"დედობა არ მთავრდება მზის ჩასვლასთან ერთად, ღამითაც ისეთივე დედა ვარ, როგორც დღისით", - ამბობს სამი შვილის დედა, ფიტნეს-ბლოგერი მელანი დარნელი და აქვეყნებს ვიდეოს თავისი ერთ-ერთი მორიგი ღამიდან. ეს ვიდეო ბევრ მშობელს ახსენებს თავის ღამეებს.
ვიდეოს გადაღება საღამოს 10 საათიდან იწყება, როცა მელანი მარტო იძინებს საწოლში და ცდილობს დაისვენოს. თუმცა უკვე 23:20-ზე ესმის ბავშვის ყვირილი. დგება და მოჰყავს უმცროსი ბავშვი თავის საწოლში, რომ ერთად მშვიდად დაიძინონ. თუმცა ბავშვი არ ისვენებს, ხან ძუძუს ჭამს და ხან დაცოცავს.
ღამის პირველ საათზე შუათანა ბავშვის ტირილი აღვიძებს და ისიც მოჰყავს საწოლში. ახლა ორ ბავშვთან ერთად ცდილობს დაძინებას.
"ასეთ მომენტებში ყველა მშობელზე ვფიქრობ, რომლებიც თავიანთ ძილს სწირავენ შვილების კომფორტს. როცა ვფიქრობ, რომ მარტო არ ვარ, ცოტა ვმშვიდდები", - ამბობს მელანი.
მთელი ამ პერიპეტიების შემდეგ მელანი უკვე დილის 6:20 წუთზე დგება, უძილო და დაღლილი.
ვიდეო საკმაოდ პოპულარული გახდა. უამრავმა ადამიანმა ნახა, მოიწონა, მხარი დაუჭირა მელანის და შეაქო მოთმინებისა და გამძლეობისთვის.