პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითად, შესაძლოა საქართველოში აბორტი აიკრძალოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს. აღნიშნული წინადადებით აბორტის ნებაყოფლობით გაკეთება ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი აბორტის გაკეთება აიკრძალება და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ასევე შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და თავისუფლების აღკვეთა. ინიციატივის ავტორი განმარტავს, რომ ეს მუცლად მყოფი ბავშვების შობადობას შეუწყობს ხელს და დადებითად იმოქმედებს დემოგრაფიულ განვითარებაზე.
რამდენად საჭიროა მსგავსი საკანონმდებლო წინადადება და რა შეიძლება მოჰყვეს ამას, თემაზე ექიმი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ჭელიძე გვესაუბრება:
"ეს პოპულისტური ნაბიჯია, რაც დედათა სიკვდილიანობის ზრდას და, ზოგადად, ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. თუ ვინმეს აბორტის რიცხვის შემცირება უნდა, გამოსავალი მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ განათლების გაზრდა და ამ საშუალებებზე ხელმისაწვდომობაა. არც ერთი ადამიანი, რომელიც აკეთებს არჩევანს, არ აირჩევს თავისთვის უარესი შედეგის მომტან საშუალებას, თუნდა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით. მივიღებთ იმ შედეგს, რომ აბორტები იატაკქვეშეთში გადავა, რაც შეუძლებელს გახდის მონიტორინგს, დაცულია თუ არა შესაბამისი პირობები, რომ ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, არ მოხდეს მისი დაინფიცირება და ასე შემდეგ. შედეგად, გაიზრდება გართულებები, შეიძლება ამას მოყვეს სიკვდილიანობა. ასეთ პუპულისტურ ნაბიჯებს, ჯობს ავირჩიოთ უფრო რეალური ნაბიჯები. ვიდრე განხილვამდე მივა, უმჯობესია, როგორცაა კანონით გათვალისწინებული, გაიმართოს დისკუსიები ექსპერტულ ჯგუფებთან ამ კანონპროექტის შესახებ. იმედი მაქვს, რომ იმის მერე, რაც მოისმენენ ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასებებს, აღარ მოხდება წინადადების განხილვა. ევროპაში სიკვდილით ისჯებოდა აბორტის გაკეთება, მაგრამ მას მაინც აკეთებდნენ. ამიტომ, დამსჯელობითი ღონისძიებები დიდად არაფერს ცვლის. მხოლოდ გვექნება ის, რომ, როგორც ვთქვი, ან არალეგალურ აბორტებს მიმართავენ ან ნაყოფის მოცილების მიზნით, გამოიყენებენ ხალხურ მეთოდებს, რაც ასევე ძალიან სახიფათო და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ამას ვებრძვით. საერთოდ, განათლებული ადამიანი, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, დარწმუნებული ვარ, ოჯახის დაგეგმვას პასუხისმგებლობით მოეკიდება."
თამარ იაკობაშვილი