მედეა ზაბახიძე პროფესიით ფარმაცევტია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი – დანიელი. მედეა მთელ დროს ბავშვის აღზრდას უთმობს, ცდილობს შვილის ყოველდღიურობა უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახადოს. მედეა საკვებით, ხილით, ბოსტნეულით შვილისთვის სახალისო და საინტერესო კომპოზიციებს ქმნის. საუზმეზე, რომელსაც შვილისთვის ამზადებს, ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი ვერ იტყვის უარს.
- ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში ვმუშაობდი, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს პროფესია ემოციურად ჩემგან ძალიან შორს იყო. ვფიქრობ, ჩემი ახლანდელი საქმიანობა ყველაზე საპასუხისმგებლო, შრომატევადი და საინტერესოა, რადგან დანიელის აღზრდით ვარ დაკავებული.
ვინაიდან შვილს დაბადებიდან სრულიად მარტო ვზრდით მე და ჩემი მეუღლე, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა, ასევე სხვა მშობლებისგანაც მიმეღო რჩევები. ამიტომ შევქმენი ინსტაგრამ-ბლოგი.
ჩემი გატაცება სამზარეულოა. ყველაფერი მიყვარს და მაინტერესებს, რაც სამზარეულოს უკავშირდება. ეს ჩემი მომავალი პროფესიაა.
- საკვები პროდუქტით საოცარ კომპოზიციებს ქმნით. ხატვაც გეხერხებათ?
- პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. რაც შეეხება ხატვას, არასოდეს მიცდია. ვფიქრობ, ფანქარზე უკეთ სამზარეულოს დანებს ვფლობ.
- რატომ გაგიჩნდათ იდეა, ამ ფორმით მიგეწოდებინათ თქვენი შვილისთვის საკვები, უჭმელი ბავშვია?
- დანომ ბუნებრივ კვებას წლის და ოთხი თვის ასაკში დაანება თავი. შესაბამისად, გაჩნდა აუცილებლობა, რომ ყველა მისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტი მიმეწოდებინა. მინდოდა მისთვის განსხვავებული, ფერადი, სახალისო და ლამაზი ყოფილიყო ის საკვები, რაც სასარგებლო და აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის და ეს იდეაც ასე დაიბადა. უჭმელი არასოდეს ყოფილა. მეტიც, ძალიან უყვარს ჭამა. თუმცა, ეს ხერხი ეფექტურია უჭმელ ბავშვებთან მიმართებაში.
თუ სასარგებლოდ ვმართავთ ბავშვის ემოციებს, ის „უჭმელი" აღარ იქნება. გამოთქმა „თვალი ჭამს“, ყველაზე მეტად ბავშვების საკვების მიმართ დამოკიდებულებაში მართლდება.
- თვითონ თუ იღებს ამ პროცესში მონაწილეობას?
- მაქსიმალურად ვცდილობ ჩავრთო ამ პროცესში. ახლა იმ ასაკშია, ძირითადად ყველაფრის არევა რომ მოსწონთ ბავშვებს, თუმცა დანოსთვის სასიამოვნო გასართობია მსგავსი გაფორმებები.
- ალბათ არაერთი უჭმელი ბავშვის მშობელს გამოადგა თქვენი იდეები. ყოფილა მსგავსი შემთხვევა, თუ მოუწერია ვინმეს თქვენთვის?
- კი, ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი ფაქტი. მეტიც, ხშირად ვაკეთებდი ჩემს ინსტაგრამ ბლოგის სთორებში გამოწვევებს, სადაც მაქსიმალურად ვცდილობდი მშობლებისთვის მიმეცა მოტივაცია და გაემეორებინათ თუნდაც ჩემი გაფორმებიდან რომელიმე და სიმბოლური პრიზებითაც ვაჯილდოებდი ყოჩაღ დედიკოებს.
- ზოგადად როგორი მზარეული ხართ? ყველაზე უკეთ რა გამოგდით?
- სამზარეულო ჩემი კომფორტის ზონაა. ვფიქრობ, თვითნასწავლი მზარეულისთვის ძალიან კარგად გამომდის. ის, რასაც ვამზადებ და ჩემს მენიუშია, ყველაფრის მომზადება მიყვარს და ერთნაირად იმსახურებს ჩემი მეგობრებისგან მოწონებას.
ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვიყო, ასე რომ, ყველაფერთან მაქვს შეხება.
- პანდემიამ რა გავლენა იქონია თქვენზე? როგორ დაეხმარეთ პატარას, რომ იზოლაციის დღეები მარტივად დაეძლია? რა თამაშებს, აქტივობებს გეგმავდით ბავშვთან ერთად?
- პანდემიას და თვითიზოლაციას ჩემი ცხოვრება დიდად არ შეუცვლია, მე ისედაც სულ სახლში ვარ უკვე მესამე წელია. რაც შეეხება დანიელს, დიდად არ უგრძნია, რადგან სუფთა ჰაერზე ისევ ჩვეულებისამებრ გადის, თუმცა ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით. ერთადერთი, რისი გაგებაც გაუჭირდა, იყო ის, რომ ძველებურად არ შეეძლო გასართობ ადგილებში თამაში და ბავშვებთან ჩახუტება.
ძალიან უყვარს ხატვა და ჩვენ სახლს ეს ყველაზე მეტად ეტყობა. მთელი კედლები მოხატულია, უყვარს ცეკვა და ათი წუთის წინაც ერთად ვცეკვავდით. ეზოში გატაცებული იყო ქვიშაში თამაშით და სახლის პირობებში ხშირად ეს „ქვიშა“ ნამცხვრის ფენებია, რომელსაც აქტიურად იყენებს მშენებლობისთვის.
ფერები, ანბანი და ციფრები მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ძალიან ხშირად ვკითხულობთ და ვთამაშობთ მსგავსი რაღაცებით.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ძალიან მალე ისევ სტუდენტი ვიქნები, საბუთები გაგზავნილი მაქვს საქართველოს კულინარიულ აკადემიაში და ველოდები პასუხს. რიგით მეორე პროფესია უკვე ჩემი სურვილით არის არჩეული და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის.
მერი ბლიაძე