დედებსა და უკვე ზრდასრულ შვილებს შორის ხშირადაა უსიამოვნება და კონფლიქტი. როგორ შეიძლება ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება? კითხვაზე ფსიქოლოგი ნინა ზვერევა საკუთარ წიგნში "თქვენ და დედათქვენი. წიგნი იმაზე, თუ როგორ უნდა დაალაგოთ ურთიერთობა" პასუხს სცემს. წიგნიდან ნაწყვეტს გთავაზობთ:
"არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენ და თქვენს მშობლებს თქვენსავე ბავშვობაზე განსხვავებული მოგონებები გაქვთ?
ეს შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, ან კიდევ აღიარებულ სიმართლედ, თუმცა კამათს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე მოვლენის შესახებ ყველას განსხვავებული მოგონება აქვს. ამ თემაზე ბევრი ფილმი გადაღებულა და ბევრი წიგნიც დაიწერა. ცოლ-ქმარი ისე საუბრობს ერთმანეთის კამათსა და ჩხუბზე, რომ მოუსმინოთ, იფიქრებთ, რომ სხვა ადამიანების ჩხუბს აღწერენ, იმდენად არ ემთხვევა ერთმანეთს ზუსტად ერთი მოვლენის სხვაგვარად ახსნა.
ხშირად გვწყინს იმიტომ, რომ სიტუაციას განსხვავებული კუთხით აღვიქვამთ. ეს ცოლ-ქმარსა და მეგობრებს შორისაც ხშირად ხდება. რა შეიძლება ითქვას ბავშვობის მოგონებებზე?
პირველ რიგში, ჩვენი ბავშვობა ამ საღამოს არ დასრულებულა და რაც უფრო ვშორდებით მოვლენათა ქრონოლოგიას, მით უფრო ხშირად ხდება ფაქტების მითოლოგიზაცია, ზოგჯერ მოგონებებს ვამატებთ არარსებულ დეტალებს ან სხვანაირად ვიხსენებთ.
მეორე, ჩვენი მშობლები ზრდასრულები იყვნენ, ჩვენ კი - ბავშვები, ასაკის გამო ზოგჯერ შესაძლოა სიტუაცია სათანადოდ ვერ შევაფასოთ. ბავშვებს წვრილმან რაღაცებზე შეუძლიათ ნერვიულობა, მაგალითად ქაღალდის თვითმფრინავის წყალში ჩაგდებაზე ისე, რომ სულაც არ ინერვიულონ, რომ იმ დღეს მამამ სამსახური დაკარგა.
მესამე, არ შეგვიძლია იმის ცოდნა, თუ რეალურად რა მოტივი ჰქონდა დედას.
მახსოვს, ბავშვობაში საავადმყოფოში ვიწექი, ყველა ბავშვთან მოდიოდა დედა, ჩემთან - არა. სასოწარკვეთა მიპყრობდა. არ მახსოვს, რამდენი დღე ვიწექი საავადმყოფოში, ერთადერთი მახსოვს, რომ დედა არ მოდიოდა. მაგრამ, მაშინ არ მიფიქრია, იქნებ დედა, რომელსაც ასთმა ჰქონდა, თავადაც საავადმყოფოში იწვა? ან იქნებ მივლინებაში იყო? მიტოვებული ბავშვი კი არ ვიყავი, ბებია, მამა, ბაბუა ყოველდღე მოდიოდნენ ჩემთან, მაგრამ გული მისკდებოდა იმის გამო, რომ დედა არ მოდიოდა.
სხვათა შორის, არც დედას უყვარდა, მის სანახავად რომ მივდიოდით საავადმყოფოში. ის თვლიდა, რომ საყვარელმა ადამიანებმა მუდმივად უნდა იზრუნონ ერთმანეთზე და არა მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე მათგანი ავადაა. პალატაში ბულიონის მიტანა და ცეკვა ფარისევლობად მიაჩნდა.
ყოველთვის, როდესაც ბავშვობის წყენას ემოციურად გაიხსენებთ, ეცადეთ წყენა იმ ადამიანის თვალითაც დაინახოთ, ვისზეც გაბრაზებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ყველას თავისი მოგონება აქვს.
სიმართლე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, ისიც დედას წყალობით. ერთხელ მან თავის მეგობარს უთხრა, თუ რა ცუდად იყო, როდესაც მე პირველი გოგონა გამიჩნდა. დედამ თქვა, რომ მაშინ ძალიან იტანჯებოდა. სამოთხაიან ბინაში შვიდი ადამიანი ცხოვრობდა. დედა, მამა, ჩემი ძმა, მე ქმართან და ახალშობილ გოგონასთან ერთად, ავადმყოფი ბებია და უზარმაზარი ძაღლი. საჭმელი არ გვყოფნიდა, იმდენად არ გვყოფნიდა, რომ დედა მიდიოდა და ღორის ან ხბოს თავს ყიდულობდა და ძვლებსაც კი საჭმელში ვყრიდით.
ვუსმენდი დედას და ყველა ცუდი ემოცია გამახსენდა. მივხვდი, რომ დედა მართალი იყო. მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მართლაც მოჰქონდა სახლში ის საშინელი თავები. თუმცა, მე ის წელი სულ სხვანაირად მახსოვდა: 19 წლის ვარ და ბავშვი ხელში მყავს აყვანილი. არაფერი ვიცი ახალშობილის შესახებ და რჩევები მჭირდება, მაგრამ დედა ან სამსახურშია, ან მივლინებაში. მე, როგორც ოჯახის ერთადერთი დაუსაქმებელი წევრი, მათ გამოკვებაზე ვზრუნავ და ვამზადებ საჭმელებს. ძაღლს ვასეირნებ და ბავშვს ვუვლი.
ჩემი უფროსი ქალიშვილის დაბადებიდან ორი წლის თავზე ბინა მივიღეთ, სწორედ მაშინ დაიბადა მეორე გოგონაც. ბინაში არც ავეჯი იყო, არც ჭურჭელი, არაფერი - მაგრამ, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ცალკე ვიცხოვრებდით. როგორც ჩანს, დედაჩემიც ბედნიერი იყო.
შემდეგ დედაჩემს ძალიან ვაწყენინე, რომ არ დამეხმარა. მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ დედა სამართლიანად იყო ჩემზე ნაწყენი. მე ხომ 18 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. მათი დახმარების იმედად ვიყავი. მამაჩემის დიდი პროტესტის მიუხედავად, უზარმაზარი ძაღლიც კი მიყიდეს...
ამიტომ, ჩემი რჩევაა, დაივიწყეთ თქვენი ძველი წყენა იმიტომ, რომ ის რაც ადრე იყო, ახლა აღარაა. ვერც თქვენ და ვერც დედათქვენი ვეღარაფერს შეცვლით წარსულში. ამიტომ, ყველა წყენა წარსულს ჩააბარეთ.
მაგრამ, კარგი არასდროს უნდა დაივიწყოთ. ნებისმიერი თბილი, სათუთი და სასიამოვნო მოგონება უნდა გახსოვდეთ ბავშვობიდან. მხოლოდ დამახსოვრება კი არა, დედასაც უნდა შეახსენოთ ხოლმე. ყოველთვის, როდესაც მის სადღეგრძელოს იტყვით, მხოლოდ ბანალური სიტყვებით ნუ შემოიფარგლებით. გაიხსენეთ სასიამოვნო მოგონებები და დაინახავთ, როგორ ჩადგება მის თვალებში სითბო. მას უყვარდით, როცა ბავშვი იყავით და შესაბამისად უყვარს ყველა ბედნიერი მოგონება. დედას უყვარხართ! ყველას ერთნაირად არ გამოსდის ემოციის გამოხატვა, მაგრამ მას ძალიან უყვარხართ და სულ ეყვარებით!
დაფიქრდით, რის გამო უნდა გადაუხადოთ მას მადლობა. იმისთვის, რომ ძილის წინ ზღაპრებს გიკითხავდათ? თუ იმისთვის, რომ სულ სუფთად და მოწესრიგებულად დადიოდით? ან კიდევ ჩახუტებისთვის? თქვენი გამხიარულებისთვის? კოცნისთვის თუ იმიტომ, რომ ლექციებს არ გიკითხავდათ?
იპოვნეთ რამე, რისთვისაც მადლობელი იქნებით. თქვენ მიერ ნათქვამი "მადლობა" ქვად გადაიქცევა, რომელიც თვენ შორის არსებულ უთანხმოებას გააპობს და ახალ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს. ამ ურთიერთობაში კი ორივე მშვიდად და სასიამოვნოდ იქნებით".