სუროგაცია უშვილო წყვილებისთვის დიდი იმედია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში უშედეგო მკურნალობით ცდილობენ და ხარჯავენ უამრავ დროსა თუ რესურსს. მეორე მხრივ, სუროგატი დედებისთვის ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. საზოგადოების ერთი ნაწილი სუროგაციის წინააღმდეგია და ხშირად აგრესიასაც გამოხატავენ. ვის შეუძლია გახდეს სუროგატი დედა, რა აუცილებელი მოთხოვნებია და რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში წყვილები ამ გზას, ამ თემაზე ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების ქსელის "New Life"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი გვესაუბრება:
- სუროგაცია რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, რომლის დროსაც წყვილის გენეტიკური ემბრიონი სხვა ქალის საშვილოსნოში გადადის. სუროგატ დედას ბავშვთან გენეტიკურად არაფერი აკავშირებს. უბრალოდ, ეხმარება იმ ქალს, რომელსაც ორსულობა და ბავშვის გაჩენა არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ალბათ კარგად არ არის გათვითცნობიერებული. არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ, ეს სუროგატი დედებისთვის ფინანსური შემოსავალია, ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ წყვილისთვის, რომელსაც შვილი სუროგატი დედის გარეშე არასდროს ეყოლება.
- წლების წინ კიდევ უფრო უნდობლად უყურებდნენ ამ თემას, რა შეიცვალა ახლა?
- ახლა შედარებით მეტად არიან ინფორმირებულები და ალბათ ეს შეიცვალა. ყოველთვის იქნება აგრესია, რაღაცები ხალხს მოეწონება, რაღაცები - არა. ეს ბუნებრივი პროცესია. არ მაქვს პრეტენზია, რომ სუროგაცია ყველას მოსწონდეს.
- როგორ პოულობთ სუროგატ დედებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ და საშუალოდ რა თანხას იღებენ ხოლმე სანაცვლოდ?
- ქალები თავად მოდიან კლინიკაში. დაახლოებით, 16-17 ათას დოლარს იღებენ. მაქსიმუმ 38 წლამდე უნდა იყვნენ. ვუტარებთ ჯანმრთელობის დეტალურ გამოკვლევას. არ უნდა ჰქონდეთ ქრონიკული და ინფექციური დაავადებები, ჰორმონალური დარღვევები. არ უნდა ეწეოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეთ საკუთარი შვილი, რომ ფსიქოლოგიურად, ბავშვზე მიჯაჭვულობის განცდა არ გაუჩნდეთ. გვყავს ფსიქოლოგი, რომელთანაც წინასწარ გადიან კონსულტაციას. გადაწყვეტილება უნდა იყოს მყარი და გაცნობიერებული.
- რა უფლებები აქვს სუროგატ დედას და რა - მომავალ მშობელს? დოკუმენტაციაზე ხელის მოწერისას რა არის ძირითადი დათქმა?
- სუროგატ დედას ძალიან ბევრი უფლება აქვს. მათ შორის, მათი უფლებაა, რომ პატივისცემითა და ზრუნვით მოეპყრონ, დროულად მიიღონ კომპენსაცია, კლინიკაში არ ალოდინონ, იქაც იგრძნონ ყურადღება. ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდებათ, ჰქონდეთ ფსიქოლოგთან დაკავშირების შესაძლებლობა. სუროგატ დედას ბავშვზე იურიდიული უფლება არ აქვს. თანხა ყოველ თვე ერიცხებათ და ეს მშობლების ვალდებულებაა. ხელშეკრულება იდება, ძალიან ბევრი ფაქტორია გათვალისწინებული. პასუხისმგებლობებია, რომ ქალმა 9 თვის განმავლობაში კონსულტაციასა და შემოწმებაზე იაროს, გაუფრთხილდეს ორსულობას, დროულად გამოცხადდეს კლინიკაში, მიიღოს მედიკამენტები დანიშნულების მიხედვით და სხვა.
- თუ არის ფაქტები, როდესაც სუროგატი დედები ნამდვილ მშობლებს აღარ უბრუნებენ შვილს და აქ რა ბერკეტი არსებობს?
- მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა იმიტომ, რომ ფაქტს კანონი არეგულირებს. გარდა ამისა, სუროგატი დედების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ფინანსური კეთილდღეობაა, რომ საკუთარ შვილებს კარგი მომავალი შეუქმნან.
- თუ ორსულობა შეწყდა ან მშობიარობის დროს გარდაიცვალა ბავშვი, რა ხდება ამ დროს?
- ხელშეკრულებაში ყველაფერი გაწერილია. თუ ორსულობა წყდება, გარკვეულ თვეებზე შესაბამისი ანაზღაურება აქვთ. ხოლო, თუ დაბადებისას გარდაიცვალა ნაყოფი, მაშინ სრულ თანხას იღებენ.
- საინტერესო ქეისები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- სუროგაცია ადამიანებისა და ოჯახების ცხოვრებას ცვლის და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 10-15 წელი შვილი არ გყავს. ყველაფერი სცადე, მთელი ეს წლები უშვილობის მკურნალობის გარდა, არაფერი გიკეთებია და უცებ ვიღაც ქალი გეხმარება და ამდენი ხნის ნანატრი ოცნება გისრულდება. წყვილები ამობენ ხოლმე, რომ ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ამ გზით დედობა და მამობა ეღირსათ. მეც სუროგაციით მყავს სამი ტყუპი. ახლა უკვე 9 წლისები არიან. მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი დასჭირდა მკურნალობას, იმედგაცრუებას, ბავშვები რომ ჩნდებიან, ყველაფერს გავიწყებენ, თითქოს არც ყოფილა მკუნალობის დამღლელი პერიოდი და მუდმივი იმედგაცრუება.
- როგორ ზრდით ბავშვებს, რა პრიორიტეტები გაქვთ?
- ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ. აწყობილი მაქვს რეჟიმი ისე, რომ საღამოს ყოველთვის ბავშვებთან ერთად ვიყო. ვზივართ, ვსუბრობთ, ვუყვებით ერთმანეთს, როგორ გავატარეთ დღე, ემოციებს ვუზიარებთ. მგონია, რომ დედას ვერც ერთი ძიძა ვერ შეცვლის. თუ გვინდა, რომ შვილებს ჯანსაღი საყრდენი და რესურსი მივცეთ, რაც მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეყოთ, მშობლები უნდა ვიყოთ მათთან და არ არსებობს საქმე, რომელიც ამაზე უფრო მეტად პრიორიტეტულია.
- საქართველოში რამდენად ხშირად მიმართავენ აღნიშნულ მეთოდს ქართველები და ასევე, რამდენად ხშირია უცხოელების ვიზიტები ამ მიზნით?
- ზოგადად, ნებისმიერი ინვიტრო კლინიკის პაციენტების 10%-ს სუროგაცია სჭირდება. ზუსტად ციფრებს, რამდენი ქართველი მიმართავს და რამდენი უცხოელი, ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ გვაქვს. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ჩვენთან. არავინ მაინცდამაინც საქართველოს არ ანიჭებს უპირატესობას, 9 ფილიალი გვაქვს და 9-ვე მათგანს მიმართავენ.
თამარ იაკობაშვილი