ლალი ბადრიძე-პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, განვითარების საერთაშორისო ცენტრის (IDC) დამფუძნებელი, ასევე ქალთა და მშობელთა კლუბების დამაარსებელი, გახლავთ ფსიქოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი. იგი მიწვეული იყო ინდოეთში გამართულ მსოფლიო დედათა კონგრესზე "GLOBAL MOTHERS", რის შესახებაც ამჟამად მოგვითხრობს და ასევე გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ფსიქოთერაპევტის პოზიციიდან:
- მშობლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შვილებთან უშუალო, დალაგებული ურთიერთობაა. ეს ნებისმიერი ასაკის ბავშვის მშობელს ერთნაირად აღელვებს. ხანდახან შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა რთულდება, რადგან მშობლების მოთხოვნები და ბავშვების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. როცა ღირებულებები და არსებული რეალობა ერთმანეთის შორდება, ჩნდება შინაგანი კონფლიქტი და მშობელი იბნევა, აღარ იცის, როგორ მოიქცეს. მაგალითად, მშობელი, რომელისთვისაც მნიშვნელოვან ღირებულებას უფროსის პატივისცემა წარმოადგენს, თვლის, რომ ბავშვი უსიტყვოდ უნდა უჯერებდეს, უფროსს არ ეკამათებოდეს, თუმცა რეალობა სხვაგვირია - ახლანდელი ბავშვები საკუთარი აზრის არც გამოთქმას და არც მის დაცვას არავის წინაშე არ ერიდებიან. ისინი უფრო დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან, ვიდრე მშობლები მათ ასაკში. მშობლები გრძნობენ შვილის სიმართლეს, გრძნობენ რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ, ტრადიციის თანახმად, ბავშვი უფროსს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამის გამო მათ შინაგანი კონფლიქტი აქვთ და ვეღარ იგებენ, როგორ მოიქცნენ. რა თქმა უნდა, ბავშვს ზრდილობის ფარგლებში უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი შეხედულება ყველასთან დააფიქსიროს.
მშობლემის შეცდომათა სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს შეცდომის დაშვების მიუღებლობა. მივცეთ ბავშვს საშუალება შეცდომები დაუშვას, რადგან ის საკუთარ შეცდომებზე უკეთესად სწავლობს. დაეცეს, რომ ისწავლოს ადგომა. თუ ამას ერთხელ მოახერხებს, არც მეორედ გაუჭირდება. ადრეულ ასაკშიც მივცეთ საშუალება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და თავადვე აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ჩემს შვილს ხშირად აგვიანდებოდა პირველ გაკვეთილზე. ერთხელ მითხრა, რომ ბოლო გაცდენა მაქვს დარჩენილი და ექსტერნი რომ არ გამომყვეს, დილით გამაღვიძეო. მეც გავაღვიძე, მაგრამ ისევ დაეზარა წასვლა. მე არ დამიძალებია, მხოლოდ შესაძლო შედეგი შევახსენე. მან გააცდინა და ექსტერნი გამოყვა. რადგან ეს მისი საკუთარი პასუხისმგებლობა იყო, არც უწუწუნია და არც დახმარება უთხოვია, ისე მოაგვარა ეს საკითხი. ოთხი დღე და ღამე მეცადინეობდა და თავის საქციელზე თავად აგო პასუხი. რა თქმა უნდა, მისი ექსტერნისგან გადარჩენა რთული არ იყო, მაგრამ ეს დიდს ვერაფერს ასწავლიდა. ვერ გაიაზრებდა, რა მოჰყვებოდა მის საქციელს. თუ ყველაფერს გამზადებულს მივცემთ, ვეღარ მიხვდებიან, რა არის კარგი და რა ცუდი.
ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, რომელსაც მშობლები მათთან ატარებენ.ზოგჯერ მშობლები თვლიან, რომ ბავშვთან გაატარეს დრო, მაშინ, როდესაც სასეირნოდ მიდიან მეგობართან ერთად, რომელსაც ასევე ჰყავს შვილები. ბავშვები თავისთვის არიან, მშობლები თავისთვის. მათ კი ჰგონიათ, რომ შვილები გაასეირნეს. ბავშვთან მშობელი მაშინ ატარებს დროს, როცა მას უშუალოდ ეკონტაქტება. რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეთ, ყოველ მათგანს ინდივიდუალურად დაუთმეთ დრო, თუნდაც კვირაში ნახევარი საათი. ჩემს მეგობარს და კოლეგას 6 შვილი ჰყავს და ამბობს, ექვსი დედისერთა მყავსო. ის თითოეული შვილისათვის ყოველთვის ნახულობს დროს იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული და საქმიანი ადამიანია. ჩემთვის ის იმის მაგალითია, რომ მთავარია სურვილი გქონდეს და შვილისთვის დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. გვინდა ბედნიერი შვილები? ეს ბევრადაა ჩვენზე დამოკიდებული. მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, გვერდში დავუდგეთ, როდესაც ეს მათ სჭირდებათ, გავუგოთ მაშინაც კი, როცა ეს ძალიან ძნელია ჩვენთვის, ვემეგობროთ, უშუალოდ ვეკონტაქტოთ და, პირველ რიგში, ვაგრძნობინოთ, რომ მათ ჰყავთ საიმედო საყრდენი მშობლის სახით.
შედეგი ერთია, სხვებზე დამოკიდებული, ერთფეროვანი, უინტერესო, სხვების დაგეგმილი ცხოვრება, სადაც არ არსებობს დამარცხების გემო და გამარჯვების სიხარული, არჩევანის თავისუფლება.
კონფერენციის მიზანი იყო ოჯახსა და საზოგადოებაში დედის როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და ღრმად გააზრება იმისა, რომ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა მხოლოდ მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ასეთებად კი ისინი დედებმა უნდა აღზარდონ. სამყაროს დედები ცვლიან.
მთელი ინდოეთი მოვიარეთ, მიღება გვქონდა 35 უნივერსიტეტსა და კოლეჯში. შევიტყვეთ თუ როგორია დედის მდგომარება და შვილების მიმართ დამოკიდებულება ინდოეთში. სამი კვირის მანძილზე უამრავი ადამიანი გავიცანით, იყო გამოცდილებას გაზიარება, უამრავი კითხვა და პასუხი, აღმოვაჩინეთ ბევრი საერთო და ბევრი განსხვავება. საერთო, რა თქმა უნდა, გვქონდა შვილების უსაზღვრო სიყვარული და სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლის სურვილი. ინდოეთში ამ მხრივ საოცარი მზაობაა, შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანებს, მათ შორის დედებს, დღეში 50 ათასი ბავშვისთვის რომ ამზადებენ უფასო სადილს, ყოველდღე მუშაობენ, თუმცა ანაზღაურების გარეშე. ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი უკვე 15 წელია ამ რეჟიმით მუშაობს, ყოველ დილით 5 საათზე დგება და სხვისი შვილების დასახმარებლად მიდის.
ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ინდოეთის ვიცე-პრემიერთან, რომელმაც თავისი სკოლის წლები გაიხსენა, როდესაც დედამისის ერთმა საქციელმა სამუდამოდ ჩამოაყალიბა სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება. აი, რა მოხდა: სკოლაში საუზმობისას იგი ხედავდა, რომ როდესაც ყველა სახლიდან წამოღებულ საგზალს შეექცეოდა, ერთ-ერთი ბავშვი არ ჭამდა, რადგან საშუალება არ ჰქონდა საკვები წამოეღო. სახლში მისულს ეს ამბავი დედისთვის მოუყოლია. იმ დღის შემდეგ დედამისი მას ყოველდღე ატანდა ორ ზუსტად ერთნაირ ულუფას, რადგან კარგი დედა ის არის, ვინც მხოლოდ საკუთარ შვილს კი არა, სხვებსაც გაუწევს დედობას.
სწორედ ამ ამბავმა შექმნა ახალი ისტორია, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუთბო გული. იქ ყოფნის დროს, ჩემს შვილს დაბადების დღე ჰქონდა და მე მის გვერდით არ ვიყავი, რაზეც გული მწყდებოდა. უცებ ყველამ აღმოაჩინა, რომ ეს მარტო მე არ მეხებოდა და რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთარი შვილების დედები არ ვართ, ანუ გამოვიდა, რომ ჩემს ვაჩეს მარტო ერთი დედა არ ჰყოლია, ჰოდა,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა დედამ, თავიანთ ენაზე მიულოცა ვაჩეს დაბადების დღე. საღამოს კი, ერთ-ერთ უნივერსიტეტში კონფერენციის მსვლელობისას, ჩაქრა შუქი, შემოიტანეს უზარმაზარი ტორტი, რომელსაც ეწერა ვ ა ჩ ე. მთელი დარბაზი ერთად მღეროდა და ულოცავდა მას. იმ დროს, ყველა დედა ერთ დედაში გაერთიანდა. იმ მომენტში კარგად იგრძნო ის საოცარი ერთობა და სიყვარული, რომელიც შეცვლის სამყაროს.
გადავწყვიტეთ მსოფლიო დედათა მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ჩატარდეს.მჯერა, რომ ამ პროექტს ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, რადგან, ჩემი აზრით, ჩვენ სწორედ ის ქვეყანა ვართ, რომლისთვისაც ეს იდეა ძალიან მახლობელია. ერთად ხომ მთელი სამყაროს შეცვლა შეგვიძლია.
თამარ იაკობაშვილი