"ძუძუთი კვებისას ქალი სამი ძალიან ვერაგი სიმსივნისგან იცავს თავს"- გიორგი ღოღობერიძე ძუძუთი კვების სარგებლიანობაზე
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომაა ახალშობილისთვის ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი და რა სარგებელს აძლევს ეს ქალებს:

- ძალიან ბევრი ადამიანისათვისაა ცნობილი, რომ ახალშობილისთვის ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია. ამ შემთხვევაში დედა ანტისხეულებს გადასცემს, იცავს კუჭ-ნაწლავის სისტემას ინფექციებისგან, რომ არ დაემართოს ვირუსული, ბაქტერიული, ფაღარათით მიმდინარე დაავადებები. ასევე, იცავს მის სასუნთქ სისტემასაც არა მარტო ინფექციებისგან, არამედ ალერგიული დაავადებებისგან. მათ შორის, შემდგომში ბრონქული ასთმის განვითარებისგანაც. ასევე, ძუძუთი კვების დროს დედა იცავს შვილს მომავალში უამრავი ავტოიმუნური დაავადების განვითარებისგან. მათ შორის, პირველი ტიპის დიაბეტისგან. გარდა ამისა,
სარგებელი ისიცაა, რომ ბავშვს შუა ყურის ინფექციები უმცირდება. ასევე, მცირდება ეგზემის, უეცარი სიკვდილის რისკი. თუმცა, ახლა მინდა მოგიყვეთ, რა ხდება, როცა ბავშვს ძუძუთი ვკვებავთ და უშუალოდ, რა სარგებელი აქვს დედისთვის.
როცა დედა ახალშობილს ძუძუთი კვებავს, ის საკუთარ თავს სამი ძალიან ვერაგი სიმსივნისგან იცავს. ესენია: სარძევე ჯირკვლის კიბო, საშვილოსნოს სიმსივნეები და საკვერცხის სიმსივნეები. ამ დროს ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონ პროლაქტინის დიდი შემცველობა. ეს ჰორმონი შუამდებარე ტვინში ჰიპოთალამუსს თრგუნავს. როცა ახალშობილს საკუთარი რძით კვებავ, ამ შემთხვევაში ციკლიც თავისთავად გიქვეითდება და თუ ციკლი იშვიათდება, აღარც ესტროგენი გაქვს. როცა ესტროგენი სხეულში საკმარისი რაოდენობით არ არის, სარძევე ჯირკვალი აღარ სტიმულირდება. ესტროგენი სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებისათვის კვების წყაროა. ხოდა, ძუძუთი კვების დროს
სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები პოტენციურად რჩებიან ესტროგენის მიღმა. ქალებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნე უხშირესი სიმსივნეა. უამრავი კვლევა ჩატარდა, ასობით ათას ადამიანზე და ნახეს, რომ როცა ქალი ახალშბილს საკუთარი რძით კვებავს, მას სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი უმცირდება, მათ შორის, აგრესიული ფორმებისაც კი, რომლებიც ძალიან ცუდად ემორჩილებიან ქიმიოთერაპიებს. გარდა სარძევე ჯირკვლის კიბოსი, ასევეა მეორე სიმსივნე, რომელიც ძალიან მკვეთრად მცირდება ძუძუთი კვების დროს. ეს არის საშვილოსნოს სიმსივნე. საშვილოსნოს სიმსივნეებსაც საწვავის სახით ესტროგენი სჭირდებათ, ხოლო როცა ესტროგენი არ იქნება, ისინი ვერ ვითარდებიან. მესამე საკვერცხეების სიმსივნეა. რაც უფრო იშვიათია მენსტრუაცია, მით ნაკლებია საკვერცხეების სიმსივნის განვითარების ალბათობაც. ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. საქმე ისაა, რომ როცა დედა შვილს საკუთარ რძით კვებავს, ამ შემთხვევაში მის საკვერცხეებში აღარ წარიმართება მენსტრუალური ციკლი, აღარ ხდება ფოლიკულების მომწიფება, ხოლო თუ ფოლიკულები არ მწიფდება, ეპითელიუმი არ ზიანდება. არ ვითარდება საკვერცხის აგრესიული სიმსივნეები. რაც უფრო ადრე იწყებს ქალი საკუთარი ახალშობილის ძუძუთი გამოკვებას, მით უფრო დიდხანს გრძელდება ეს ეფექტი. სხვათა შორის, ვარაუდებენ, რომ ესტროგენის გარდა, აქ ჩართული უნდა იყოს სხვა მექანიზმებიც. განსაკუთრებით, სარძევე ჯირკვლის შემთხვევაში. როცა დედა შვილს საკუთარი რძით კვებავს, სარძევე ჯირკვალში უფრო ნაკლებად ხდება მუტაციები. ასევე, გეტყვით იმ ფაქტსაც, რომ როცა დედა ახალშობილს რძით კვებავს, ამ აშემთხვევაში თავს არიდებს თამბაქოს მოწევას, ალკოჰოლის მოხმარებას და ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სხვა სიმსივნეების განვითარების რისკი მცირდება.

3207
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია