იაკო ჭილაია პოპულარული სერიალის „იდეალური დედა“-ს მთავარი პერსონაჟია. დიახ, სწორედ იაკოა ის მაკა მიმინოშვილი, რომლის ოჯახურ ცხოვრებას უკვე მეოთხე სეზონია თვალყურს ვადევნებთ და დიდი ინტერესით ველოდებით. ისევე როგორც სერიალში მაკას, რეალურ ცხოვრებაში იაკოსაც ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ანდრეა და 2 წლი-ნახევრის თომა, მისი მეუღლე კი ასევე ცნობილი მსახიობი გაგა შიშინაშვილია. რით ჰგავს ჰყავს საკუთარ პერსონაჟს და რა შურს მაკასი იაკოს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ იაკო თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში სწავლობდა, თვლის, რომ გაუმართლა, რადგან ასეთ პედაგოგთან მოხვდა, ჯგუფელებიც კარგი ჰყავდა. სწავლა დასრულებული არ ჰქონდათ, რომ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დადგნენ და დღემდე ამ თეატრის მსახიობები არიან. არ დაშლილან, თითქმის მთელი ჯგუფი ისევ ერთად მუშაობს. ამასთან ერთად, იაკო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობიცაა. რაც შეეხება სერიალს, ამას უკვე თავად გიამბობთ.
- 2 თვის გაჩენილი მყავდა მეორე შვილი თომა, ამოვარდნილი ვიყავი ფორმიდან ფიზიკურადაც და შემოქმედებითადაც, იმ პერიოდში სპექტაკლებიც კი არ მქონდა, ზუსტად ამ დროს დამირეკეს და მითხრეს, რომ სერიალისთვის მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ზოგადად, სულ მგონია, რომ წინასწარ ჰყავთ ხოლმე მთავარი გმირი შერჩეული და განსაზღვრული, ვინ და როგორი უნდა იყოს, ამიტომ ძალიან უიმედოდ ვიყავი განწყობილი, კასტინგზე წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს მეუღლეს მაინც ვკითხე აზრი. მითხრა, წადი, სცადეო. ჰოდა, მეც წავედი „მაინც არ ამიყვანენ“ - განწყობით. პირველი ტური ირაკლი კაკაბაძესთან გავიარე და რომ მითხრა, რა ტიპის სერიალზე იყო საუბარი, გამეცინა, მეც ეგრე ვარ ზუსტად, ორი შვილი მყავს, ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან ერთად, სულ გადარბენა მაქვს-მეთქი, იქვე ვუთხარ. არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ მოვეწონე, შემდეგ იყო მეორე ტური და უკვე მესამედ რომ დამეკონტაქტნენ, მაშინ დავრწმუნდი, რომ დადებითად იყვნენ განწყობილნი და იმედიც მომეცა.
- თეატრიდან სერიალის სპეციფიკაზე გადასვლა გაგიჭრიდათ?
- არა, თეატრზე რთული ნამდვილად არ არის სერიალში თამაში. ერთადერთი, რაც გამიჭირდა, ვიდეო-დღიურების ჩაწერა და ობიექტივში ყურება იყო. სცენაზე პარტნიორი მყავს ან მაყურებელს ვუყურებ დარბაზში, ვიღაცას ველაპარაკები, ობიექტივისთვის რომ მეკითხა მონოლოგები, ამას მიჩვეული არ ვიყავი და თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მალევე შევეჩვიე. გადასარევ მსახიობებთან და გუნდთან ერთად მიწევს მუშაობდა და რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ მახსენდება.
- როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე თვის პატარა გყავდათ, როცა სერიალზე დაიწყეთ მუშაობა, ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?
- საბედნიეროდ, ბევრი დამხმარე მყავს. ბებია, რომელიც ძალიან მეხმარებოდა, დედა, დედამთილი, ქმარი, ძიძა რომელმაც გაზარდა ჩემი პირველი და ახლა მეორეს ზრდის. ჩემი პირველი შვილი 8 წლისაა და როცა პატარა იყო, მაშინაც სულ გადარბენაზე ვიყავი, მქონდა ლექციები, რეპეტიციები და ეს რეჟიმი ჩემთვის უცხო არ გახლდათ. პირველი სეზონის გადაღებების დროს კომენდანტის საათი არ იყო, 12 საათზეც დაგვიმთავრებია მუშაობა, 1 -ზეც, 2-ზეც, ძალიან არეული გრაფიკი გვაქვს და თუ არ გყავს ადამიანი, ვინც მოგეხმარება და ბავშვს დაუტოვებ, ძალიან გაგიჭირდება. ასე რომ არ მომხმარებოდნენ, ვერაფერს ვერ მოვახერხებდი ალბათ.
- თქვენი მეუღლეც მსახიობია, ხელოვანი ადამიანების ოჯახი გაქვთ. რამდენად ადვილია მსახიობების ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?
- დიახ, ჩემი მეუღლეც მსახიობია და ვფიქრობ, კარგია, ორივე რომ ერთი პროფესიაში ვართ. ყველაზე მეტად ჩემი ქმრის აზრი მაინტერესებს და ვითვალისწინებ მის რჩევებს, თვითონაც ასეა. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ჯგუფელები ვიყავით, ვსწავლობდით ერთად, თეატრშიც ერთად მოვხვდით და მერე გავხდით ცოლ-ქმარი, ანუ მანამდე გვქონდა საქმიანი ურთიერთობა და კარგად ვგრძნობდით თავს ერთად. დღესაც ასეა, არ გვიჭირს პარტნიორობა, პირიქით, მასთან უფრო გახსნილი, ლაღი და თავისუფალი ვარ. არადა, მსმენია, რომ უთქვამთ, მიჭირს პარტნიორობა ჩემს ქმართან/ცოლთანო. ჩვენ კი ჯერ პარტნიორები ვიყავით და შემდეგ - ცოლ-ქმარი. ისე კარგად ვიცნობ და ისე კარგად ვგრძნობ, როგორც პარტნიორს, რომ ბევრად უფრო მიადვილდება მასთან ერთად სცენაზე დგომა. მხოლოდ დადებითს ვხედავ ამაში.
- იაკო, მაკაზე ვისაუბროთ, გგავთ თქვენი პერსონაჟი?
- ცხოვრების წესით, ალბათ, კი. ზოგადად, ვისაც ოჯახი, შვილები ჰყავს, მუშაობს, მათი ცხოვრება რაღაცნაირად ჰგავს ერთმანეთს, როგორც იმ ადამიანების, ვისაც არ აქვს ოჯახი და სხვა საზრუნავი და საფიქრალითაა მოცული. პიროვნულად მაკას ჩემს თავს ვერ ვამსგავსებ, რადგან მაკა ძალიან მშვიდია, გაწონასწორებული, შეუძლია ყველაფერი მსუბუქად მიიღოს, პრობლემები აქვს, მაგრამ ამასაც მშვიდად ხვდება, მიჰყვება ცხოვრებას ღიმილით, „რა მოხდა მერე“ მიდგომით. მე ასე არ ვარ, უფრო ემოციური ვარ, ბევრს ვიცინი, ბევრს ვჩხუბობ, ვტირი და ა.შ. ჩემი ქმარი მეუბნება ხოლმე, სერიალში დილას ხალათით რომ გამონარნარდები, საყვარლად საუზმეს რომ ამზადებ და ბავშვებს აღვიძებ, სახლში რა გემართებაო? (
იცინის) სახლში დავდივარ დილაობით გადარბენით, ერთს ვაღვიძებ, მეორეს საუზმეს ვუმზადებ, სულ მეჩქარება, სულ ქაოსი მაქვს, ყველაზე მეტს მე ვლაპარაკობ და ზოგადად, აქტიური ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ხანდახან მაკას სიმშვიდის მშურს.
- შვილებთან ურთიერთობაშიც განსხვავებული მიდგომები გაქვთ?
- მე უფრო მკაცრი ვარ, მომთხოვნი, მიყვარს წესრიგი.
- პანდემიის პერიოდი როგორ გადაიარეთ?
- ძალიან რთულად. განსაკუთრებით უფროსს გაუჭირდა. ონლაინგაკვეთილები ჰქონდა, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობების ნაკლებობას განიცდიდა, როგორც ყველა. კლასელებთან ჰქონდა გაკეთებული საერთო ჩატი და იქ ეხმიანებოდნენ ერთმანეთს ხმოვანი შეტყობინებებით.
- სერიალის სახელიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი გადმოსახედიდან იდეალური დედა და რეალობაში არსებობენ თუ არა იდეალური დედები?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ყველა შვილისთვის თავისი დედა არის იდეალური, როგორიც არ უნდა იყოს ის... მაკა უფრო იდეალური დედაა, იმიტომ რომ ბუნებრივი და ნამდვილია. არ მიყვარს, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველაფერში საუკეთესოები იყვნენ, იმიტომ რომ ასე ყველაფერი იდეალურად ადამიანს არ გამოსდის და მერე ტყუილში გადადის, ამიტომ ჯობს იყო ნამდვილი და ბუნებრივი. მთავარია, სიყვარული, ბავშვებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა და ყველაფერი მაინცდამაინც ბროკოლის კრემ-სუპის ჭამით არ წყდება (
იცინის). ამას ჯობს, შვილებს მეტად ემეგობრო და უსმინო.
ციცი ომანიძე