ქეთი ტაბატაძე 37 წლისაა. 9 შვილი ჰყავს, მეათეს კი მარტში ელოდება. ამბობს, რომ მისი ერთი ჩვეულებრივი დღე ძალიან დატვირთულია, რადგან ბავშვებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ და ყველას ინდივიდუალურად სჭირდება ყურადღება. ქუჩაში 9 შვილით მიმავალს ხშირად აყოლებენ თვალს და როგორც თავად გვეუბნება, ბევრ დადებით ემოციას იღებს. ქეთი გვიყვება, როგორია მრავალშვილიანი დედის სტატუსი და რა სირთულეები ახლავს ამას თან:
- მართალია, დიასახლისი ვარ და ოფიციალური სამსახური არ მაქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ დაკავებული გახლავართ. მასწავლებელი ვარ და ინგლისურ ენაში ვამზადებ. ოჯახი შევქმენი 22 წლის ასაკში. სიმართლე გითხრათ, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ყველა კარიერის შექმნაზე საუბრობდა, მე ხმამაღლა არაფერი მითქვამს, მაგრამ მახსოვს, გულში ვფიქრობდი ხოლმე, რომ უმაღლესის დამთავრებისთანავე ოჯახს შევქმნიდი. ნამდვილად არ ვფიქრობდი (ანუ გეგმა არ მქონდა, როგორც ასეთი) მრავალშვილიანი დედა გავმხდარიყავი, მაგრამ უფალმა ასე ინება.
- მოგვიყევით თქვენს შვილებზე, რა ასაკის არიან, რას აკეთებენ...
- უფროსი ელენე 14 წლისაა. შემდეგ მას მოსდევს ანტონი 12 წლის, ილია - 11 წლის, ანდრია - 10-ის, იოანე - 9-ის, ელისაბედი - 7-ის, ენუქი - 4-ის, ელისე - 2-ის და აბრაამი - 8 თვის. ბავშვები ძალიან ენერგიულები არიან, ვერ ვაჩერებო, რომ იტყვიან და შემიძლია არ ვიწუწუნო, სხვა მშობლებისგან განსხვავებით, საკმაოდ მსგავსი ბავშვობა აქვთ ჩემს ბავშვობასთან. არ არიან კომპიუტერებზე მიჯაჭვულები და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ. აქტიურად თამაშობენ მეგობრებთან ერთად დახუჭობანას, გაშეშობანას. რეზინობანა მე ვასწავლე. სახლში ვთამაშობთ ხოლმე ლოტოს, თამაშობენ ჭადრაკს და ა.შ. ამის იქით საოცარი ხელოვანებიც არიან. ხატავენ, ძერწავენ, მღერიან, როგორც საესტრადო სიმღერებს, ასევე ქართულ საგალობლებს. სპორტითაც დაკავებულები არიან, ზოგი მათგანი - რაგბით, ზოგიც - კალათბურთით, ცურვით. ვფიქრობ, რაც მათ აინტერესებთ, ყველაფერი უნდა მოსინჯონ, შემდეგ გზას თვითონ იპოვნიან. ჩვენ, როგორც მათი წინამძღოლები, ხელს ვუწყობთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- მეათე შვილს ელოდებით, რა გამოწვევაა თქვენთვის მრავალშვილიანი დედობა?
- მარტში ველოდები მეათე შვილს და მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ, მრავალშვილიანი დედობა არ ყოფილა ნამდვილად ადვილი, ვფიქრობ, ღმერთმა ეს ჯვარი მომცა და ბოლომდე ღირსეულად უნდა შევძლო ტარება. ვმადლობ ღმერთს ამხელა წყალობისთვის და მუდმივად ვთხოვ უფალს, წმინდანებს ძალას და სიმხნევეს. ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, დიდი გაჭირვებაც გამოვიარეთ, მაგრამ უმადური უნდა ვიყო, ვთქვა, რომ ბედნიერი არ ვარ. მე ბედნიერ დედად მივიჩნევ თავს.
- რა დადებითი და უარყოფითი აქვს ამ ყველაფერს?
- უარყოფითით დავიწყებ და ვიტყვი, რომ მე პირადად ისეთ მშვიდ გარემოში გავიზარდე, საკმაოდ მიჭირს ხმაურის ატანა. ასევე დრო იმდენად ცოტაა ჩემთვის, რომ მუდმივმა სიჩქარემ დამღალა. სულ სწრაფად უნდა აკეთო ყველაფერი. გული ზოგჯერ ამოვარდნას მაქვს ხოლმე.
სხვა უარყოფითი არაფერი მახსენდება. დადებითს კი რა ჩამოთვლის... ყოველი დღე დადებითია, ვხარობ მათით, ჯერ მარტო ქუჩაში რომ გავივლი ან ტრანსპორტში ვართ, სულ უცხო ადამიანებიც კი სიხარულის თვალებით რომ უყურებენ ბავშვებს, ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ კარგ ხასიათზე დადგე. მაგრამ მთავარს მაინც აღვნიშნავ - ისინი სწავლობენ ერთმანეთზე ზრუნვას. მოფერებაში, ჩხუბშიც, თამაშში, ერთად სიარულით და წანწალით ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან თვისებებს იძენენ. სწავლობენ დამოუკიდებლობას, თავის გატანას, სასწაულად ბევრი რამ შეიძლება ჩამოითვალოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის, ქრისტიანულ გარემოში იზრდებიან და ღმერთია მათი მამა და ღვთისმშობელია მათი დედა. ისინი ზრდიან შვილებს, უპირველეს ყოვლისა, და დიდი წყალობა მოდის განსაკუთრებით ასეთ ოჯახებზე. სასწაულებით ვცხოვრობთ, თამამად შემიძლია ვთქვა.
- როცა ბავშვებს განსხვავებული ინტერესები აქვთ და ყველას სჭირდება ყურადღება, როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას?
- დროის განაწილებას რაც შეეხება, მე ფაქტობრივად არ ვერევი, გადასარევად ართმევენ თავს ყველაფერს, ზოგი მეუბნება ხოლმე, თავისთავად იზრდებიან დამოუკიდებლებიო და მთლად ასეც არაა. ერთი და ორი მყავდა, რომ მე თვითონ ვუწყობდი ხელს, დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ. ჩემს ჩართულობას რაც შეეხება, მუდმივად ჩართული ვარ, ყოველ წუთს და ყოველ წამს. ხან დაველაპარაკები, ბავშვი რაღაცას რომ გააკეთებს და სურს რეაგირება მოვახდინო, აუცილებლად ვპასუხობ, ორი სიტყვით, მაგრამ აუცილებლად. ეს უკვე ურთიერთობაა.
მაგრამ ჩემი მათთან ურთიერთობის ძირითადი ფორმა ჩახუტება და მოფერებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ, მუდმივად სიარულზე. არდადეგებზე, რომ იტყვიან, ტყე-ღრეს მოვივლით ხოლმე. ძალიან აქტიური დედა ვარ და მათთან გატარებული დრო კი არ მღლის, პირიქით, მუდმივი ენერგიით მავსებს.
- მათ აღზრდაში ვინმე გეხმარებათ? მეუღლეს რა როლი აქვს?
- დახმარება ჩემთან საკმაოდ რთული თემაა, დედა გვერდით არ მყავს და დედამთილიც იმდენად ვერ ახერხებს. ჩემი ძირითადი დამხმარე მეუღლე და უფროსი გოგონაა. შვილებიც, რა თქმა უნდა, აქტიურად არიან ჩაბმულები, მაგრამ მოგეხსენებათ, დედებს იმდენი საქმე გვაქვს... თან ხომ იცით გამოთქმა "თითო ბავშვს თითო ადამიანი სჭირდებაო" და აბა, როგორ? ჩემი ქმარი ძალიან მზრუნველი მეუღლე და მამაა. ის ისევეა ჩართული ბავშვების აღზრდაში, როგორც მე. მას ევალება ბავშვების წრეებსა და სკოლაში ტარება-გამოყვანა. ასევე, სულ პატარას მიხედვა, როცა მე გაკვეთილებს ვატარებ.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობისას?
- ბავშვებთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარია მივცე სიყვარული, სითბო, ბევრი სიხარული და ვასწავლო სიკეთე.
- რა შეგიძლიათ უთხრათ სხვა მრავალშვილიან დედებს, ან ქალებს, რომლებსაც ბევრი შვილის გაჩენა აშინებთ?
- ვისაც ბევრი შვილის გაჩენა აშინებს, მათ ვეტყოდი, რომ, უპირველეს ყოვლისა, იპოვნონ მათ თავიანთ გულებში ქრისტე. იარონ ტაძარში, ხშირად ეზიარონ და უფალი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. ჯვარი მეწეროს, რამის რომ შემეშინდეს. არასდროს შეიტანონ უფალში ეჭვი იმ ებრაელებივით, რომელნიც დრტვინავდნენ ხოლმე. მესმის, ვიღლებით, მაგრამ აბა როგორ გვინდა! "ოფლითა შენითა მოიპოვო პური შენი " - ეს უნდა გვახსოვდეს და ყველა უნდა მოვერიდოთ წუწუნს. აი, ამას ვურჩევდი.
ქეთის და მისი მეუღლის ერთ-ერთი იუმორისტული ვიდეო, რომლითაც ფეისბუქმეგობრებს ამხიარულებენ ხოლმე
- რა სირთულეები ახლავს ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიან დედობას და რა
მდენად გეხმარებათ სახელმწიფო? - მე ისევ განვმეორდები, რომ არასდროს არ უნდა შეგეშინდეს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საერთოდ არ ზრუნავს მრავალშვილიანებზე. წესით, ძალიან გაჭირვებაში უნდა ვიყოთ, მაგრამ უფალი არ გვტოვებს. სასწაულებითაა ჩვენი ცხოვრება სავსე. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ტაშს ვუკრავ. არა და არა. ძალიან სამწუხაროა, რომ დემოგრაფიაზე დიდის ამბით საუბრობენ და რეალურად, არაფერს აკეთებენ ჩვენნაირი ერთეული ოჯახებისთვის. სოციალურად დაუცველი თუ არ ხარ, სახელმწიფო არ გეხმარება და ეს დახმარებაა?
- ბავშვებს როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, თუ გეხმარებიან უფროსები პატარების აღზრდაში?
- ბავშვებს ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ. ხან ეფერებიან ერთმანეთს, ხანაც ჩხუბობენ. ისე ვერ გაიზრდებიან. მე რომც არაფერი ვთქვა, გარშემო ამბობს ყველა, რომ უზომოდ თბილები არიან. მე მეტი არაფერი მინდა. ვფიქრობ, თავი ქუდში მაქვს, ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იზრდებიან. ქრისტიანი ხომ უნდა გამოირჩეოდეს სიყვარულით და სითბო თავისთავად სიყვარულის გამოხატვის ფორმაა.
როგორ გალობენ ძმები ტაბატაძეები - იხილეთ ვიდეო
Video ძმები ტაბატაძეების გალობა
- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთან?
- ყოველი დღე გვაქვს ძალიან აქტიური. ბევრი რამის თქმა შეიძლება. ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, ზოგი კალათბურთზე მიდის, ზოგიც რაგბიზე, ზოგი სიმღერაზე და ეს რეჟიმი გვაქვს ყოველდღიურად, როცა სკოლის პერიოდია. მეცადინეობით ყველა დამოუკიდებლად მეცადინეობს და შემდგომ გადიან ქუჩაში და დიდხანს თამაშობენ, არ ვუშლი, ვინაიდან მათი განვითარებისთვის თამაში აუცილებელია. მე, როგორც დედა, დაკავებული ვარ საოჯახო საქმეებით და პარალელურ რეჟიმში ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. საკუთარი თავისთვის, სიმართლე ითქვას, ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ დღისით თუ ვერა, ღამით მაინც ვაკეთებ იმას, რაც დღის განმავლობაში ვერ შევძელი. ვგულისხმობ საყვარელ საქმიანობას. ეს შეიძლება იყოს: კითხვა ან ხატვა (ლოცვა თავისთავად).
თამარ იაკობაშვილი