როგორ უნაწილებს ყურადღებას ანკა ვასაძე ორ შვილს და რა გზებს მიმართავს ლაქტაციის გასაუმჯობესებლად - „ყველა მიგითითებს, რომ შენც მისნაირად მოიქცე და ნერვები არ გყოფნის ღამენათევს, გულაჩუყებულს“
როგორ უნაწილებს ყურადღებას ანკა ვასაძე ორ შვილს და რა გზებს მიმართავს ლაქტაციის გასაუმჯობესებლად - „ყველა მიგითითებს, რომ შენც მისნაირად მოიქცე და ნერვები არ გყოფნის ღამენათევს, გულაჩუყებულს“
რამდენიმე კვირის წინ მსახიობი ანკა ვასაძე მეორე შვილის დედა გახდა. 11 წლის ნიკოლოზის შემდეგ ანკას ტუსია შეეძინა, რომელსაც თავიდან ბოლომდე თავად უვლის და ბუნებრივადაც კვებავს. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი რეჟიმი შეიძლება ჰქონდეს დედას, რომელსაც რამდენიმე დღის პატარა ჰყავს, მიუხედავად ამისა, ანკამ გამონახა დრო mshoblebi.ge-სთვის და ოჯახის ახალი წვერის შესახებ გვესაუბრა.

- შეადარე პირველი და მეორე ორსულობა ერთმანეთს - ტოქსიკოზი, ენერგიულობა, აქტიურობა, საქმიანობის მხრივ თუ იყავი დატვირთული?

- პირველი ორსულობა ბევრად მძიმე იყო. საშინელი ტოქსიკოზი მქონდა 9 თვე, ტონუსი, სისუსტის შეგრძნება. მეორე ორსულობა
კარგად დაიწყო, 4 თვიდან დამეწყო ტოქსიკოზი და სისუსტე, თუმცა ბევრად იოლ ფორმებში, ასე რომ, მეორე ორსულობის დროს უფრო აქტიური ვიყავი. ძალიან კარგ დროს დაემთხვა ჩემი ფეხმძიმობა, მთელი წელი თეატრი გაჩერებული იყო და გადაცემაშიც დიდად ხელს არ მიშლიდა. თითქმის 5 თვის ორსული ვიყავი, როცა "რუსთავი 2"- ში გავამხილე ეს ამბავი. არ მინდოდა, ზედმეტად მომფრთხილებოდნენ, ისედაც პანდემიის გამო ბევრი რამ ისე არ გამოდიოდა, როგორც ვგეგმავდით. გადაცემის დასრულების შემდეგ გამოვნახე დრო მართვის მოწმობის ასაღებად და 37 კვირის ორსულმა ქუთაისში ავიღე მართვის მოწმობა (იღიმის). ორსულობის ბოლო პერიოდში უფრო ენერგიული ვიყავი, დავიწყე ინსტაგრამზე ლაივ ვარჯიშები, რაც ყველა ორსულს გამოადგება და ესეც დამეხმარა, უკეთეს განწყობაზე და ფორმაში ვყოფილიყავი. მიხარია ისიც, რომ
სხვა ორსულები ამყვნენ და მათაც გამოადგათ.
mshoblebi

- მაშინ, როცა უკვე გამოცდილი გაქვს შვილის სიყვარული, როგორია მეორე შვილის დაბადებით გამოწვეული ემოციები?

- ყველა მეუბნებოდა, სხვანაირი შეგრძნება გექნება 11 წლის შემდეგო, თუმცა ძალიან ჰგავდა ეს ემოციები ერთმანეთს. შვილის გაჩენა და გამოჩენა ცხოვრებაში ის ემოციაა, რაც არასდროს გავიწყდება. ნიკუშასაც ვუვლიდი ისე, როგორც ახლა ტუსიას, არ ვაკარებდი სხვებს, ყველაფერს თვითონ ვუკეთებდი. უბრალოდ მე ვარ უფრო მშვიდი, გაზრდილი, ტყუილად არ ვნერვიულობ და ვტკბები ამ მდგომარეობით.

- სახელი ვინ შეურჩია პატარას?

- საბოლოოდ მე შევურჩიე ქმართან ერთად, ორი საათი უსახელო იყო. ნიკუშას თავიდანვე დავარქვი სახელი, ჯერ სქესი არ ვიცოდი, როცა ვუთხარი ჩემს ქმარს, თუ ბიჭი იქნება, ნიკუშას ვარქმევთ-თქო. ამ შემთხვევაში მთელი ორსულობა ვფიქრობდი, უამრავი ვერსია მქონდა და ვერ ვწყვეტდი. რომ გაჩნდება, მიხვდები რა დაარქვაო, - მეუბნებოდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა ანასტასია (ტუსია) სახელების პირველ სამეულში იყო.

- როგორ შეხვდა ნიკუშა ტუსიას დაბადებას? ეჭვიანობის მომენტი ხომ არ შეგიმჩნევია? ამდენი წელი მარტო იყო და უცებ ახალი წევრი რომ ჩნდება ოჯახში და ყველას ყურადღება მისკენაა, განიცდიან ხოლმე ამას ბავშვები...

- ნიკუშას ძალიან უნდოდა, რომ გამეჩინა მეორე და სულ მთხოვდა ამას. როცა ვუთხარით, და ან ძმა გეყოლებაო, ცრემლი მოადგა სიხარულისგან და მას შემდეგ სულ მიფრთხილდებოდა ორსულობის დროს. დაბადების შემდეგ ძალიან ვნერვიულობ, არ იგრძნოს თავი დაჩაგრულად. პატარას ჩემგან ბევრი ყურადღება სჭირდება. ნიკუშაც ჩართულია ტუსიას მოვლაში, ძალიან თბილია და გამოხატავს სიყვარულს, თუმცა მე ვატყობ, ცოტას ეჭვიანობას, რაც ბუნებრივია. ადამიანები სულ ღელავენ ვინმესთვის საყვარელი, მნიშვნელოვანი ადამიანის გაზიარებაზე და 11 წლის ბავშვისგან სულ არ მიკვირს. ძალიან ვცდილობთ, არ იგრძნოს თავი ნაკლებად მნიშვნელოვნად.
mshoblebi

- მარტო ზრდი თუ გეხმარება ვინმე?

- ღამე სულ მარტო ვართ. დიდად არ მათენებინებს ღამეებს, ბუნებრივ კვებაზე მყავს, ასე რომ, მაინც ჩემი მოსავლელია (იღიმის). დღისით მოდიან დედაჩემი და ჩემი და და მეხმარებიან, რაც ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. კვება გვჭირდება მოწესრიგებული, ჩემი ქმარი აღფრთოვანებულია დედაჩემის კულინარიული შესაძლებლობებით. ამ ორსულობის და შემდგომ ემოციურ პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დედა და და იყვნენ შენს გვერდით, ემოციური ბმა გიმძაფრდება.

- რა სირთულეებს აწყდები ყოველდღიურობაში რამდენიმე დღის ბავშვთან მიმართებაში?

- ემოციური სირთულე მშობიარობის შემდეგ ძალიან ბუნებრივი რამაა. ჯერ ამხელა სტრესია მშობიარობა, მერე ინსტინქტი გაქვს, დაიცვა პატარა და ღელავ რამე არ გამოგეპაროს. ამ დროს ყველა თავის გამოცდილებას კი არ გიზიარებს, მიგითითებს, რომ შენც მისნაირად მოიქცე და ნერვები არ გყოფნის ღამენათევს, გულაჩუყებულს, ეს ბუნებრივია და ყველა ორსული უნდა მოემზადოს ამისთვის. დაახლოებით სამ კვირაში ბევრად უკეთ იგრძნობენ თავს.

- მშობიარობის შემდეგ დეპრესია ბევრ ქალს აწუხებს, პირველი ან მეორე მშობიარობის შემდეგ ხომ არ გქონია დეპრესიული განწყობა?

- არა, მადლობა ღმერთს, არ მქონია მსგავსი განცდა. უნდა ეცადო, დააპროგრამო შენი თავი და თუ არ გამოგდის, დროულად მიმართო ფსიქოლოგს. ცოტა წარმოუდგენელია ჩემთვის დეპრესია ასეთ დროს. გაფრენები და გაღიზიანება მესმის (იღიმის).

- როგორც აღნიშნე, ბუნებრივად კვებავ პატარას, რამდენად დამღლელია ეს პროცესი, უწყობ თუ არა ხელს კვებით, რომ მიიღო ისეთი პროდუქტები, რომელიც უფრო ნოყიერს გახდის რძეს, ან რამეს თუ აკეთებ, რომ მეტი რძე გქონდეს?

- ნიკოლოზი 6 თვე მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იყო. მერე ნელ-ნელა საჭმელი რომ გასინჯა, დავანებებინე თავი, დავრბოდი თეატრალურიდან სახლში, კიდევ კარგი, ახლოს, ზუბალაშვილებზე ვცხოვრობდით. ტუსიაც ბუნებრივ კვებაზეა და მინდა, 6 თვე ვაჭამო. რძეს ვყინავ. ბედნიერებაა, რომ მარტივად შეგიძლია მარაგი შეინახო, გაყინულ რძეს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ყველა სასარგებლო თვისება. ლატქაციის პროცესი დამღლელი კი არა, ძალიან კომფორტულია. საათობრივად არ აჭმევ, წინასწარ მომზადება და გაგრილება არ სჭირდება საკვებს, არც ბოთლების გამოხარშვა გიწევს, ამასთან, ბუნებრივად ყველაზე დიდ სარგებელს აძლევ შენს შვილს, როგორი დისკომფორტიც არ უნდა იყოს ეს თავიდან. დამიჯერეთ ვიცი, რა არის, როცა ტირი ტკივილისგან, მაგრამ მაინც ყველაზე კარგია ბავშვისთვის დედის რძის მიღება. ისეთი გაგიჟებული ვარ ბუნებრივ კვებაზე, ვცდილობ, ყოველდღე ხორცი, წვნიანი, სითხე მივიღო, რომ მეც და ბავშვსაც ძალა გვქონდეს. რძიან ჩაის არ ვსვამ. ვცდილობ, ყველაფერი ვჭამო, ოღონდ არაალერგიული. ტკბილი მინდება, კექსებზე ვარ შეშლილი, ხილს ცოტას მივირთმევ ჯერ. დედა-შვილს შორის საოცარი ემოციური ბმა არის ლაქტაციის დროს, რაც ძალიან სასიამოვნოა. მოგიწოდებთ, რომ ბუნებრივ კვებაზე გყავდეთ შვილი.
mshoblebi

- მეუღლე რამდენად ახერხებს მოხმარებას? ზოგჯერ მამაკაცებს უჭირს რამდენიმე დღის ბავშვის ხელში დაჭერაც კი, იმის შიშით, რომ არაფერი დაუზიანონ...

- მთელი დღე საქმეები აქვს და როცა მოდის სახლში, ან დილას სიამოვნებით მეხმარება. ნიკოლოზსაც უვლიდა, საფენს უცვლიდა. ახლაც ძალიან ბედნიერია და საერთოდ, ძალიან კარგი მამაა. მიხარია, რომ ჩვენთანაც უფრო აქტიურად არიან მამები ჩართული შვილის ყოველდღიურ აღზრდაში, რაც წლების წინ იშვიათი იყო. აღქმა დაბადებიდან კი არა, ორსულობიდან ჰქონდა, ძალიან ბედნიერი იყო. რა თქმა უნდა, მამები მაშინ კიდევ უფრო აღიქვამენ შვილებს, როცა ბავშვი კონტაქტში შედის.

- ამ ეტაპზე როგორ ფიქრობ, როდიდან შეძლებ კარიერულ ცხოვრებაში აქტიურად დაბრუნებას ისევ? თუ პაუზა არც აგიღია?

- არავითარი პაუზა. ზაფხული გადასარევი პერიოდია, რომ ოჯახს დავუთმო მთელი ყურადღება, შემოდგომიდან ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, იმედია.

ციცი ომანიძე

6529
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია