"7 შვილს ძიძის გარეშე ვზრდი... ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი..." - მრავალშვილიანი დედის გულახდილი ინტერვიუ
"7 შვილს ძიძის გარეშე ვზრდი... ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი..." - მრავალშვილიანი დედის გულახდილი ინტერვიუ
36 წლის რენატა მგალობლიშვილს 7 შვილი ჰყავს: ლაზარე, იოანე, ანაბელა, მარია-ალექსანდრა, გიორგი და ტყუპი - ნოე და შიო გიუნაშვილები. უფროსი 14 წლისაა, ტყუპი კი - რამდენიმე კვირის. ამბობს, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა და მათი აღზრდა არც ისეთი რთულია, როგორც გვერდიდან ჩანს. ის მრავალშვილიან დედობასა და მთავარ გამოწვევებზე გვიყვება:

mshoblebi

- ხშირად უთქვამთ,"ერთი ბავშვი ძლივს გავზარდე, შენ როგორ ახერხებ შვიდი შვილის აღზრდასო". ვფიქრობ, ერთის გაზრდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეტის. პირველი ბავშვის
შემთხვევაში დედა ყოველთვის უფრო დაბნეული და შეშინებულია, ჰგონია, რომ მას რაღაც დაემართება, ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი. მთელი დღე ვერ შეძლებ მის გართობას. როდესაც ბავშვს და-ძმა ჰყავს, ეს ბევრად მარტივია, რადგან ერთად თამაშობენ, ერთამანეთს ყურადღებას აქცევენ და მშობლებსაც ეხმარებიან.

- უფროსები რამდენად არიან პატარა და-ძმის აღზრდაში ჩართულნი?

- უფროსები სკოლაში დადიან, ერთი მოსამზადებელ კლასში. სახლში საღამოს მოდიან და მერე უნდა იმეცადინონ, ამიტომ, ძირითადად დაკავებულები არიან. ისე, სულ ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ პატარებზე ზრუნვაში ან უბრალოდ მოეფერონ. არ მინდა მალე გაიზარდონ. სულ იმას ვფიქრობ, რომ ეს დრო, როცა მთელი მათი სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებს, არ დაბრუნდება და საშინლად მომენატრება.

mshoblebi

- სასკოლო აქტივობების გარდა კიდევ რით არიან დაკავებულები?

-
გოგოები ცეკვავენ, მღერიან. ყველა ფორტეპიანოზე უკრავს. უფროსი ბიჭები რაგბს თამაშობენ, გიორგის ძალიან უყვარს ცოცვა და ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით წრეზე მივიყვანოთ.

- რამდენად ახერხებთ ბავშვების სასკოლო აქტივობებში ჩართვას?

- გაკვეთილების მომზადებაში არ ვეხმარები. იმიტომ კი არა, შვიდნი არიან და ფიზიკურად ვერ ვახერხებ, როცა ორი მყავდა, მაშინაც არ ვამეცადინებდი. არ მინდა, მუდმივ დახმარებას შეეჩვიონ. ვცდილობ, რომ დამოუკიდებლად გაართვან თავი დავალებებს. თავისით მშვენივრად მეცადინეობენ.

- შვიდი შვილისთვის ყურადღების გადანაწილება ალბათ მარტივი არ არის. მარტო ზრდით ბავშვებს?

- მეუღლე მუშაობს, ალბათ გესმით, რამხელა პასუხისმგებლობაა შვიდი შვილი. ძიძა არ მყავს. ბავშვებს მარტო ვზრდი.

mshoblebi

- რა არის ყველაზე რთული მრავალშვილიან დედობაში?

- ყველაზე რთული ხმაურია. გარდა ამისა, თითოეულს დედის დეფიციტი აქვს. ამიტომ, მეექვსე ორსულობა არ იყო ჩემთვის სასურველი იმიტომ კი არა, რომ არ მინდოდა მეტი ბავშვი ან მეზარებოდა გაჩენა, ზუსტად იმიტომ, რომ იმ ხუთსაც დედის დეფიციტი ჰქონდა.

mshoblebi

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი აღზრდის პროცესში?

- ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული და ყურადღება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დისციპლინას. ოჯახში ყველას საკუთარი როლი აქვს გააზრებული.

- რას ურჩევთ სხვა დედებს, რომლებსაც ბევრი ბავშვი გაჩენა აშინებთ?

- არ შეშინდეთ, არ არის ისეთი რთული, როგორიც გვერდიდან ჩანს. სინამდვილეში, ბევრად მარტივია ყველაფერი. მთავარია სურვილი. ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი.

თამარ იაკობაშვილი


3693
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნინა
1
აი,ასეთ მრავალშვილიანობას მივესალმები! მშობლებიც ბედნიერები, ბავშვებიც. არ აკლიათ არაფერი,არ შიმშილობენ,არ სცივათ.როცა გაქვს საშუალება დღევანდელ ცხოვრებაში მსგავსი კომფორტი შეუქმნა შვილებს,მათი რაოდენობა ბედნიერებას ანიჭებს მშობელსაც და ირგვლივმყოფებსაც.გაიხაროს ამ ოჯახმა,მომწონს ძალიან!
21:07 / 21-02-2020
მაია
0
რა ლამაზები ხართ. გაიხარეთ
20:40 / 21-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?