ქალების გაძლიერების ფონზე მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სუსტის როლში ყოფნა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ძალიან ცვალებადი ხასიათით, შეიძლება ითქვას, უშიშარი და საკმაოდ ძლიერი – ასეთია ანი გიუნტერის ხასიათის ძირითადი შტრიხები. ცხოვრებისეულ სირთულეებზე, მათი გადალახვით მიყენებულ ტკივილსა თუ ტკბობაზე ''რუსთავი 2''-ის დილის გადაცემის წამყვანს ვესაუბრეთ.
- არ მივეკუთვნები იმ ქალებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალი მამაკაცზე ძლიერი უნდა იყოს, უბრალოდ, ხანდახან მგონია, ქალების გაძლიერების ფონზე მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სუსტის როლში ყოფნა. სიამოვნებით დავსუსტდებოდი და ვიქნებოდი ჩემზე ბევრად ძლიერი მამკაცის გვერდით. მაგრამ არ გამომდის. სისუსტე მიმტყუნებს და ბოლომდე ძლიერი გამოვდგები ხოლმე. როცა გაქვს უამრავი საქმე, სამსახურიდან სამსახურში ინაცვლებ და მუდმივად დაკავებული ხარ, ფიზიკურად არ გრჩება დრო იმისთვის, რომ სუსტი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა დეპრესიაზე. ხანდახან გინდა განიტვირთო, ცოტა იტირო და ა.შ. მაგრამ როცა გყავს შვილები, რომლებსაც ყოველწუთიერად სჭირდებათ შენი ყურადღება, ზღაპრის მოყოლა, ამასთანავე, გაქვს 500 იმეილი ერთად გასაგზავნი, ვეღარ აძლევ საკუთარ თავს უფლებას, იყო დეპრესიული და სუსტი. საერთოდ, ყველაზე დიდი სირთულე უდროობა და გრაფიკია.
- პირადი პრობლემა უფრო რთულად გადასალახია შენთვის თუ სამსახურებრივი?
- პირადი. თუ პირადი ღირებულია, რაც გულისხმობს მეგობრებს, ოჯახს, ძალიან განვიცდი. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები, შენ ბევრი რამ შეძელი, ბოლოს და ბოლოს გერმანელი ხარ, როგორ შეიძლება, ასე მიიტანო გულთან რამე-მეთქი. მა-გრამ, ესაა ის სფერო, სადაც ნამდვილად გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი და განვიცდი, ოღონდ არ ვფიქრობ, რომ სისუსტეა, როცა შენს პირადს განიცდი.
- დედობა ურთულესი ''პროფესიაა''. დღეს ძნელია იყო კარგი დედა, თუნდაც უდროობის გამო.
- დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს მხოლოდ ფაფის მომზადება და ხაჭაპურის გამოცხობა ნამდვილად არაა. ჩემი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ამ თემაზე ფიქრს ვუთმობ, ვფიქრობ არა იმაზე, როგორ გავზარდო, არამედ როგორ აღვზარდო შვილები, მათთან ურთიერთობაზე ძვირფასი ამქვეყნად ჯერ არაფერი გამაჩნია. პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგო საქმე, ცხოვრება და სწორად გაანაწილო დრო.
- ანი, დაბრკოლება ყველა ოჯახშია, მაგრამ ოჯახის სიმყარეს რა განაპირობებს?
- კი, მაგრამ იქ, სადაც არსებობს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა, სიყვარულზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ, ეს აუცილებელია, დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია. ზოგადად, ეს იმდენად ინდივიდუალურია, ძნელია პასუხის გაცემა.
- ამბობენ, რომ კაცებს არ მოსწონთ დაკავებული, წარმატებული, შემდგარი ქალები.
- სუსტ კაცებს ნამდვილად არ მოსწონთ. კაცმა უნდა იგრძნოს, რომ შენთვის ძალიან საჭიროა, არასაჭირო კაცი ჩემ გვერდით ვერ იქნება. გოგონებო, შევთანხმდეთ, რომ ქალის გვერდით მამაკაცი აუცილებელია, ამიტომ გაუფრთხილდით მამაკაცებს!
- როგორი ქალისგან არ მიდის მამაკაცი?
- კაცი ყველანაირი ქალისგან მიდის (იცინის) და ქალებზეც შეიძლება იმავეს თქმა.
- ანუ, ერთნაირად ორგულები ვართ ქალები და კაცები?
- მე ორგულობა არ მიგულისხმია, კაცის წასვლის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, ასე ვერ განსაზღვრავ, მაგრამ არ არსებობს ქალი, რომელსაც რაღაცის გარანტია ექნება.
- სიყვარულის სახელით ბრძოლას აზრი აქვს?
- აუცილებლად.
- გავრცელებული ჭორის შესახებ მინდა გკითხო, ამბობენ, პირად ცხოვრებაში გქონდა დაბრკოლება და ქმარს გაშორდი.