ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ – ვინ დაიცვა ექსპრეს-დიეტა და რომელმა ვარსკვლავმა აიკრა მუცელი
ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ – ვინ დაიცვა ექსპრეს-დიეტა და რომელმა ვარსკვლავმა აიკრა მუცელი
მას შემდეგ, რაც ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი - შვილი იბადება, ჩნდება კიდევ ერთი საზრუნავი, ფორმაში ჩადგომა და ზედემტი კილოგრამების დაკლება. ბევრი ორსულობაში მომატებულ კილოგრამებს მალევე იკლებს, ზოგს კი ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ ცნობილ დედებს დავუკავშირდით და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

სალომე გოგიაშვილი: "სტრიები ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს, თან ისეთ ადგილებში, სადაც არ ჩანს"
- სამივე ორსულობის დროს ერთნაირად მოვიმატე, ანუ დაახლოებით 22 კილოს ვიმატებდი ხოლმე. ბავშვის გაჩენის დღიდან ვიცავდი დიეტებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ვშიმშილობდი, სასურველ ფორმაში
ჩადგომა მაინც გამიჭირდა. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ შენს წონას დაუბრუნდე. მაგალითად, მე 6 თვე დამჭირდა იმ წონაზე დასაბრუნებლად, რაც ფეხმძიმობამდე ვიყავი. ერთ-ორ თვეში იმავე ფორმაში ჩადგომა გამორიცხულია. რომ ამბობენ, `გავაჩინე და მაგიდაზე დავტოვე 22 კილო~, - ასეთები არ ხდება. მაგიდაზე შეიძლება დატოვო ბავშვისა და წყლის წონა – დაახლოებით 10 კილოგრამი, დანარჩენი კი შემდეგ და შემდეგ უნდა დაიკლო.
- მუცლის გაკვრის პრქატიკაზე რას ფიქრობ? მიგიმართავს ამ ხერხისთვის?
- ვერაფერს გეტყვი ამ თემაზე, იმიტომ, რომ მე არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, ალბათ იმიტომ, რომ არ დამჭირვებია. ეს უფრო მათ სჭირდებათ, ვისაც იმის საშიშროება აქვს, რომ
მუცელი შეიძლება, ჩამოეკიდოს. საერთოდ, ქართველი ქალის წყობა ასეთია, ცოტა მუცელი, ცოტა გვერდები, ბარძაყები და რაც უფრო მეტად მივხედავთ ამ ზონებს, უკეთესია. პრინციპში ცუდი არცაა აკვრა.
- ზემოთ თქვი, ფაქტობრივად ვშიმშილობდი იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავიო, გაგვიმხილე რომელიმე ეფექტური დიეტა...
- ამას წინათ დავწერე ჩემი დიეტა და მერე წავიკითხე გამოკითხვა, რომელიც შედეგს ეხებოდა. იქ ეწერა, ხალხნო, არ დაუჯეროთ, იტყუება, მოგკლავთ ეგ დიეტა და ა.შ. არავის მოვუწოდებ ისეთივე დიეტაზე იყოს, როგორზეც მე, იმიტომ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ვიღაცას თუ აკლებინებს 2 კილოს, სხვამ შეიძლება, 5 დაიკლოს. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს წონის სწრაფად დაკლება, საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ არ უნდა ვჭამო და არ მშია, შედეგად შემიძლია, ვიშიმშილო კვირები და პრობლემა არ მექმნება. ჩემი დიეტა ასეთი იყო, ვჭამდი სოსისს, ან ერთ ნაჭერ ლორს, 2 სალათის ფურცელს და ერთი კიტრის ნახევარს. მთელი დღის განმავლობაში ეს იყო ჩემი საჭმელი, ნუ ყავასა და ჩაიზე უარი არ მითქვამს. შემეძლო ეს ერთი კვირა გამეკეთებინა, ასევე შემეძლო მეჭამა სამი დღე ვაშლი და ა.შ. სტანდარტული დიეტა არ გამიკეთებია, რადგან ვიცი, როცა ასეთ რაღაცებს ვჭამ, ორგანიზმი კლებას იწყებს. მერე უკვე როცა მივხვდი, რომ ორგანიზმმა დაიწყო ფორმაში ჩადგომა, უბრალოდ, ცომეული ამოვიღე რაციონიდან. დღეს ვჭამ ყველაფერს, რაც მომენატრება, ვერიდები ცომს, ნამცხვარს, ტკბილეულს, მაგრამ ვცდილობ, მივირთვა მოხარშული პროდუქტი, მაგალითად მოხარშული ბოსტნეული, მიყვარს ბრინჯიანი კერძები და ხშირად ვაკეთებ, მაგრამ თუ ძალიან მომინდა ნამცხვარი, მაგაზეც არ ვამბობ უარს, იმიტომ, რომ მერე განტვირთვის დღეს ვაკეთებ. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ კიდევ ერთი დიეტა, რომელიც ასევე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და კარგია: ორი დღე უნდა მირთვათ მოხარშული წიწიბურა ყველაფრის გარეშე, შემდეგი ორი დღე - მოხარშული ბრინჯი, ესეც ყველაფერის გარეშე.

mshoblebi
- რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა?
- მე მაგალითად, ერთ პატარა ქვაბს ვჭამ მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი დღე შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ბოსტნეული, ოღონდ მარილის გარეშე. ყავა, ჩაი ერთ კოვზ თაფლთან ერთად. დანარჩენი ორი დღე კი ხილისაა. შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი, ბანანის გარდა.
- შენი გამოცდილებიდან, ამ დიეტით რამდენი დაგიკლია?
- უფრო ახალგაზრდობაში ერთ კვირაში 4 კილოს ვიკლებდი, რაც ცოტა ასაკი მომემატა, კვირაში 2 კილოს, ან კილო-ნახევარს ვიკლებ, მაგრამ ესეც არაა ცუდი შედეგი. საერთოდ, რაც უფრო მცირეწონიანი ხარ, უფრო გიძნელდება დაკლება.
- დიეტაზე ყოფნის დროს, აუცილებელია, წყლის განსაზღვრული რაოდენობა მივიღოთ?
- წყალი ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ მე დიეტის დროს სპეციალურად, განსაზღვრული რაოდენობა არ დამილევია, ვერ ვსვამ, რაც ძალიან ცუდია, არავინ არ გაიზაიროს ეს ამბავი. რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, უკეთესია. ყველას მოვუწოდებ ბევრი წყლის სმისკენ.
- სალომე, სტრიების პრობლემაზეც მინდა გკითხო...
- ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს, თან ისეთ ადგილებში, სადაც არ ჩანს. ამ პრობლემისგან გადარჩენილი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, ქალებს რჩებათ მუცელზე და სამწუხაროდ, ამის საშველი ნაკლებადაა, არც საცხი შველის და არც სხვა რამ. მხოლოდ და მხოლოს კანზეა დამოკიდებული, რაც უფრო ელასტიურია კანი, იტანს გაწელვას, მშრალი კანი კი შედარებით უფრო პრობლემატურია.
- ორსულობას თან ახლავს თმის ცვენის, კანის პრობლემები, მოვლის შენეული ხერხები თუ გაქვს?
- თმის ცვენას არ შევუწუხებივარ. ისე, ვიცი, რომ თმისთვის ძალიან კარგია მაიონეზი, კვერცხი, მაგრამ სიმართლე გითხრა, მე გამოცდილი არ მაქვს და რეკომენდაციას ვერ გავუწევ. ახლა იმდენი საშუალებაა გამოსული, ნებისმიერ აფთიაქში რომ შევიდეს ადამიანი და იკითხოს თმის მოვლის საშუალება, უფრო ეფექტური იქნება.


მარიამ როინიშვილი: "წონის პრობლემა ორსულობის გამო არ შემქმნია"
mshoblebi
- ორსულობის შედეგად სულ 9 კილო მოვიმატე, მშობიარობის შემდეგ რომ ავიწონე, 7 კილო უკვე დაკლებული მქონდა. სამშობიაროდან კი იმ წონით გამოვედი, რაც ორსულობამდე ვიყავი. ის ჯინსი მოვატანინე ჩემი ოჯახის წევრებს, რომელიც ვიწრო მქონდა და იმ შარვლით გამოვედი სამშობიაროდან. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ მიდიეტია. მერე ბავშვს ბუნებრივად ვკვებავდი და ამან კიდევ დამაკლებინა წონაში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წონის პრობლემა ორსულობის გამო არ შემქმნია, იმიტომ, რომ ფეხმძიმობის დროსაც ვაკონტროლებდი თავს.
- ორსული როგორ ახერხებდი თავის კონტროლს? ხომ არსებობს მოსაზრება, რომ ორსულს რაც მოუნდება, ის უნდა ჭამოს აკრძალვების გარეშე...
- ვჭამდი ყველაფერს რისი სურვილიც მქონდა, ნაყინი მინდებოდა ხოლმე საოცრად... ვერ გეტყვი, როგორ არ მოვიმატე ამდენი ნაყინის ხარჯზე. მაგრამ იყო პერიოდი, როცა პურს არ მივირთმევდი, საღამოს ჭამისგან თავს ვიკავებდი და ალბათ ამანაც განაპირობა. თუმცა გენეტიკას თუ გადავხედავ, შეიძლება ვთქვა, რომ ეს გენეტიკურიცაა. დედაჩემიც და დეიდაჩემიც ორუსლობის პერიოდში ხდებოდნენ, ძალიან იკლებდნენ წონაში. მაგრამ როგორც უკვე გითხარი, თან ვაკონტროლებდი, ვერ ვიტყვი, რომ მიშვებული მყავდა საკუთარი თავი.
- თუმცა, ვიცით ისიც, რომ ბოლო პერიოდში დაიცავი დიეტა და 12 კილოც დაიკელი...
- ელენე უკვე 2 წლის მყავდა, მომატება რომ დავიწყე, რის გამოც გადავწყვიტე, ქალბატონი ნატა გაგუას დიეტით მეხელმძღვანელა. პრინციპში, ამას დიეტად არ აღვიქვამ, მარტივია ჩემთვის, ფსიქოლოგიურადაც არ განგრევს, რაც დიეტას სჩვევია. ჩემ შემთხვევაში ამას დიეტა კი არა, სწორი კვება ჰქვია და ორგანიზმიც მარტივად დაჰყვა.
- როგორია ეს შენი დიეტა - სწორი კვება...
- ძალიან მიყვარს ხორცი და ქალბატონ ნატას ვთხოვე, ხორცით დაეტვირთა ჩემი რაციონი. მართლა ყოველდღე, ხან დღეში ორჯერ მქონდა ხორცი, დღეში ოთხჯერ ვიკვებებოდი, ოღონდ, რა თქმა უნდა, მოზომილად და დოზირებულად, რაღაც პერიოდი ვწონიდი კიდეც საჭმელს და რაც მთავარია, არ ვიყავი მშიერი და ძალაგამოცლილი... აქედან გამომდინარე ძალიან გამიმარტივდა, თან გაცილებით ჯანსაღი იყო ეს ყველაფერი. თუნდაც იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს მარილიანი, რაც ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის, ქალბატონმა ნატამ კი შემიმცირა მარილი და მერე მივხვდი, რა კარგია ცხოვრება მარილის გარშე (იცინის). ბევრ კარგს მიმაჩვია ამ კვებამ.
- დღემდე ამ დიეტას იცავ?
- ახლა დატვირთული რეჟიმისა და პროექტის გამო მიჭირს ოთხჯერ კვება, მაგრამ ვცდილობ, რაღაც-რაღაცები ისევ გავითვალისწინო, არ ვიმატებ და მერე ვნახოთ.
- ფიზიკური დატვირთვაც ალბათ ხელს უწყობს ამას...
- რასაკვირველია, ახლა ცოტა მეტსაც კი ვჭამ, იმიტომ, რომ ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს პროექტი, ჩემი მთელი დღის რაციონი `მიდის~ ერთ ვარჯიშში.
- გარდა დიეტისა, სახის ან თმის მოვლის შენეული ხერხები თუ გაქვს, თუნდაც ნიღბები...
- არა, არა. არც სახისთვის, სერთოდ არ ვიყენებ ნიღბებს, თმისთვის კი მზა პროდუქტს ვყიდულობ, ხალხურ მეთოდებს ამ მხრივ არ მივმართავ. მერედამერე რომ დამჭირდება, რასაკვირველია, გამოვიყენებ, რათა უკეთ გამოვიყურებოდე.


თამუნა მუსერიძე: "ბავშვი როგორც კი გავაჩინე, მეორე დღესვე ავიკარი მუცელი, კორსეტი მეცვა"
mshoblebi
- ორსულობის ბოლო თვეში 15 კილო მქონდა მომატებული, აქედან 9 კილო სამშობიაროში დავტოვე. ყოველთვის 48-49 კილო ვიყავი, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ჩემს წონასთან შედარებით 4 კილო ზედმეტად დავიკელი და 44 კილო დავრჩი. საერთოდ, პრეტენზიული მჭამელი ვარ, ყველაფერს ვერ მივირთმევდი, ამიტომ ვჭამდი ძალიან ცოტას და ძირითადად იმას, რაც ბავშვისთვის იყო აუცილებელი, ამის გამო დავიკელი ძალიან. რაც შეეხება ფორმაში ჩადგომას, ბავშვი როგორც კი გავაჩინე, მეორე დღესვე ავიკარი მუცელი, მეცვა კორსეტი, ერთ თვეში კი დავიწყე ვარჯიში, წელზე შემოხვეული მქონდა პარკი, ზემოდან კი შალი და ასე ვვარჯიშობდი დღეში სამი საათი.
- დიდი ძალისხმევა დაგჭირვებია...
- ძალისხმევაში არაა საქმე. ჩემს პროფესიას სჭირდება ის, რომ მუდმივად ვიყო ფორმაში, მქონდეს კარგი პრესი და ტანი ფორმაში. დღემდე ვვარჯიშობ, ტრენაჟორებზე დავდივარ, საკუთარი მწვრთნელი მყავს და ჩემს თავს ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ, მაგრამ მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება ამ საკითხს.
- გარდა სხეულის ფორმისა, პრობლემა ჩნდება კანზეც.
- არანაირი პრობლემა არ მქონია, სტრიები არ გამჩენია, პირველივე თვითან ვისვამდი მუცელზე სპეციალურ საშუალებას. თუმცა ბევრი ამბობს, ეს კანზეა დამოკიდებული და ზეთი არაფერ შუაშიაო. ყოველ შემთხვევაში, მე სტრიები არ მაქვს, ერთადერთი ზოლი მაქვს ფეხზე, მუცელზე კი ხალებმა ადგილი შეიცვალეს - გვერდითა მხარეს მაქვს, ეტყობა, კანის დაჭიმვის შემდეგ სხვა მხარეს გადაინაცვლეს.
- მშობიარობის მერე სამსახურში რამდენ ხანში გახვედი? მართალია, შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ხშირად აქტიურ ქალებს, პასიურ ცხოვრებასთან შეგუება უჭირთ...
- ორი კვირის შემდეგ. სამი თვე სახლიდან არ გავიდოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა - არც დედაჩემი მუშაობდა, არც ჩემი ძმა, ქმარს გაშორებული ვიყავი და მე რომ არ მემუშავა და არ გავსულიყავი სამუშაოდ, ჩემს შვილს ვერავინ ვერ გაზრდიდა, ვერავინ აჭმევდა საჭმელს და პამპერსს ვერ მოუტანდა.
- დღეს თავის მოვლის თვალსაზრისით რა რჩევას მისცემ ქალებს, როგორ ჩადგნენ ფორმაში?
- ვარჯიშით. არანაირი დიეტას არ ვიცავ, უბრალოდ ვცდილობ, 6 საათის შემდეგ არ მივიღო ცომეული, სხვა მხრივ არანაირი შეღუდვა არ მაქვს, უბრალოდ ვვარჯიშობ. დილა-საღამოს 300-300 პრესს ვაკეთებ, დაიწყეთ 50 პრესით და ნელ-ნელა მიაღწევთ სასურველ შედეგს.

ციცი ომანიძე
22763
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
თამუნა 300 პრესს რომ აკეთებ ყოველდღე სამსახურში როდისღა მიდიხარ, ამას ხომ დრო უნდაა :)
17:31 / 25-06-2015
shorena
0
ტამუნა ექიმი ვარ, გინეკოლოგი-ენდოკრინოგი.ნახევარ სოსისს და ნახევ კიტრს შEჭAმ,ტუ 3 კიტრს,შEდეგი ერტიდაიგივეა,ან 3 სალატის ფურცელს ტუ 6 ს. განსხვაცედა ის არის,რომ რაც უფრო მეტ ფოტოლს ან კიტრს,ან ცილას,უფრო მყარ სჰედეგს მიიGებ
00:56 / 10-11-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი