი რამაა. ჩემი შვილები ინგლისურს სრულყოფილად ვერ ვფლობენ და ვფიქრობდი მათთვის მასწავლებლის აყვანას. თვითონ სკოლამ მითხრა სასტიკი უარი. მითხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აიყვანოთ მასწავლებელი და თუ დაგჭირდებათ დახმარება, ჩვენ სრულიად უფასოდ ჩავუტარებთ დამატებით გაკვეთილებსო.
დავალებები თითქმის არ აქვთ. უმეტესობას აკეთებენ სკოლაში. საოცარი დისციპლინა აქვთ საქართველოს სკოლებისგან განსხვავებით, ფორმებიც მკაცრად კონტროლდება. აქ ყველა თანასწორია. ბავშვები სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახებიდან არიან, მაგრამ სწავლისთვის ყველას თანაბარი საშუალება აქვს.

- ბავშვები საჯარო სკოლაში დაგყავთ?

- კი, საჯაროში. სხვათა შორის, აქ უმეტესობას შვილები საჯარო სკოლებში დაჰყავს, რაც არის სრულიად უფასო, ასევე სკოლებში უფასოა კვებაც.
სკოლაში ბავშვები დიდ დროს ატარებენ. მაგალითად ჩემი გოგონა, რომელიც უკვე „ჰაი სქულშია“, დილით 7:45 წუთზე იწყებს სკოლას, იქვე ასაუზმებენ და 3:45 წუთზე ამთავრებს.
ასევე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ მასწავლებლებმა აღმოაჩინეს, რომ მარიამს ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრის მონაცემები ჰქონდა, მისცეს სტიპენდია და შესაბამისი გაკვეთილები უფასოდ უტარდება.
mshoblebi
- რას ექცევა ყველაზე მეტად ყურადღება? - საგნების სწავლას, თუ რაიმე უნარების გამომუშავებას?

- ყველაფერს ერთად, კომპლექსურად და რაც მთავარია, ძალიან მეგობრული გარემოა და ბავშვის უფლებები დაცულია, საერთოდ არ არის აგრესია. შიო პირველ კლასში აქ მივიდა, ინგლისური სრულყოფილად არ იცოდა, მაგრამ მისი ასაკის ბავშვებს თამაშით ასწავლიან ყველაფერს.
ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვის უსაფრთხოება. ასეთი შემთხვევა მქონდა - დიდი აბაზანა გვაქვს, ჯაკუზივით და იქ თამაშობდნენ შიო და ალექსანდრე. შიომ თვალთან ჩამოარტყა და დაულურჯდა. სკოლაში დამიბარეს და დეტალურად გამომკითხეს, რა მოხდა, რა სჭირდა ბავშვს, ცალკე გამოკითხეს ბავშვიც. ღმერთმა დაგვიფაროს, ბავშვს ცუდად თუ მოექცევა მშობელი, მაშინვე სოციალურ სამსახურს დაურეკავენ. მსგავს შემთხვევებზე ასეთი რეაგირება მათი ვალდებულებაა.

- რა მეთოდებით ახერხებენ მასწავლებელები დისციპლინის დამყარებას?

- საქართველოში დისციპლინა საერთოდ არ გვაქვს, არაფერში. ჩემი შვილები იმდენად განსხვავდებიან აქაურებისგან. აქ მშობელს ერთი ზედმეტის თქმა არ სჭირდება შვილისთვის. წარბის აწევა საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვი გააჩერონ და ჩემი შვილები სხვანაირები არიან. მაიკი მაფრთხილებს ხოლმე, რომ არ ვუყვირო. ზოგადად, ქართველები უფრო ტემპერამენტიანი ერი ვართ. სადაც მივდივართ, მარტო ჩემი შვილების ხმა ისმის ყველგან. გარემო არის ზოგადად არასტრესული. გაწონასწორებული ადამიანები არიან, არააგრესიული გარემოა, ასევე ტელევიზიაც. განსაკუთრებული მეთოდის გამოყენება არ სჭირდებათ.

- ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით როგორი მიდგომა აქვთ სკოლებში, რთავენ ბავშვებს „სმარტფონების“ ტარების უფლებას?

- ამ თემაზე მთელი ამბავი გვქონდა. როცა პირველად მივედით მე და მარიამი სკოლაში, შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი. უამრავი კანონია, მაგალითად, თუ მასწავლებელს ეუზრდელები, ენას შეუბრუნებ, ან რასაც გეტყვის არ შეასრულებ, ისჯები და დასჯა იცით, როგორ ხდება? ფული უნდა გადაიხადო. ოღონდ მშობელს კი არ გახდევინებენ, ბავშვს ამუშავებენ სკოლაში, მაგალითად ჭურჭელს დაარეცხინებენ, გააჩნია რა დონის დანაშაული ჩაიდინა. თვითონ გამოიმუშავებს ამ ფულს და უხდის სკოლას.
რაც შეეხება ტელეფონებს, თუ სკოლიდან შორს ცხოვრობ, გაძლევენ უფლებას, რომ ის ატარო, მაგრამ შესასვლელში აბარებ. ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, მარიამს დაავიწყდა ჩაბარება და ტელეფონი უნახეს. ყველგან კამერებია და ძალიან რომ მოინდომო დამალვა, არაფერი გამოგივა, მაინც დაინახავენ. დამირეკეს, მარიამს აღარ გამოატანეს ტელეფონი და რადგანაც მარიამი ძალიან კარგად იქცევა და ერთი დისციპლინური შენიშვნაც კი არ აქვს, აპატიეს, ანუ სანქციები არ დაუწესეს, მაგრამ ტელეფონის ტარების უფლებას საერთოდ აღარ აძლევენ, ასე ვთქვათ, ტელეფონი ჩამოერთვა.
mshoblebi
- ყველა სკოლაში ერთნაირი სიტუაციაა, თუ სკოლები ინდივიუალურად წყვეტენ რა მეთოდები გამოიყენონ?

- ზოგადად, სკოლებს სახელმწიფოსგან აქვთ მიცემული ინსტრუქციები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, სწავლებას. ძალიან კარგი ის არის, რომ სკოლებს შორის შეჯიბრია - სკოლებში ყოველ წელს შედის მონიტორინგის სამსახური, ამოწმებენ რა დონეზეა სწავლება, უსაფრთხოება, დისციპლინა და შესაბამის შეფასებებს წერენ. ამის მიხედვით არის კარგი, ძალიან კარგი და ცუდი სკოლები.
მშობელი წინასწარ კითხულობ სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, იცი, ესა თუ ის სკოლა რას წარმოადგენს და შემდეგ ირჩევ, რომელ სკოლაში წაიყვანო ბავშვი.

- მანდატურები ჰყავთ სკოლებში?

- არ არსებობს მანდატური აქ, არ არის საჭიროება. სკოლებში დისციპლინა პატივისცემაზეა დამყარებული და ბავშვებს აქვთ განცდა, რომ თუ რაიმეს დააშავებენ, რაიმეს არ შეასრულებენ, დაისჯებიან, მაგრამ ეს დასჯა ყვირილი და ხელების ბრახუნი არ არის. საქართველოში ამ ყვირილით, ხელების ბრახუნით და მშობლის სკოლაში დაბარებით არაფერი კეთდება.

- კლასში რამდენი მოსწავლეა?

- აქ კლასები კი არ აქვთ, არამედ „ჰაუსები“, სადაც დაახლოებით 20-25 მოსწავლეა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იყოფიან ჯგუფებად. ერთი ასეთი გაკვეთილი აქვთ - პატარებიც და უფროსკლასელებიც მასწავლებლებთან ერთად იკრიბებიან და სასურველ თემაზე საუბრობენ. ეს არის თავისუფალი გაკვეთილი, სადაც ერთმანეთს უკეთ ეცნობიან.

- საქართველოში ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ ბავშვებს კითხვა არ უყვართ. ბრიტანეთში რა სიტუაციაა ამ თვალსაზრისით და თუ აქვთ რაიმე მეთოდი, რომლითაც მოზარდებს წიგნის კითხვას აყვარებენ?

- აქ ძალიან პოპულარულია კითხვა, ყველა კითხულობს. მე არ დამჭირვებია არანაირი ძალისხმევა მარიამთან მიმართებაში. ინგლისურ წიგნებს ჯერ თავისუფლად ვერ კითხულობს, მაგრამ კითხულობს ქართულ წიგნებს. ერთ დღესაც ვხედავ, რომ წიგნი ყველგან თან დააქვს, მანქანაში, სკოლაში, ყველგან და გამიკვირდა, ვუთხარი, რა დაგემართა-თქო, საქართველოში მის ნაცვლად სკოლის დავალებასაც მე ვკითხულობდი, იმდენად ვერ იტანდა. აქ სულ სხვა გარემოა, ბავშვები ყველგან წიგნებით დადიან, ლანჩზე თუ სხვაგან და თავისუფალ დროს კითხულობენ. გარემოა სხვანაირი.
mshoblebi
ქეთი თავისი ახალი სახლის ეზოში

- რას გვეტყვით ბრიტანულ ჯანდაცვის სისტემაზე? ვიცი, რომ ამ თვალსაზრისითაც ძალიან დიდი სხვაობაა...

- პოლიკლინიკას რომ ვეძახით, აქაც არის მსგავსი დაწესებულება და ყველაფერი, ყველანაირი მომსახურება არის უფასო, თავისი წამლებით. თუ ექიმი წამალს გიწერს, მას უფასოდ გაძლევენ. მარიამი სათვალის მომხმარებელია და თბილისში დატანჯულები ვიყავით, იმიტომ, რომ ძალიან ძვირია. იმისდა მიუხედავად. რომ კარგი ანაზღაურება გვქონდა და კარგ ბიზნესს ვაწარმოებდით, ძალიან მიჭირდა, ყოველ თვეში 300-400 ლარი მინიმუმ მიჯდებოდა მარიამის თვალის შემოწმება, მერე სათვალის ყიდვა და აქ სრულიად უფასოდ შეუმოწმეს, ორი სათვალე ასევე უფასოდ მისცეს და თან ძალიან ძვირად ღირებული სათვალეები, ასევე სრულიად უფასოა კბილის ექიმის მომსახურება. აქ ყველა ბავშვს უფასო სამედიცინო მომსახურება აქვს.

- პროფესიული თვალსაზრისით თუ ახერხებთ განვითარებას და რას გეგმავთ სამომავლოდ?

- მიჩვეული ვარ მუშაობას ბავშვებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მუშაობას. კონსერვატორიას რომ ვამთავრებდი, მარიამი უკვე პატარა მყავდა. ბავშვები უფრო მეტ სტიმულს მაძლევენ.
აქ ძალიან კარგი პერსპექტივები მაქვს, რამდენიმე კონცერტი გავმართე. ძალიან კარგი ადგილიდან შემომთავაზეს, რომ იმ სივრცის სოლისტი გავხდე. თან ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი უკრავდა და კონცერტებს ატარებდა. ასევე ჩვენი აკადემიის კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. ბევრი გეგმა გვაქვს. საქართველოში დავაფუძნეთ აკადემია და ზუსტად მსგავსი გვაქვს ინგლისშიც. საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს, გვყავს ბევრი მოსწავლე, კარგი თანამშრომლები. ვიწვევთ ლონდონში, ვაკეთებინებთ კონცერტებს. ჩვენი, ქართველი ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან.

ხატია ვარდოსანიძე

4996
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
Hihi hi
0
დიახ ინგლისში ვცხოვრობთ უსაბუთო და გვაქვს სამედიცინო მომსახურეობაც უფასოდ, ბავშვებიც დაგვყავს უსაბუთო სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დავდივართ უსაბუთო ები ნუ მაგაში ფულს ვიხდით
22:38 / 29-01-2020
hihih s
0
სად ინგლისში? განა არალეგალები და უსაბუტოები სადმე ახერხებენ უფასო სამედ. მომსახურებას და სწავლას?
20:42 / 28-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?