„ვცდილობ, იმდენად გულახდილი ვიყო შვილებთან, რომ მათთვის ეს მაგალითი გახდეს“ - თიკა ფაცაცია დედობაზე და გარდატეხის ასაკის სირთულეებზე
„ვცდილობ, იმდენად გულახდილი ვიყო შვილებთან, რომ მათთვის ეს მაგალითი გახდეს“ - თიკა ფაცაცია დედობაზე და გარდატეხის ასაკის სირთულეებზე
მოდელი, მომღერალი, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია 3 ვაჟის დედაა. საქმიანობის მრავალფეროვნებასთან ერთად ის შესანიშნავად ახერხებს იყოს კარგი დედა, ჩაერთოს აქტიურად შვილების ცხოვრებაში და იზრუნოს მათზე. ანდრო თიკას უფროსი შვილია, რომელიც ისეთ ასაკში შეეძინა, როცა თავადაც პატარა იყო, შემდეგ დაიბადა იო - რომელიც 10 წლის ხდება და მას მიჰყვა სანი.
როგორც დედამ, თინეიჯერობის ასაკი და მისი სირთულეები, ანდროს შემთხვევაში მარტივად გაიარა, თუმცა ახლა იო დგება ამ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდის წინაშე. თიკას სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

- თქვენი პირველი შვილი უკვე აღარ არის
თინეიჯერი, თუმცა როცა ამ ასაკში იყო, გქონდათ რაიმე პრობლემები, როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?

- ბავშვების ზრდასთან ერთად სირთულეები იმატებს, უფრო და უფრო სერიოზული გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები და უფრო მეტი ალბათობაა შეცდომების დაშვების. ანდროს არ ჰქონდა გამოხატულად რთული ხასიათი თინეიჯერობის ასაკში, დინჯი და გონიერი ადამიანია, სულ ასე იყო და შედარებით უმტკივნეულოდ გავიარეთ ეს პერიოდი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებს გვაქვს ღელვა, ფორიაქი, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მარტო მიდის სადღაც მეგობრებთან ერთად. შესაძლოა, მისგან არც იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომელშიც მოულოდნელად შეიძლება გაეხვეს. გარდა ამისა, ამ პერიოდში მოზარდები თავს უკვე დამოუკიდებლად თვლიან და ეს გარკვეულწილად მეტ სითამამეს მატებთ. როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, ამ ასაკში მათთვის ავტორიტეტები მეგობრები ხდებიან და მშობლები
კარგავენ ამ სტატუსს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მეგობრების წრე, სადაც ტრიალებენ.

- ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ჩვენი შვილების მეგობრებს, თუმცა მეგობრების შერჩევის თემა არც ისე მარტივია...

- შენ ვერ შეურჩევ მეგობარს, მაგრამ შეგიძლია უთხრა, რომ ვიღაცის თვისება, მაგალითად, სიფიცხე ცოტა გაღელვებს და ვიღაცის ძალიან მოგწონს, შეუქო ის მეგობრები, რომლებიც რაციონალურები და გაწონასწორებულები არიან.
სიმართლე გითხრათ, მიჭირს გავუზიარო ვინმეს გამოცდილება, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია, ვიღაც ძალიან მგრძნობიარეა კონკრეტული საკითხის მიმართ და პირიქით, ვიღაც მარტივად უყურებს, რაზეც ჩვენ შეიძლება ავღელდეთ.

- თქვენი მეორე ვაჟი - იო, ახლა უახლოვდება თინეიჯერობის ასაკს, გრძნობთ უკვე ხასიათის ცვლილებას?

- კი, ვგრძნობ ცვლილებებს და ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გარდატეხის ასაკმა ცოტა უფრო გადმოიწია. ადრე თინეიჯერები 13 წლიდან ხდებოდნენ, როგორც თავად ტერმინი გვეუბნება ამას, მაგრამ ახლა უფრო დაიწია ამ ზღვარმა.

- მართალია პირველ ეტაპზეც არ გაგჭირვებიათ ამ პერიოდის მართვა, მაგრამ ახლა უფრო მომზადებული ხართ?

- ანდროს შემთხვევაში გარდატეხის ასაკის მარტივად გადატანა ჩემი დამსახურება არაა, თვითონაა ასეთი და ამიტომაც იოლად გაიარა ამ ეტაპმა. მაგრამ იო არაა ანდროს მსგავსი, განსხვავებულია, მესამე - კიდევ განსხვავებული.
ვცდილობ მოვიძიო ბევრი ინფორმაცია ფსიქოლოგიის შესახებ, რადგან მგონია, ეს ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც მშობელი უნდა ფლობდეს. როდესაც შვილი უპირობო სიყვარულს გრძნობს, უმარტივდება ის „წაქცევაც“, ასაკის გამო შეცვლილი ცხვირ-პირიც, ხმის ტონი, ჰორმონების ფორიაქი თავსა თუ სხეულში. ისიც თუ ეცოდინება, რომ ის სიახლეები, რაც ამ ასაკს ახლავს, ნელ-ნელა ჩარჩოში მოექცევა, ესეც დაეხმარება. ახლაც ვცდილობ, რომ პატივი ვცე შვილების გადაწყვეტილებას და ეს მერეც ასე იქნება, რჩევას ვაძლევ, მაგრამ ვუტოვებ საშუალებას, თვითონ გადაწყვიტოს რა მოსწონს და რა ურჩევნია. ვცდილობ, იმდენად გულახდილი ვიყო შვილებთან, რომ მათთვის ეს მაგალითი გახდეს. თუმცა, არის რაღაცები, რასაც შვილები თავისთვის იტოვებენ. ალბათ ყველას უყვარს, ჰქონდეს თავისი დამალული ამბავი თუ საიდუმლო, მეც ასე ვიყავი ბავშვობაში. თუ რამე პრობლემის გაზიარება მოუწევთ, მე ამას აგრესიით არ შევხვდები, ყოველთვის დახმარების ხელს გავუწევ და მგონია, რომ ეს ძალიან დიდი იმედია ბავშვებისთვის. მოზარდებს ფაქიზი და მოწყვლადი ფსიქიკა აქვთ და ჩვენ ბევრად მეტი ცოდნა გვჭირდება სხვადასხვა უნარის შესაძენად, რომ მათთვის ეს ეტაპი მსუბუქად გასავლელი იყოს.

- მომთხოვნი თუ ხართ შვილებთან?

- ვარ, კი. ფსიქოლოგები ამბობენ შვილებს რომ გაუგო და იმეგობრო, არ ნიშნავს, ყველაფერი აპატიო. არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც იციან ჩემი დამოკიდებულება, ვთმობ ხანდახან, მაგრამ მე რომ დავთმობ, ეს ნიშნავს, რომ მათაც უნდა დათმონ, შეთანხმებებით გავდივართ ფონს. დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ ყველაფერს, მარტივი არ არის, მაგრამ მეც ვსწავლობ მათთან ერთად. რა თქმა უნდა, მეც ხშირად მეშლება და შეცდომაც უამრავი მაქვს, სხვანაირად შეუძლებელია...
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ათწლეულში სხვადასხვანაირი თაობები მოდიან, როგორც ირკვევა, ერთი და იგივე მიდგომა არ მუშაობს და არ ჭრის ყველა თაობასთან, ჩვენ სხვანაირად აღვიქვამდით რაღაცებს, მოცემულობაც სხვა გვქონდა, ახლა სხვა ვითარება და სხვა მოცემულობაა. ხელშეწყობაც შესაბამისი სჭირდებათ და ჩვენც უნდა გადავეწყოთ ახალ სტანდარტებზე.

ციცი ომანიძე

1226
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია