"არასდროს მიფიქრია ხუთ შვილზე, თან - ხუთ ბიჭზე..." - როგორც ზრდის ახალგაზრდა დედა ორი ტყუპის შემდეგ მიყოლებულ სამ ტყუპს
"არასდროს მიფიქრია ხუთ შვილზე, თან - ხუთ ბიჭზე..." - როგორც ზრდის ახალგაზრდა დედა ორი ტყუპის შემდეგ მიყოლებულ სამ ტყუპს
ამ ამბავმა იმდენად აღმაფრთოვანა, დიდი შესავლის გაკეთებას ნამდვილად ვერ შევძლებ. მარიამ კერესელიძე არის დედა, რომელმაც ხუთი ტყუპი გააჩინა - პირველი ორსულობის დროს ორი, შემდეგ კი - სამი. მსგავსი შემთხვევა უიშვიათესია და 10.000-ში ერთხელ ხდება. როგორ უვლის ხუთ შვილს და რა სირთულეებს აწყდება მრავალშვილიანი დედა, ამას მარიამი თავად მოგვიყვება.

- პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ვარ ინგლისურ-სპარსული ენების მიმართულებით. ვარ მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ვმუშაობ თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრე კონტროლიორად. ამჟამად კი ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში. მიტაცებს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან არის
დაკავშირებული: ხელსაქმე, ინტერიერის და სამოსის დიზაინი, ნახატები, მოგზაურობა.

- პირველად რამდენი წლისა გახით დედა და რა გრძნობა იყო ეს?

- პირველად 30 წლის ასაკში გავხდი ტყუპების დედა. ენით ვერ გადმოვცემ, რამხელა სიხარული დამეუფლა. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, გათხოვებიდან ნახევარი წელი შვილი არ გვყავდა. ამას არც უნდა ვუსვამდე ხაზს, თუმცა ეს იმიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ტყუპები აბსოლუტურად ბუნებრივი გზით გაჩნდნენ. ამის მოლოდინი დიდად არ მქონია. გამოთქმა რომ არის, ყველა ნაყოფს ჰყავს ტყუპისცალი და თუ იპოვი, შეჭამ, აუცილებლად ტყუპები გეყოლებაო, მე მიყვარდა ასეთი ანომალიური ხილის მირთმევა. მაგრამ თუ ტყუპს გავაჩენდი, ამაზე არასდროს მიფიქრია (იცინის). ვისურვებ ყველა ახალბედა დედას პიველ ორსულობაში გამოაცდევინოს უფალმა ტყუპების მოვლინებით გამოწვეული სიხარული.
mshoblebi

- დღეს
ხუთი შვილის დედა ხართ. გათხოვებამდე გიფიქრიათ, რომ ბევრი შვილი გეყოლებოდათ?

- სიმართლე გითხრათ, მრავალშვილიან დედობაზე არასოდეს მიფიქრია. ორი ბიჭი და ერთი გოგო მინდოდა სულ. ტყუპები იმდენად დიდი სიხარული იყო, რომ ჩასახვის დღიდან მიყვარდა. ამას ბევრი ვერ იგებს, უფრო მეტად ეშინიათ, იბნევიან, არ იციან, როგორ გაზრდიან. მე ჯერ კიდევ მუცელში მყოფებს ძალიან ბევრს ვეფერებოდი, ვესაუბრებოდი, ვასმენინებდი კლასიკას. თან იმ პერიოდში ჩემს უახლოეს მეგობრებს ჰყავდათ ტყუპები და ვიზიარებდი მათ რჩევებს. თუმცა, როცა გაჩნდნენ, საქმემაც მოიმატა და ჩემმა დედურმა ენერგიამაც. ბიჭები იმდენად საყვარლები აღმოჩნდნენ, რომ ვფიქრობდი, ამათთან ერთად ორ გოგოსაც მშვენივრად გავზრდი-მეთქი. თუმცა კიდევ რა სასწაული მელოდა წინ, მაშინ რა ვიცოდი.

- და რამდენიმე თვის წინ კიდევ სამი ტყუპი გეყოლათ. მოგვიყევით, როგორ გრძნობდით ორსულობის დროს თავს და როგორ ჩაიარა მშობიარობამ?

- დიახ, სამი ტყუპი 22 თებერვალს გავაჩინე. მთელი კლინიკის გუნდი მგულშემატკივრობდა. ბოლომდე ურიგოდ შევყავდი ყველას მიღებაზე, მეტი პრივილეგიებით ვსარგებლობდი. თვითონ ორსულობა ბოლომდე კარგად მიდიოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ყოჩაღი ორსული ვიყავი, თუმცა ბოლო თვეებში სულ წოლითი რეჟიმი მქონდა დანიშნული. ალბათ ყველაზე რთული ბოლო კვირები იყო, როცა საერთოდ აღარ მეძინა. მთელი ღამის განმავლობაში, ყველა მხრიდან ვგრძნობდი დარტყმებს. ეს იყო კოშმარი. როცა გინდა გადატრიალდე და ამ დროს არ შეგიძლია მოძრაობა, სულ ზურგზე წევხარ. მტკიოდა ხერხემალი, მენჯის ძვლები. ბოლოს ვითხოვდი, რომ ამოეყვანათ ბავშვები, რადგან მათი საერთო წონა 6.675 კგ-ს შეადგენდა. ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი ტკივილებს. ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ოპერაციის დღეს, დილიდან მოყოლებული მთელი გუნდი თავს მეხვია, მოსალოდნელი რისკების შესახებ გაგვაფრთხილეს ოჯახი. საშვილოსნოს დროული არ შეკუმშვის გამო შეიძლება სისხლდენა დამწყებოდა. ასეც მოხდა, თუმცა დროული ჩარევით, ოპერაციის შემდგომ ყველაფერი დალაგდა.

- როგორ გაიგეთ, რომ სამ ტყუპს ელოდებოდით?

- პირველად ექოზე მარტო ვიყავი. როცა ექიმმა გამსინჯა, ჩემი მეუღლე იკითხა, სად არისო? ბოლოს მითხრა, აქ სამი ნაყოფიაო. არ დაგიმალავთ და თავიდან ვიტირე. არ ვიცი, ეს სიხარულის ცრემლები იყო, თუ უფრო დაბნეულობის. ძალიან შემეშინდა. ექიმებს ვუხსნიდი, რომ ორი ტყუპი უკვე მყავდა საკეისრო კვეთით გაჩენილი და არაფრით არ შეიძლებოდა, რომ სამი მყოლოდა ახლა. იმდენად დაბნეული და დაშოკილი გამოვედი, მეუღლეს დაურეკე და ისიც მაშინვე მოვარდა. სიხარულისგან ხტუნავდა, მაწყნარებდა და იმედს მაძლევდა, რომ კიდევ შევძლებდით გამკლავებას.
mshoblebi

- სამი ტყუპის და კიდევ ორი მოზარდი ტყუპის გაზრდა არც ისე მარტივია. ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში, როგორ ართმევთ ამ ყველაფერს თავს და მამა რამდენად არის ჩართული ბავშვების აღზრდის პროცესში?

- თავდაპირველად უფროსები დედასთან გავუშვით, მე და ჩემი მეუღლე კი რაიონში წამოვედით მშობლებთან. ამ ეტაპზე დედა და დედამთილი მეხმარებიან. მეუღლე შეძლებისდაგვარად, როცა სახლშია. ოჯახში ხელცარიელი არავინ გვრჩება. ყველას ბავშვი უჭირავს ხელში. გაიხედავ და ყველგან პატარას საწოლია. თუმცა პატარები რომ ფეხს აიდგამენ, ვფიქრობ, არ ვეყოფით სამი ქალი. ჯერჯერობით ოთხი თვის არიან და ტირილით თუ არ შეგვახსენეს თავი, დანარჩენი მუთაქებივით წვანან. ვფიქრობ, უფალი იმხელა ჯვარს არ გაზიდინებს ადამიანს, რისი ტარებაც არ შეგეძლება.

- ყველაზე რთული რა არის ტყუპებთან მიმართებაში? რა პრობლემების და სირთულეების დაძლევა გიწევთ ამ პერიოდის განმავლობაში?

- ყველაზე რთული ალბათ ის არის, რომ ტყუპები და ზოგადად ბიჭები ძალიან სუსტები არიან და შესაბამისად რთული გასაზრდელი. ამ შემთხვევაში უფროსებს ვგულისხმობ, ავადმყოფობებით არც ერთს არ შეუწუხებივარ, თუმც ამჟამად აქვთ მეტყველების პრობლემა. პანდემიის გამო ბაღში წესიერად ვერ იარეს. შესაძლოა აქედან არის გამოწვეული ბევრი რამ. ახლა საფენის გადაჩვევაც გვიწევს და ყველაფერი ერთდროულად თავზარდამცემია.

- უფროსებმა ხომ არ იეჭვიანეს პატარებზე?

- თავდაპირველად ორი კვირის თავზე ნახეს უფროსმა ტყუპებმა პაწაწა ტყუპები და სიმართლე რომ ვთქვა, რეაქცია ჰქონდათ ასეთი - "ვინ არიან ეს პატარა ლეკვები, რომ ჭიჭყინებენ?“. არ ეკარებოდნენ. თუმცა ორსულობაში გიჟდებოდნენ გაბერილ მუცელზე. ეფერებოდნენ, კოცნიდნენ. აი, მერე ის ვერ გაიგეს, სად წავიღე ამხელა მუცელი და დედიკო ჩვეული ფორმით როგორ დაბრუნდა. ბოლოს, როცა ყველაფერი ავუხსენით და ვაჩვენეთ, რომ პატარებს ზუსტად ანალოგიური სხეულის ნაწილები ჰქონდათ, ცოტა გახალისდნენ და გაუთამამდნენ. ახლა ბაიას ეძახიან სამივეს. ჩაუვლიან და მათთვის ყველა ერთი „ბაიაა“.

- საკუთარი თავისთვის რამდენად გრჩებათ დრო?

- თავდაპირველად ვერ ვანაწილებდი დროს საკუთარი თავისთვის. როცა ძუძუთი კვებაზე მყავდნენ (თან დამატებასაც ვძლევდი), შერეული კვების შემდეგ ისევ ძუძუს ითხოვდნენ. აი, უფროსი ტყუპებიც ზუსტად იმ დროს, დიდ მზრუნველობას მოითხოვდნენ ჩემგან. პირველი სამი თვე სრულ ქაოსში ვიყავით. სანამ დავლაგდით, საკუთარი თავი ვის ახსოვდა. ისე მალე ღამდებოდა და თენდებოდა, რომ უკვე ახალი დღის რუტინას უნდა შევდგომოდით. ერთი საათი, ერთი წუთივით იყო ჩემთვის.
თუმცა ეს დრო ძალიან მალე გარბის. შესაშინებლად არ ვამბობ, ახლა როცა ცოტა დავლაგდით და უმცროსი ტყუპები მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე გადავიდნენ, შედარებით მეტ დროს ვნახულობ ჩემი თავისთვის.

- როგორც მრავალშვილიანი ოჯახი, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პრივილეგიებით, ან დახმარებით სარგებლობთ?

- დახმარება ქალაქის პირობებში სრული აბსურდია. თბილისში არავინ ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს. მათი განმარტებით, დემოგრაფიული პრობლემა არ დგას. უფრო რაიონებში გვითხრეს, არისო, ჩვენც წამოვედით და დავსახლდით რაიონში, გამოვერიდეთ ქალაქის ქაოსს, თუმცა დახმარების მსგავსი ჯერ არაფერი მიმიღია. იმედია, გავერკვევით კიდევ უკეთ და მოვხვდებით მსგავს სიაში. ისე დავამატებდი, რომ ტყუპები ბუნებრივი გზით იშვიათად იბადებიან და ჩემი შემთხვევა 10.000-ში ერთია. როცა ტყუპს კიდევ სამი ტყუპი მოსდევს, ვფიქრობ, ეს სამაგალითოდ უნდა აღინიშნოს. სახელმწიფოს უნდა უხაროდეს ასეთი ოჯახები.

- რას ურჩევთ დედებს, ვისაც ბევრი შვილი უნდა, მაგრამ ცოტა აშინებს ეს ამბავი?

- როცა ბევრი შვილი უნდა ოჯახს და აშინებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, სრულიად მესმის მათი. თავდაპირველად მეც შიშმა შემიპყრო, მაგრამ ვფიქრობ, უფალი ირჩევს ვინ იყოს მრავალშვილიანი დედა, ვის აქვს ნებისყოფა და ფიზიკური სიძლიერე, რომ ეს ყველაფერი დაძლიოს, გაუმკლავდეს. დასაწყისში ვამბობდი, რომ მხოლოდ სამ შვილს ვფიქრობდი, მაგრამ უფალმა და ბუნების ძალამ ხუთი მარგუნა ორი ორსულობიდან, რაზეც არასდროს მიფიქრია. მით უმეტეს ხუთ ბიჭზე. ისე არაფერი ხდება, ვფიქრობ, იყო დედა, დაიცვა შენი შვილები არასასურველი გარემო სიტუაციებიდან, ამავდროულად ღირსეულად ატარო ეს სახელი, ერთგვარი დიდი პასუხისმგებლობაა და ვერანაირი დიპლომები, კარიერა, სამაგისტრო ნაშრომები ვერ გადაწონის ამას. ასე რომ, როცა ბუნებრივად მოდის, ყველაფერი უნდა მიიღო და გაძლიერდე როგორც მშობელი. ვფიქრობ, ყოველივე შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლის მიერ!

მერი ბლიაძე

6320
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ანა
0
ჩვენი გმირი მარიამი
17:25 / 13-08-2021
მარი
0
რა თქმა უნდა უნდა უნდა იყოს დახმარების პროგრამა ასეთი შემთზვევებისათვის
12:27 / 26-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი