"თუ გინდა, რომ შენი შვილი მედგარი და წარმატებული იყოს, მას ძლიერი "მე" უნდა ჰქონდეს..." - ანა დოლიძის გულახდილი ინტერვიუ შვილის აღზრდასა და მეორე ორსულობაზე
"თუ გინდა, რომ შენი შვილი მედგარი და წარმატებული იყოს, მას ძლიერი "მე" უნდა ჰქონდეს..." - ანა დოლიძის გულახდილი ინტერვიუ შვილის აღზრდასა და მეორე ორსულობაზე
ანა დოლიძე მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერია და ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკური თუ სოციალური აქტიურობით იცნობს. მას ერთი შვილი, 13 წლის ანდრო ჰყავს და მეორეს ახლა ელოდება. ორსულობის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს საჯარო შეხვედრებსა და პროექტებში მონაწილეობას. ანა დოლიძეს Mshoblebi.ge დედის ამპლუაში გაგაცნობთ, გაგიზიარებთ, საკუთარი დაკვირვებით, რას ხარვეზებს ხედავს განათლებისა თუ ჯანდაცვის სფეროში, რა ასწავლა შვილთან ურთიერთობამ და როგორია დედობა, დატვირთული გრაფიკის პარალელურად:
mshoblebi
- პირველად დედა 27 წლის ასაკში გავხდი. ანდრო ამერიკაში გავაჩინე. ორუსლობის, მშობიარობისა და სამედიცინო სერვისებთან ურთიერთობის პროცესიც იქ გავიარე. ახლა
მეორე შვილს ველოდები, საქართველოში მიწევს იმავეს გავლა და შემიძლია ბევრი რამ შევადარო ერთმანეთს. არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო განსხვავებები. ხალხშიც უამრავი მითია, მაგრამ მთავარი სხვაობა მაინც არის ის, რომ ამერიკაში მთელ პროცესს ექიმი აკონტროლებს. თითოეული პაციენტისთვის ელექტრონული კალენდარი აქვს, სადაც აღნიშნულია, როდის რა ტიპის გამოკვლევა თუ ანალიზი გიწევს, გირეკავენ წინასწარ და გახსენებენ, რომ კლინიკაში უნდა მიხვიდე. ჩვენს შემთხვევაში კი პროცესს პაციენტი აკონტროლებს. ექიმები ძალიან გადატვირთულები არიან, ბევრ ადგილას მუშაობენ, საათობრივ გამომუშავებაზე არიან, რაც მეტ პაციენტს მიიღებენ, მეტი შემოსავალი ექნებათ და შესაბამისად, მათ აღარ რჩებათ იმდენი დრო, რომ ყველა პაციენტთან მსგავსი ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეთ. ეს ჯანდაცვის სისტემის უდიდესი პრობლემაა და საკითხი არ ეხება მხოლოდ მეან-გინეკოლოგიას, სამედიცინო სფეროში
ყველა მიმართულებით ასეა. ფინანსური კუთხითაც ბევრი პრობლემაა. ისევე როგორც ამერიკაში, საქართველოშიც მშობიარობაზე გარკვეულ თანხასა და საბაზისო კვლევებს სახელწიფო აფინანსებს. აქ ცვლილებას შევიტანდი. სერვისი ყველა მოქალაქისათვის საწყის ეტაპზე უფასო არ უნდა იყოს. ვისაც შეუძლია და ძალიან მაღალი შემოსავალი აქვს, თავად, საკუთარი ხარჯებით უნდა აკეთებდეს საჭირო კვლევებს, მათზე გამოყოფილი თანხა დაიზოგოს და მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ ეტაპებზე დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით არ შეუძლიათ გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. ან შესაძლებელია გართულებები დაფინანსდეს. გარდა ამისა, ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და ვაპირებ, ვიდეო ბლოგების გადაღება და ინსტაგრამზე განთავსება დავიწყო, რასაც "მშობლობა საქართველოში" ერქმევა. უამრავ საკითხს განვიხილავ. ბავშვის გასეირნების პრობლემაა, მშობლებს ვერ მიჰყავთ ეტლით პარკებში, ტროტუარებსა თუ მეტროში, პრობლემაა საბავშვო ბაღებშიც. უამრავი თემა შემომდის ადამიანებისგან და ვაპირებ, ყველაფერზე ვისაუბრო ვიდეოებით, წამოვწიო წინ და განვიხილო.

- რამდენად რთულია, დატვირთული გრაფიკის პარალელურად იყოთ დედა?

- ნამდვილად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხარდაჭერა მაქვს და ახლობლები და დედაჩემი მეხმარებიან. პანდემიის დროს ჩვენს გუნდშიც დიდი სხვაობა იყო შვილიან და უშვილო ხალხს შორის, რადგან ბაღები დაიკეტა და ბევრ თანამშრომელს ოფისში სიარული გაუჭირდა. პროცესში დამქირავებლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. კანონმდებლობაც უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ მიმართულებით დაგიცავს. მე ალბათ მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან გამიმართლა. ბევრი ქალი უფროსი მყავდა და მათ ესმოდათ ხოლმე მდგომარეობა. კაცი უფროსების შემთხვევაშიც ასე იყო, რადგან უცხოეთში ძალიან მკაცრი კანონმდებლობაა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების დაცვის კუთხით. საინტერესოა, რამდენად შემოვა ჩვენთან მიდგომა, რა დროსაც მამებსაც შეეძლებათ მშობლობის შვებულების აღება. ჩვენთან იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც მამას ჰყავდა ორი შვილი, მეუღლე მშობიარობის შემდეგ ცუდად იყო, კაცი გამგეობაში მუშაობდა და ე.წ. დეკრეტული შვებულება მოითხოვა. არ გაუშვეს და მამამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

- რას ანიჭებთ შვილთან ურთიერთობისას უპირატესობას, მკაცრი დედა ხართ?

- ვდილობ, რომ ყოველდღე, გარკვეული დროის განმავლობაში, ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაში არაფერი შემოვიდეს. ინტერნეტსა და ტელეფონს ვგულისხმობ. საღამოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალებები მომზადებული აქვს, ვდილობ, რომ დრო გამოვყო, როდესაც მარტო ანდროს მივაქცევ ყურადღებას. ვეკითხები, რა ხდება სკოლასა და სპორტში. გრაფიკსაც ვაკონტროლებ. სულ პულსზე უნდა მეჭიროს ხელი. მამამისიც ჩართულია პროცესში, მას უფრო ჰუმანიტარული საგნები, როგორებიცაა, ლიტერატურა, ისტორია, აქვს გადაბარებული. ასევე, სპორტი. ფეხბურთი ორივეს ერთნაირად უყვარს.
mshoblebi

- სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებში რამდენად ხართ ჩართული?

- ჩართული ვარ ამ პროცესებშიც და ყველას უკვირს. მასწავლებელს რომ ველაპარაკები, მეუბნება ხოლმე, რომ ალბათ არ გეცლებათო. მაგრამ, სულ ვცდილობ, მოვიცალო. ფეხბურთზეც დავყვებოდი ხოლმე, მერე თავად ამიკრძალა მისვლა, იქ დედა არავის დაჰყვებაო (იცინის).  მასწავლებლებსაც ხშირად ვეკონტაქტები.

- თქვენი შვილის მაგალითზე რომ გვითხრათ, რა პრობლემებსა თუ ხარვეზებს ხედავთ დღევანდელ სასკოლო განათლებაში?

- ძალიან ბევრ მშობელს ვესაუბრები და ერთმანეთს დაკვირვებებს ვუზიარებთ. უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკოლა საერთოდ არ არის დისტანციური სწავლებისთვის მომზადებული. არც ტექნოლოგიურად, არც პროგრამულად. პანდემიის გარეშეც უნდა მომხდარიყო სისტემის გაციფრულება. დასავლეთში განათლების სისტემა ელქტრონულია. დღიური, ნიშნები, მასწავლებლის შენიშვნები ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი. კომუნიკაციისთვის ფურცელს აღარ იყენებენ. ასევე, პერსონალიც მოუმზადებელია. განათლების სამინისტროს ერთი წელი ჰქონდა იმისათვის, რომ მასწავლებლები გადაემზადებინა და სისტემის ციფრულ მართვაზე გადასულიყვნენ. ეს უნარ-ჩვევები ჩვენ ისედაც, პანდემიისგან დამოუკიდებლადაც, დაგვჭირდება. აღმოჩნდა, რომ სკოლა ადგილზე სწავლებაზეა დაყრდნობილი და პროცესების დისტანციურად სამართავად მზად არ არის.

- მოზარდი შვილი გყავთ, რა სირთულეებს აწყდებით გარდატეხის ასაკში და რა შეგიძლიათ ურჩიოთ სხვა მშობლებს, რომლებსაც, თქვენსავით, მოზარდი შვილი ჰყავთ?

- მთავარი ის არის, რომ მოზარდობის დროს სოციუმი ხდება მნიშვნელოვანი. ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის მშობელი, მისი აზრი და ავტორიტეტი. ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს მეგობრები, სკოლა და წრე. აქ ყურადღებაა საჭირო. დიდ პრობლემას ვხედავ კიბერუსაფრთხოების კუთხით. უამრავი აზარტული თამაშის რეკლამა შემოდის ჩვენი შვილების ტელეფონზე. იუთუბზე უყურებენ ადამიანებს, რომლებიც კაზინოებიდან ფულს იღებენ და წაახალისებენ 13-14 წლის მოზარდებს, რომ თამაშში ჩაერთნენ. ვცდილობ, ანდროს აზრს პატივი ვცე. მის ტელეფონს არ ვაკონტროლებ, მაგრამ სულ ველაპარაკები. ხედავს ჩემს საჯარო გამოსვლებსაც და სახლში ვიხილავთ ხოლმე, ვუხსნი, რა მოხდა და თავად რა უნდა გაითვალისწინოს. ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ბავშვი სკოლაში დადის, საათებს ატარებს ოჯახისგან შორს. მთავარია ლაპარაკი, ცნობიერების ამაღლება, რომ გაარჩიოს, რა არის კარგი და რა - ცუდი. ამასაც დრო სჭირდება, განსაკუთრებით იმ მშობლისგან, რომელიც სახლში ისედაც დაქანცული მიდის. მაგრამ, აუცილებელი პროცესია.

mshoblebi

- მეორე შვილს ელოდებით. რამდენად რთულია პოლიტიკური თუ სხვა ტიპის აქტივობების პარალელურად ეს ეტაპი?

- საკმაოდ რთულია. იმდენი ენერგია აღარ მაქვს, რამდენიც აქამდე მქონდა. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე. საჯარო შეხვედრებში ბევრად უფრო ფრთხილი ვარ. მით უმეტეს, პანდემიაა. მესამე, ეს არის გარეგნობისა და წონის ცვლილება. მაგრამ, ხალხისგან ძალიან ბევრ დადებით ემოციას ვიღებ. ჩემი უფროსი შვილიც გახარებულია და ელოდება.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები, რაც ანდროსთან ურთიერთობამ გასწავლათ და ფიქრობთ, რომ მეორე შვილთანაც გამოგადგებათ?

- აღიარო მეორე პიროვნების აზრი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რომ შენი შვილი მედგარი და წარმატებული იყოს, მას ძლიერი "მე" უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორც მშობელს, ხშირად გინდა, რომ გაიამარჯვო. ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი. ბალანსის დაჭერა, რომ თან სწორად იმოქმედო და თან პატივი სცე ახალგაზრდის ნორჩ "მეს", რთული, მაგრამ აუცილებელია. საკუთარი თავი უნდა შებოჭო. შეიძლება ვიცოდე, რომ მართალი ვარ. მაგრამ მივეჩვიე იმას, რომ არსებობს მეორე "მე" , რომელსაც პატივი უნდა ვცე. ეს არის ყველაზე დიდი გაკვეთილი მშობლობიდან.

თამარ იაკობაშვილი

alt"ჩემს შვილს ვუყვები, რომ მქონდა მხოლოდ ორი წყვილი ფეხსაცმელი და არ მქონდა ბევრი სათამაშო" - ანა დოლიძე საკუთარ ბავშვობასა და დედობაზე

alt"თებერვლის ბოლოს ველოდებით პატარას... არ ვარ პატარა ასაკის ფეხმძიმე და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა" - ანა დოლიძის მეორე ქორწინება პანდემიურ წელს


3991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები