მედდა ნათია დიაკონიძე 40 წლისაა, 8 შვილის დედა. რამდენიმე თვის წინ, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, ექიმები და საავადმყოფოები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, ხშირად ვერც სასწრაფო დახმარება მიდიოდა პაციენტამდე დროულად და ნათია ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა. როცა ვირუსი თავად დაამარცხა, სხვების დახმარება უსასყიდლოდ გადაწყვიტა, მიდიოდა ყველასთან, ვინც დაურეკავდა და დახმარებას სთავაზობდა. გადასხმას უკეთებდა, საჭირო წამლებით ამარაგებდა და ამხნევებდა. კორონავირუსმა ძალიან ბევრი თანამედროვე გმირი აღმოგვაჩენინა. ნათიაც ერთ-ერთი მათგანია. ის გვიყვება საკუთარ საქმიანობასა და პარალელურად, მრავალშვილიან დედობაზე:
- 20 წელზე მეტია ამ საქმით ვარ დაკავებული. ოჯახებში მივდივარ და ვისაც გადასხმა სჭირდება, ვუკეთებ. ქუთაისში ვცხოვრობდი, ორი წელია თბილისში გადმოვედით მე და ჩემი შვილები. უცხოელების ოჯახში, ღამის ცვლაში, ძიძად ვმუშაობდი. კორონავირუსი ყველას შეგვხვდა. ორი კვირა კარანტინში ვიყავი და ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც კორონავირუსის დროს ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ცოდნას უზიარებდნენ, ქუთაისელი გოგონა წერდა, რომ ვინც ექიმს ვერ უკავშირდებოდა, თავად მივიდოდა ოჯახებში და გადასხმას გაუკეთებდა ხალხს. იდეა მეც აქედან გამიჩნდა. როცა კორონავირუსი დავამარცხე, მსგავსი პოსტი მეც დავწერე, ნომერი დავტოვე და ვთქვი, რომ უფასოდ გავაკეთებდი ამას. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, დღეში 20-30 ოჯახი მაინც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, ტაქსით დავდიოდი. ვაკეთებდი გადასხმებს. ვისაც საშუალება ჰქონდა, ტაქსის ფულს მინაზღაურებდა, ვისაც არა, თავად ვიხდიდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ იქ თანხის ასაღებად არ ვიყავი მისული. თუმცა, ზოგი საკუთარი ინიციატივით მჩუქნიდა კიდეც. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ახალგაზრდების ჯგუფი დამიკავშირდა და წამლებით მომამარაგა. ვისაც ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი წამლებიც მიმქონდა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, მარტოხელა მოხუცები, გარეთ ვერ გადიოდა და მათთვის "კურიერის" ფუნქციაც შევითავსე. მიმქონდა საჭირო ნივთები, წამლები. ერთ-ერთი პაციენტის შვილი დამეხმარა და მისი მანქანით თბილისის გარეთაც დავდიოდი, 2 საათამდე ვმუშაობდით.
- თავადაც გადაიტანეთ ვირუსი, რას ურჩევდით ხოლმე ადამიანებს, რა უნდა გაეთვალისწინებინათ ამ დროს?
- პირველ რიგში, ვამშვიდებდი. ასევე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვურჩევდი სათანადო კვებას, ვიტამინებს, ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც სახლის პირობებში. ბევრ ადამიანს, ვისთანაც მივდიოდი, დამლაპარაკებელიც არ ჰყავდა და ვსაუბრობდით, ვეუბნებოდი, რომ არ არის საშიში, თუ წესებს დავიცავთ.
- მრავალშვილიანი დედა ხართ, პარალელურად, როგორ ახერხებდით, ამდენი ადამიანისათვის გაგეწიათ დახმარება?
- 8 შვილი მყავს. უფროსი 24 წლისაა, ცოლიანია და ქუთაისში ცხოვრობს. ხოლო, 19 და 17 წლის გოგონები და 18 წლის ბიჭი პატარებს აქცევდნენ ყურადღებას. უმცროსი 4 წლისაა. ისინი ზრუნავდნენ და ფაქტობრივად, მათზე გადავიდა მთელი სირთულე. ღამით, როგორც გითხარით, ძიძად ვმუშაობდი, დღე ამ საქმეს ვაკეთებდი და სახლში ძირითადად არ ვიყავი.
- ზოგადად, როგორ ანაწილებთ დროს, შვილებთან ურთიერთობისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
- 15 წლის გავთხოვდი და თავადაც ბავშვი ვიყავი. 90-იანი წლები იყო და მომიტაცეს. პირველი ოთხი შვილი რომ გავაჩინე, მათთან ერთად მეც ვიზრდებოდი. ამიტომ, რთული არ ყოფილა. ჩემი შვილებისთვის მეგობარიც ვარ, დედაც და ბავშვიც. შემიძლია მათთან ერთად ვითამაშო. მარტო მიწევდა ბავშვების გაზრდა. შვილები მეხმარებოდნენ ერთმანეთის მოვლაში. უფრო მეტს შრომობდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარდათ და უფრო მეტად დააფასეს. ჩემი მთავარი ამოცანა არ არის, რომ ჩემი შვილები თანამდებობის პირები იყვნენ. მთავარია, ადამიანებად გავზარდო, იცოდნენ, სიყვარული, სიკეთე, შეეძლოთ დახმარება და ჰქონდეთ თანაგანცდის უნარი.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი სირთულე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის?
- ახლა მარტოხელა დედა ვარ. შვილების გაზრდაში არც ადრე მეხმარებოდა ვინმე, რაც ძალიან რთულია. მინდა, რომ ყველა მათგანის ნიჭი განვავითარო, სხვადასხვა წრეზე ვატარო, მაგრამ ფინანსური რესურსის გარდა, დროა ყველაზე მნიშვნელოვანი. მრავალშვილიან დედას აუცილებლად სჭირდება დამხმარე.
- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ რაიმე დახმარება?
- სოციალური დახმარება, თუმცა, საცხოვრებელი შევიცვალე და იმედია, ისევ აღმიდგება. ასევე, მრავალშვილიანებისთვის განკუთვნილი დახმარება გვაქვს, რომელსაც 5 არასრულწლოვან შვილზე ვიღებ.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც აშინებს ბევრი შვილის გაჩენა?
- ადამიანი, რომელსაც უფლის რწმენა აქვს, არასდროს რჩება გასაჭირში ისე, რომ საშველი არ გამოუჩნდეს. შვილების ფასი ამქვეყნად არაფერია. თუ ქალი ბევრ ადამიანს გაზრდის, ამაზე კარგს ვერც ქვეყანას და ვერც საკუთარ თავს ვერ გაუკეთებს. ამიტომ, არ უნდა შეეშინდეთ. შვილები დედებს განსაკუთრებით გვაძლიერებენ და იმედს გვაძლევენ.
- ახლა რას საქმიანობთ, რა შეიცვალა კორონავირუსის მეორე ტალღის შემდეგ?
- ის ოჯახი, სადაც ვმუშაობდი, საკუთარ ქვეყანაში წავიდა და უმუშევარი ვარ. იანვრის შემდეგ ადამიანების მოთხოვნა გადასხმებზე შემცირდა და ორი თვე განსაკუთრებით გამიჭირდა. მაშინ პოსტი დავწერე და უამრავი ადამიანი დამეხმარა. ერთ-ერთმა კომპანიამ რამდენიმე თვის ქირის თვის ფული მომცა. ახლა იშვიათად, მაგრამ მაინც მივდივარ ხოლმე ოჯახებში გადასხმების გასაკეთებლად.
თამარ იაკობაშვილი