ოჯახში ბავშვის დაბადებისთანავე უამრავი გადასაწყვეტი საკითხი ჩნდება, რასაც ქალები აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა ჯგუფსა თუ ფორუმზე და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ბევრი კითხვაა,ბავშვს ცალკე საწოლი უნდა ჰქონდეს, თუ დედ-მამასთან დაიძინოს? ნაყიდი თუ სახლში დამზადებული საკვები მიირთვას? ერთ-ერთი დილემური საკითხი საბავშვო ბაღში სიარულია.
ერთი დედა გვიზიარებს, თუ რატომ თქვა მან საბავშვო ბაღზე უარი - ბევრად ადრე, ვიდრე კორონავირუსი შემოგვიტევდა, ამიტომ რასაკვირველია, აღწერილი ამბები პანდემიამდელ ეპოქას ასახავს, ერთი კონკრეტული ბავშვის ამბავს:
საბავშვო ბაღზე ფიქრი ბავშვის დაბადებისთანავე დავიწყე. ვოცნებობდი, რომ ჩემი 3 წლის შვილი ლამაზად მოწყობილ ბაღში ივლიდა. თან ბაღი ჩვენი სახლის გვერდზეა და ხშირად დავინახავდი ხოლმე. მახსოვს, ყოველ დილით ჩემს თანაჯგუფელებთან ერთად როგორ მივდიოდი საბავშვო ბაღში, ვხვდებოდი საყვარელ მასწავლებლებს და მშობლებს ვთხოვდი, რომ უფრო გვიან წავეყვანე სახლში. არავინ გვაიძულებდა, რომ ფაფა გვეჭამა და რძე დაგველია. იქ გაცილებით მეტი სათამაშო იყო, ვიდრე ჩემს სახლში. მეგობრები, პირველი შეყვარებული და უგემრიელესი კაკაო... რომ აღარ გავაგრძელო, სიამოვნებით დავდიოდი ერთ ჩვეულებრივ, ძველებურ ბაღში და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შვილიც გააგრძელებდა ტრადიციას. მაგრამ, ჩემი ბედნიერი მოგონებები თანამედროვე რეალობამ შეცვალა.
3 წლის ასაკში ჩემი შვილი ბაღში მივიდა. პირველივე დღეს არასასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდა. ჯგუფი ძალიან გადატვირთული აღმოჩდნა - 42 ბავშვი იყო. ჩემს შვილს საწოლი აღარ "შეხვდა". ძალიან გავბრაზდი და ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარებას დამპირდა. ბავშვი ჯგუფში შევიდა. ადაპტაციისთვის 2-2 საათი მიმყავდა, 10 საათიდან 12 საათამდე. პირველი ორი დღე ყველაფერი კარგად იყო, თუმცა მესამე დღეს, როდესაც ეზოში სასეირნოდ ჩავედი და როგორც ვთქვი, ბაღიც იქვეა, მტირალი ბავშვი შევნიშნე. ხელზე ნაკბენი ჰქონდა.
არა, ეს რომელიმე მაწანწალა ძაღლმა ან სხვა ცხოველმა კი არ ქნა, უბრალოდ მათ ჯგუფში აღმოჩნდა პატარა გოგონა, რომელსაც მთელი ჯგუფი დაეკბინა. მასწავლებელმა ბოდიში მომიხადა და ისიც აღნიშნა, რომ არაფრის გაკეთება შეეძლო, რადგან ფაქტზე ბავშვის მშობელს დაელაპარაკნენ, რამაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. ის გოგონა უბრალოდ, მიზეზის გარეშე კბენს ყველას. თუ ჯგუფში აგრესიული ხასიათის ბავშვები არიან, მათი მშობლები მხოლოდ მხრებს იჩეჩენ და ფაქტობრივად, გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან მოვახერხე და სხვა ჯგუფში გადავიყვანე ბავშვი, თუმცა, დანარჩენებმა რა ქნეს, არ ვიცი.
საბავშვო ბაღში მისვლამდე ჩემი შვილი ნამდვილად არ იყო ხშირად მოავადმყოფე ბავშვების სიაში. ერთ დღეს ის ბაღში სიხარულით წავიდა, მე კი ჩემს სამსახურში. მასწავლებელი მირეკავს, რომ წამეყვანა სახლში, რადგან 38,8 ჰქონდა ტემპერატურა. ქალაქის ბოლოში ვმუშაობდი და ერთი საათი მაინც მჭირდებოდა, რომ ბაღამდე მივსულიყავი. ბავშვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში დამხვდა. ამის მერე ხშირად ავადმყოფობდა. როდესაც წამოსაყვანად მივდიოდი, გასახდელში ვხედავდი, როგორ აცემინებდნენ და ახველებდნენ ბავშვები, დედები კი ამბობდნენ, რომ მათ შვილებს არაფერი სჭირდათ. ჩემი ერთი თანამშრომელი სიამაყითაც კი ამბობდა, რომ შვილს ბაღში შესვლამდე სიცხის დამწევი დაალევინა და ისე შეიყვანა. გასაგებია, რომ მშობლებს ფული სჭირდებათ, მუშაობენ და ხშირად ბავშვებს ვერავის უტოვებენ, მაგრამ სხვა ბავშვებმა და მშობლებმა რა დააშავეს? მსგავსი საქციელის გამო საბავშვო ბაღებში ინფექცია არასდროს გამქრალა. ბავშვი ბაღში 9 თვის განმავლობაში დამყავდა და ბევრჯერ მოასწრო სხვადასხვა ვირუსისა და ჩუტყვავილას აკიდება. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ამ გზით ბავშვს იმუნიტეტი გაუძლიერდებოდა, მაგრამ დასუსტებულ ორგანიზმს საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა, რომ ებრძოლა. რა თქმა უნდა, ჩემი დამსაქმებლები ვერ დაელოდებოდნენ, როდის გაუძლიერდებოდა ჩემს შვილს იმუნიტეტი და სამსახურს თავი დავანებე.
საბავშვო ბაღში ყოველდღიურად ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობა. ბავშვები ხატავდნენ, ძერწავდნენ, აპლიკაციებს აკეთებდნენ. მე, რა თქმა უნდა, სულ მიმქონდა ჩემი შვილის ნამუშევრები, მაგრამ ბავშვი მეუბნებოდა, რომ მის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავს, რადგან ჯგუფში ისეთი ხმაური იყო, ვერაფერს იგებდა. იმ უნარებიდან, რაც ბაღში ისწავლა, სწრაფად ჩაცმა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სეირნობის დროს ის პირველი გარბოდა და 10-15 წუთი გაოფლილი ელოდებოდა სხვებს. ალბათ, ესეც გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ბავშვი ხშირად ავადმყოფობდა. მან ასევე ცუდი იუმორი შეისწავლა, შორს გადაფურთხებას ცდილობდა და თუ ვინმე გააბრაზებდა, შუა თითს აჩვენებდა. მე, რა თქმა უნდა, არ მსურდა, ჩემს შვილს ასეთი რაღაცები ესწავლა.
ვინც საბავშვო ბაღში სიარულის მომხრეა, ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ეს ბავშვის სოციალიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს რაში გამოიხატება, რომ ბავშვმა თანატოლებთან საერთო ენა გამონახოს და კონფლიქტი უფროსების ჩარევის გარეშე მოაგვაროს? დარწმუნებული არ ვარ, რომ პატარებს ძალიან ბევრი სტრესული სიტუაციის დამოუკიდებლად მოგვარება სურდეთ. მეზობლის 5 წლის გოგონა მშობლებს 2 კვირაში ერთხელ მაინც მიჰყავთ ბაღიდან სველი შარვლით მაშინ, როცა ეს მას სახლში არ ემართება. ან აღმზრდელის ეშინია, ან რცხვენია ვინმესი. ბავშვები კი იცინიან. ეს კი გოგონას საკუთარი თავის რწმენას დაუკარგავს. ერთხელ ჩემმა შვილმა ბაღში საყვარელი მანქანა წაიღო. თუმცა, ძილის შემდეგ მანქანა გაქრა. ვერავინ იპოვნა. მასწავლებლები ყველგან ეძებდნენ, ბავშვი კი ტიროდა. რამდენიმე დღეში კი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ თანაჯგუფელს აუღია და დედამისმა იცით რა თქვა? "რა მოხდა მერე, რა მანქანა იყო ასეთი?" სხვათა შორის, ყველას თავისი სათამაშო უნდა ჰქონდეს.
ვფიქრობ, 4-5 წლის ასაკში შიში ძალიან საფრთხილო თემაა, იმის გაანალიზებაც ცუდია, რომ ვიღაც შენი ფიზიოლოგიური პროცესის გამო გარცხვენს და არც ისაა კარგი, როდესაც ბავშვი რაღაცას აშავებს და იმედი აქვს, რომ დედამისი სულ დაიცავს, რაც არ უნდა გააკეთოს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ბავშვებს, ვინც ბაღში დადიან, უფრო მეტი სტრესის ჰორმონი გამოუმუშავდებათ. ეს ალბათ ოჯახიდან იძულებით წაყვანისა და საზოგადოებაში ძალით შეყვანის შედეგია. ზოგიერთი ბავშვი თავს იავადმყოფებს, რომ ბაღში არ წავიდეს. ჩემი შვილიც ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები უყვარდა და ბავშვებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაინც არ უყვარდა ბაღი. ჩემი შვილი სოციალიზირებულია საფეხბურთო მოედანზე, ეზოში თანატოლებთან თამაშისას და მჯერა, რომ ჩემი და მისი ნერვული სისტემისთვის ასე უფრო უკეთესია.
საბოლოოდ, 9 თვის განმავლობაში გულწრფელად ვცდილობდი, რომ ჩემი შვილი საბავშვო ბაღს მორგებოდა. თუმცა, ორივემ დავიქვეითეთ იმუნიტეტი (მეც ვხდებოდი ხოლმე ავად), ორივემ დავკარგეთ სიმშვიდე და ვგრძნობდი, რომ ამ ექსპერიმენტის გაგრძელება ბავშვის ჯანმრთელობისთვის უკვე საშიში იყო. საბავშვო ბაღი მხოლოდ იმიტომაა კარგი, რომ მშობელს მუშაობის შესაძლებლობა აქვს. მეჩვენება, რომ იქ იმიტომ უშვებენ ბავშვებს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ნებისმიერ დედას უკეთესად შეუძლია ბავშვს განათლებაც მისცეს და სოციალიზაციის შესაძლებლობაც, ვიდრე რამდენიმე მასწავლებელს უზარმაზარ ჯგუფში. ახლობლები და ნაცნობები დღემდე მეუბნებიან, რომ ბავშვს რაღაც მნიშვნელოვანი წავართვი. მაშინებენ, რომ სკოლის გარემოს ვერ შეეგუება და არც საჭირო წესები ეცოდინებაო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბაღს გარეთ, ბავშვებთან ურთიერთობაც საკმარის გამოცდილებას მისცემს, რომ ადვილად დაამყაროს თანაკლასელებთან კომუნიკაცია.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, არავინ არ უნდა იაროს ბაღში. უბრალოდ არიან ბავშვები, რომლებიც ნამდვილად ვერ ეგუებიან ამ გარემოს და მათი ტანჯვა წლობით არ არის საჭირო. ზოგიერთ ბავშვს ძალიანაც უყვარს ალბათ ბაღი და შეიძლება, იქ ძალიან ბედნიერია, ამიტომ, ეს ინდივიდუალური საკითხია და ყველა მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სხვების ჩარევის გარეშე.