"ამერიკაში ჩემი გინეკოლოგი ყოველთვის ამოწმებდა, ხომ არ მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია... ბევრი ქალი ვიცი ირგვლივ, ვისაც ჰქონია და ეს რეალურია"
"ამერიკაში ჩემი გინეკოლოგი ყოველთვის ამოწმებდა, ხომ არ მქონდა პოსტსამშობიარო დეპრესია... ბევრი ქალი ვიცი ირგვლივ, ვისაც ჰქონია და ეს რეალურია"
2015 წელს საქართველოში ცნობილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მოულოდნელად გათხოვდა. მისი რჩეული მედიცინის მუშაკი ამერიკელი ბენჯი ჩაიმი გახდა. სამ წელიწადში წყვილს პირველი შვილი ოლივერი შეეძინა. დაოჯახების მიუხედავად ნუკის სამშობლოსთან კონტაქტი არ გაუწყვეტია და დიდ დროს საქართველოში ატარებდა.
ასე მოხდა ერთი წლის წინაც, როდესაც შვილთან ერთად სტუმრად ჩამოვიდა და პანდემიის გამო დიდი ხნით ჩაიკეტა. თვეების მანძილზე ნუკის მეუღლე არ უნახავს, ბენი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ერთ კვირაში ოჯახი ამერიკაში ბრუნდება...
ნუკი MSHOBLEBI.GE-ს გულახდილად ესაუბრა დედობის ტვირთზე და იმ პერიოდზე, როდესაც
შვილის გაზრდა სრულიად მარტოს მოუწია.

- ნუკი, რა ასაკში გახდი დედა და ახლანდელი გადმოსახედიდან რამდენად მზად იყავი ამისთვის?

- პირველი ადამიანი ხარ, ვინც ამას მეკითხება, ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ... 28 წლის ვიყავი, ყველაფერი მოთავებული მქონდა, სწავლა, გართობა, მქონდა დრო, რომელსაც შვილს დავუთმობდი. იცით, მაინც რთული სათქმელია, როდის არის კარგი დრო დედობისთვის, ზოგი 16 წლის ასაკშიც მზად არის და მშვენივრად ართმევს თავს. 28 წლამდე მზად არ ვიყავი, უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა.

- ბავშვის სქესს თუ ჰქონდა შენთვის მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა პირველი შვილი?

- ძალიან მინდოდა გოგონა, მაგრამ ორსულობისას ზუსტად ვიცოდი, რომ ბიჭი გამიჩნდებოდა. იცით, რატომ მინდოდა გოგო, ამბობენ, რომ ისინი უფრო დედის არიანო. ვფიქრობდი, გამოვპრანჭავდი, რაღაც სულელური აზრები მქონდა.
თან მეორე მომენტიც არის, გარშემო ყველა გოგონები მყავდა - ნათლულები და მეგობრების შვილებიც კი. წარმოუდგენელი იყო, ბიჭთან როგორ უნდა მეთამაშა, გამერთო. თუმცა იმასაც ბევრი ამბობდა გარშემო, ნუკი შენ არ იცი, ბიჭები როგორი თბილები არიანო და ახლა უკვე ბოლომდე ვეთანხმები, რადგან ვხედავ, რა სითბოა ჩემი შვილი. სასწაული ყოფილა ბიჭი. ახლა მინდა გოგონა, რადგან ბიჭი უკვე მყავს (იღიმის).

- პოსტსამშობიარო დეპრესია ხომ არ გქონია?

- არა, მაგრამ ბევრი ქალი ვიცი ირგვლივ, ვისაც ჰქონია და ეს რეალურია. ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ და თვლიან, ამ დროს დეპრესია ფუფუნების საგანია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დეპრესიის დროს სპეციალისტთან მისვლა, ასევე ოჯახის წევრების თანადგომა. მე ამერიკაში ვიმშობიარე და ოლივერის დაბადებიდან ერთი თვე პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე რომ დავდიოდი, გინეკოლოგი ბევრ კითხვას მისვამდა იმის შესახებ, თუ რას ვგრძნობდი, ამოწმებდა, ხომ არ მქონდა დეპრესია.

- ვინ გეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში?

- არავინ, მარტომ გავზარდე. მშობიარობიდან ერთი თვე დედა იყო ჩემთან, საქართველოდან ჩამოვიდა. შემდგომ ბენი მეხმარებოდა შეძლებისდაგვარად, თუმცა სამსახურის გამო დაკავებული იყო. ბუნებრივი კვებით გავზარდე, წელიწად-ნახევარი ვაჭმევდი და მივხვდი, რომ მშობიარობაზე და ორსულობაზე რთული ესაა. ქალებს ამისთვის ჯილდოც კი გვეკუთვნის, ძალიან ძნელია როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. აქვე ვიტყვი, რომ თუ ვინმე ბავშვს ხელოვნური კვებით ზრდის, ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომას უშვებს, ყველა დედამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ურჩევნია. თუ დედა ბედნიერია, შვილიც ბედნიერია, გინდა ბუნებრივზე გყავდეს პატარა და გინდა ფორმულას აჭმევდე.

- კოლიკები, სიცხე, გაციება, ლუკმის გადაცდენა პატარას გაზრდისას - ამ დროს როგორ იქცეოდი?

- საერთოდ არ ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერზე პანიკაში ვარდება, მაგრამ ჩვეულებრივი გიჟი დედა აღმოვჩნდი. ბავშვი რომ დაასლოკინებდა, ვფიქრობდი, ნეტა კუჭი ხომ არ აქვს მოკლე-თქო. თუმცა ამბობენ, რომ პირველ ბავშვზე აქვთ დედებს პრობლემა, თორემ მეორეს შემთხვევაში, მიწიდან რომ აიღოს და შეჭამოს, აღარ იდარდებო. ამერიკაშიც მყავს პედიატრი და ნებისმიერ პრობლემაზე ვურეკავდი და კონსულტაციას გავდიოდი.
mshoblebi

- ოლივერის დაბადებიდან რამდენ ხანში დაგისვევს კითხვა: მეორეს როდის აპირებ?

- ახლაც სულ მეკითხებიან (იცინის). არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვაპირებ, თან ახლა არ მცალია, ისეთ საქმეს შევეჭიდე. აუცილებლად გავაჩენ, არ მინდა ჩემი შვილი დაიჩაგროს და დედისერთა იყოს.

- ნუკი, დედამთილი თუ იყო ჩართული ბავშვის აღზრდაში?

- რაც შეეხება დედამთილს, ჩვენს შემთხვავში ასეთი ფენომენი არ ყოფილა. ის ძალიან შორს ცხოვრობს, იმიტომ არა, რომ მე ვარ ძალიან კარგი ან ის, უბრალოდ შორს ვართ და არ ვერევით ერთმანეთის ცხოვრებაში. მეც ძალიან თავაზიანი და ზრდილობიანი ვარ მის მიმართ. არც ის არაფერს აკეთებ ისეთს, რომ გავღიზიანდე.

- ღამე ვისთან სძინავს ოლივერს?

- ჩემთან და მარტო ჩემთან კი არა, ჩემზე სძინავს. არ ვიცი, ასე როდემდე იქნება, ვერ გადავაჩვიე.

- აცრებთან დაკავშირებით რა აზრის ხარ?

- ყველა აცრა, რაც ეკუთვნოდა გავუკეთე, თუმცა არიან ანტივაქსერი დედებიც, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს როგორ მოიქცეს, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე, რომ ყველა აცრა გამეკეთებინა.
mshoblebi

- ნუკი, იმის მიუხედავად რომ ოლივერს დამოუკიდებლად ზრდი, არ მუშაობ, ბოლო დროს საინტერესო საქმე მოძებნე და შენი სახელობის ტუჩსაცხს უშვებ...

- დიახ, თავიდან მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გამეკეთებინა, მაგრამ სოციალურ ქსელში იმდენი გამომწერი მყავს, მათაც ვკითხე აზრი და აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ტუჩსაცხის შეძენა პრობლემაა სქართველოში. ევროპაში მყავს ტექნოლოგები და თავიდანვე მათთან გავიარე კონსულტაცია. ზოგადად ვაპირებ, რომ დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი შევქმნა, ეს არის ის საქმე, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი. 11 თვე მოვუნდი იდეის განხორციელებას, რომელიც პანდემიის დასაწყისში მომივიდა.

- ამერიკაში როდის ბრუნდები?

- ერთ კვირაში დავბრუნდები ბენთან და შვილთან ერთად. ეს ჩემს ბიზნესს ხელს არ შეუშლის. იქ დიდხანს ვერ ვძლებ, მალე დავბრუნდები, ეს ხომ ჩემი სამშობლოა.

ნინო გიგიშვილი
13550
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ნუკი
0
რატომ შლით კომენტარებს? რედაქციას მივმართავ
12:34 / 31-01-2021
ქეთი ს პასუხი
0
ფსიქოლოგი ამოწმებს, გინეკოლოგის თხოვნით. გინეკოლოგი არ ამოწმებს. ამერიკაში ასეა.
04:46 / 31-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი