რა იწვევს საშვილოსნოს მიომას და ფიბრომას, რა დისკომფორტს უქმნის ის ქალს, რა საშუალებებით იკურნება და ქირურგიული ჩარევა ყოველთვის ნიშნავს თუ არა საშვილოსნოს დაკარგვას - აქტუალურ თემაზე ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი გვესაუბრება:
- საშვილოსნოს მიომა, იგივე ფიბრომა (მორფოლოგიური დიაგნოზია) კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომლის განვითარების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მათ შორის, გენეტიკური განწყობილება, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ჰორმონალური დისბალანსი და სხვა. ძალიან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა ქალს ჰქონდეს, არ აწუხებდეს და პროფილაქტიკური შემოწმების ან მუცლის ღრუს ექოსკოპიის დროს გაიგოს ამ პრობლემის შესახებ. თუმცა, კლინიკურად შეიძლება შემდეგი სიმპტომებიც გამოიხატოს: ტკივილი წელის არესა და მუცლის ქვედა ნაწილში, სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. გარდა ამისა, სისხლიანი გამონადენი, ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია, შეიძლება 3-4 კვირამდეც კი გაგრძელდეს. ბუნებრივია, ამ დროს ქალს დისკომფორტი ექმნება, მიმართავს ექიმს და ულტრაბგერითი გამოკლვევით დგინდება, რა ტიპის პრობლემაა. შესაძლოა, საშვილოსნო აღმოჩნდეს გადიდებული და შეესაბამებოდეს 15 -20 კვირის ორსულობის ვადას ან 20-სანტიმეტრანი სუბსეროზული კვანძი არსებობდეს. შესაძლებელია 4-6 სუბსეროზული კვანძი იყოს საშვილოსნოს ზედაპირზე განლაგებული. გარდა ამისა, კვანძი შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს კედელში. ასევე, სუბმუკოზური კვანძი იყოს საშვილოსნოს ღრუში, რაც ხშირად სისხლდენას იწვევს. მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაგვარია და გასათვალისწინებელია ქალის ასაკი. თუ კვანძები რეპროდუქციულ ასაკში აღმოვაჩინეთ, როდესაც ქალს სურვილი აქვს შვილი გააჩინოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საშვილოსნო შევუნარჩუნოთ. თუ კვანძი სუბსეროზულია, 7-10-სანტიმენტრიანი, ხდება მისი ამოკვეთა ლაპაროსკოპიული გზით და ქალს რეპროდუქციული ფუნქცია უნარჩუნდება. მას ეძლევა შანსი, იმდენი შვილი გააჩინოს, რამდენის სურვილიც ექნება. იმ შემთხვევაში, თუ კვანძები საშვილოსნოს კედელშია განვითარებული და არის პატარა ზომის, რომელიც საშვილოსნოს დეფორმაციას არ იწვევს, ხელის ხლება არ სჭირდება. ამ დროსაც შეუძლიათ შვილის გაჩენა. თუ კვანძები ძალიან დიდია და დეფორმაციას იწვევს, ამ შემთხვევაში, კეთდება ოპერაცია და პროფესიონალი ქირურგი ყოველთვის შეძლებს კვანძების ისე ამოკვეთას, რომ საშვილოსნოს ღრუს მთლიანობა არ დაირღვეს. როცა სუბმუკოზური კვანძია საშვილოსნოს ღრუში, ამ შემთხვევაში ჰისტეროსკოპია კეთდება, კვანძი უნდა ამოიკვეთოს, მოიწვას და საშვილოსნო 3-4 თვის შემდეგ მზად იქნება, რომ მოხდეს ნიდაცია. ამიტომ, რეპროდუქციულ ასაკში რადიკალური ოპერაცია ხშირად არ კეთდება. თუმცა, ამას აფასებს სპეციალისტი და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. თუ ქალს ეს პრობლემა კლიმაქტერულ პერიოდში აწუხებს და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რასაკვირველია, რადიკალური ოპერაცია კეთდება.
- რა საფრთხეს უქმნის ეს წარმონაქმნები ქალის ჯანმრთელობას, როდის ხდება სიცოცხლისთვის საშიში?
- იმ შემთხვევაში, როდესაცაა სისხლდენა, ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია, რომელიც 3-4 კვირამდე გრძელდება, ანემია ვითარდება. ეს კი ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამ დროს თუ მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა, რადიკალური ოპერაცია უნდა გაკეთდეს.
- ძირითადად, რა ასაკში ვითარდება ეს პრობლემა ქალებში?
- ნებისმიერ ასაკში მოდიან ამ პრობლემით. როცა ქალს მენსტრუალური ციკლი დაერღვა, უშვილობის პრობლემა აწუხებს, როცა აქვს ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ბუნებრივია, ის გინეკოლოგს მიმართავს და ექოსკოპიით გასინჯვით დიაგნოზი დგინდება. შემდეგ უკვე ექიმი წყვეტს, როგორ უნდა მართოს პაციენტი
- საშვილოსნოს მიომა დაორსულებას ან მის მიმდინარეობას ხელს უშლის?
- ბევრი წლის წინ დაორსულების პრობლემა იყო. თუნდაც, საშვილოსნოს ღრუში სუბმუკოზური კვანძის არსებობის შემთხვევაში, საშვილოსნოს ამპუტაცია კეთდებოდა, მაგრამ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, გვაქვს საშუალება, სუბმუკოზური კვანძი ამოვიღოთ ჰისტერორეზექტოსკოპით და ქალს შევუნარჩუნოთ საშვილოსნო. შედეგად, მას აქვს შანსი, ჰყავდეს საკუთარი შვილი. თუ კვანძი სუბსეროზულია და პატარა ზომის, არც ეს გვიშლის ხელს. გვყავდა ორსული, რომელსაც 20-სანტიმეტრიანი კვანძი ჰქონდა. ორსულობა ბოლომდე მივიყვანეთ, საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი და მხოლოდ შემდეგ ამოვიღეთ ეს კვანძი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელივანია ორსულობის სწორი მართვა.
- რა იწვევს ასევე გავრცელებულ პრობლემას - საკვერცხის ცისტას, რა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდი? ოპერაცია ყოველთვის საჭიროა და ესეც საკვერცხის ამოკვეთას ითვალისწინებს?
- საკვერცხეებში შეიძლება განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები. საკვერცხის ცისტა საკმაოდ გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც, ძირითადად, რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. თუმცა, მოზრდილ ასაკშიც ვითარდება ხოლმე. მიზეზი შეიძლება იყოს კვლავ ჰორმონალური დისბალანსი, გენეტიკური განწყობა, ანთებითი დაავადებები და სხვა. საკვერცხეებში სხვადასხვა ტიპის ცისტა ვითარდება. არსებობს ყვითელი სხეულის ცისტა, რომელიც არ არის საშიში და ოპერაცია არ სჭირდება. არის ცისტა, რომლის კაფსულაშიც გამჭირვალე სითხე გროვდება და მისი მკურნალობა ხშირად კონსერვატიულად შეიძლება და ოპერაციის გაკეთება არც მას სჭირდება. ვაკვირდებით 3 თვის განმავლობაში, შეიძლება მკურნალობის გარეშე, თავადაც გაქრეს, მაგრამ თუ ზომაში 6-10 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ლაპაროსკოპიას ვაკეთებთ და საკვერცხეს ქსოვილს ვუნარჩუნებთ. რეპროდუქციულ ასაკში ჩვენი მთავარი მიზანია ქალს საკუთარი რეპტოდუქციული ორგანო შევუნარჩუნოთ. ამიტომ, ლაპაროსკოპია საუკეთესო მეთოდია ამ სიტუაციისთვის. გარდა ფოლიკულარული კისტისა, არის კიდევ დერმოიდული და ენდომეტრიული ცისტები და ისინი მკურნალობას არ ექვემდებარებიან. დღევანდელ დღეს მართვის ტაქტიკა შეცვლილია. თუ ქალს აქვს დერმოიდული ან ენდომეტრიული ცისტები, 4 სანტიმეტრამდე, ოპერაციას არ ვუკეთებთ. ვაძლევს საშუალებას , რომ დაორსულდეს და შემდეგ, როცა იმშობიარებს, ოპერაციის საჭიროებას გადავწყვეტთ.
- საკვერცხის ცისტა რა სიმპტომებით უნდა ამოიცნონ ქალებმა?
- კლინიკურად, როცა თავიდან პატარა ზომისაა, შეიძლება არანაირი ჩივილი არ ჰქონდეთ, მაგრამ ხშირად აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა. ასევე, სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა, წელის არესა და მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, როგორც მიომების დროს. საკვერცხეების ცისტა ძალიან საყურადღებოა, ვინაიდან მას გადაგვარების, ანუ მალიგნიზაციის უნარი აქვს. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია წელიწადში 3-ჯერ მაინც მიმართოს გინეკოლოგს
- არაერთ ქალს ახალგაზრდა ასაკში დასჭირდა საშვილოსნოს, საკვერცხის ამოკვეთა, როცა საქმე არ ეხება ავთვისებიან სიმსივნეებს. რა ცვლილებებს გრძნობენ ქალები, რომლებსაც ეს ორგანოები აღარ აქვთ - იწვევს ეს ემოციური მდგომარეობის შეცვლას, ან სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას, ხომ არ ზრდის სხვა დაავადებების რისკს? არის რამე ისეთი, რაც ქალებმა ამ ოპერაციების დაგეგმვის შემთხვევაში უნდა იცოდნენ და მზად იყვნენ?
- იმ შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს, საკვერცხეებს რეპროდუქციულ ასაკში ვიღებთ, ბუნებრივია, ქალის ორგანიზმში ცვლილებები მიმდინარეობს. მას შეიძლება ადრეულად დაეწყოს კლიმაქტერული მოვლენები, ჭარბი ოფლიანობა, ალების შეგრძნება, აგზნებადობა, შფოთვა, არასასიამოვნო კლინიკური გამოვლინებები, ემოციური მდგომარეობის შეცვლა. ფსიქოლოგიურადაც რთულია, განიცდიან ხოლმე. მაგრამ აუცილებელია ქალმა მიმართოს ექიმს. არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც ამ მდგომარეობას შეამსუბუქებს. საკვერცხეები ადამიანის ორგანიზმში გამოჰყოფს ჰორმონებს - ესტროგენსა და პროგესტერონს. აქედან გამომდინარე, როცა ქალს არ აქვს საკვერცხე და საშვილოსნო შენარჩუნებულია ხელოვნურად, შეგვიძლია ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი პრეპარატები დავუნიშნოთ და მისი მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდება.
- პროფილაქტიკის მიზნით, რა კვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა პერიოდულად და რომელ ასაკში?
- როცა მოზარდს 18 წლამდე არ მოუვიდა მენსტრუაცია ან კიდევ დაეწყო 8 წლის ასაკში, ნაადრევად, დედამ აუცილებლად უნდა მიიყვანოს ექიმთან. შეიძლება დაეწყოს 12 წლის ასაკში, ეს ნორმალურია, მაგრამ ჰქონდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რამდენიმე თვე ან თუნდაც ერთი წელი აღარ მოუვიდეს, ან ჰქონდეს 3-4 კვირამდე გახანგრძლივებული, ეს პრობლემაა და აუცილებლად ექიმთან უნდა მიიყვანონ. მოზარდები, რეპროდუქციულ და კლიმაქტერულ ასაკში აუცილებელია, პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ ექიმთან მივიდნენ. აუცილებლად ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევა, რომ დროულად აღმოვაჩინოთ პრობლემა.
- ყველაზე ხშირად ახალგაზრდა გოგონები რა ჩივილებს მიჰყავს გინეკოლოგთან, რა არის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
- 16 წლამდე ასაკის მოზარდების შემთხვევაში ძირითადი მიზეზი მენსტრუალური ციკლის დარღვევაა. რეპროდუქციულ ასაკში კი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრობლემებია.
- აფთიაქებში ინტიმური ჰიგიენისთვის დასაბანი საშუალებების დიდი არჩევანია. მათ გააჩნიათ რაიმე სახის უპირატესობები ჩვეულებრივ დასაბან საშუალებებთან შედარებით? უსაფრთხოა ყოველდღიური მოხმარებისთვის? რომელი ასაკიდან უნდა გამოიყენოს გოგონამ და რამდენად საჭიროა?
- დედამ გოგონა დაბადებიდანვე უნდა მიაჩვიოს ჰიგიენას. ინტიმური ჰიგიენის საშუალებები მრავალფეროვანია და თავიანთი გემოვნებით უნდა შეარჩიონ, კარგი ხარისხის. უკუჩვენება მათ არ აქვთ და ქალის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. თუ ალერგიული რეაქცია ექნებათ, შეცვლიან საშუალებას. შესაძლოა კონკრეტულ საშუალებას თავად ჰქონდეს მითითებული ასაკი, მაგრამ, ზოგადად, არც ერთ ასაკში არ უქმნის ჯანმრთელობას საფრთხეს. ის შეიძლება გამოიყენონ სკოლის ასაკშიც და შემდეგ წლებშიც. ინტიმური ჰიგიენის დაცვა აუცილებელია და ეს გოგონამ დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს.
თამარ იაკობაშვილი