დედების სალონიახალი ამბები
"ბავშვს, რომელიც ხედავს, რომ მისი მშობელი 24/7-ზე კომპიუტერთან/ტელეფონთან არის, მობილურს და პლანშეტს ვერ დაუშლი..." - რა აწუხებთ დედებს
"ბავშვს, რომელიც ხედავს, რომ მისი მშობელი 24/7-ზე კომპიუტერთან/ტელეფონთან არის, მობილურს და პლანშეტს ვერ დაუშლი..." - რა აწუხებთ დედებს
ყველას მოგვისმენია და უკვე ზეპირადაც ვიცით სპეციალისტების მთავარი რჩევები, თუ როგორი გარემო შევუქმნათ ბავშვებს აღზრდა-განვითარებისთვის. ცხოვრება სრულ ჰარმონიაში, გაჯეტების და ჯანქ ფუდის გარეშე ალბათ ყველა მშობელს უნდა, მაგრამ თუ სოციალურ ქსელში დედების პოსტებსა და კომენტარებს გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ საყოველთაოდ აღიარებული მიდგომების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა ბევრი მშობლისთვის შეუძლებელი ხდება.
ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა, ახალგაზრდა დედამ სწორედ ამ თემას მიუძღვნა პოსტი სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს, რამდენიმე კომენტარით, პოსტის ავტორის ნებართვით ვაქვეყნებთ. დედები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ, რეალურად რისი გაკეთება შეძლეს,
რისი - ვერა, რომელი მიდგომები უფრო "მუშაობს" მათ ცხოვრებაში და რა უჭირთ დედებს ყველაზე მეტად, როცა საქმე აღზრდას ეხება.

  • "ამ ისედაც დანევროზებულ მშობლებს ხომ სულ ამუნათებენ, რომ ბავშვი 12 წლამდე არ უნდა გაეკაროს ტელეფონს, ტელევიზორში კი მარტო მშვიდი რაღაცები, ქოუჩინგი, აზროვნების ფსიქოლოგია, სიკეთე, ბედნიერება, მალინევსკაიას მეთოდი, მონტესორის სწავლების მეთოდი, მეტი ტალახი, წვიმაში სირბილი, ქარში გრიალი და წუმპეში თავის ჩაყოფა...
  • ახლა კიდევ ერთი დედა წერდა რომელიღაც ჯგუფში, რომ მისი წლის და სამი თვის შვილი დიახ, არ გაკარებია ტელეფონსა და პლანშეტს... დავიღალე..."
  • "ორი უკიდურესობების ამბავია. არც ისაა ნორმალური, ბავშვი სულ ტელეფონ-ტელევიზორში იყოს და არც ის, რომ სამ წლამდე ტელეფონი-ტელევიზორი ჰქონდეს აკრძალული და თუნდაც მხოლოდ ერთი საათი გამოიყენოს".
  • "1,3 წლამდე ადვილია,
    მაგრამ მერე? მონტესორის და ვალდორფის მეთოდებით ბავშვის აღზრდა ძალიან კარგია, მაგრამ შინ უნდა იჯდეს მშობელი და სხვა არაფერი საქმე ჰქონდეს. მაგხელა მოთხოვნას ვერ წამოვუყენებ საკუთარ თავს. ჩვენ საერთოდ, თუ ვინმეს დახმარება გვინდა, ის უნდა ვეცადოთ, დაკავებულ და გადაფსიხებულ მშობელს ხრიკები ვასწავლოთ, რომ ბავშვიც არ დაზარალდეს და თვითონაც ამოისუნთქოს. მასე, 13 წლამდეც არ უნდა გაეკაროსო, ამბობენ და ვებინარებს მართავენ ინტერნეტ-დამოკიდებულებაზე, მაგრამ მანდაც გამოსავალი აკრძალვაში კი არა, ბავშვისთვის სასარგებლო კონტენტის განსაზღვრაშია. რას ვთავაზობთ ამ ბავშვებს, რომ კომპთან არ დასხდნენ. ჩვენი გაგვჭირვებია ისედაც".
  • "სახლში ხუთი დამხმარე რომ გყავს და ან საერთოდ არ მუშაობ და ბავშვის მეტი საქმე არ გაქვს ქალს, დროც არ დარჩება ბავშვს ტელევიზორის საყურებლად, რა ვიცი, წაიყვან ასეირნებ, აჭმევ, დააძინებ..."
  • "კიდევ ერთი შეცდომა. 2 წლიდან ბაღში რომ მიდიან, ზოგი ბაღი ურთავს მულტფილმებს 15 წუთით. ბაღში მულტფილმები ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. 2 წლიდან მართლა შეგიძლია, რომ ბავშვს ჩაურთო ტელევიზორში მულტფილმი, მაგრამ მაინც ლიმიტირებულია დრო. ბაღმა, რომელსაც წესით აქვს საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამა, არ უნდა აითვისოს ეს ტელევიზორის ყურების დრო. სინამდვილეში, მშობელი რომ გამოიყვანს ბავშვს ბაღიდან და სანამ სახლში თუნდაც ერთ ლუკმას შეჭამს, სახლში უნდა ჩაურთოს ის ტელევიზორი. უკუღმაა აქ ყველაფერი".
  • "ძალიან კარგად მესმის, რასაც წერთ, მშობლებს ჩვენს მშობლურ შესაძლებლობებზე ნორმალური წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს, რომ ადეკვატურად შევასრულოთ ეს ფუნქცია. ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები, ვისაუბრებთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე და რეალური იქნება განხორციელებაც. იქ სახელმწიფო პოლიტიკის და ეკონომიკური მდგომარეობის დონეზე არის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობები. აქ, სადაც სკოლაში და ბაღში ბავშვს 10 საათი უწევს ყოფნა (!), რაც დასავლეთში მართლა წარმოუდგენელია. მაგრამ რას ვიზამთ? მშობლები არანორმირებულად მუშაობენ... არ გვაქვს შესაბამისი ეკონომიკური სიტუაცია და ცნობიერების ამაღლებაზე საუბარი წყლის ნაყვაა უკვე".
  • "დიახ, დედა რომ მთელი დღე გასულია და დაბრუნდება სახლში, ძიძას უშვებს, მერე საჭმელი უნდა გააკეთოს ოჯახისთვის, სარეცხი, ზოგი სახლშიც აგრძელებს მუშაობას (სამწუხაროდ, პირადად მქიონდა ეგ პერიოდიც) და ამ დროს ხუთდამხმარიანის და სამძიძიანის მხრიდან დამუნათება, რომ ბავშვში რატომ დასვი ტელევიზორთან, კოშმარია".
  • "მეც ჩემს კისერზე გამომიცდია, სრულიად მარტოს, ჩვილთან სახლში. იყო პერიოდები, როცა სამუშაოსაც დავანებე თავი, მაგრამ მაინც უმძიმესი იყო მთელი დღე 2 წლის ბავშვთან ყოფნა, რაც არ უნდა სეირნობა და მისთანანი დაგვეგეგმა... ესაა რეალური ცხოვრება".
  • "13 წლამდე კი არა, 6 წლამდეც არარეალურია გაჯეტების გარეშე ყოფნა. მით უმეტეს საქართველოში. ბოლო-ბოლო სკოლაში კომპიუტერით სწავლობენ უკვე. ამას ემატება გარემოცვა. მე რომც არ დავსვა კომპთან, აგერ ჩავა ეზოში და ყველას მობილური აქვს ბავშვებს. ან ვინმესთან შევა მეზობელთან და იქ ტელევიზორი დახვდება, ან კომპიუტერი. მთავარია 2 წლამდე გააქაჩინო, როცა საერთოდ არ უწევენ ეკრანს რეკომენდაციას. თუმცა ჩვენ ყველანი ტელევიზორის წინ გავიზარდეთ და რა ვიცი, არ ვუწუნებ საკუთარ თავს არც კომუნიკაციის მხრივ განვითარებას და არც ინტელექტით. გადასარევად ავიდგი ენა. ეგ კი არა, თურმე რუსულად 8-მდე თვლა ვისწავლე, აერობიკის ყურებით".
  • "რადიკალიზმი ღუპავს ჩვენს ქვეყანას... ზომიერად ყველაფერი კარგია... მაღალი ტექნოლოგიების ხანაში პლასტმასის და ხის მექანიკური სათამაშოებით აღარ ინტერესდებიან ბავშვები და რა ვქნათ?! თუმცა 24 საათი ბავშვი რომ ეკრანს მისჩერებია, საშიშია მისი ჯანმრთელად განვითარებისთვის... ურთიერთობებია აუცილებელი..."
  • "ჩემი შვილი წლის იყო, ძალით რომ შევტენე ტელევიზორს. სხვა გამოსავალი არ მქონდა. ძალიან მინდოდა, მეც ვყოფილიყავი ეგეთი დედა, მაგრამ არ გამომივიდა. ძალიან მინდოდა, ისეთი ცხოვრება მქონოდა, რომ 2 წლამდე მაინც ვყოფილიყავი სახლში ჩემს შვილთან, მაგრამ ჩემი ქმრის ხელფასზე ვერ ვიარსებებდით და 6 თვის დავუტოვე ძიძას. წლამდე არ დამდგარა ტელევიზორის აუცილებლობა, მაგრამ დილას 10-ზე რომ სამსახურში უნდა იყო, ძიძის მოსვლამდე წარმოუდგენელია, გაინძრე წლის ბავშვთან ერთად. ახლა 5 წლის ხდება და ის მამშვიდებს, რომ მიჯაჭვული არ არის და არც მე ვუყოფ რაღაც განსაზღვრულ დროს საყურებლად, დილას სანამ ვემზადები, ალბათ ნახევარი საათი უყურებს, სანამ ძიძასთან წავიყვან და საღამოსაც ცოტა ხანი, თუმცა შეიძლება, თვითონვე გამორთოს და სახატავად ან სათამაშოდ ადგეს. ეს ძალიან ბავშვურ რამეებს უყურებს, შემეცნებითის ყურებაც მოსწონს და სარგებელს უფრო იღებს, ვიდრე ზიანს. სულ სახლში ყოფნის ან ცოტა დახმარების ფუფუნება რომ მქონდეს, ალბათ, მეც შევძლებდი იდეალურ დედობას".
  • "ციფრულ საუკუნეში ეს მოძველებული დამოკიდებულება გაჯეტებთან, ბევრად მეტს ართმევს ბავშვებს, ვიდრე აძლევს".
  • "პირველ შვილს ორ წლამდე არ ვაკარებდი არც შოკოლადს და არც ტელეფონი მიმიცია ნამდვილად, ბევრი დრო მქონდა, ხშირად ვეჯექი გვერდით, ვუკითხავდი, ველაპარაკებოდი, ვუმღეროდი და ა.შ. აი მეორეზე, უკვე სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა ასეთი რამ და ვერც სტერილურ გარემოში ვერ გაზრდი, არც არის სწორი, როცა თანატოლები სულ სხვანაირად იზრდებიან და რეალური გარემო სხვაა. ქადაგება და დამუნათება სრულიად არასწორია, როცა ასე მგონია, რომ ყველა ნორმალური დედა ისედაც ძალიან ბევრ განცდაშია და ისედაც მუდამ იმაზე ღელავს, რამეს არასწორად ხომ არ აკეთებს და რამეს ხომ არ აკლებს შვილს..."
  • "ამ ხალხს ავიწყდება რა სოციუმში უწევთ ბავშვებს შემდეგ ცხოვრება. კი, ლამის სამ წლამდე ისე გაიზარდა ბავშვი, ტელეფონი/პლანშეტი არ იცოდა, მაგრამ ახლა ხმოვან ასისტენტებს ელაპარაკება".
  • "ბარემ 60 წლის ასაკშიც ჯარისკაცებად დაუჭრან კარაქიანი პურიკოები. ეს ბამბაში ადამიანის ჩასმა რა არის, რა წესია. აი, ყველა ბავშვმა რომ იცის ბაღში გოჭი პეპა, მაგალითად, რატომ არ უნდა იცოდეს მაინცდამაინც ჩემმა ბავშვმა? რა დააშავა? მორჩა კალკულატორის დრო, უფროსები კომპიუტერთან მუშაობით ვჭამთ პურს და ჩვენ თუ პირველად 12 წლის ასაკში დავსხედით კომპიუტერთან, ამან სამი წლის ასაკში რომ დაიწყოს, რა დაშავდება? ამ ხალხს ავიწყდება, რომ დედები მუშაობენ, ორი ლარით მეტი რომ შეიტანონ ოჯახში და ის ფული ისევ ბავშვს მოახმარონ მერე ისევ. ამიტომ ცხვირს ნუ უბზუებენ რა. არ აქვთ დრო ქალებს, ათზე რომ მოდიან სამსახურებიდან, მერე სახლებს ალაგებენ, რეცხავენ, საჭმელს ამზადებენ, აუთოვებენ, იმის, რომ 24 საათი სხვა მეთოდით აღზარდონ ბავშვი და თუ ვინმეს აქვს ამისი დრო, ეს არაფრით არ არის დასაქმებულ დედაზე მეტი. არაფრით".
  • "ბავშვებს კი არა, თავს უკონტროლონ. სულ რომ პოსტავენ პოსტავენ პოსტავენ აკომენტებენ აკომენტებენ აკომენტებენ, ის დრო ვის აკლდება ნეტა, ძიძისთვის შეჩეჩებულ ბავშვს ხო არა?"
  • "ჯობს აღიარონ ეკრანისტებმაც და ეკრანის მოძულეებმაც, რომ ბავშვის აღზრდა ყველა ვარიანტში ურთულესია და თუ ვინმე ამას რაიმე საშუალებით იადვილებს, არ ნიშნავს, რომ სხვაზე უკეთ გამოსდის დედობა. თუ ვინმე ჩემნაირი მანიაკია და რთული გზით სიარული უყვარს, არც ეს ნიშნავს, რომ სხვაზე მაგარი დედაა. იმიტომ, რომ საბოლოოდ, ბებიებთან დატოვებული და ძველი მეთოდით გაზრდილი ბავშვებიც ძალიან კარგად და უპრობლემოდ იზრდებიან. არჩევანია ეგ უბრალოდ და არა ახალი სადოღე საბაბი. ჩვენ გვეუბნება ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომ ორ წლამდე მარილი და ეკრანი აკრძალულია. პანდემიამ ბევრი რამ არია, მაგრამ ვფიქრობ, რაღაცების დაცვას მაინც ვცდილობთ. თუ ვინმეს ეს გამოსდის, ამაში არაფერია საამაყო და თუ ვერ გამოსდის, არც ისეა საქმე, სისულელედ რომ ჩათვალოს ეს შეზღუდვა".
  • "ეკრანდამოკიდებული უკვე ყველაა, დიდიც და პატარაც. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ბავშვობაში პლანშეტებზე იზრდებოდნენ. საკმარისია რეალში გამოჩნდეს მობილურზე უკეთესი ან საინტერესო გასართობი, მობილური არავის გაახსენდება. მაგ უკეთესის მოძებნაა პრობლემა სწორედ".
  • "ბავშვი რომელიც ხედავს, რომ მისი მშობელი 24/7-ზე კომპიუტერთან/ტელეფონთან არის (არ აქვს მნიშვნელობა რა საბაბით), იმ ბავშვს მობილურს/პლანშეტს ვერ დაუშლი. შანსი არაა".
  • "აქ ლაპარაკი დაშლაზე არაა. არსებობს WHO-ს რეკომენდაცია 2 წლამდე ეკრანის მორიდების თაობაზე. ეკრანთან 2 წლამდე ბავშვის ხშირმა ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ქცევის დარღვევაო. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ უთუოდ და უპირობოდ გამოიწვევს, იმიტომ, რომ უამრავ ორი წლის ბავშვს აქვს ხელში მიჩეჩებული ტელეფონი და არ აქვთ არც ქცევის და არც მეტყველების დარღვევა. არის სხვა შემთხვევებიც, როცა ეკრანის მოცილების და კომუნიკაციის შემდეგ ბავშვმა ქცევა შეცვალა. მაგაზე არაა დავა. უბრალოდ, თუ ვიღაც ახერხებს, რომ 2 წელი ეკრანს არ გააკაროს ბავშვი, ამაში არაფერია გმირობის ტოლფასი. ვინმემ ეს უნდა გააკეთოს, დედა თუ არ იქნება, ძიძამ ან ბებიამ. ვისთანაც არ უნდა იყოს ბავშვი, საჭმელს ხომ აჭმევენ. ეგეც ეგრეა, მაგრამ აქვე სათქმელია ისიც, რომ 2 წლის შემდეგ ეკრანდამოკიდებულება 21-ე საუკუნეში მაინც მოსალოდნელია. დანარჩენი თქვენს მოხერხებაზე და მარიფათზეა დამოკიდებული".

mshoblebi

ბეჭდვა