საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებამ ადამიანების დიდი ნაწილი სახლში დატოვა. დარჩი სახლში - სწორედ ესაა მთავარი სლოგანიცა და გადარჩენის გზაც, იმისთვის რომ შევამციროთ დაინფიცირების რიცხვი.
სახლში ყოფნამ შეცვალა ადამიანების ცხოვრების წესი, დედებს უფრო მეტი დრო გაუჩნდათ შვილებთან ურთიერთობისთვის და ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს კოვიდ-19-ის დადებით მხარედ. ორსული ხატია სიჭინავა, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ბავშვს ელოდება, მას შემდეგ სახლშია, რაც კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში
- ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სახლში ვარ იმ მომენტიდან, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. მოგეხსენებათ, ორსულად ვარ და ჩემი დავირუსება არაფრით არ შეიძლება, ბავშვებსაც შეიძლებოდათ მოეტანათ სახლში ვირუსი, ამიტომ ისინიც ჩემთან ერთად დასხდნენ სახლში, სკოლაში მანამდეც არ ვუშვებდი, სანამ არდადეგები დაიწყებოდა, უკვე ერთი თვეა ამ რეჟიმში ვართ. პანიკაში არ ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, თუ მე არ გავედი გარეთ ან სახლში არ შემოვიდა ვინმე ვირუსიანი, ისე არ გადაგვედება, ვიცავთ ამ წესებს და შესაბამისად საპანიკო არაფერი არ არის. სახლში ყოფნა ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენი ვართ, რომ ვართობთ ერთამენთს, არ მოგვიწყენია.
- როგორ ატარებთ დროს სამ ბავშვთან ერთად?
- ჩვენთან არავინ მოდის, ამაზე ზედმეტია საუბარი, ვერავის ვერ ვენდობი, შეიძლება იმას ეგონოს, რომ ძალიან დაცულია, მაგრამ დავირუსებული ხალხი მოძრაობს გარეთ და არავინ იცის, ვინ საიდან რას მოიტანს. პირველიდან გვეწყება ონლაინგაკვეთილები და კიდევ ერთი სიახლე შემოვა ჩვენს ცხოვრებაში, დიდად კი არ მჯერა ამ დისტანციური სწავლების, მაგრამ ისე ჯდომას ჯობია, ჩართულები იყვნენ. რაც შეეხება ბავშვების გართობას, მოგეხსენებათ, ჩემს ბავშობაში არ იყო ინტერნეტი და საერთოდ არაფერი, ამიტომ არ გამჭირვებია იმის მოფიქრება, რა თამაშები შემეთავაზებინა მათთვის. ვიღებთ ზღაპრის წიგნს, ვკითხულობთ და შემდეგ ამის მიხედვით ვდგამთ სპექტაკლებს, კონცერტებს და ა.შ. დატვირთული რეჟიმი გვაქვს ყოველდღიურად. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვები არ დაითრგუნონ იმით, რომ გამოკეტილები ვართ და არც აქვთ ეს განცდა. ბუნებრივია, გარეთ გასვლა უნდათ, მაგრამ აივანზე გასვლით ვიფარგლებით და ვივსებთ დანაკლისს, ვსუნთქვათ ჰაერს. მით უმეტეს ახლა ისე გაიწმინდა ჰაერი, რომ უკვე ღირს სუნთქვა. ცუდის გარდა კარგიც გააკეთა ამ ვირუსმა, მხოლოდ ცუდი კი არ გაუკეთებია. თუ თავს დაიცავ, არ დაგეტაკება და თუ დაარღვევ წესებს, მაშინ რაც მოგივა დავითაო.... მიკვირს ამ ხალხის, ერთმანეთს გადასდეს, სახლში ჯდომა არავის არ უნდა და ამ ფონზე, კიდევ როგორ უმკლავდება ეს მთავრობა ვითარებას და ამ გაუგებარ ხალხს, არ ვიცი. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ გაუგებარი ადამიანები მხოლოდ საქართველოში არიან, მსოფლიოშიც მრავლად დაფიქსირდა მსგავსი მაგალითები. ყველას გვინდა გარეთ გასეირნება, მაგრამ ხომ უნდა შეაფასო სწორად სიტუაცია. დაუდევრობის ბრალია ყველაფერი.
- ხატია, ძიძა გყავს ამ პერიოდში?
- ძიძა ჩემთან ერთად ცხოვრობს, 24-საათიანი ძიძა მყავდა ისედაც, მაგრამ ახლა ჩემთან ერთადაა ჩაკეტილი კარანტინში (
იცინის). ერთად მივაგორებთ ამ დღეებს.
- როდის ელოდები პატარას?
- მაისის შუა რიცხვებში. ვფიქრობ ხოლმე, რატომ არ ვარ პანიკაში თუნდაც ჩემი მდგომარეობის გამო, მაგრამ არ ვარ რეალურად. ჩემი ქმარი ყოველ საღამო მამშვიდებს, ნუ გეშინია, თუ რამე იქნა, მე მივიღებ ბავშვსო. ადრეც ხდებოდა ასე, ჩვენი წინაპრების დროს, ისინი თუ უმკლავდებოდნენ, ჩვენც მოვერევით ამ პრობლემასო - მოკლედ, მამხნევებს და ცდილობს, ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი. მე რომ იმაზე ვიფიქრო, მართლა ჩემი ქმარი მიიღებს ბავშვს, მერე დიდ პანიკაში ჩავვარდები. ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის პიკი გადავლილი იქნება და სიტუაცია დაწყნარდება. ოდესღაც ყველაფერი გაივლის, ასე ხომ არ ვიქნებით სულ, უბრალოდ ჩვენ თვითონ ადამიანები არ ვუწყობთ ხელს, რომ მალე ჩაქრეს საქართველოში ეს აფეთქება.
ციცი ომანიძე