ეს მხიარული და პლასტიკური გოგონა პატარა ივლიტა უგრელიძეა, რომელსაც ალბათ უკვე ბევრი იცნობს, რადგან მედიასივრცეშიც გამოჩნდა და რამდენიმე ტელევიზიაში სტუმრობაც მოასწრო. ივლიტა ახლა შევიდა სკოლაში, თუმცა ჯერ კიდევ 3-4 წლის იყო, როცა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - პირველ რიგში, თავისი ძალიან არტისტული ბუნებით, დიდური, ძალიან ბრძნული და გონივრული გამონათქვამებით და წიგნების სიყვარულით, რომლებსაც 4-5 წლიდან უკვე გამართულად კითხულობს და მის მიერ წაკითხული წიგნების სიაც უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია.
მიუხედავად იმისა, რომ ივლიტა ასეთი მართლა განსაკუთრებული პატარაა, ნაკლებად უყვარს უცხო ადამიანებთან თავის წარმოჩენა, მორიდებულია და მორცხვი, ამიტომ პირადი ინტერვიუთი არ დავძაბეთ და არ დავღალეთ, სამაგიეროდ, ვესაუბრეთ მის დედიკოს, რომლის წვლილიც, ივლიტას მამასთან, ერეკლე უგრელიძესთან ერთად, რასაკვირველია, უდიდესია იმაში, რომ ის ასეთი მრავალმხრივ განვითარებული, ინტერესიანი, გონიერი და რაც მთავარია, ლაღი ბავშვია.
სოფიო ჯაფარიძე ფილოლოგიის დოქტორია, რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. ისეთ ასაკში და თავისი ცხოვრების ისეთ ეტაპზე გახდა დედა, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, ცხოვრებისეული თუ ინტელექტუალური ცოდნა და მზადყოფნა იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში ახალი, დამოუკიდებელი არსება გაჩენილიყო. თავის შეხედულებებზე, აღზრდის მეთოდებზე სოფო თავად გვიამბობს და ვფიქრობთ, ბევრი მშობლისთვის იქნება საინტერესო ეს მიდგომები და შეხედულებები.
სოფიო ჯაფარიძე:
- უპირველესად იმას ვიტყოდი, რომ ჩვენს სინამდვილეში ბავშვის არათუ სრულფასოვნად აღზრდა, ფიზიკურად გამოზრდაც კი უდიდეს პრობლემად იქცა. ბოლო პერიოდში ამის უთვალავი მაგალითი გვაქვს და ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურების უმთავრესი და უპირველესი საზრუნავი ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის მოწესრიგება უნდა იყოს, რომ ოჯახებს ჰქონდეთ ბავშვზე, მომავალ თაობაზე, სათანადოდ ზრუნვის შესაძლებლობა. თუ სოციალური საკითხი არ მოგვარდება, მასზე ვერც ზნეობრივი და ინტელექტუალური საწყისები დაშენდება.
ამ რეალობის გათვალისწინებით, ძალზე ძნელი და უხერხულიც კია, რომელიმე მშობელს ბავშვთან სწორი ურთიერთობის, მისი ღირსეულად აღზრდისა თუ სრულფასოვნად განვითარების რაიმე რეცეპტი შესთავაზო. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ამა თუ იმ ოჯახში, რა გასაჭირი, რა სიძნელეებია. ამიტომ ეს საკითხი ფრთხილ და მოზომილ მიმართებას ითხოვს ყველასგან. მე შემიძლია ჩემი და ჩემი შვილის ისტორია გიამბოთ და თუ ეს ვინმესთვის საინტერესო, ან თუნდაც სამაგალითო აღმოჩნდება რაიმე თვალსაზრისით, მხოლოდ გამიხარდება.
ვთვლი, რომ ჩემს შვილს ძალიან გაუმართლა იმით, რომ აგერ უკვე 6 წლისაა და უჩემობა არასდროს უგრძნია. ამ წლების მანძილზე სულ მის გვერდით ვარ, რაც, მიმაჩნია, რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში. ჩემი დაკვირვებით, ამაზე მთავარი ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისთვის არაფერია. საბედნიეროდ, მქონდა იმგვარი სამსახური, რომ შინ მუშაობის საშუალებას მაძლევდა.
ივლიტა ჩვილობიდანვე უცნაური ბავშვი იყო - ძალიან ადრიდან დაიწყო სამყაროს შეცნობა და მასზე დაკვირვება. 3 თვისა იყო და ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი დეიდაშვილის სტუმრობა ამერიკიდან, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგია, მახსოვს, გაკვირვებული ამბობდა - ეს ბავშვი თვალებით ცხოვრობსო. უკვე ამ ასაკიდან ივლიტა მართლაც გაფართოებული თვალებით უყურებდა სამყაროს და ეს გაუნელებელი ინტერესი ყველაფრის მიმართ დღემდე გრძელდება.
თვეებიდანვე დავიწყეთ კითხვა, მეტწილად ლექსების. სულ ვესაუბრებოდით მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც, ძალიან პატარასაც კი ყველაფერს ვუხსნიდით. სხვათა შორის, არასდროს მქონდა იმის განცდა, რომ ივლიტა პატარაა და არაფერი ესმის, ახალდაბადებულის მიმართაც კი რაღაცნაირი მოკრძალება მქონდა. ამის ახსნა არ შემიძლია, ეს რატომ ხდებოდა, ასე კი იყო.
უნდა აღვნიშნო, რომ ძალდატანებით მისთვის არაფერი გამიკეთებინებია. ბაღშიც კი ოთხწლინახევრისა წავიყვანე, იმიტომ, რომ მანამდე ძალიან იყო მოკედლებული ჩემთან და ვერ გავიმეტე სტრესისა და ნერვიულობისთვის. ბაღიც დიდხანს საგულდაგულოდ ვარჩიე.
ყოველთვის ვითვალისწინებ ივლიტას სურვილებს. არასდროს ვეუბნები, რომ მისი არ მჯერა ან რაიმეს მატყუებს, ამ სიტყვას საერთოდ არ ვიყენებ. იცის, რომ მჯერა და ვენდობი მის ნათქვამს. ბაღშიც კი არ გავუშვი რამდენჯერმე, როცა მითხრა, რომ არ უნდოდა წასვლა. არაჩვეულებრივი ბაღი ჰქონდა და დიდი სიხარულით დადიოდა, თვითონვე ერიდებოდა გაცდენას. მივხვდი, რაღაც მიზეზი ჰქონდა, არ გავუშვი და შემდეგ დღის განმავლობაში ვცდილობდი გამერკვია და მესაუბრა ამ მიზეზზე. ბაღი კიდევ ცალკე თემა და უდიდესი პრობლემაა, ამაზეც ოდესმე მოგვეცემა საუბრის საშუალება. ჩვენ კი ძალზე გაგვიმართლა ამ მხრივ და ღრმად ვარ დარწმუნებული, სწორედ ივლიტას ბაღის პედაგოგის უდიდესი წვლილია იმაში, რომ მას ძალიან გაუადვილდა სკოლაში მისვლა და ყველაფერი უმტკივნეულოდ გადალახა.
ვთვლი, რომ ივლიტას ინტერესებზე დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ ჩვენ ყველგან ერთად დავდიოდით და დავდივართ: სტუმრად, სასეირნოდ, ბიბლიოთეკაში, თეატრებში, ოპერაში, გამოფენებზე, კონცერტებზე, კინოთეატრებსა თუ სამოგზაუროდ მთელ საქართველოში.
6 წლისას ნახევარი საქართველო მოვატარეთ - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც კი გვყავდა, კერძოდ, ხევსურეთში, მიღმახევში. ეს ისეთი დაუვიწყარი მოგზაურობა იყო 3 წლის ბავშვისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, არც არასდროს გაუნელდება. გაზიარებული შთაბეჭდილება ხომ განსაკუთრებით ღირებული და დასამახსოვრებელია ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც. ერთობლივი, ოჯახური მოგზაურობის სიკეთეებზე ბევრი შეიძლება ითქვას. უპირველესი განცდა კი, რაც მოგზაურობამ ბავშვს შეიძლება აღუძრას, ეს თავისი ქვეყნისა და მიწის შეგრძნებაა, რაც, მოგვიანებით, უცილობლად სამშობლოს სიყვარულად გარდაიქმნება.
მოგზაურობა შეუდარებლად უფართოებს ბავშვს თვალსაწიერს, უმდიდრებს ლექსიკას, აჩვევს მას ხალხთან ურთიერთობას, ხელშესახებს ხდის ბუნების ყველა მოვლენას. მერე მასთან ურთიერთობაც გაცილებით ადვილი ხდება. მაგალითად, ივლიტას თავისი თვალით აქვს ნანახი მდინარის დაბადება და და ბუნების ბევრი საინტერესო მოვლენა - როცა რაიმეს ახსნა გინდა, ახსენებ საკუთარი თვალით ნანახს და ბევრი რამ მარტივდება. ამ ასაკში იმდენი გეოგრაფიული ტოპონიმი იცის, ზრდასრულსაც გაუკვირდება.
არ მინდა, მკითხველმა იფიქროს, რომ ამ ყველაფერს ერთბაშად ვასწავლით, ან რაიმეს თავს ვახვევთ, ან კიდევ ჩვენი იდეაფიქსია, 6 წლის ასაკში ბავშვმა ყველაფერი იცოდეს. ეს არ არის რაღაც გეგმის ნაწილი, ეს არის თანმიმდევრული, მაგრამ დაუსრულებელი პროცესი, რომელიც მხოლოდ სიამოვნების მომნიჭებელია - ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. ჩვენ საურთიერთოდ არასდროს ველოდებით შაბათ-კვირას, ყოველდღე ვახერხებთ საინტერესო აქტივობის გამოძებნას - იდეას ხან ივლიტა მაწვდის, ხან - მე ვიგონებ.
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამბავი (თავგადასავალი) მისთვის - ბიბლიოთეკაში სიარულია. სახლთან ახლოს, ვაკის პარკის მედიათეკაში ჩავწერე, სადაც საბავშვო განყოფილება არსებობს, ბავშვს შეუძლია თავად მოძებნოს წიგნი, დაჯდეს იქვე და დაათვალიეროს, ან გამოიტანოს გარკვეული დროით. ეს კი ძალიან მოსწონს ივლიტას. ბიბლიოთეკასთან ურთიერთობაც ერთი კარგი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა - ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობა. მას გარკვეული დროით ანდეს, ათხოვეს წიგნი, რომელსაც ის თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს და უვნებლად დააბრუნოს უკან. როცა რაიმე წიგნი სდომებია, რამდენჯერ მითქვამს, გიყიდი-მეთქი, მაგრამ არაო, ბიბლიოთეკიდან გამოვიტანოთო. ამ საყოველთაო კარანტინის დროს საოცრად განიცდიდა, რომ მედიათეკა დაკეტილი იყო. მეგობრებისგანაც დიდი სიამოვნებით ვთხოულობთ წიგნებს და უკან დაბრუნებაც ერთგვარი რიტუალია, თანაც მიზეზი ხდება მათთან შეხვედრისა და შთაბეჭდილების გაზიარების, რასაც მოუთმენლად ელოდება ხოლმე ივლიტა.
ჩვენი კიდევ ერთი საყვარელი აქტივობა სწორედ ახლობლებთან ოჯახებში სტუმრად სიარულია. ვთვლი, რომ ურთიერთობების სასწავლად, ადამიანების შესაყვარებლად და მათთან სწორი კომუნიკაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, რომ ნელ-ნელა ოჯახებში შეკრების ჩვეულებაც იკარგება - ახლა ძირითადად სახლს გარეთ, კაფე-ბარსა თუ რესტორნებში იყრიან თავს, ბავშვი კი ამ გარემოში, ბუნებრივია, ვერც სიმყუდროვეს და ვერც უშუალო ოჯახურ ვითარებას ნახავს. ამგვარ სივრცეებში ურთიერთობებიც ძალზე ზედაპირული და ეფემერულია. ამიტომ, ჩვენ გვიყვარს, როცა შინ გვსტუმრობენ ან ჩვენ მივდივართ სტუმრად. მეგობრების ოჯახებთან ერთად, ხშირად, ქალაქგარეთაც გავდივართ. სწორედ ამ ურთიერთობების გამო, ივლიტას ბევრი მეგობარი ჰყავს, მასზე გაცილებით უფროსებიც.
ვფიქრობ, რაც გიამბეთ, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ივლიტა ყველას გამორჩეულ ბავშვად ეჩვენება. მე კი მგონია, რომ ის ჩვეულებრივი ბავშვია, ცოტა მეტი ინტერესითა და საკმაოდ მდიდარი ლექსიკით. მისი ლექსიკის სიმდიდრე კი კითხვის სიყვარულმა განაპირობა. ასევე მასთან მუდმივმა ინტერაქციამ - პატარობიდან მისი კითხვებისა და ინტერესების დაუზარელმა დაკმაყოფილებამ. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლიდან გამართულად კითხულობს, მე არ ვწყვეტ მისთვის კითხვას, ეს რიტუალია საღამოს, ხანდახან ჭამის დროსაც კი. ამ ბოლო დროს უფრო სადიდო წიგნები მოსწონს, გაზაფხულიდან მოყოლებული წავიკითხეთ ჯულია დონალდსონის „პრინცესა სარკისანა“, კარლო კოლოდის - „პინოკიო“ (არაადაპტირებული ვერსია), თურბიორნ ეგნერის - „ილის ქალაქი“, როალდ დალის „მატილდა“, ასტრიდ ლინდგრენის - „მადიკენი“. კითხვა ის ყველაზე საყვარელი პროცესია, რომელზეც არასდროს ამბობს უარს, ყველაფერს მიანებებს თავს, თუკი წიგნის წაკითხვას შესთავაზებ. ეს პროცესი ჩვენი ურთიერთობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, კითხვის პროცესში არასდროს ადუნებს ყურადღებას და იმდენად ყურადღებით ისმენს, შემდეგ, ცხოვრებისეულ, ყოფით ვითარებაშიც კი ძალზე ადეკვატურად, სიტუაციურად იშველიებს წაკითხული წიგნიდან ციტატებს, ფრაზებსა თუ ამბებს.
როგორ კითხულობდა 5 წლის ივლიტა წიგნებს - იხილეთ ვიდეო
5 წლის ივლიტა, რომელიც გამართულად კითხულობს წიგნებს
უკვე ვახსენე და უფრო ვრცლად ვიტყვი გამოფენებთან დაკავშირებითაც - ივლიტას ძალიან უყვარს გალერეებში სიარული, თუკი ყურს მოვკრავთ საინტერესო მხატვრის ექსპოზიციის შესახებ ინფორმაციას, აუცილებლად მივდივართ და ივლიტასთვის ეს დღე დღესასწაულია ხოლმე. უკვე ზოგიერთი მხატვრის ხელწერაც კი დაიმახსოვრა და სადაც კი თვალს მოჰკრავს, ადვილად შეუძლია ამოცნობა - ფიროსმანს ცნობს, დავით კაკაბაძეს, ნინო ფერაძეს, კლიმტს, ესმა ონიანს. ესმა ონიანით არის ამ ბოლო დროს შთაგონებული - თითქმის ყოველდღე მეკითხება, ვიცნობდი თუ არა ესმას პირადად. ესმა ონიანის არაჩვეულებრივმა დამ, ქალბატონმა ირინა ონიანმა, ესმას საბავშვო ლექსების წიგნი აჩუქა, რომელიც ძალიან ეძვირფასება, შინ, თაროებზეც ხედავს ესმას ნამუშევრების ალბომებს და ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთვის მოულოდნელად თავის ახალ სათამაშო ბაჭიას ესმა დაარქვა - ჩემი აზრით, ძალიან უხდება ეს სახელიო. სხვათა შორის, ესმას საყმაწვილო ლექსებიდანაც ის ლექსი ამოირჩია სასწავლად, რომელიც თურმე, ესმას მამას ჰყვარებია, ეს ქ-ნი ირინასგან შევიტყეთ შემდგომ. მისგანვე ვიცი, ესმას უზომოდ უყვარდა ბავშვები და უმძაფრესად განიცდიდა, თურმე, მათთან დაკავშირებულ ყველა ფაქტსა თუ მოვლენას, ბავშვის ტირილი ხომ საერთოდ ძალიან თრგუნავდაო. ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ესმას ეს საოცარი დამოკიდებულება ასე ზუსტად და ცხადად იგრძნო ივლიტამ და თავისებური ინტერესითა და სიყვარულით ეხმიანება ამ დიდებული შემოქმედის სულს.
რაც ლაპარაკი დაიწყო, იმ დროიდან ვიწერ ივლიტას გამონათქვამებს. ახლაც კი, ვცდილობ, არაფერი გამომეპაროს, ძალიან მწყდება გული რამდენიმე საინტერესო ფრაზაზე, რომლის ჩაწერაც მყისიერად ვერ მოვახერხე, მეგონა, დავიმახსოვრებდი და შემდეგ ვეღარაფრით აღვიდგინე. წლების მატებასთან ერთად ბევრად სახალისო და „ბრძნული“ გახდა მისი ნააზრევი და მცირე ხნის წინ, ჩემს ფეისბუკ-გვერდზე დავიწყე ზოგიერთი განსაკუთრებით გამორჩეული გამონათქვამის გაზიარება, რა თქმა უნდა, ივლიტას თანხმობით და პირობითად „ივლიტურები“ დავარქვი. ამან დიდი მოწონება დაიმსახურა და შთამბეჭდავი გამოხმაურებაც მოჰყვა ვირტუალურ სივრცეში. მეგობრები, ახლობლები თუ ნაცნობები მეუბნებიან, რომ ყოველ ჯერზე მოუთმენლად ელოდებიან ივლიტას ახალ ფრაზებს. ჩემი უმთავრესი მიზანი კი, ამ უღიმღამო, სტრესულ და თალხ გარემოში, მეტი სინათლისა და ხალისის შეტანა იყო. ვფიქრობ, ჩემმა ჩანაფიქრმა, ივლიტას დახმარებით, გაამართლა და მახარებს ეს ამბავი. ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს, გარკვეული კონცეფციით შევძლებ მათ ერთ წიგნად თავმოყრას ამავე სათაურით.
ვინც ივლიტას არ იცნობს, მისი გამონათქვამების მიხედვით, ის ძალიან თამამი და აქტიური ჰგონიათ. სინამდვილეში კი, ძალიან მოკრძალებული და თავშეკავებულია. მისი თავშეკავება ხშირად მეც გამკვირვებია. მინახავს, ბავშვებმა როცა რაიმე იციან, ცდილობენ გამოავლინონ, სხვასაც აჩვენონ და თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ. ივლიტა არასდროს ცდილობს ამგვარ მარათონში ჩართვას და დიდი ადამიანის თავშეკავებით ელოდება ხოლმე თავის რიგს ან შესაფერის სიტუაციას, სადაც მშვიდად იქნება შესაძლებელი ურთიერთობა.
საზოგადოდაც, პატარობიდან დიდივით იქცეოდა, ალბათ, იმიტომ, ჩვენც ყოველთვის ასე ვექცეოდით და ველაპარაკებოდით. ძალიან თავმოყვარეა, ითხოვს ყოველთვის მოზომილ, მშვიდ და თავაზიან საუბარს. ამბობს ხოლმე, ამიხსენით ყველაფერი მშვიდადო. მის მიმართ ტონის ოდნავ აწევასაც მტკივნეულად განიცდის, განსაკუთრებით მამისგან სწყინს მცირე შემჩნევაც კი. ისე გახდა 6 წლის, დასჯის არც ერთი მეთოდისთვის არ მიმიმართავს: არც ამიკრძალავს რაიმე, არც დავმუქრებივარ, ხელით შეხება ხომ არც განიხილება. „პოლიცია წაგიყვანს“, „გუდიანი კაცი მოვა“ და კუთხეში დგომა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს. თუკი სხვა ბავშვის მიმართ მკაცრ და უხეშ დამოკიდებულებას შეესწრო, ძალიან განიცდის, ასე არ უნდა ექცეოდნენო და თავის ვერსიებს ამბობს, როგორი მოპყრობა ჯობდა.
მგონია, რომ თუკი ბავშვს იმთავითვე აღიარებ პიროვნებად, თანაც შენგან სრულად განსხვავებულ და უნიკალურ მოვლენად, ამ აღიარებიდანვე ყველაფერი მოწესრიდგება. მე არ ვიზარებ, ჩემს შვილს ვესაუბრო, თუნდაც ჩემი ნაწყენობა ვაჩვენო, ან სიხარული გავუზიარო, ვუთხრა რა არ მომეწონა მისი საქციელიდან, რამ პირიქით, ძალიან გამახარა... ეს დამოკიდებულება შეუცვლელია ბავშვებთან ურთიერთობისას.
თუკი ამ განცდით მივუდგებით ბავშვებს და მათაც ვაგრძნობინებთ მათ უნიკალურობას, მათგანაც სათანადო უკუგება გვექნება. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა, მაინტერესებდა მათთან ურთიერთობა, მათი სამყაროს შეცნობა, მათ ქცევაზე დაკვირვება, ამ ქცევის მიზეზების გააზრება, დედობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სიღრმითა და ინტერესით ვეკიდები ამ ურთიერთობებს, ვცდილობ სხვისი მაგალითითაც ვისწავლო და სურვილის შემთხვევაში, ჩემიც გავუზიარო. ვკითხულობ, ვუსმენ, ფსიქოლოგების რჩევებს, ვაჯერებ ჩემს შეხედულებებთან და შემდეგ ვიყენებ შვილთან თუ სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას. სხვათა შორის, ბავშვის ქცევაზე დაკვირვება მართლაც საოცრად ინფორმაციულია, თითქმის ყველაფრის გაგება შეიძლება ბავშვის ოჯახსა და მის სოციუმზე, მშობლების ურთიერთ- თუ ბავშვთან ჯანსაღ ან არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე. ბავშვის ქცევა აუცილებლად მიგახვედრებთ იმას, რამდენად არის ის ყურადღებისა და უპირობო სიყვარულის ობიექტი ოჯახში. ჩვენს სინამდვილეში, ბაღებში, სკვერებსა და თუ ბავშვთა თავშეყრის სხვა ადგილებში ხშირად გადავყრივარ მშობლებისგაუმართლებელ დამოკიდებულებას შვილების მიმართ, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმე ასატანია ხოლმე.
გული ყველაზე მეტად იმაზე მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვს ნაკლებად აღიქვამენ პიროვნებად, ექცევიან როგორც კერძო საკუთრებას, ხშირად ვერც კი გაბედავ, მშობელს რაიმე მიუთითო, რადგან ის დაწრმუნებულია თავის სწორ ქცევაში. არადა, ბევრჯერ შევსწრებივარ დამამცირებელ მოპყრობას, უხეშ მიმართვებს, გაუაზრებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ბავშვებისადმი და მაშინვე იმას ვფიქრობ, ეს ბავშვი, სულ რამდენიმე წელში ხომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, მშობელი კი ასეთი დამოკიდებულებით არასრულფასოვან ადამიანად აყალიბებს მას. როცა მეც ახალგაზრდა ვიყავი და სადმე ბავშვების ე.წ. „უზნეო“ ქცევას შევესწრებოდი, სულ ვფიქრობდი, რომ ბავშვია ასეთი, ახლა კარგად ვიცი, რომ ბავშვების დანაშაული არაფერია, ყველაფერი მშობლის სწორი ან მცდარი დამოკიდებულების შედეგია. ამიტომ გვმართებს მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი შვილების, იმ საზოგადოების წინაშეც, რომლის წევრიც ის უნდა გახდეს. ჩვენ ბავშვსაც უნდა გავუადვილოთ სოციუმში ინტეგრაცია და სოციუმსაც - მისი მიღება.
არ შემიძლია, არ ვთქვა, ძიძების ინსტიტუტზეც - ჩემი ღრმა და საფუძვლიანი რწმენით, ასევე წლების დაკვირვებით, ბავშვების ფსიქიკას ძალზე ამრუდებს ის ფაქტი, რომ მათ გაცილებით მეტი დროის გატარება უწევთ ძიძებთან და არა მშობლებთან, ბევრი ფსიქიკური პრობლემის სათავეს მე აქ ვხედავ. შეიძლება, ეს უარყოფითი გავლენა ასეთი თვალსაჩინო დღეს და ხვალ არ იყოს, მაგრამ თავის კვალს უდავოდ ტოვებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მეხსიერებაზე.
შეუძლებელია, ბავშვისთვის ძიძა გახდეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ემოციების გამზიარებელი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თანამედროვე ბავშვების ბევრი თვალსაჩინო პრობლემა სწორედ მშობლებთან გაუზიარებელი ემოციებისა და მცირე ყურადღების ბრალია.
თანამედროვე ფსიქოლოგები და ჰუმანური პედაგოგიკის მიმდევრებიც ხომ თანხმდებიან, რომ ბავშვის სრულფასოვნებისთვის შეუცვლელია მშობლების თანადგომა, თანაგრძნობა და მათი უპირობო სიყვარული, ამას ვერც ერთი ძვირფასი სათამაშო ვერ ჩაანაცვლებს.
მახსენდება დიდი ესპანელი მწერლის, ხუან რამონ ხიმენესის ფრაზა მისი ნაწარმოებიდან „პლატერო და მე“, სადაც შემოქმედი ასე ეხმიანება ბავშვობას: „სინაზის, სილაღისა და ბედნიერების კუნძულო, ბავშვობის ოქროს ხანავ! ხშირად მოგაკითხავ ხოლმე სევდის ზღვად ქცეულ ამ ჩემს ცხოვრებაში. დაე, შემოიქროლოს შენმა სიომ და თან მოიყოლოს თავისი ქნარი, – მჟღერი და ზოგჯერ აზრმიუტანებელიც, შეთენებულზე ტოროლას გალობის მსგავსი“.
ყველა დიდი მწერალი ხომ დიდი ფსიქოლოგიც არის - როგორი საოცარია ხიმენესის ძალზე ზუსტი მიმართება და გზავნილი - ბავშვობა ხომ მართლაც ის ხანაა, რომელმაც მთელი შემდგომი ცხოვრების, ბევრისთვის „სევდის ზღვად ქცეული“ ცხოვრების მანძილზეც უნდა ასაზრდოოს „ოქროს ხანიდან“, ბავშვობიდან მონაქროლი სინაზის, სილაღისა და ბედნიერების სიოთი ყოველი ადამიანი. ახლა ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ამ განუმეორებლი ხანის, ბავშვობის შეუმღვრევლად და შეურყვნელად გატარება.
„იცი, იმის დედას როგორი დაფლეთილივით თვალები აქვს - თითქოს დახუჭული აქვსო... აი, რომ გძინავს, ისე“... „რასაც ახლა არ ვჭამ, მაგ ყველაფრის გემოს დიდობაში მივეჩვევი... ამიტომ, იქნებ ახლა დამანებოთ თავი მაგ თემაზე“... „სათვალეს არ ვიკეთებ მე, ეგეთი პრობლემური თვალი არ მაქვს...“ „კარგი, დავჯერდები ამას...“ „ბები, შენ მრავალფუნქციური ბებია ხარ, ყველაფერს ერთად აკეთებ“... „რა იცის ეს ამ ვანიკომ - მოდელივით რომ დადგება ტელევიზორის წინ“... „მადლობა“ უფრო ლამაზი სიტყვაა თუ „არაფრის“?!.“
5 წლის:
„სულ ცოტას, აი, როგორც ამბობენ, მწიკვს ჩავყრი“... „მომბეზრდა ერთფეროვანი გარემო“... „ხავსი ლოდების ჟილეტია“... „დედა, ადამიანმა თავს რომ მოუაროს, მაინც მოკვდება? “ „დე, იცი, ნიკორწმინდის ხსენებაზე სულ ღვთისმშობელი მახსენდება თავისი შვილით ხელში, იესოთი. აი, ყოველთვის ეს ხატი მიდგას თვალწინ“... „მაგაზე (ოიდიპოსზე იყო საუბარი) მე არაფერი ვიცი, ფილოლოგი ხომ არ ვარ“...
6 წლის:
- აბა, ჩაწერე ფეისბუკში თბილისის მედიათეკების გაერთიანება და ვნახოთ, როდის იხსნება - ამ ეტაპზე შენს ტელეფონს საქმე ვერა აქვს კარგად, ბები... - ამ ნახატს წებო უნდა წავუსვა, მრავალფეროვანი რომ გახდეს... - ეს გზა მარტომ გადავლახე და ეს ორმოებიც... იმდენს ვხტუნაობდი, მაგრამ სივრცე არ მყოფნიდა... -ისე, შენ კაი მზამზარეულისტი ხარ... - დიდი ბოდიში, რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ მატილდას უნდა ვუყურო... ნუღა მაყოვნებთ!... - იცი, როგორია ეს კომბინიზონი - თითქოს მეორე კანი მაქვს. - დიდი ვარ უკვე და აღარ მინდა ეს მისალმების კონტროლი. - შეიძლება ძვლების პრობლემაც არის, ბები... - იცი, რა კარგი სათვალეა - ამ ნაცრისფერ ცხოვრებაში ყველაფერს აფერადებს. - ბოლოს როდის ვიცინე ესე გულიანად, აღარ მახსოვს; - ხელს გვიშლის რა, რიტუალს ხო არ გვიშლის; - იცოდე, ეს არ დაკარგო, თორე მე დამკარგავ!...