11 თებერვალს პლუს ზომის ცნობილმა მოდელმა ეშლი გრემმა, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დედის ამპლუაში ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრობდა. 18 იანვარს ის პირველად გახდა დედა. შვილს უცნაური სახელი, აიზეკ მენელიკ ჯოვანი დაარქვა. ბედნიერმა დედამ ახალშობილის პირველი ფოტოები ყველას გაუზიარა. პოსტში კი გრემმა გულწრფელად ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რაც მშობიარობის შემდგომ პერიოდს ახასიათებს.
"ხელები ასწიეთ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ შეიცვლებით თქვენც და თქვენი საფენებიც მშობიარობის შემდეგ. მოდის სამყაროში ამდენი წლის ყოფნის შემდეგ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი საყვარელი ტანსაცმელი საცვლები გახდებოდა,"- ამბობს გრემი.
ეშლის თქმით, ქალები მშობიარობის შემდგომ პრობლემებზე საუბარს საზოგადოებაში ერიდებიან. ამის გამო ზოგს ჰგონია, რომ ახალგაზრდა დედისა და მისი ახალშობილი შვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. დაჭიმულობის, მუდმივი დისკომფორტის, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის პრობლემების შესახებ კი არავინ საუბრობს.
მან გადაწყვიტა, რომ აქტიურად შეებრძოლოს არსებულ სტერეოტიპებს და ხმამაღლა ისაუბროს ყველა იმ უსიამოვნებაზე, რაც ახლავს თან ამ პერიოდს. მოდელმა საჯაროდ გამოაჩინა მუცელი, რომელიც მშობიარობის შემდეგ არ გაუქრა. აღნიშნა ისიც, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს საკუთარი თავისთვის, ხანდახან იღლიების გაპარსვის დროც კი არ რჩება. ახალგაზრდა დედებს მოუწოდა, რომ არ შერცხვეთ პრობლემებზე საუბრის.
კომენტარებში ეშლის უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გაამხნევა, მათ შორის იყვნენ, ჯესიკა ალბა, ამბერ ვალეტა და დაუტცენ კრეზი. "შესანიშნავია, რომ ასე თამამად გაბედე საკუთარი სხეულის ჩვენება მშობიარობის შემდეგ", "ბრავო, ეშლი. არავინ საუბრობს, რა ხდება მშობიარობის შემდეგ, დედები ნამდვილი გმირები არიან", - ასე ეხმაურებიან მას სოციალურ ქსელში.