დედების სალონიახალი ამბები
"შეიძლება კიდევ ვიყოლიო შვილები... უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი" - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
"შეიძლება კიდევ ვიყოლიო შვილები... უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი" - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
მართალია, პანდემიამ ქართული შოუბიზნესი დროებით გააჩერა, მაგრამ ნინო ჩხეიძე მუდმივად ცდილობს, ერთგულ თაყვანისმცემლებს თავი არ მოანატროს. წარმატებული კარიერის პარალელურად ყოველთვის ახერხებდა, ერთადერთი შვილისთვის დრო დაეთმო. 16 წლის მარიკო დღეს მისი საუკეთესო მეგობარია. თუმცა ამბობს, რომ შეიძლება შვილები კიდევ ეყოლოს...

- 22 წლის ვიყავი, როდესაც მარიკო დაიბადა. მაშინ ვფიქრობდი, რომ დედობისთვის მზად ვიყავი და სულ არ ვიყავი პატარა. იმ დროს ჩემზე უმცროსი გოგონები თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ.
ახლა 39 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ
მზად. ახლა რომ მყავდეს შვილი, უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია.

- ბავშვის გაზრდის ხომ არ გეშინოდათ?

- არა, შიში არ მქონია, მარიკო რომ დაიბადა, მეორე დღეს გავიღვიძე და შინაგანად წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ არ მინდოდა დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ძალიან დამეხმარნენ დედა და ბებია, მათ გადაინაწილეს პასუხიმგებლობა.

- მარიკოს ბუნებრივად კვებავდით?

- მხოლოდ ერთი თვის მანძილზე, შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე. რძე თავისით გამიქრა. სამშობი
აროდან რომ გამოვედი, პირდაპირ დედასთან წავედი. ღამე ბავშვთან ერთად რომ ვიძინებდი, დილას 11 საათზე ბედნიერს მეღვიძებოდა და ვამბობდი, რა ჭკვიანი ბავშვია, მთელი ღამე რა კარგად სძინავს-მეთქი. რეალურად კი თურმე მთელი ღამე ტიროდა, ანგრევდა სახლს და მე სტრესისგან არ მესმოდა. დედა, ბებია, მთელი სამეზობლო სოლოლაკში მარიკოს გაჩუმებით იყვნენ დაკავებულები. ერთხელ დედამ მითხრა, მგონია გესმის და უბრალოდ არ იმჩნევო... არ სჯეროდა, რომ მართლა არ მესმოდა ბავშვის ტირილის.

- მამა რამდენად იყო ჩართული ბავშვის გაზრდაში?

- იმ პერიოდში გიორგიც დედაჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და მარიკოს ტირილზე გული ცუდად უხდებოდა. 23 წლის იყო, არც ის იყო დიდი. მუშაობდა, თავისი ოფისი ჰქონდა და ამბობდა, ცოტა თუ არ დავიძინე, მეორე დღეს ვერ ვიმუშავებო.

- როდესაც მისი მარტო დატოვებამ მოგიწიათ, ამ დროს თუ ნერვიულობდით?

- ცოტა ფობია მაქვს ბავშვებთან დაკავშირებით, არ შემიძლია, სხვისი ბავშვიც კი ფანჯარასთან რომ მიდის, ან ცოტა ისე თამაშობენ, ხიფათიანად. მარიკოსთვის ყველაფერს ვმდუღრავდი, ბავშვი რომ ტიროდა, ვუსმენდი ხოლმე, ხომ არ ჩაბჟირდა-თქო, ველოდებოდი როდის ამოისუნთქებდა. მერე ჩემ თავს ვაიძულე, რომ ცოტა მოვშვებულიყავი, რადგან მისი დატოვება გახდა საჭირო და ჩემს საქმეზე გადავერთე, თუმცა მაინც სულ ვფიქრობდი, ნეტა კარი ხომ არ დარჩათ ღია ან ფანჯარა, ვინმემ არ წაიყვანოს-მეთქი, მერე მივხვდი, რომ ძალიან ვამეტებდი და ცოტა მოვეშვი.
mshoblebi

- რადგან ბებიამ გაზარდა, ალბათ მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა...

- მარიკოს ძიძაც ჰყავდა, ანჟელა, რომელიც ძალიან უყვარდა. შვიდ წლამდე ეს ქალბატონი გვეხმარებოდა. დედაჩემის გარეშეც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ძალიან უყვარს. პატარა რომ იყო, ერთი პრობლემა გვქონდა, სადმე რომ მიმყავდა, ძალიან იცოდა უცხოობა და ამის გამო, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი. განსაკუთრებულად არ უყვარდა დაბადების დღეებზე სიარული.

- რა ასაკში გააცნობიერა, რომ პოპულარული დედა ჰყავდა...

- ჩემზე პირველი სიუჟეტი გადაცემა „დროებამ“ გააკეთა, იქ ძალიან პატარაა მარიკო და ჩემზე საუბრობს. რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ, მე - პროფესიონალურად...

- ახლა უფრო მეტად ჩნდებით ერთად, რაც მარიკო გაიზარდა...

- დიახ, მარიკო ჩემი საუკეთესო მეგობარია, ძალიან კარგად აზროვნებს, როგორც დიდ ადამიანს, ისე ვეკითხები რჩევას. პატარა რომ იყო და ხალხში ყოფნა დისკომფორტს უქმნიდა, არასოდეს ვძალადობდი მასზე და ამის გამო ნაკლებად ვჩანდით ერთად. რაც გაიზარდა, უფრო ხშირად ვართ ერთად და ყველგან ერთად დავდივართ.

- პანდემია როგორ გადაიტანეთ?

- ძალიან კარგად გამოიყენა ეს პერიოდი მარიკომ. ენების შესწავლა დაიწყო. ონლაინ მასწავლებლები აიყვანა ფრანგულსა და უკრაინულში. ინგლისური ისედაც კარგად იცის. ასევე ონლაინ პილატესი დაიწყო და ერთი წელია, რაც ტრენერი ჰყავს. დაასრულა გრაფიკული დიზაინის კურსები და სერთიფიკატიც აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ასე კარგად გამოიყენა პანდემიის პერიოდი, მე მაინც ვნერვიულობ, იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს, რომ არ მინდა გადაეჩვიოს ხალხთან ურთიერთბას.

- სკოლაში სწავლას ონლაინ განაგრძობს?

- დიახ, ონლაინ გააგრძელებს. ახლა მეთერთმეტე დღეა, რაც იზოლაციაში ვარ. მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ ტესტის შედეგად არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარე. დიდი ოჯახი მაქვს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ ვინმეს რამე გადაედოს.

- ნინო, მეორე შვილის გაჩენაზდე თუ გიფიქრიათ?

- მარიკო რომ დაიბადა, ოჯახში ყველა მეუბნებოდა, მიაყოლე მეორე, თორემ მერე დაგეზარებაო. ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, მინდოდა, ჯერ ჩემი საქმე ამეწყო. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ თურმე მართალი ყოფილა. არ მაქვს ახლაც ბოლომდე გადაწურული იმედი, შეიძლება კიდევ ვიყოლიო შვილები. ამისი ასპროცენტიანი გარანტია არ მაქვს, მაგრამ სამომავლოდ მინდა.

ნინო გიგიშვილი

ბეჭდვა