ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებაში კვლავ განაახლა თემა, რომელსაც ისედაც აქტიურად განიხილავენ ხოლმე. ხშირად მრავალშვილიან დედებს ბევრი ბავშვის გაჩენის გამო აკრიტიკებენ. კრიტიკა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როცა ოჯახი სოციალურად დაუცველია. არც ისე ცოტა ადამიანისგან გაიგებთ ფრაზას: "რას აჩენდა, თუ საშუალება არ ჰქონდა", "მეტი საქმე არ აქვს?" და ა.შ.
გადავწყვიტეთ, თავად მრავალშვილიანი დედებისთვის გვეკითხა აზრი. ზოგიერთმა ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია, ზოგიერთის კომენტარს კი, რომელიც ამ თემაზე ჯგუფში მიმდინარე პოლემიკის დროს დააფიქსირეს, ანონიმურად გთავაზობთ.
10 შვილის დედა მაკა ხოხონიშვილი:
- საერთოდ, ასეთი აზროვნების ადამიანებთან ურთიერთობა არ მაქვს და მადლობა ღმერთს, ქუჩაშიც იშვიათად მხვდებიან. მაგრამ, მაინც არიან გამონაკლისები. მათ გამო, პირველ რიგში, სიბრალულს გამოვხატავ, რადგან საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რა არის სიყვარული და უფლის მადლი. მრავალშვილიანობა ხომ შარავანდენია იმ დიდი სიწმინდის, რასაც ოჯახი ჰქვია.
რატომღაც მოდაში შემოვიდა შეჭირვებული მრავალშვილიანი დედების ლანძღვა-გინება, თან ეს დედების მხრიდან ხდება. სირცხვილია, ხალხნო. მათ თქვენი თანადგომა, გამხნევება სჭირდებათ და არა ჩაქოლვა. რატომ გგონიათ თავი მათზე ჭკვიანები და უკეთესები? დიახ, ისინი გმირი დედები არიან! მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და ეს უდიდესი ბედნიერებაა. ხუთი ბავში ერთად გავიზარდეთ და სასწაული დედმამიშვილობა გვაქვს. მშობლები ხუთივეს სათანადო ყურადღებას გვაქცევდნენ, შეძლებისდაგვარად გვმოსავდნენ, გვკვებავდნენ, პატრიოტებად, მართლმადიდებელ ქრისტიანებად გვზრდიდნენ, ამავდროულად ხუთივეს განათლება მოგვცეს და ამ ჩვენი განათლებით საკმაო წარმატებასაც მივაღწიეთ თითოეულმა. თუმცა, არ ვთვლი, რომ მხოლოდ შვილის გაჩენაა საქმე, იმ გაჩენილ შვილს მიხედვა, აღზრდა, გაზრდა, განათლების მიცემა სჭირდება და შიმშილით თუ სული გხდება ადამიანს, უნდა დაფიქრდე და მიმართო თავდაცვის საშუალებებს (არავითარ შემთხვევაში აბორტს!!!). თუ მოხდა ისე, რომ გამოეპარა დედას ორსულობა, ეს ის შემთხვევაა, როცა უფალს სურს ბავშვის გაჩენა და აუცილებლად უნდა გაჩნდეს კიდეც. მისცემს უფალი მშობელს შვილის აღზრდის ძალას. იშვიათად მინახავს მრავალშვილიანი მდიდარი. ერს ოდითგანვე შეჭირვებული ოჯახები ამრავლებდა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას, როდის გვილხინდა? სულ ომი და გაჭირვება იყო, მაგრამ შვილებს აჩენდნენ და ცხოვრება გრძელდებოდა. დიახ, უნდა გააჩინოს ბევრი შვილი და თუ მშობელი ვერ უზრუნველყოფს შესაფერისად, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება. ეს უნდა იყოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი. წაგვლეკავს უცხო და მალე ქართველი აღარ იარსებებს. გააჩნია მრავალშვილიან დედას. რა თქმა უნდა, ისეთი ხალხი, ვინც უბრალოდ აჩენს და მერე ყველანაირ ვალდებულებას იხსნის, ბავშვი უბრალოდ ბედის ანაბარა იზრდება, ასეთი დედა გასაკიცხი კი არა, დედად არ მიმაჩნია!!! შვილი არის უფლის უდიდესი საჩუქარი. ვისაც ეს შეგნებული აქვს, შვილებსაც სხვანაირი შეგნებით ზრდის. მაპატიეთ, მაგრამ აბორტზე დიდი ცოდვა არ არსებობს დედამიწის ზურგზე და როცა ამბობენ, "რომ გავაჩინო, როგორ ვარჩინოო" - თუ მაგდენის ფიქრის უნარი მოგცა უფალმა, რომ იცი თურმე ბავშვის აღზრდას რამდენი რამ სჭირდება, იმასაც შეგაძლებინებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისცე შვილს. p.s. მეც მრავალშვილიანი დედა ვარ. არ მინახავს ოჯახი, სადაც მრავალშვილიანობის გამო გაღატაკებულან. ფულით მდიდარი ან ხარ, ან არა, მაგრამ ჩემთვის სიმიდრე ჩემი ოთხი შვილია. მართალია, თავზე არ გადაგვდის, მაგრამ არც სხვას შევჩერებივართ, ღვთის შეწევნით, ჩვენი ხელებით ყველაფერს ვწვდებით. მრავალშვილიანი დედები უნდა გამოცხადდნენ გმირებად, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება მოხდეს და მრავალშვილიანობა წახალისდეს მატერიალურად და მორალურად განსაკუთრებულად. შვილები ფასდაუდებელი სიმდიდრე და საჩუქარია უფლისგან. 4 შვილის დედა ვარ და როცა ვხედავ, როგორ ეფერებიან და ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორ ტკივათ ერთმანეთის ტკივილი და როგორი ბედნიერები არიან ერთმანეთის წარმატებით, გული სიხარულს ვეღარ იტევს. ვნანობ, რომ უფრო მეტი შვილი არ გავაჩინე. ნუ აკრიტიკებთ და მით უმეტეს აგდებით ნუ ახსენებთ მრავალშვილიან დედებს. ისინი ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. 4 შვილი მყავს და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე არ ვარ სოვიალურად დაუცველი და მაქსიმალურად ვცდილობ არაფერი მოაკლდეთ ჩემს პატარებს. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ვინც სოციალურად დაუცველია, ვფიქრობ კრიტიკას არ იმსახურებენ. რამდენი "გაზულუქებული" ოჯახია, 1 შვილზე მეტს რომ არ აჩენენ იმის შიშით, რომ მას არაფერი მოაკლდეს. ეს გმირი მშობლები კი არა, საზოგადოება გავაკრიტიკოთ ვისაც ასეთი ოჯახების დახმარება შეუძლია და ხელსაც არ ატოკებენ ამისთვის. ყველა დედას ვისურვებ, ისეთ გარემოში გაზარდოს თავისი შვილები, როგორიც გულით უნდათ. რაც არ უნდა უჭირდეს ადამიანს, შვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს... უბრალოდ სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს, მეტად რომ გავმრავლდეთ, ერთი მუჭაღა რომ დავრჩით. ადამიანებს უნდა გვქონდეს უნარი, გავუყოთ და გავუნაწილოთ იმ მრავალშვილიან დედებს ლუკმა, ტანსაცმელი, ერთი ლარი, წამალი, ნივთები. რამდენი ვყრით საკვებს? რამდენს გვრჩება პური? რამდენს გადაგვიგდია უკვე ვადაგასული წამალი? რამდენი ლანძღავს თუნდაც ფეისბუქით მრავალშვილიან გაჭირვებულ დედას? ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის გატანა, ოღონდაც გვალაპარაკა, გვამოწმებინა, გვაძიებინა - ვაითუ ქმარი ჰყავს და ითხოვს დახმარებას, თითქოს რადგან ქმარი ჰყავს, არ შეიძლება უჭირდეს... ჩვენ ვაიძულებთ მოგვატყუონ და ისე იქნებ დავეხმაროთ და შვილები მშივრები არ დარჩეთ... ხანდახან ვფიქრობ, რამდენად სამარცხვინო სიტუაციაა ამ მხრივ. რა გვინდა, რას ვიძიებთ და საით მივდივართ... რა მაგალითს ვაძლევთ ქალებს. მე რითიც შემეძლება, ყოველგვარი კითხვის გარეშე დავდგები იმ დედის გვერდში, ვინც საქართველოს ბევრი შვილი აჩუქა და უჭირს. სიყვარული გვაკლია, გაკიცხვაში კი პირველები ვართ. სამი შვილის დედა ვარ და ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა და საჩუქარი ის სამი პაწაწინა გულია, რომელიც გამალებით ფათქუნებს დღე და ღამე ჩემს გვერდით. ამჟამად დიასახლისი ვარ, თუმცა მაინც ვთვლი, რომ არაფერია იმაზე დიდი მიღწევა, როგორც კარგი დედობა. მე არ ვამბობ, რომ კარგი დედა ვარ. უბრალოდ ვიტყვი, სამი ანგელოზი მყავს და ღმერთმა ამათთან ერთად მათი მფარველებიც გამომიგზავნა საყვარელი ადამიანების სახით, მაგრამ რომ არა ისინი ,თუ საჭიროება მოითხოვს, თივის ზვინში ნემსის ნატეხს ვიპოვი და ქვას გავღრღნი, მიუხედავად გარემოს და გარემომცველებისა, განურჩევლად სხვების აზრისა. თემას კი, რომელიც დაუსრულებელი და ამოუწურავია, ამჯერად დავასრულებთ მასწავლებლის, მწერლისა და 4 შვილის დედის, მაია სარიშვილის ლექსით:
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე — რომელი...
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ...
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი კოცნისათვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები — როგორც გლანდები —
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი —
ჩემივე შვილების საფლავის ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ მე ვერ ამოვარჩიე — რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ...
ცნობილი ქართველები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ