გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 4 შვილის მშობლები არიან. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ხდება დედის დღეს მათ სახლში. ყველა ცდილობს, დედიკოს საჩუქარი გაუკეთოს და თავისებურად გაახაროს. ოჯახთან და ოთხ შვილთან ერთად თაკო მუშაობას და სწავლასაც ახერხებს, ბოლო პერიოდში კი ახალი საქმით დაინტერესდა და დამატებით დაიწყო ლექციებზე სიარული, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ოჯახს, მეუღლესა და შვილებს საკუთარი განვითარების ხარჯზე ყურადღებას არ აკლებს.
- თაკო, როგორია 4 შვილის დედის 3 მარტი?
- 3 მარტი ჩემთვის განსაკუთრებული გახდა, მას შემდეგ, რაც პირველი შვილი, ნინი, გამიჩნდა. შენახული მაქვს დედის დღესთან დაკავშირებული მისი პირველი საჩუქარი, რომელიც ბაღში გააკეთა. ახლა უკვე ოთხი საოცარი ადამიანის დედა ვარ და ამ დღეს ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები. წელს ანასტასიასგან მივიღე პირველი საჩუქარი, რომელიც 2 წლისა და 7 თვისაა. თავისი ხელით დაამზადა ნამუშევარი, დაიკოს, ლიზას დახმარებით.
- ალბათ, განებივრებენ საჩუქრებით ბავშვები... მაგრამ, როგორია ტრადიცია, მამიკოს მოაქვს გოგოებისთვის საჩუქრები და მერე ბავშვები გადმოგცემენ ხოლმე, თუ გია ბავშვებთან ერთად წყვეტს და არჩევს იმას, რითიც უნდა გაახარონ დედიკო?
- საოცარი შეგრძნებაა, როცა ვგრძობ როგორ იწყებენ ფუსფუსს წინა დღეებში. დიდი მზადება აქვთ. უფროსები ცდილობენ გაარკვიონ, რა გამიხარდება და გიას დახმარებით მირჩევენ საჩუქარს. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მათი ხელით გაკეთებული მისალოცი ბარათები და ნამუშევრებია. ყველაფერს საგულდაგულოდ ვინახავ. იმხელა სიყვარულია ამ პატარა ფურცლებზე გადატანილი, რომ გული მითბება ყოველთვის, როცა ვათვალიერებ. თან, წლებთან ერთად ნამუშევრების რაოდენობა იზრდება, ბავშვების რაოდენობასთან ერთად, რაც ძალიან მაბედნიერებს (
იცინის).
- ბავშვები იზრდებიან და მიდგომაც ყველა ასაკში განსხვავებულია... ახლა რა ხნისები არიან და რითი არიან დაინტერესებულები?
- ჩვენ თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიას მოვიცავთ (
იცინის). ნინი 9 წლისაა, ლიზა - 8-ის, მარიამი - 5-ის, ხოლო ანასტასია - 2 წლისა და 7 თვის. ძალიან საინტერესო პროცესია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ეცვლებათ და უმრავალფეროვნდებათ ინტერესები. თუმცა, არის აქტივობები, რომლებსაც ყველა ერთად, სიამოვნებით ვაკეთებთ. მაგალითად - სამზარეულოში ფუსფუსი. ძალიან უყვართ, როცა მონაწილეობას იღებენ საჭმლის მომზადების პროცესში. ნინის და ლიზას უკვე თავადაც შეუძლიათ მარტივი სალათების მომზადება. თან ცდილობენ, პატარებიც დაიხმარონ ამ დროს. ვცდილობ, ბავშვები მივაჩვიო ჯანსაღ კვებას, ამიტომ ჩვენს რაციონში ჭარბობს ხილი და ბოსტნეული. როდესაც ლექციები მქონდა, ხშირად მახვედრებდნენ სიურპრიზად თავიანთი ხელით მომზადებულ ბოსტნეულის სალათსა და ხილის ასორტს. მარიამს განსაკუთრებით უყვარს ხაჭაპური და ცომთან მუშაობა. 3 წლის ხდებოდა, როცა დაიწყო ფიგურების ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავდა წრეებს, გარშემო ხაზებით. შევაქე, ძალიან კარგად გამოგდის მზეების ხატვა-მეთქი. მისაყვედურა, დედიკო, ეს მზე კი არა ცხელი ხაჭაპურიაო (
იცინის). რაც შეეხება სხვა აქტივობებს, ნინი და ლიზა სკოლის გარდა მუსიკაზე დაგვყავს ნიჭიერთა ათწლედში, ასევე სწავლობენ ცეკვას თეა დარჩიას არაჩვეულებრივ სტუდიაში. მარიამი სიმღერასთან ერთად სპორტითაა დაინტერესებული. უნდა მამასავით ფლობდეს კარატეს (
იცინის). ვცდილობთ, ყველაფერი ვასწავლოთ, რაც მოსწონთ. ოთხივეს უყვარს ხატვა და აპლიკაციების გაკეთება. განსაკუთრებით პატარას, რომელმაც "გაგვიფერადა" მთელი სახლის კედლები (
იცინის).
- 4 შვილის გაზრდა მარტივი არ არის, მარტო ეჭიდები ამ საქმეს, თუ გყავს დამხმარე, ან ძიძა?
- ძალიან მეხმარება დედა. რომ არა ის, შეუძლებელი იქნებოდა ბავშვებთან ერთად უნივერსიტეტში სწავლა, მარკეტინგული პროექტების განხორციელება თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჩემს პროფესიულ ზრდასთანაა დაკავშირებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო დედის დღე ჩემს არაჩვეულებრივ დედას, რომელიც მისაბაძი ადამიანია. ის ჩემთვის მაგალითია, რომელმაც მამასთან ერთად უდიდეს სიყვარულში გაგვზარდა 3 შვილი და მთელი რესურსი ჩვენს აღზრდასა და განათლებას მოახმარა. ჩემთვის ყველა დედა გამორჩეული პატივისცემის ღირსია, რომლებმაც გამოიარეს უშუქობის, ომის წლები და გაზარდეს შვილები ყოველგვარი დამატებითი კომფორტის გარეშე, რაც თანამედროვე ეპოქაში მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია. ასევე გვეხმარება ოჯახის ახლობელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იტოვებს პატარებს.
- რამდენად ახერხებთ შენ და გია თუნდაც ერთად გასეირნებას? 4 შვილის საღამოს დატოვება, თუნდაც იმისთვის რომ კინოში ან თეატრში წახვიდეთ, ალბათ ადვილი არ არის...
- უფროსები უკვე იმ ასაკში არიან, რომ გვთხოვენ ყველგან თან წავიყვანოთ. უყვართ კინო. გარდა ამისა, უკვე თეატრალურ დადგმებსაც ვესწრებით ერთად. მარტოც ვახერხებთ წასვლას. გვეხმარებიან, ამიტომ საღამოსაც გვაქვს შესაძლებლობა პატარების დატოვების. თეატრისა და კინოს მიმართულებები ჩემთვის პროფესიულადაც საინტერესო გახდა, ამიტომ როცა გვაქვს ამის შესძლებლობა ნაყოფიერად ვიყენებთ.
- გარდა ამისა, როგორც ვიცი აქტიურად ხარ დაკავებული შენი საქმით. მოდი, მკითხველს შეახსენე, შენი საქმიანობის სფერო და მოგვიყევი, ამჟამად რა სიახლეები გაქვს?
- ვცდილობ მაქსიმალურად მოქნილი რეჟიმი მქონდეს, რათა პატარებსა და ოჯახურ საქმეებს არ მოვაკლო ყურადღება. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, გარდა ამისა, ამ სემესტრში ვამთავრებ მაგისტრატურას, კავკასიის უნივერსიტეტში, სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით. ვმუშაობ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების მექანიზმებსა და სისტემურ თავისებურებებს ეხება. როდესაც პატარებს ვაძინებთ, მაქვს საშუალება რამოდენიმე საათი დავუთმო მეცადინეობას, ან სახლიდანვე ვიმუშავო მარკეტინგულ პროექტებზე. რაც შეეხება სიახლეს, ეს გახლავთ პროფესიული დაინტერესება სამსახიობო ხელოვნების მიმართ. ადრეც ხშირად მქონია შემოთავაზება ამ სფეროს მიმართულებით, თუმცა, აქამდე არ მომცემია მისი განხორციელების საშუალება. უკვე მივიღე მონაწილეობა უცხოურ სერიალში. ასევე ვიმუშავე სარეკლამო მიმართულებითაც. აქტიურად ვარ დაკავებული სამსახიობო ოსტატობის შესწავლით, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. სამომავლოდ, ვგეგმავ, ამ მიმართულებითაც მივიღო აკადემიური განათლება. ყველაზე დიდი სტიმული, კი ჩემთვის ის არის, რომ პატარებს ძალიან მოსწონთ და ეამაყებათ ჩემი საქმიანობა. უხარიათ როცა ეკრანზე მხედავენ და დეტალურად მეკითხებიან ამბებს გადაღების პროცესის შესახებ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
- თაკო, ფიქრობდი, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდი, ან წინასწარ თუ გქონდა დაგეგმილი, რომ 4 შვილი გინდოდა?
- ზოგადად, მე ძალიან მიყვარს ბავშვები. სანამ ჩემი შვილები მეყოლებოდა, უკვე მყავდა ძმისშვილები, რომლებთან თამაშიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ოჯახის შექმნისთანავე ვფიქრობდი, რომ ბევრ შვილს გავაჩენდი, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა, ყველაზე ძვირფასი და საამაყო რამ, რაც შემიქმნია.
- ყოველთვის ფორმაში ხარ, ოთხი შვილი გააჩინე და მგონი არავის ახსოვხარ წონაში ზედმეტად მომატებული, რა „საიდუმლო ხერხი“ გაქვს?
- ოთხი შვილის მოვლა თავისთავად საუკეთესო ვარჯიშია (
იცინის). ისინი მეხმარებიან, რომ ფორმაში ვიყო. მათი მოვლა და ტარება სხვადასხვა წრეზე დიდ ენერგიას მოითხოვს. გარდა ამისა, სულ დაკავებული ვარ ფიზიკური აქტივობით. ვვარჯიშობ, როცა მაქვს დრო. ვცეკვავ ბავშვებთან ერთად, რაც ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. წლების მანძილზე დაკავებული ვიყავი ქართული ცეკვით და ახლა ჩემს შვილებთან ერთად შემიძლია რეპეტიციაზე ყოფნა. როცა ვუყურებ მათ ცეკვას, შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს ბავშვობას ვუყურებ.
ციცი ომანიძე