5 წლის წინ ყველა დაინტერესდა ოდესელი ქალით, რომელმაც ერთდროულად 5 შვილი გააჩინა. ოქსანა კობელეცკაია ოცნებობდა, რომ უფროსი ქალიშვილისთვის ძმა გაეჩინა, თუმცა 1 ბავშვის ნაცვლად, მას 3 ბიჭი და 2 გოგონა გაუჩნდა. ამ მოვლენამ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
ოქსანა და მისი მეუღლე, სერგეი სემენოვი, ერთდროულად 6 შვილის მშობლები გახდნენ. თუმცა, მათი ერთად ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ექვსი თვის შემდეგ მამაკაცმა პასუხისმგებლობას ვეღარ გაუძლო და ცოლი და შვილები მიატოვა. გარდა ამისა, ყველანაირი ვალდებულება და ფინანსური დახმარების მოთხოვნა რომ თავიდან აერიდებინა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოპოვება მოახერხა. ასე დაიძვრინა სერგეიმ პასუხისმგებლობისგან თავი და არც შვილების მოსანახულებლად გამოუნახავს დრო.
თუმცა, ოქსანა ძალიან ძლიერი ქალი აღმოჩნდა და გაუძლო იმ განსაცდელს, რაც ქმრის წასვლამ გამოიწვია.
მრავალშვილიანი დედა მარტო ზრდის 6 შვილს. თუმცა, დედაც ეხმარება ხოლმე. სახელმწიფომ ქალს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა, აჩუქა ხუთოთახიანი ბინა და მიკროავტობუსი. გარდა ამისა, ფინანსურად დაეხმარნენ საქველმოქმედო ფონდები.
ქმრის მოულოდნელი საქციელის მიუხედავად, ქალმა მიკროავტობუსის მართვა ისწავლა და ვლადი, დავიდი, დენისი, ალისა, დაშა და საშა დამოუკიდებლად მიჰყავს დასასვენებლად. უფროსი ქალიშვილი 7 წლისაა.
ბავშვებზე ზრუნვის გარდა, 38 წლის ოქსანა ცნობილია, როგორც ბლოგერი. მან საკუთარ მიკრობლოგს სიმბოლურად "ოდესის ხუთეული" უწოდა.
მისი ბლოგი აქტიურად ვითარდება და უკვე 200 ათასი გამომწერი ჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ბლოგი მრავალშვილიანი დედისთვის შემოსავლის წყაროცაა. ის აქტიურად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას სხვებს.
ოქსანა ოცნებობს, რომ როდესაც მისი 6 შვილი გაიზრდება, ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვას.